მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ჯანმრთელობის რა პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა

13.10.2023 • 6728
ჯანმრთელობის რა პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა

თმის ცვენა, როგორც თმის ზრდის ციკლის ნაწილი, ბუნებრივი პროცესია. ადამიანი დღეში საშუალოდ თმის 50-100 ღერს კარგავს, რომელიც შემდეგ ისევ იზრდება, მაგრამ ასაკის მატებამ, მემკვიდრეობითმა წინასწარგანწყობამ, ასევე, გარკვეულმა დაავადებებმა და ჰორმონალურმა ცვლილებებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს თმის ზრდის ციკლს, რის შედეგადაც ახალი თმა არ ცვლის ჩამოცვენილ თმას.

„სოლომედის“ ენდოკრინოლოგი, ლია ჯაში „ბათუმელებთან“ თმის ცვენის ენდოკრინულ მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ რიგ შემთხვევებში თმის კარგვის მიზეზი შესაძლოა სტრესიც კი გახდეს.

  • ქალბატონო ლია, რამდენად რეალურია, რომ თმის ცვენა გარკვეულ სეზონებზე უფრო ინტენსიური ხდება?

დიახ, გარკვეული სეზონური ცვენა არის, დღეში დაახლოებით 50-100 თმის ღერის დაკარგვა მიიჩნევა ბუნებრივად. თუ იმატებს თმის დანაკარგი, მიიჩნევა პათოლოგიურ თმის ცვენად. გარკვეულ დროს კი – გაზაფხულსა და შემოდგომაზე შეიძლება უფრო გამოხატულია სეზონური ცვენა. 

  • რა ენდოკრინული მიზეზები შეიძლება განაპირობებდეს თმის ცვენას?

თმის ცვენა ძალიან ბევრ პათოლოგიასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, პირველ რიგში – ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებთან. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სასქესო ჰორმონების შემოწმება. ტესტოსტერონის სიჭარბემ შეიძლება გამოიწვიოს ანდროგენული ალოპეცია ქალებში. ასევე, თუ არის პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, სიმპტომად ითვლება თმის ცვენა. ასეთ დროს საჭიროა გინეკოლოგისა და ენდოკრინოლოგის ჩართულობა. 

როდესაც შეიცვლება ჰორმონალური ფონი, თმის ცვენა შეიძლება ალაგდეს. 

ასევე, მშობიარობის შემდეგ ქალს შეიძლება დაეწყოს თმის ცვენა, ესეც ჰორმონალურ ფაზებთან არის დაკავშირებული. 

გარდა ამისა, თმის ცვენის მიზეზი შეიძლება იყოს ონკოლოგიური დაავადებები, შეიძლება იყოს ბუდობრივი ალოპეცია, სისტემური დაავადებები… საჭიროა დიაგნოსტიკა და დიაგნოსტიკის შემდეგ უნდა მოხდეს ადეკვატური მკურნალობის ინიცირება, რა თქმა უნდა, დერმატოლოგთან ერთად.

ასევე, თმის ცვენა შესაძლოა განაპირობოს ორგანიზმში მიკროელემენტების დეფიციტმაც.

  • რა მიკროელემენტების ნაკლებობა შეიძლება გახდეს თმის ცვენის მიზეზი?

პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის რკინის დეფიციტი, ვინაიდან რკინა ზოგადად ორგანიზმში და ასევე, თმის ფორმირებაშიც თამაშობს ძალიან დიდ როლს. ასეთ დროს უნდა შემოწმდეს კალციუმი, ასევე D ვიტამინი. ეს ელემენტები დიდ გავლენას ახდენენ ორგანიზმის ფუნქციონირებაზე. აუცილებელია სელენის, თუთიის შემოწმება.

თმის ცვენას ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს არასაკმარისი ცილის მიღებამ, A ვიტამინისა და ბიოტინის [B ჯგუფის ვიტამინი] დეფიციტმა.

ამავდროულად მიკროელემენტების დეფიციტმა შეიძლება სხვა გამოხატული პრობლემებიც შექმნას: შეიძლება გამოიწვიოს განწყობის ცვლილება, წონაში ცვლილებები, რა დროსაც აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რათა გადაწყდეს, სჭირდება თუ არა ჩარევა თმის ზრდის პროცესს. 

გარდა ამისა, არსებობს სოკოვანი დაავადებები, ქერტლი, რომელიც თმის სტრუქტურაზე ახდენს გავლენას. გარე ფაქტორებიდან შეიძლება აღვნიშნოთ თმის შეღებვაც, რამაც შეიძლება პრობლემა შეუქმნას თმის სიჯანსაღეს. 

Cleveland Clinic: ზოგიერთ შემთხვევაში თმის ცვენის მიზეზი შეიძლება გახდეს თმის მჭიდრო ვარცხნილობები – წვრილი ნაწნავები, თმის დაგრძელება, ხშირად და მჭიდროდ შეკრული თმა.

  • რა კავშირშია სტრესი თმის კარგვასთან?

სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს ანდროგენების (მამაკაცის სასქესო ჰორმონების) სიჭარბე, რის ფონზეც შესაძლოა განვითარდეს თმის კარგვა – ანდროგენული ალოპეცია.

  • რა გამოკვლევები ინიშნება ამ დროს?

პირველ რიგში საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის და მიკროელემენტების დონის შემოწმება: რკინა, ფერიტინი, D ვიტამინი, კალციუმი, მაგნიუმი, B ვიტამინი; ასევე საჭიროა თუთია-სელენის დონის შემოწმება, რომ განვსაზღვროთ, ხომ არ არის მიზეზი მათი დეფიციტი. ასევე, თუ თმის ცვენა დაკავშირებულია მენსტრუალური ციკლის ცვლილებასთან, აუცილებელია სასქესო ჰორმონების შემოწმება.

Mayo Clinic: მიმართეთ ექიმს, თუ გაწუხებთ თმის მუდმივი ცვენა და ატყობთ, რომ თმა შეთხელდა. ექიმს უნდა მიმართონ ქალებმა, რომლებსაც აღენიშნებათ შუბლზე თმის ხაზის უკან გადაწევა (შუბლის ფიბროზული ალოპეცია). ასევე, გაესაუბრეთ ექიმს, თუ დაბანის ან/და დავარცხნის დროს შეამჩნევთ უეცარ ან ბუდობრივ თმის ცვენას; ან ჩვეულებრივზე მეტ თმის ცვენას. თმის უეცარი ცვენა შეიძლება მიუთითებდეს სამედიცინო მდგომარეობაზე, რომელსაც სჭირდება მკურნალობა. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: