მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა არის ჰერპესი და რატომ არ უნდა ვაკოცოთ ბავშვს – ექიმის რჩევები

12.10.2023 • 3107
რა არის ჰერპესი და რატომ არ უნდა ვაკოცოთ ბავშვს – ექიმის რჩევები

ჰერპესი ქრონიკული, მორიციდივე დაავადებაა, რომელსაც კანსა და სხეულის ლორწოვან გარსებზე ბუშტუკოვანი გამონაყარი ახასიათებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 50 წლამდე ასაკის, დაახლოებით 3,7 მილიარდი ადამიანი (67%) მსოფლიოში ინფიცირებულია ჰერპეს სიმპლექსის ვირუსის ტიპი 1-ით (HSV-1), რომელიც ე.წ. ტუჩის ჰერპესის წამყვანი მიზეზია.

Clevelandclinic-ი წერს, რომ ადამიანების უმეტესობა ამ ტიპის ჰერპესვირუსით ავადდება ბავშვობაში და ვრცელდება ვირუსის მქონე ზრდასრული ადამიანის ბავშვთან მჭიდრო კონტაქტის დროს, მაგალითად, როდესაც ოჯახის წევრი კოცნის ბავშვს.

„ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის“ დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი როსტომ ცინცაძე ამბობს, რომ ჰერპეს ვირუსის გამონაყარის დროს უფროსები მაქსიმალურად უნდა მოერიდონ ბავშვებთან კონტაქტს, რადგან შესაძლოა პატარებს ეს ვირუსი გადაედოთ და ჩუტყვავილას მსგავსი ფორმით გამოუვლინდეთ.

  • ბატონო როსტომ, რა არის ტუჩის ჰერპესი? 

ჰერპესი ძალიან გავრცელებული ვირუსია, მსოფლიო მოსახლეობის უმრავლესობას აქვს ეს ვირუსი. მისი ორი ძირითადი ტიპი არსებობს – ე.წ. მარტივი ჰერპეს ვირუსი I და II ტიპი. სწორედ I ტიპის ჰერპესი არის სახის არეში გამონაყარის მიზეზი, II ტიპს ახასიათებს გამონაყარი გენიტალიებზე.

არსებობს სხვა ჰერპესებიც, მათ შორის [ჩუტყვავილას გამომწვევი] ვარიცელა ზოსტერი, შემოსარტყლული ჰერპესი, რომელიც აზიანებს ნერვულ სისტემას, შეიძლება განვითარდეს თავის სხვადასხვა არეში; ებშტეინ-ბარის ვირუსი და ციტომეგალოვირუსი.

  • თქვით, რომ მორეციდივე დაავადებაა, რა აპროვოცირებს მის ხელახალ გამოვლენას?

ჰერპეს ვირუსებს შეიძლება ჰქონდეთ ფარული მიმდინარეობა ანუ ვირუსი იყოს ლატენტურ ფორმაში, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა ადამიანს ჰქონდეს ვირუსი, მაგრამ ვერ მიხვდეს, სანამ არ გამწვავდება.

პროვოცირება შეიძლება მოხდეს იმუნური სისტემის დაქვეითების, ნერვული სტრესის და ბევრი ანტიბიოტიკისა და ჰორმონალური მედიკამენტების მიღების შედეგად.

MayoClinic-ი წერს, რომ ტუჩის ჰერპესის გამწვავება შეიძლება ასევე დააპროვოციროს შემდეგმა ფაქტორებმა: ვირუსული ინფექცია ან ცხელება; ჰორმონალური ცვლილებები, რომელიც დაკავშირებულია მენსტრუაციის პერიოდთან; სტრესი; დაღლილობა; მზეზე ან ქარში ყოფნა; ცვლილებები იმუნურ სისტემაში; კანის დაზიანება.

ჰერპეს ვირუსი ორგანიზმიდან მკურნალობის შედეგად არ ქრება, შეიძლება მინიმუმამდე დავიდეს მწვავე პერიოდები. იმას, თუ რა სიხშირით ექნება ადამიანს რეციდივი, განაპირობებს  იმუნური სისტემის მდგომარეობა, ზოგიერთთან ეს შეიძლება წელიწადში ერთხელ მოხდეს, ზოგთან – უფრო ხშირად.

  • როგორ ვლინდება, რა სახასიათო სიმპტომატიკა აქვს?

ძირითადად ვითარდება ტუჩზე, პირის ირგვლივ და პირის ღრუს ლორწოვან გარსშიც შეიძლება განვითარდეს.

თავიდან შესაძლოა ადამიანი გრძნობდეს ჩხვლეტას, წვასა და ქავილს იმ ადგილზე, სადაც უნდა განვითარდეს კერა. ამის შემდეგ დაახლოებით ერთ-ორ დღეში ჩნდება პატარა მტკივნეული ლაქა და წარმოიქმნება ბუშტუკები. სითხით სავსე პატარა ბუშტუკები ძირითადად ჯგუფურად არის განლაგებული, ხშირად ჩნდება ტუჩების საზღვრის გასწვრივ. ზოგჯერ ჩნდება ცხვირის, ლოყების გარშემო ან პირის ღრუშიც. შესაძლოა ბუშტუკები გაერთიანდნენ. ახასიათებს ტკივილისა და წვის შეგრძნება. საბოლოოდ ბუშტუკები სკდება და ქერქით იფარება.

  • როგორია გადაცემის გზები?

ტიპი I ჰერპეს ვირუსი ვრცელდება ვირუსის მქონე ადამიანთან მჭიდრო კონტაქტით ან ნერწყვით – ხშირად კოცნით; ვირუსი შეიძლება აღმოჩნდეს კანსა და ნერწყვში. ასევე, შესაძლოა გავრცელდეს საერთო ნივთების, მაგალითად, იმ ადამიანის ჭურჭლის, კოვზის, ე.წ. საწრუპის გამოყენებით, ვისაც აქვს ჰერპესის გამონაყარი. ასევე, შეიძლება გადადება მოხდეს სხვისი სიგარეტის ან ტუჩსაცხის გამოყენებით.

თუ გაქვთ მარტივი ჰერპესი, დიდი ალბათობით, ვირუსს სხვა ადამიანს გადასცემთ მაშინ, როცა წყლულები [ბუშტუკების შემდეგი ფაზა] გაქვთ. მაგრამ დაინფიცირება შეიძლება მოხდეს მაშინაც კი, თუ სიმპტომები არ გაქვთ. 

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ჩვილ ბავშვებთან, რადგან გადადების შემთხვევაში შესაძლოა ჰერპესი გამოვლინდეს ჩუტყვავილას მსგავსადაც. ცხადია, პატარებს შესაძლოა ბაღიდან და სკოლიდან, თანატოლებთან კონტაქტის დროსაც გადაედოთ, მაგრამ ჰერპესის გამწვავების დროს უფროსებს მართებთ სიფრთხილე, ისინი უნდა მოერიდონ ბავშვის კოცნას და ეს არა მარტო ჰერპესის გამო, არამედ ძალიან ბევრი, მაგალითად, გრიპის და სხვა ვირუსების გადადების თავიდან ასაცილებლად.

  • რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ჰერპესს?

ზოგადად ჰერპეს ვირუსებს ახასიათებთ გართულებები, თუმცა ჩვეულებრივი ჰერპეს ვირუსი (I ტიპი) რომ ავიღოთ, რომელსაც ახლა განვიხილავთ, მას იშვიათად ახასიათებს გართულება, თუმცა მაინც, შეიძლება მოხდეს მეორადი ინფექციის განვითარება, შეიძლება განვითარდეს იმპეტიგო [კანის ინფექცია].

მაგალითად, თავიდან ბუშტუკები არის გამჭვირვალე, ორი-სამი დღის შემდეგ გამჭვირვალიდან უკვე გადადის მოყვითალო ფერში, ანუ ხდება ჩირქოვანი, მერე იკეთებს ქერქს და მერე შორდება. ამ დროს შეიძლება მიიერთოს მეორადი ინფექცია, ანუ სტრეპტოდერმიები (სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები), ამას კი სჭირდება უკვე სხვაგვარი მკურნალობა.

ClivlandClinic: მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ჰერპესის გართულებები იშვიათია, ის შეიძლება გავრცელდეს თვალზე, თუ ხელით ჯერ ჰერპესის წყლულს შეეხებით და შემდეგ თვალს, რამაც მოგვიანებით, შესაძლოა, თვალის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს; გარდა ამისა, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კანის დაავადება – ატიპიური დერმატიტი (ეგზემა), ვირუსის მთელ სხეულზე გავრცელების უფრო მაღალი რისკი აქვთ.

  • როგორია მკურნალობა?

პირველი გამონაყარი სანამ გამოჩნდება, იქამდე იწყება ჩხვლეტისა და წვის შეგრძნება. მკურნალობა უნდა დაიწყოს ბუშტუკების გამოჩენისთანავე, ანუ პროცესის გამწვავებიდან სამი, მაქსიმუმ 5 დღის შემდეგ.

მკურნალობა მოიცავს პირველ რიგში ანტივირუსული პრეპარატების გამოყენებას, ანტიჰისტამინური ანუ ანტიალერგიული პრეპარატების გამოყენებასა და ადგილობრივ მკურნალობას მალამოების დახმარებით. ასევე, საჭირო ხდება მკურნალობა იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.

მკურნალობის არ ქონის შემთხვევაში შეიძლება ალაგება დაიწყოს ერთი-ორი კვირის შემდეგ, გაჩნია როგორი იმუნიტეტი აქვს ადამიანს, მაგრამ ასეთ დროს ბუშტუკოვანი გამონაყარი შეიძლება იყოს უფრო გაფართოებული. მკურნალობის შემთხვევაში, ანტივირუსული პრეპარატების დახმარებით, შეიძლება საერთოდ არ მივცეთ ჰერპესს განვითარების საშუალება და 3-5 დღეში დაიწყოს ალაგება, გამონაყარიც სუსტია ასეთ დროს.

მნიშვნელოვანია, ჰერპესის მქონე ადამიანები მოერიდონ ბავშვებთან ერთად [ბაღი,სკოლა] ყოფნას და ვინაიდან ეს არის გადამდები დაავადება, კარგი იქნება, ატარონ პირბადე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: