მთავარი,სიახლეები

„ხელოვნების მოთვინიერებასა და კონტროლს ცდილობს ყველა რეჟიმი“ – ნატაშა ლომოური

18.10.2023 • 770
„ხელოვნების მოთვინიერებასა და კონტროლს ცდილობს ყველა რეჟიმი“ – ნატაშა ლომოური

„საზოგადოების ყველაზე თავისუფალი კასტა არიან ხელოვანები. მათ შეუძლიათ ყველაზე კრიტიკულად მიუდგნენ სახელმწიფოს, მის მიერ გატარებულ პოლიტიკას. მწერლებს ისევ ჰყავთ ყველაზე დიდი აუდიტორია.

მწერლები განსაკუთრებით უყვართ და უყვარდათ ყოველთვის. მწერლებს აღმერთებდნენ, მაღალია მათი ავტორიტეტი. მათი გამოთქმული აზრი, მათი კრიტიკა თუ შეფასება ძალიან ფასობს. ამისი ეშინია ყოველთვის ავტორიტარულ რეჟიმს. ასე იყო ადრეც და ასე არის ახლაც,“ – ამბობს ნატაშა ლომოური, საქართველოს მწერალთა სახლის ყოფილი დირექტორი, დავით სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმისა და რეპრესირებულ საბჭოთა მწერალთა მუზეუმის კონცეფციის ავტორი.

საქართველოს მწერალთა სახლში რეპრესირებული მწერლების მუზეუმი 2023 წლის მარტში გაიხსნა საბჭოთა სისტემის მსხვერპლი მწერლების გახსენებისა და ხსოვნის უკვდავყოფის ნიშნად.

„ბათუმელები“ ნატაშა ლომოურს ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „სიმართლის გამოვლენა: დიდი ტერორის მასობრივი სამარხები 1937-1938“ შეხვდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ქალბატონო ნატაშა, რა როლი აქვთ მუზეუმებ ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებაში?

საქართველოს მწერალთა სახლი, მაჩაბლის #13, არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ჩვენი საბჭოთა ისტორიის, წარსულის გასაგებად და გასააზრებლად.

მწერალთა სახლი 30-იან წლებში იყო სტალინური რეპრესიების ეპიცენტრი. ვიცით, რომ დაახლოებით ორასამდე მწერალი ემსხვერპლა საბჭოთა რეპრესიებს და აქედან 90-მდე ემსხვერპლა 1937-38 წლების ტერორს.

„ორასამდე, ოთხმოცდაათამდე“ იმიტომ ვამბობთ, რომ ჯერ კიდევ არ არის კვლევა ბოლომდე მიყვანილი. ეს რიცხვები საკამათოა. ცალკე თემაა, როგორ მუშაობენ ისტორიკოსები და მკვლევრები ამ საკითხზე.

ჩვენ თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, რომ მაჩაბლის #13-ში გაგვეკეთებინა რეპრესირებული მწერლების მუზეუმი. აქ 1937 წელს მოხდა ყველაზე ხმაურიანი, საჯარო პროტესტი საბჭოთა სისტემის მიმართ, როდესაც პაოლო იაშვილმა, საუკეთესო სიმბოლისტმა პოეტმა, გამორჩეულმა ადამიანმა საქართველოში, მოიკლა თავი მწერალთა კავშირის შენობის მეორე სართულზე. თავი მოიკლა იმ დროს, როცა პირველ სართულზე მიდიოდა მწერალთა კავშირის სხდომა, სადაც განიხილავდნენ იმ მომენტში ერთ-ერთი სხვა მწერლის გარიცხვას მწერალთა კავშირიდან.

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი, როდესაც მწერლებს უწევდათ ერთმანეთის დაბეზღება, ერთმანეთზე რაღაცების მოგონება, ამას ვერ გაუძლო სწორედ პაოლო იაშვილმა.

სავარაუდოდ იცოდა, რომ ის იქნებოდა შემდეგი მსხვერპლი.

ეს არის ჩვენი ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი. როდესაც მწერალთა სახლში დავიწყეთ მუშაობა, ბევრი ბავშვი მოდიოდა ჩვენთან, სტუდენტებიც, მაგრამ უფრო მეტად სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ეცნობოდნენ დავით სარაჯიშვილის ლამაზი სახლის ისტორიას. ჩვენდა გასაკვირად აღმოვაჩინეთ, რომ როდესაც მივდიოდით ისტორიის ამ ეტაპამდე, რეპრესიებამდე, მხოლოდ იმ ბავშვებმა იცოდნენ რაღაც ამ თემაზე, ვისაც რეპრესირებული ოჯახის წევრები ჰყავდა.

მივხვდით, რომ ეს იყო სიცარიელე და ხარვეზი ჩვენ განათლების სისტემაში. ვიფიქრეთ, რომ ჩვენ შეგვეძლო გაგვეჩინა ალტერნატიული საგანმანათლებლო სივრცე ამის აღმოსაფხვრელად და შევქმენით მუზეუმი, რომელიც ჰყვება რეპრესიების ისტორიას 1921 წლიდან, ოკუპაციის დღიდანვე. ეს თარიღი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გასაბჭოების მესამე დღით, 1921 წლის 28 თებერვლით თარიღდება რევკომის დადგენილება, რომელიც დავით სარაჯიშვილის და აკაკი ხოშტარიას სახლს მწერალთა კავშირს გადასცემს.

ეს გულუხვი საჩუქარია, რომელსაც მწერალთა კავშირი იღებს და ამით იწყება ისტორია, მწერალთა კავშირსა და სახელმწიფოს შორის. ისტორია, რომელშიც თუ ხარ მათი [სისტემის] მოკავშირე, ხარ კარგად და უსაფრთხოდ, თუ ეწინააღმდეგები, რეალურად ხარ საშიშროების წინაშე.

შემონახულია დოკუმენტები, როდესაც მწერალთა კავშირში ჯერ შალვა ელიავა მიდის, შემდეგ სერგო ორჯონიკიძე, რომლებიც პირდაპირ ეუბნებიან მწერლებს – „ვინც ჩვენთან ერთად არ იქნება, ჩვენ მათ ტყვიის ენაზე დაველაპარაკებით“.

ჩვენ ვაჩვენებთ დამთვალიერებელს ისტორიას 1921 წლიდან. ვაჩვენებთ ყველაზე მთავარ ეტაპებს – 1924 წლის შეთქმულებას, 30-იანი წლებს, ყველაზე რთულ 1937-38 წლებს, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს.

ეს მუზეუმი მთავრდება 1956 წლით, როდესაც სტალინის სიკვდილის შემდეგ იწყება რეაბილიტაცია.

თუმცა ამ მუზეუმში მნიშვნელოვანი არის არა ის ისტორია, რომელიც ყველას შეუძლია წაიკითხოს, არამედ, როგორ არის ის გაკეთებული და როგორ ხვდება გულზე ყველას სხვადასხვა რამ.

არის აუდიოგიდი, რომელსაც დაინტერესებული ადამიანი მოუსმენს და მეტ ინფორმაციას გაიგებს. არის ვიზუალური მასალა, რომელსაც ბავშვებს ვთავაზობთ.

იყო ასეთი პოეტი – მარი აბრამიშვილი. ერთადერთი პოეტი ქალი, რომელიც თავისი ტექსტების გამო, პოეზიის გამო დაიჭირეს და გადაასახლეს ვიატკაში. მისმა ქალიშვილმა შემოგვწირა ჩანგალი და კოვზი, რომელიც მარი აბრამიშვილმა წამოიღო ვიატკის ბანაკიდან გათავისუფლების შემდეგ.

ბევრი ხელშესახები ამბავია, ბევრი ემოციური ამბავი და აი, ამ ისტორიების გავლით, უფრო გახსნილი იქნება ადამიანი, რომ აღიქვას, დაიმახსოვროს, შეეხოს უფრო მეტად ეს ისტორია.

წარსულის გადააზრების და ცოდნის გარეშე ძალიან ძნელია წინ წასვლა და რაღაც ახლის შექმნა. მეორეც, ასეთი ცოდნით შეიარაღებული ადამიანი, სავარაუდოდ ასეთივე შეცდომებს აღარ გაიმეორებს.

  • რატომ სურდა ტოტალიტარულ სახელმწიფოს მწერლების დამორჩილება?

ის ფაქტი, რომ, მაგალითად, მწერლებს მისცეს თბილისის საუკეთესო სახლი საქართველოს ოკუპაციისთანავე, არ იყო შემთხვევითობა. ყველა ავტორიტარულ რეჟიმს ყოველთვის სჭირდება ინტელექტუალური დასაყრდენი. ამის მაგალითები ძალიან ბევრია მსოფლიოში. საბჭოთა სისტემაც არ იყო გამონაკლისი.

თავიდან სჭირდებოდათ მხარდაჭერა.

შემდგომ ისეთ ძალადობრივ სისტემას ეფუძნებოდა მათი ძალაუფლება, რომ მხარდაჭერაზე აღარ იყო საუბარი. 30-იან წლებში სოციალისტური რეალიზმის პრინციპების დანერგვა შემოქმედებაში, ყველა ტექსტის უდიდესი კონტროლი და ცენზურა იყო. იმ პერიოდისაა სტალინის ცნობილი ფრაზაც – „საბჭოთა მწერალი არის ადამიანის სულის ინჟინერი“. ეს იყო მთელი ამ პერიოდის ლაიტმოტივი.

რა თქმა უნდა, ზოგადად ხელოვნების მოთვინიერებას, ხელოვანების კონტროლს ცდილობს ყველა რეჟიმი, რადგან ისინი ყველაზე თავისუფალი ხალხია. მათ აქვთ საშუალება, დასვან კითხვები და დასვან კრიტიკული კითხვები. მათ ჰყავთ, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი აუდიტორია.

არანაკლები ხდება დღესაც. დღესაცაა ხელოვნების კონტროლის ვნება. საზოგადოების ყველაზე თავისუფალი კასტა ხელოვანებია, მათ შეუძლიათ ყველაზე კრიტიკულად მიუდგნენ სახელმწიფოს, მის მიერ გატარებულ პოლიტიკას, ჰყავთ ყველაზე დიდი აუდიტორია.

მწერლები განსაკუთრებით უყვართ და უყვარდათ ყოველთვის, ამიტომ მათი ავტორიტეტი ძალიან დიდია. მათი გამოთქმული აზრი, მათი კრიტიკა თუ შეფასება ძალიან ფასობს. ავტორიტარულ რეჟიმს ამისი ყოველთვის ეშინია. ასე იყო ადრეც და ასეა ახლაც.

  • სულ ახლახან იყო ცვლილება მწერალთა სახლში. სახელმწიფო თითქოს ცდილობს ყველაფერი მოგუდოს, ერთგვარი ჩარჩო დააწესო და ის, ვინც ამ ჩარჩოში ვერ ჯდება, უნდა წავიდეს. ეს საბჭოთა კავშირიდან მემკვიდრეობით წამოღებული მართვის სტილია?

ჩემთვის, მაგალითად, ძალიან გასაკვირია ის, რაც ხდება… ჩვენ თითქოს დიდი დრო დაგვჭირდა აგვეშენებინა თავისუფალი საზოგადოება, გავცდით ამ კონტროლის ჩარჩოს და ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე კიდევ მოგვიწევდა ამაზე ლაპარაკი, ამაზე ნერვიულობა, ამაზე დროის დაკარგვა და ა.შ.

ძალიან უცნაურია, რომ ამდენი ხნის ნაშენები… მთლიანად მთელი ეს პროცესი, ძალიან უცებ, ჩვენ თვალწინ, რაღაცნაირად იშლება და უკან მიდის.

ეს მოხდა კულტურის სფეროში ცოტა ხნის წინ, თუმცა ხდება ეტაპობრივად და სისწრაფე ამ ცვლილების არის ძალიან თვალშისაცემი, ჩემი აზრით, ცოტა შემაშფოთებელი და საგანგაშოც.

აქაც იგივეა, ვნება გაკონტროლების… თუმცა დღეს შეცვლილია კონტექსტი და სრულუფლებიანი წევრები ვართ ევროპული საზოგადოების, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასეთად მივიჩნევთ თავს – განსხვავებით 1921 წლისგან, როდესაც სრულ იზოლაციაში ვიყავით, ბევრად უფრო მარტივია დღეს კონტაქტები, მიმოსვლა ქვეყნებს შორის.

არ ვიცი, ძალიან დიდი ძალისხმევა გვჭირდება, რომ ისევ რაღაც შეუქცევად პროცესში არ აღმოვჩნდეთ. ეს იმიტომ არის განსაკუთრებით საწყენი და საგანგაშო, რომ ჩვენ, კულტურული თვალსაზრისით, ნამდვილად ვართ ევროპული თანამეგობრობისა და საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები.

ამის ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს, ჩემი საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, როგორი იყო 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს როლი და როგორი ორგანული იყო ჩვენთვის ის გარემო. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, ხელოვნების დარგებში ვიყოთ თანასწორი მოსაუბრე ევროპელ თანამოაზრეებთან.

დღეს ამისკენ ჩვენი სწრაფვის ჩაკეტვა, ერთი მხრივ, ალბათ არარეალურია, თუმცა საწყენია. ყოველ ნაბიჯზე ეს პროცესი რთულდება და ამას სწორედ სახელმწიფო გვირთულებს.

  • თქვენი აზრით, დღეს რაც გვჭირს, ეს ხომ არ არის იმის შედეგი, რომ ჯერ კიდევ არ გვაქვს გააზრებული, თუ რა მოხდა 1937-38 წლებში – ფაქტია, რომ ის პროცესები სათანადო არ არის შეფასებული?

მე ვიტყოდი, რომ რიგ შემთხვევებში [რეპრესიები] 1921 წელს დაიწყო. ჩვენ გვყავს პოეტები და მწერლები, რომლებიც 1921 წელს დააპატიმრეს ტექსტების გამო.

რა თქმა უნდა, თუნდაც რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი, ამ ტიპის კონფერენციები, სადაც ჩვენ ახლა ვართ, ახალი პუბლიკაციები, ეს ყველაფერი აუცილებელია იმისთვის, რომ გადავიაზროთ.

ვფიქრობ, მუზეუმის მთავარი და ყველაზე ხშირი სტუმრები უნდა იყვნენ სახელმწიფო მოხელეები. გულწრფელად მჯერა ამის. არა კონკრეტულად ახლანდელები. ყველაზე მეტად მათ უნდა იცოდნენ, როგორია ის საკმაოდ წვრილი ხაზი, როდესაც ხდება ძალაუფლებით ტკბობა. კონტროლის სურვილი მერე გადადის მოუთოკავ ჟინში, რაც რეალურად ცვლის ხალხის და ქვეყნის ბედს.

ახლა რაზე ვლაპარაკობთ, როდესაც ზუგდიდში არის ბერიას ქუჩა, სტალინის უზარმაზარი გამზირი არის გორში, სტალინის დიდების მუზეუმი გორში.

რეალურად არც პოლიტიკური ნება ყოფილა არასოდეს, რომ ეს საკითხი დასმულიყო დღის წესრიგში. გაიხსენეთ, როდესაც სტალინის ძეგლი აიღეს გორში ჩუმად, ღამე და ამან გამოიწვია ძალიან დიდი აღშფოთება. გორში მცხოვრებთა ნაწილისთვის სტალინი არის ადამიანი, რომელმაც დაამარცხა ჰიტლერი, მოიგო მეორე მსოფლიო ომი და იმის უკან რა იყო და კიდევ რა ხდებოდა, ძალიან ბევრმა არ იცის.

იმის მაგივრად, რომ ღამე ჩუმად აგვეღო ეს ძეგლი გორში, უნდა გველაპარაკა. მე, მაგალითად, დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ უფრო სწორი იქნებოდა გველაპარაკა. მეტი დრო და ფული დაგვეხარჯა იმ ტიპის მუზეუმების [რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმის] გაკეთებისთვის, გამოფენებისთვის. მეტი ფული დაგვეხარჯა ფილმებზე, კონფერენციებზე, ტრენინგებზე და ამ ხალხისთვის მიგვეწოდებინა სწორი ინფორმაცია.

ამ ყველაფრის ერთობლიობა ალბათ ოდესმე გამოიღებს შედეგს და შევძლებთ, ცოტა უფრო ფხიზლად შევხედოთ ჩვენ წარსულსაც და, შესაბამისად, მომავალსაც, რომ ეს შეცდომები აღარ დავუშვათ.

არავინ არ თქვას, რომ უჰ, ეს როდის იყო, დიდი ხნის წინ იყო და დღეს ასე არ ხდება. ყოველთვის არის იმის საშიშროება, რომ პროცესები გახდეს შეუქცევადი.

  • აჭარაში აღმოაჩინეს რეპრესირებულთა ნეშტები, რომლებიც ახლა სხვადასხვა ადგილასაა დასვენებული. რეპრესიების მსხვერპლთა და მათ შთამომავალთა სოციალური დაცვის არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალის“ წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ უნდა გაკეთდეს პანთეონი, სადაც რეპრესირებულთა ნეშტებს დაასვენებენ. თქვენ, როგორც რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმის კონცეფციის ავტორი, რას ფიქრობთ ამ საკითხზე? რა შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს?

როცა რეპრესირებულ საბჭოთა მწერალთა მუზეუმში შედიხარ, იქ გხვდება ტექსტი, გვიწერია, რომ პირველ რიგში ეს არის მათი ხსოვნის პატივსაცემად გაკეთებული მუზეუმი, რადგან ბევრ შემთხვევაში არ არსებობს [ამ მწერალთა] საფლავები.

2012 წელს ვიყავი მონუმენტის გახსნაზე, რომელიც მთაწმინდაზე, პანთეონში გახსნეს და ეს იყო რეპრესირებული ხელოვანების კრებითი, სიმბოლური საფლავი.

ჩემი ძმის ბაბუა იყო ვახტანგ კოტეტიშვილი, ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ახლო თემაა და ვიცი, მისი ოჯახის განცდები. 1938 წელს დახვრიტეს ვახტანგ კოტეტიშვილი, მაგრამ შემდეგ წლებში უცებ გამოჩნდებოდა ვიღაც მათთან სახლში და დედას, დას ეტყოდა – „ვახტანგმა გამოგვგზავნა… მე ციმბირიდან ჩამოვედი, იქ ძალიან ცივა და თუ შეიძლება, რაღაცა თბილი ტანსაცმელი გამატანეთ“.

აი, ასეთი ლეგენდებით აცხოვრებდნენ ამ ხალხს და, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრს უჩნდებოდა მცირე იმედი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ადგილი, სადაც ეს ხალხი, რეპრესირებულთა ოჯახის წევრები, მივლენ და ქედს მოიხრიან.

რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმში კუთხე გვაქვს – ძველი საბჭოთა საქაღალდეების ასლია გაკეთებული და წერია ყველას სახელი და გვარი.

არ ვიცი, ამას დამთვალიერებელი როგორ აღიქვამს, მაგრამ ჩვენ ასე შევხედეთ, რომ ეს მათი პატარა მონუმენტია.

ვფიქრობ, კარგი იქნება, იყოს რაიმე სიმბოლური ძეგლი. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ასეთი ადგილი არის კიდევ ერთი დამატებითი რგოლი ჩვენი ცნობიერების გაზრდასა და განათლებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: