მთავარი,სიახლეები

გაქცევა მოგვიწია დიქტატორისგან, რომელიც შეიშალა – რას ჰყვება რუსეთის მოქალაქე

18.10.2023 • 3142
გაქცევა მოგვიწია დიქტატორისგან, რომელიც შეიშალა – რას ჰყვება რუსეთის მოქალაქე

რუსეთის მოქალაქე, 38 წლის ანატოლი პოტეხინი 2022 წლის გაზაფხულზე, მას შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში მეუღლესთან ერთად, რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა საქართველოში განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთში სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა.

ანატოლი ჯერ თბილისში ჩავიდა, რომ შეესწავლა როგორი მდგომარეობაა, რეალურად ღირდა თუ არა აქ გადმოსახლება, საბანკო ბარათების აღება, ბიზნესის დარეგისტრირება და საცხოვრებლის დაქირავება.

რუსეთიდან საქართველოში ანატოლის ოჯახი საბოლოოდ 2022 წლის მარტში ჩამოვიდა ლარსის გავლით.

ანატოლი და მისი მეუღლე ახლა ბათუმში ქირით ცხოვრობენ. ანატოლი ამბობს, რომ ორივე ვებდიზაინერია და დისტანციურად მუშაობენ უცხოური კომპანიებისთვის. ანატოლი ამბობს, რომ რუსეთში ყველაზე მეტად ფეიფალსა და ვიზაზე წვდომის შეზღუდვამ დააზარალა, რადგან უცხოური კომპანიებისთვის მუშაობს და ხელფასს ვეღარსად ჩაურიცხავდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. ანატოლის თქმით, ეს საკითხის მხოლოდ პრაქტიკული მხარეა.

„სხვა მხრივ კი, რუსეთი არასწორ გზაზე დგას და აღარ მინდა მხარი დავუჭირო ამ სახელმწიფოს ჩემი გადასახადებით. ეს იყო ქვეყნიდან წამოსვლის მთავარი მიზეზი. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა საკუთარი გეზი განსაზღვრა“, – ამბობს ანატოლი.

მისი შეფასებით, რუსეთის მოქალაქეების უმეტესობა ყველაზე მეტად სანქციებით და დასავლური კომპანიების ქვეყნიდან გასვლით დაზარალდა. ამბობს, რომ ცენზურა, რეპრესიები, მობილიზაცია და საომარი მოქმედებებიც კი, მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს შეეხო, მაგრამ ვალუტის კურსის მერყეობამ, ფასების ზრდამ და ნაცნობი ბრენდების გაქრობამ ყველას ცხოვრებაზე იქონია გავლენა. ანატოლის თქმით, ბევრი დასავლური კომპანიის დახურვით რუსეთში უამრავმა ადამიანმა დაკარგა მაღალანაზღაურებადი სამსახური.

„ბათუმელებთან“ საუბრისას ანატოლი ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ცხოვრება საქართველოში მოსახერხებელია. ფიქრობს, რომ საქართველოში ამერიკისა და ევროპის ქალაქებზე ბევრად უკეთესი მდგომარეობაა:

„ვგულისხმობ იმას, რომ თბილისსა და ბათუმს აქვს ევროპული დონის, ღირსეული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, აშშ-ს ზოგიერთ ქალაქზე უკეთესი ურბანული ინფრასტრუქტურა, კარგად განვითარებულია ციფრული მომსახურება, მობილური კომუნიკაციები, ინტერნეტი და ბანკინგი.

საქართველო ამერიკას ჰგავს გამოხატვის თავისუფლებით, ქუჩის ხელოვნებით, სამოქალაქო აქტივიზმით, ბიზნესის კეთების სიმარტივით.

სახელმწიფო სერვისები მაქსიმალურად მოსახერხებელია მომხმარებლისთვის და არ არის ბიუროკრატიული ბარიერები, ევროპის მსგავსად, სადაც საღამოს 8 საათზე ყველა მაღაზია დაკეტილია“, – ამბობს რუსი მიგრანტი.

ანატოლის და მის მეუღლეს რუსეთში მშობლები და მეგობრები ჰყავთ. „ჩვენი ახლობლები იქ დარჩნენ, დავტოვეთ ახალაშენებული სახლი და წამოვედით. 2022 წელს ლანდშაფტის დიზაინი უნდა გაგვეკეთებინა, ყვავილები უნდა დაგვერგო ეზოში, ვერ წარმოვიდგენდით, რომ შორს გაქცევა მოგვიწევდა დიქტატორისგან, რომელიც შეიშალა და მეზობელ ქვეყანას დაესხა თავს“, – ამბობს ანატოლი.

მხოლოდ 2023 წლის მესამე კვარტალში 776 278-ჯერ გადმოკვეთეს საზღვარი რუსეთის მოქალაქეებმა, ამავე პერიოდში საქართველოდან გავიდა რუსეთის 780 514 მოქალაქე.

ომის შემდეგ რუსეთის რამდენი მოქალაქე შემოვიდა ჯამში საქართველოში და მათგან რამდენი დარჩა ქვეყანაში საცხოვრებლად, ჯერჯერობით გაურკვეველია.

2024 წელს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერას ჩაატარებს. კონკრეტულ მისამართზე 12 თვეზე მეტხანს მცხოვრები პირები, მათ შორის მიგრანტები, მუდმივ მცხოვრებლებად ჩაითვლებიან, რის შემდეგაც ცნობილი გახდება ქვეყანაში მუდმივად მობინადრე რუსი მიგრანტების დაზუსტებული რიცხვი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: