მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ტოვებს თუ არა ანესთეზია გვერდით ეფექტებს? – ინტერვიუ ანესთეზიოლოგთან

18.10.2023 • 5251
ტოვებს თუ არა ანესთეზია გვერდით ეფექტებს? – ინტერვიუ ანესთეზიოლოგთან

ანესთეზიასთან დაკავშირებით დღემდე ბევრი მითი და მცდარი წარმოდგენა არსებობს მოსახლეობაში, რამდენად რეალურია ოპერაციის დროს გაღვიძების ან ტკივილის გრძნობის რისკი? რა გვერდითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ანესთეზიას? რამდენ ხანს რჩება ადამიანის ორგანიზმში პრეპარატი და როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი ოპერაციის წინ? – ამ თემაზე „ბათუმელები“ შავლეგ კუტალაძეს ესაუბრა, „ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის“ ანესთეზიოლოგს.

  • რა არის ანესთეზია, რას ემსახურება ის?

ანესთეზია არის სამედიცინო ჩარევა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერი სამედიცინო პროცედურა, იქნება ეს ოპერაცია თუ მცირე მანიპულაცია, ჩატარდეს პაციენტისთვის კომფორტულ, უმტკივნეულო გარემოში.

ძირითადად ანესთეზია სამი სახისაა, ზოგადი ანესთეზია (ე.წ. ნარკოზი), რომლის დროსაც პაციენტს სძინავს და ტკივილი გაყუჩებული აქვს, მეორე ეს არის რეგიონული ანესთეზია, რომელიც მოიცავს ადამიანის სხეულის რომელიმე ნაწილის ანესთეზიას, მაგალითად, სპინალური ან რომელიმე კიდურის ანესთეზია და მესამეა ადგილობრივი ანესთეზია, რომლის მსვლელობისთვისაც არ არის აუცილებელი ანესთეზიოლოგი, ის შეიძლება გაკეთდეს სტომატოლოგიურ კაბინეტშიც, სტომატოლოგის მიერ.

ანესთეზიის ტიპს განაპირობებს ოპერაცია/მანიპულაცია.

  • რამდენ ხანს რჩება ორგანიზმში ანესთეზიის მედიკამენტი?

ყველა მედიკამენტს გააჩნია თავისი თერაპიული მოქმედების დრო. მაგალითად, სპინალური ანესთეზიის შემთხვევაში ის 4 საათში უკვალოდ ქრება ჩვენი ორგანიზმიდან. ასეა ზოგადი ანესთეზიის დროსაც, მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება, რამდენიმე საათში უკვალოდ ქრება. 

  • სპინალურ ანესთეზიასთან მიმართებაში დღემდე არსებობს გარკვეული შიში, რომ მტკივნეულია, რომ შეიძლება დააზიანოს ხერხემალი და დატოვოს ტკივილი წელის არეში. რამდენად რეალურია ეს შიში?

სპინალური ანესთეზია რეგიონული ანესთეზიის ერთ-ერთი სახეა, როდესაც ჩვენ ვმუშაობთ სპინალურ არხში, ანუ თავ-ზურგ-ტვინის არხში შეგვყავს მედიკამენტი. რა თქმა უნდა, ეს ანესთეზია გამოირჩევა იმით, რომ ფრთხილადაა გასაკეთებელია, სტერილურობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ, რომ ჩვენ შეიძლება ჩხვლეტით მოვახდინოთ სპინალური არხის ინფიცირება და აქედან გამომდინარე, ეს პროცედურა ტარდება სრული სტერილობის დაცვით, რომელიც პრაქტიკულად გამორიცხავს ინფექციის შეჭრას. 

მტკივნეულობაზე რა შეგვიძლია ვთქვათ –  როცა სპინალური ანესთეზია სიახლე იყო, ალბათ 10-15 წლის წინ, მაშინ სპინალური ანესთეზიის ნემსიც ძალიან დაუხვეწავი იყო, დიდი ზომის და რეალურად ტრავმას აყენებდა პაციენტს. დღესდღეობით არის ატრავმული, ძალიან წვრილი ნემსი, რითაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომ ხერხემლის არხში რაიმე დაზიანება მოხდეს.

რაც შეეხება ტკივილს, პროცედურული – ანუ ჩხვლეტისგან გამოწვეული ტკივილი, რა თქმა უნდა, შეიძლება ჰქონდეს პაციენტს, უბრალოდ, როგორც კუნთში გაკეთებული ნემსია მტკივნეული და რამდენიმე დღეში გადის, ასევეა აქაც, ორი-სამი კვირის მერე, ყოველგვარი ტკივილი, რაც ჩხვლეტისგან არის გამოწვეული, ლაგდება.

მაგრამ, კიდევ ერთხელ უნდა ვახსენო – დღეს ეს იმდენად დახვეწილი და ატრავმული ნემსია, პრაქტიკულად მინიმალურია ეს ტკივილი. მიუხედავად ამისა, ბევრ ადამიანს შეხვდებით, ვინც დღესაც ამბობს, რომ წელი სტკივა, მაგრამ მერწმუნეთ, ეს წელის ტკივილი შეიძლება სულ არ იყოს დაკავშირებული ხერხემალთან.

პაციენტების უმრავლესობას უბრალოდ კუნთები სტკივა, წარმოიდგინეთ, ქალი აჩენს ბავშვს, როგორ იცვლება მისი მოძრაობის მანერა, თუნდაც ის, რომ მთელი დღე ხელში უჭირავს ბავშვი… ეს ყველაფერი იწვევს წელის ტკივილს.

  • რა გართულებები შეიძლება ახლდეს ანესთეზიას?

გართულებები, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ანესთეზიას სამკურნალოდ ხომ არავინ იკეთებს, მას იკეთებენ, რადგან ესაჭიროებათ რაღაც ქირურგიული ჩარევა ან პროცედურა, რომელიც გარკვეულ შემთხვევაში სიცოცხლის გადარჩენას უზრუნველყოფს და ეს ყველაფერი ანესთეზიის გარეშე წარმოუდგენელია.

შესაბამისად თვითონ პროცედურას, მედიკამენტებს ახასიათებს გართულებები. კერძოდ, იგი უარყოფითად მოქმედებს წნევაზე, მაგალითად, იწვევს არტერიული წნევის დაცემას, პულსის დაცემას, მაგრამ ეს ყველაფერი მართვადია.

  • რამდენად რეალურია, რომ ანესთეზიის შემდეგ პაციენტს დარჩეს გარკვეული გვერდითი ეფექტები თმის ცვენის ან მხედველობის დაქვეითების სახით?

ჩვენ ვთქვით, რომ ანესთეზიას შეიძლება გარკვეული გართულებები ახლდეს, თუმცა ეს გართულებები არის მოსალოდნელი მხოლოდ იმ პერიოდში, რა პერიოდშიც ორგანიზმში მოქმედებს წამალი. ის, რომ ანესთეზიამ დატოვოს რაიმე გართულება/ეფექტი – ეს მითია.

ანესთეზიაზე მიწერილი ისეთი პრობლემები, როგორიცაა: მხედველობის გაუარესება, კბილების გაფუჭება, თმების ცვენა და ა.შ., არ შეესაბამება რეალობას.

ადრე მართლა დაუხვეწავი იყო ბევრი რამ ანესთეზიაში და შესაძლოა ადამიანებს, რომელთაც აქვთ ადრე ანესთეზიის გამოცდილება, ჰქონდეთ მიზეზი ანესთეზიის მიმართ ცუდი დამოკიდებულების; მაგრამ დღეს ანესთეზიაში მაქსიმალურ უსაფრთხოებაზე გადის ყველაფერი და ჩემს სამედიცინო მეხსიერებაში მსგავსი რაღაც არ არის.

უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ანესთეზიას ვიტარებთ ჯანმრთელობის პრობლემის გამო ქირურგიული ოპერაციის ჩასატარებლად, ვიღებთ უამრავ მედიკამენტს და ა.შ. აქედან გამომდინარე, რაღაც თანმდევი მოვლენები შეიძლება, ზოგადად, სამედიცინო დიაგნოზს უკავშირდებოდეს და არა ანესთეზიას.

  • რამდენად რეალისტურია შიში, რომ პაციენტს შეიძლება გაეღვიძოს ან ტკივილი იგრძნოს ოპერაციის მსვლელობის დროს, როგორ ხდება ამის მონიტორინგი? 

სამწუხაროდ, ეს არ არის მთლად მითი, ეს ხდებოდა ძირითადად ადრე, სანამ ასეთი მაღალტექნოლოგიური გახდებოდა ანესთეზია. დღეს ამისი რისკი ძალიან მცირეა, რადგანაც ახალი აპარატურა ჩვენ საშუალებას გვაძლევს, პირდაპირ რეჟიმში ვაკონტროლოთ თითქმის ყველა ფუნქცია, იქნება ეს ჩვენი გულის მუშაობა, ჟანგბადის შემცველობა [სისხლში]; ასევე მონიტორით კონტროლდება პაციენტის ძილის სიღრმე, რელაქსაცია, სტკივა თუ არ სტკივა და სხვა.

ეს ხდებოდა, ამას ვერ უარყოფს ვერავინ, შეიძლება დღესაც მოხდეს, მაგრამ ეს რისკი არის მინიმალური. აქვე, ძალიან მნიშვნელოვანია თუ რა დონეზეა აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი, რათა მან ზუსტად აკონტროლოს ყველა ის პარამეტრი, რომელიც უსაფრთხო ანესთეზიის პრინციპებს განაპირობებს.

  • რამდენად საფუძვლიანია ანესთეზიის დროს ალერგიის შიში?

ალერგია ანესთეზიოლოგიასა და ზოგადად სამედიცინო პრაქტიკაში ძალიან მტკივნეული თემაა. პაციენტების ნაწილი სწორედ ამის გამო იკავებს თავს და ჩვენც დიდი დილემის წინაშე ვდგავართ.

ერთი რამ მინდა ვუთხრა ჩვენს მკითხველს, ანესთეზიის დროს ალერგიის განვითარება შესაძლებელია და ალერგიულობაზე ტესტიც კი ვერ იქნება 100-პროცენტიანი დაზღვევა/თავდაცვა. აქ მთავარია, რომ ის სამედიცინო ცენტრი, ის ქირურგიული თუ ანესთეზიოლოგიური ბრიგადა, რომელიც გიკეთებთ ოპერაციას, იყოს სათანადოდ გაწვრთნილი, რომ დროულად ამოიცნოს და სწორად მართოს ალერგიული გართულება. ეს არის ის ერთადერთი გზა, რაც ჩვენ დაგვიცავს ცუდი შედეგისგან. 

  • რაიმე განსაკუთრებული მომზადება საჭიროა ოპერაციის, ანესთეზიის წინ? 

აუცილებელია, რომ გეგმური ოპერაციების დროს პაციენტი წინასწარ გაესაუბროს ანესთეზიოლოგს. საქმე ის არის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ დაავადებებთან ერთად, ანესთეზიოლოგმა აუცილებლად უნდა იცოდეს ყველა ეს დაავადება.

პაციენტმა უნდა შეატყობინოს ექიმს, თუ რა მედიკამენტებს სვამს, რადგან შეიძლება ნებისმიერი მედიკამენტის დოზა ან თავად მედიკამენტი იყოს შესაცვლელი ან საერთოდ მოსახსნელი; ამის კომპეტენცია აქვს ანესთეზიოლოგს, რათა მან სწორად მართოს ოპერაციის დროს პაციენტის ჯანმრთელობა და გართულებები იყოს დაყვანილი მინიმუმამდე.

ოპერაციამდე მნიშვნელოვანია გარკვეული წესების დაცვა, მათ შორის: პაციენტი ოპერაციამდე მინიმუმ 8 საათი იყოს უზმოდ, ანუ არ მიიღოს საკვები და სასმელი; პაციენტი არ უნდა მივიდეს ოპერაციაზე სამკაულებით, მაკიაჟით , მანიკიურით – ეს რაიმე დამღუპველ შედეგებამდე არ მიგვიყვანს, მაგრამ ოპერაციის დროს გამოიყენება ელექტროდანა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მეტალის სამკაულების გადახურება და კანის დაზიანება; როცა მაკიაჟითაა პაციენტი, შეიძლება მაკიაჟი აღმოჩნდეს თვალში, პირის ღრუში, რაც სასურველი არ არის. ცხადია, ამ ყველაფერს ანესთეზიოლოგი წინასწარ ეუბნება პაციენტს.

  • ანესთეზიოლოგი ოპერაციის მსვლელობის ბოლომდე რჩება პაციენტთან?

ადრე იყო ასეთი მიდგომა, ყველას ეგონა, რომ ანესთეზია იყო მხოლოდ „დააძინე და გააღვიძე პაციენტი“, რეალურად ყველა სასიცოცხლო პარამეტრს ანესთეზიოლოგი აკონტროლებს მთელი ოპერაციის განმავლობაში. ასევე, ოპერაციამდე პაციენტის მომზადება არის ანესთეზიოლოგის პრეროგატივა; ოპერაციის შემდგომ, მინიმუმ 2 საათი, პაციენტი იმყოფება ანესთეზიოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ და შემდგომ, თუ ტკივილის სინდრომი არის გამოხატული, იმის კუპირებაშიც ანესთეზიოლოგი არის ჩართული, ასე, რომ ანესთეზიოლოგი ოპერაციამდე, ოპერაციის დროს და ოპერაციის შემდგომაც ჩართულია პროცესში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: