მთავარი,სიახლეები

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ანგრევენ – რჩება მხოლოდ ფასადი

14.10.2023 • 2185
ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ანგრევენ – რჩება მხოლოდ ფასადი

ბათუმში, გამსახურდიასა და კომახიძის ქუჩების კვეთაში შპს „გარდენ ქიი“ სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს. კომპანიამ აქ არსებული სახლის ნგრევა რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

ამ სახლს და მის გვერდით არსებულ შენობას, რომლისგანაც მხოლოდ ფასადია დარჩენილი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, შესაბამისად, დემონტაჟის პროცესის დაწყებამ საზოგადოებაში კითხვები გააჩინა.

ადგილზე მყოფი კომპანიის წარმომადგენელი აცხადებდა, რომ ფასადს, რომელსაც ძეგლის სტატუსი აქვს, არ ანგრევენ და ის უნდა შეინარჩუნონ. მეორე სახლზე კი გვითხრეს, რომ ის „ისედაც ცუდ მდგომარეობაშია“.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში განმარტეს, რომ ძეგლის სტატუსი აქვს მხოლოდ იმ შენობას, რომლის ფასადიც არის შემორჩენილი, მეორე შენობის ნგრევით კი კომპანიას სანებართვო პირობები არ დაურღვევია.

სააგენტო გულისხმობდა ამ ფასადს

კონკრეტულად რა ნებართვაა გაცემული კომახიძის #1-ში ამის თაობაზე ინფორმაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელმა, მერაბ ღოღობერიძემ გამოითხოვა. მან სასამართლოსაც მიმართა დემონტაჟის შეჩერების მოთხოვნით, სწორედ იმ მოტივით, რომ შენობას ძეგლის სტატუსი აქვს და მას კანონი იცავს, თუმცა მოსამართლემ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ოფიციალურ წერილობით პასუხში სააგენტო განმარტავს:

„კომახიძის ქუჩა №1-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სსიპ –
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 14 ივნისის N01-07/108 ბრძანების საფუძველზე, რომელიც გაცემული იქნა შპს „გარდენ ქიის” მიერ წარმოდგენილი პროექტისა და ხელოვნებათმცოდნე მარინა ხატიაშვილის მიერ მომზადებულ სახელოვნებათმცოდნეო კვლევაზე დაყრდნობით“.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი, ზაურ ახვლედიანი, რომელიც ხელს აწერს ძეგლის ადაპტაცია-რესტავრაციის ბრძანებას, იქვე განმარტავს, რომ სააგენტომ შეისწავლა კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და დაადგინა, რომ მოთხოვნა სრულად აკმაყოფილებს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის მოთხოვნებს.

ზაურ ახვლედიანი ასევე განმარტავს, რომ პროექტი სათათბირო საბჭომაც განიხილა და ის განსახილველად მერიაშიც გადააგზავნეს. დადებითი რეკომენდაციების მიღების შემდეგ მან ადაპტაცია-რეაბილიტაციის ბრძანება გასცა.

რენდერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კომახიძის #1-ში მდებარე ორსართულიან სახლს სრულად დაანგრევენ და ინარჩუნებენ მხოლოდ ამ სახლის გვერდით მდებარე ძეგლის ფასადს.

რენდერი

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით ორივე შენობას ძეგლის სტატუსი აქვს. ეროვნული სააგენტოს დოკუმენტებში ეს სახლი ერთ შენობად არის მოხსენიებული.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს სააღრიცხვო ბარათის მიხედვით ორი ქუჩის გადაკვეთაზე მდგარი ორსართულიანი შენობა კომახიძის ქუჩაზე გრძივი, გამსახურდიას ქუჩაზე კი განივი ფასადით გამოდის

ფოტო: საზოგადოება „ბათომი“

შპს „გარდენი ქიის“ ასი პროცენტის მფლობელი მარი შუბალიძეა. კომპანიას მალხაზ შუბალიძე ხელმძღვანელობს. 2016 წელს მალხაზ შუბალიძემ „ქართულ ოცნებას“ 10 000 ლარი შეწირა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: