განათლება,მთავარი,სიახლეები

რა უფლებების დაკარგვაზე წუხან მასწავლებლები – ინტერვიუ პედაგოგთან

17.10.2023 • 3767
რა უფლებების დაკარგვაზე წუხან მასწავლებლები – ინტერვიუ პედაგოგთან

„ჩვენ ვინ დაგვიცავს, ყველანაირად უფლებააყრილ პედაგოგებს?“, „ბარემ გაკოჭეთ მასწავლებელი“, „საზიზღარი, ინტრიგანი ბავშვები“- ასეთი კომენტარებით გამოეხმაურა მასწავლებლების ნაწილი სოციალურ ქსელში ამბავს, რომ ბავშვებმა მოსწავლეზე ძალადობის ფაქტი კლასში ტელეფონით გადაიღეს, შემდეგ კი ინტერნეტში ატვირთეს.

რა უფლებების დაკარგვაზე წუხან მასწავლებლები და აქვთ თუ არა მათ რეალურად უფლებები შეზღუდული? – ამ თემაზე „ბათუმელები“ 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ პედაგოგს, როლანდ შავაძეს ესაუბრა.

  • ბატონო როლანდ, თქვენი აზრით, რატომ საუბრობენ მასწავლებლები ხშირად იმაზე, რომ ისინი სახელმწიფომ უფლებების გარეშე დატოვა, მოსწავლეებს კი ყველაფრის უფლება აქვთ. ეთანხმებით თუ არა კოლეგებს და თუ არა, რატომ?

სიმართლე გითხრათ, უფლებაშეზღუდულ მასწავლებლად არ მიმაჩნია ჩემი თავი, იმიტომ, რომ იმას, რაც მასწავლებლის ეთიკით გვაქვს გაწერილი და რისი კეთებაც, ვთქვათ, გვეკრძალება, ისედაც არ უნდა აკეთებდეს მასწავლებელი.

ეს ნორმები უნდა დაიცვას სასკოლო საზოგადოებამ.

სხვა მხრივ, ჩვენ ძალიან თავისუფლები ვართ, როგორც გამოხატვის მხრივ, ასევე საკლასო აქტივობებში, ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის სფეროშიც და ამ ნაწილში ვერ დავეთანხმები კოლეგებს.

  • მაშინ რა აწუხებთ მათ, კონკრეტულად რომელ უფლებას ვერ ელევიან?

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მასწავლებლების ნაწილი საბჭოთა პერიოდიდან მოდის. გვაქვს 90-იანი წლების გამოცდილება, როცა მასწავლებლებს ყველაფრის უფლება ჰქონდათ კლასში, მათ შორის ბავშვის ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის უფლება და ამაზე მათ პასუხს არავის სთხოვდა. მოსწავლეს კი არანაირი უფლებები არ ჰქონდა.

შესაძლოა, პედაგოგების რაღაც ნაწილს ეს ნოსტალგიები აქვს და ამიტომ საუბრობენ „უფლებების შეზღუდვაზე“.

მეორე მხრიდან რომ შევხედოთ სიტუაციას, ჩვენც ადამიანები ვართ ხომ, მასწავლებლები და არის გარკვეული სიტუაციები, სადაც ძალიან რთულია ემოციების კონტროლი.

თუმცა ჩვენ ამიტომაც გვაქვს საკანონმდებლო ნორმები, რომ მსგავს სიტუაციებში ამ ნორმების შესაბამისად ვიმოქმედოთ. თუ ჩვენ რაღაც აშკარად ხელს გვიშლის სასწავლო პროცესში, სწორედ ამ ნორმების შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ.

ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, ბავშვის რაღაც დროით სასწავლო პროცესისგან ჩამოშორება, სხვა შესაბამისი სამსახურების ჩაყენება საქმის კურსში და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენოთ ბავშვს.

  • რას ფიქრობთ იმ ფაქტებზე, როცა მოსწავლე ტელეფონით იღებს კლასში მასწავლებლის გარკვეულ ქცევას და ამას ტვირთავს სოციალურ ქსელებში?

ჩვენ ვცხოვრობთ ციფრულ ეპოქაში და ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს ჩვენი ფარული თვალთვალი, ჩანაწერის გამოქვეყნება და ასე შემდეგ, მაგრამ მიმაჩნია, რომ საგაკვეთილო პროცესი ისე უნდა იყოს წარმართული, ვერავინ უნდა დაიჭიროს ისეთი ფაქტები, რაც მასწავლებლის კომპრომატად გამოდგება, თუნდაც ეს იყოს კონტექსტიდან ამოგლეჯილი პროცესი, რადგან რა უნდა ხდებოდეს საკლასო ოთახში ისეთი, რაც შეიძლება მასწავლებლის წინააღმდეგ გამოიყენო?!

მე შეიძლება კლასში შენიშვნა მივცე მოსწავლეს არ იმიტომ, რომ ვიდეოს იღებს, არამედ იმის გამო, რომ სათანადოდ არ არის ჩართული საკლასო აქტივობაში.

თუნდაც მთელი გაკვეთილი გადაიღოს, ამ მხრივ მე პრობლემა არ მაქვს.

  • „ ჯაშუშებად ზრდით? ინტრიგნებად? თქვენს ადგილზე მათ მაგრად მივტყეპავდი“ – წერდა ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი. თქვენი აზრით, რატომ არის ეს თუნდაც ამ ადამიანის პრობლემა და რატომ არ არის მაგალითად, თქვენთვის? 

შესაძლოა, ვიღაცას აქვს ასეთი მიდგომა, რომ სასკოლო პროცესები აუცილებლად დახურულ კარს მიღმა უნდა მიმდინარეობდეს და არავინ ხედავდეს, რაც არასწორია, ჩემი აზრით.

როცა კარგი რაღაც ხდება, მაშინ ხომ ვიღებთ და ვაქვეყნებთ სოციალურ ქსელში? თუ ეს შეიძლება და არ მიგვაჩნია ტელეფონის გამოყენება დარღვევად, სხვა შემთხვევებში რატომ არის პრობლემა?

თუ დანაშაული ხდება და ამას ვასაჯაროებთ, ეს სწორია. პირიქით, დანაშაულის დამალვაა საშიში. ის, რომ „ჩაშვებაა“ დანაშაულის მხილება, კრიმინალური მენტალიტეტია, რადგან კანონი გვეუბნება, რომ დანაშაულის დაფარვაც დანაშაულია და ამისკენ უნდა მიგვყავდეს ჩვენ პროცესები და თანამედროვე ახალგაზრდის აზროვნება და არა იქითკენ, რომ დანაშაულის მხილება ჯაშუშობაა თურმე, რომ დამნაშავის გაცემა არასწორია და ასე შემდეგ.

ცხადია, შეცდომას ნებისმიერი ადამიანი დაუშვებს, მაგრამ ყველა მასწავლებელი უნდა იაზრებდეს, რომ ფიზიკური შეხება მოსწავლეზე საერთოდ არ შეიძლება. არც პოზიტიური კუთხით, რომ აი, ვეფერებოდი და ასე შემდეგ და არც ნეგატიური მოტივით, რომ იძალადო მასზე.

ჩვენ არ გვაქვს უფლება მოსწავლეებს შევეხოთ. ასეთია დასავლური განვითარებული ქვეყნების მიდგომა და ვფიქრობ, ამ მიდგომას უნდა იცავდეს მასწავლებელი.

  • ორივე შემთხვევაში, რომელიც ჩვენ გავაშუქეთ, მასწავლებელი გაუშვეს სკოლიდან. ფიქრობთ, რომ კანონი ძალიან მკაცრია და შესაძლებელი იყო, ვთქვათ, გაფრთხილების მიცემა, თუ სწორად მიგაჩნიათ, რომ მასწავლებელმა უნდა დატოვოს სკოლა ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში?

თმაზე მოქაჩვის კადრი მე არ მინახავს, შეიძლებოდა ალბათ საყვედურიც, მაგრამ, როგორც ვიცი, ასეთ შემთხვევებს სკოლის დისციპლინური კომიტეტი განიხილავს და ის წყვეტს სასჯელის ზომას.

ბავშვზე ფიზიკურ შეხებას გამართლება არ აქვს, ამიტომ ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, მასწავლებელი გასაშვებია სკოლიდან, თუმცა არც ის მგონია სწორი, რომ ამ ერთ ადამიანს ავკიდოთ მთელი სისტემის ტვირთი, მხოლოდ მასზე გადავტეხოთ ჯოხი და საქვეყნოდ ვკიცხოთ.

  • არ ფიქრობთ, რომ ეს პრევენციაა სხვებისთვის?

რა თქმა უნდა, პრეცედენტი კარგია იმ გაგებით, რომ სხვებისთვის უნდა იყოს განგაშის მანიშნებელი, რომ არ გაიმეორონ იგივე შეცდომა.

დანაშაული არ უნდა დაიმალოს, მაგრამ არც იმის მომხრე ვარ, რომ მასწავლებელი უნდა გავანადგუროთ. დაისაჯა ეს ადამიანი, გათავისუფლდა სამუშაოდან, მაგრამ მონსტრად არ უნდა წარმოვაჩინოთ.

  • „მასწავლებელი რამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე, არავინ კითხულობს“ – ამასაც წერდნენ პედაგოგები. რას მიჰყავს ამ მდგომარეობამდე თქვენი აზრით პედაგოგი და ნიშნავს თუ არა იმას, რომ კონფლიქტის მართვა არ შეუძლია?

ნებისმიერი ადამიანი შეიძლება მივიდეს „ამ დონემდე“, ნებისმიერი შეიძლება აღმოვჩნდეთ მსგავს ვითარებაში, მთავარია ასეთ სიტუაციაში როგორ აკონტროლებ თავს.

არასრულწლოვანი იმიტომ ჰქვია ბავშვს, რომ შეიძლება პროვოცირებაც გაგიკეთოს და ვიდეოც გადაგიღოს. აბა რისთვისაა სკოლა, აღზრდის პროცესის ნაწილია ესეც, ამიტომ ემოციურად მასწავლებელი უნდა იყოს მდგრადი და არ წამოეგოს თუნდაც მოსწავლის პროვოკაციას.

შენ უნდა აკონტროლო ეს, რომ არ გამოხვიდე წყობიდან და არ დააშავო.

მოსწავლის ქმედება გამოსწორებადია, ჩაერევა შესაბამისი სამსახურები, მაგრამ მასწავლებლის შეცდომას არაფერი ეშველება.

მე მესმის, რომ საზოგადოება გადაღლილია სახელმწიფოში არსებული სხვადასხვა პრობლემით, შესაძლოა ვერც სოციალურ ქსელებში გამოხატავდეს სწორად ემოციებს მასწავლებელი, მომატებულია ემოციური ფონიც ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ არა მარტო კლასში ვართ მასწავლებლები, სოციალურ ქსელშიც სოციუმი ჩვენ აღგვიქვამს პედაგოგებად, ამიტომ მნიშვნელობა აქვს რას ვწერთ და როგორ გამოვხატავთ ემოციებს.

მე პირადად ასეთი მიდგომა მაქვს, რომ მოსწავლე არ არის მტყუანი, მოსწავლე არ არის დამნაშავე და მიზეზი შეგვიძლია ვეძებოთ როგორც მშობელში, ასევე სკოლასა და საზოგადოებაში.

არასრულწლოვნის ნებისმიერი ქცევა გამოწვეულია საზოგადოების მიერ.

  • თქვენი გამოცდილება როგორია, გქონიათ შემთხვევა, როცა ვერ გიმართიათ მოსწავლე?

მე სხვადასხვა სკოლაში ვმუშაობდი და ცხადია, მეც მქონდა კლასში პრობლემები. მიმიმართავს ადმინისტრაციისთვისაც, საგაკვეთილო პროცესიც გამიჩერებია და დასვენებაზეც შევხვედრივარ ამ კონკრეტულ მოსწავლეს და მისაუბრია მასთან.

როცა პრობლემა გიდგას, საგანი გვერდზე უნდა გადადო და ამ პრობლემაზე კონცენტრირდე, რადგან მასწავლებლობა მხოლოდ კონკრეტული საგნის სწავლება ხომ არ არის, ჩვენ აღზრდის პროცესებშიც ვართ, ერთ-ერთი მთავარი როლი გვაკისრია ამ მხრივ და თუ შენ ვერ უმკლავდები პრობლემას ინდივიდუალურად, მაშინ უნდა ჩართო დირექცია, გაიარო კონსულტაციები კოლეგებთან და ისე გადაჭრა პრობლემა. როგორც კი კონტროლს დაკარგავ, ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ შედეგებს.

მთავარია, შეგვეძლოს ამ პრობლემის აღიარება და შეგვეძლოს სხვების გამოცდილების გაზიარება და ამის გამო შეურაცხყოფილად არ უნდა ვიგრძნოთ თავი, რომ, ვთქვათ, ვინმეზე ნაკლები მასწავლებელი ვართ.

კარგია ბავშვთან პირისპირ საუბარი, რომ მივიდეთ პრობლემის სათავესთან. იქნებ ეს ბავშვი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია ან იქნებ სხვა პრობლემა აქვს რაიმე. შეიძლება ფსიქოლოგის ჩარევაა საჭირო. იმის გაგებაა მნიშვნელოვანი, რა იწვევს ბავშვის არასწორ ქცევას.

  • იქნებ იმის ბრალია, რომ გაკვეთილი არ მოსწონს და ნაკლებად საინტერესოა მისთვის?

შეიძლება გაკვეთილიც იყოს მიზეზი. დაიწყებს ბავშვი პროცესის ჩაშლას, თუ არ მოსწონს, თუმცა, ძალიან კარგი გაკვეთილის შემთხვევაშიც შეუძლია არიოს პროცესი, თუ რაღაც პრობლემის წინაშეა.

  • „მასწავლებელს რომ გადაეღო მოსწავლის ცუდი ქცევა და გამოექვეყნებინა საჯაროდ, მაშინ ხომ დასჯიდით მასწავლებელს. მაშინ რატომ არ ისჯება ბავშვი?“ – წერდნენ ასეთ კომენტარსაც. რატომ არ ისჯება ასეთ დროს ბავშვი, იქნებ ესეც განვმარტოთ?

ბავშვს აქვს უფლება მასწავლებლის არაეთიკური ქცევა გაასაჯაროოს, მაგრამ მასწავლებელს არა, რადგან ზრდასრულ ადამიანს, მასწავლებელს აქვს ვალდებულება სწორად წარმართოს ბავშვის ქცევა.

მოსწავლის არასწორი ქცევის პრევენციაზე მასწავლებელმა უნდა იზრუნოს. ბავშვი არ არის ზრდასრული ადამიანი და მისი ვალდებულება არ არის მასწავლებლის არასწორი ქცევის გამოსწორება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: