მთავარი,სიახლეები

„ბანანზე“ 16 წლის ბიჭის დაღუპვის საქმის განხილვა დაიწყო – ბრალდებული ნაფიც მსაჯულებს ითხოვს

10.10.2023 • 6016
„ბანანზე“ 16 წლის ბიჭის დაღუპვის საქმის განხილვა დაიწყო – ბრალდებული ნაფიც მსაჯულებს ითხოვს

10 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოში 16 წლის მოზარდის დაღუპვის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

საუბარია ბათუმში 4 ივლისს მომხდარ შემთხვევაზე – 16 წლის ლუკა, რომელიც ზღვაში, კატერზე გამობმული გასაბერი „ბანანით“ გაიყვანეს, გამოძიების ვერსიით, მცურავი საშუალებიდან ზღვაში განზრახ გადააგდეს. ლუკასთან ერთად, პროკურატურის ვერსიით, „ბანანზე“ კიდევ 3 მოზარდი იმყოფებოდა და მათ ჟილეტებით სარგებლობის უფლებაც არ მისცეს.

ამ საქმეზე პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით ბრალი მოქალაქე ზურაბ საღინაძეს წარუდგინა. დანაშაულის შეუტყობინებლობას პროკურატურა ამავე საქმეზე ორ პირს ედავება, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ეს პირები კატერზე მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულთან ერთად იყვნენ. ამ ორი პირის საქმე ცალკე განიხილება.

დღეს, 10 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა სთხოვა, რომ საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ.

„ვეთანხმები“ – ხმამაღლა დაეთანხმა ბრალდებული ზურაბ საღინაძე ადვოკატს, როცა მან ითხოვა, საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

ადვოკატმა მოსამართლეს ექსპერტიზის ახალი დასკვნებიც აჩვენა, რაც, ადვოკატის მტკიცებით, საკმარისი პირობაა ბრალდებულის მიმართ დევნის შესაწყვეტად.

წინასასამართლო სხდომაზე მსჯელობენ, დასაშვებია თუ არა მხარეების მიერ შეგროვებული და სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანუ კანონიერად მოპოვებულია თუ არა.

მეორე საკითხია მტკიცებულებების სადავოობის საკითხი – თუ ბრალდებული, მაგალითად, პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს უდავოდ მიიჩნევს, მოსამართლე მოწმეებს სასამართლო დარბაზში ვეღარ მოუსმენს.

ადვოკატებმა, მაგალითად, რამდენიმე მტკიცებულების დაუშვებლად მიჩნევა მოითხოვეს, მათ შორის, გამომძიებლის მიერ კატერის და „ბანანის“ დათვალიერების ოქმი. სადავოა ის, რომ გამომძიებელმა ნივთმტკიცების სახით მხოლოდ 2 ჟილეტი ამოიღო, საქმეში არსებულ ფოტოებში კი 11 ჟილეტი ჩანს.

„ჩამტარებელი პირის გადასაწყვეტია, ამოიღებს თუ არა კონკრეტულ ნივთს… დათვალიერების ოქმში ნამდვილად აღწერილია ეს ჟილეტები,“ – ადვოკატის შუამდგომლობას კატეგორიულად არ დაეთანხმა პროკურორი თორნიკე გოგეშვილი.

„გამომძიებელი დაიკითხება და მან უნდა ახსნას, რატომ არ ამოიღო დანარჩენი ჟილეტები“, – აღნიშნა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმაც. მან დასაშვებად მიიჩნია ის მტკიცებულებები, რასაც უკანონოდ მიიჩნევდა დაცვის მხარე. კიდევ ერთი ასეთი საკითხი გარდაცვლილი მოზარდის ფეისბუქში საჯაროდ გამოქვეყნებული ფოტოს გამოყენება იყო ამოცნობის ჩატარების დროს.

„ეს არის საჯაროდ გამოქვეყნებული ფოტო… ამ ფოტოს გამოყენებაზე არავის მოსვლია აზრად, მოსამართლისთვის მიემართა,“ – მოსამართლეს გახედა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა. მოსამართლემაც ადვოკატს მიუთითა, რომ მათაც გამოიყენეს სხვისი ფეისბუქპროფილი „ისე, რომ არც წინასწარი თანხმობა არსებობს და არც მოსამართლის განჩინება,“ – აღნიშნა მოსამართლემ და დასძინა, ეს იმიტომ აღვნიშნე, რომ სასამართლო შეჯიბრებითობის პრინციპს იცავსო.

ვიდრე მოსამართლე გადაწყვეტდა, საქმე არსებითად განსახილველად გადაცემულიყო თუ არა, ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა თქვა, რომ პროცესზე ექსპერტიზის ახალი დასკვნებით მივიდა.

„ჩვენი მხრიდან დასმული იყო ექსპერტთან შეკითხვა, ხომ არ არის ინდივიდუალური ფსიქოლოგიური ნიშნები და მახასიათებლები, რომელმაც შესაძლოა ასეთი ანომალიური საქციელი გამოიწვიოს. ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დღეს წარმოვადგინეთ, ადასტურებს, რომ ბრალდებულს არ აღენიშნება რაიმე ინდივიდუალური, ფსიქოლოგიური ნიშანი, რამაც შესაძლოა ანომალიური ქცევა გამოიწვიოს,“ – ადვოკატმა ექსპერტიზის დასკვნა მანდატურს გადააწოდა და ანიშნა, მოსამართლეს მიაწოდეთო.

„ანომალიურ ქცევაში“ ადვოკატმა ხაზი გაუსვა პროკურატურის ვერსიას, საიდანაც არ ჩანს, რა მოტივაციით შეიძლებოდა ჩამოეგდო ბრალდებულს „ბანანიდან“ ცურვის არმცოდნე მოზარდი ღია ზღვაში ჟილეტის გარეშე.

„ის, რაც ფიქსირდება მტკიცებულებებით, შეუსაბამოა ბრალდებასთან,“ – მოსამართლეს შეხედა ადვოკატმა და საქმეში წარმოდგენილ ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერებსაც გაუსვა ხაზი: კამერის ჩანაწერის მიხედვით, როგორც ადვოკატი ამბობს, „ბანანზე“ ხუთი პირია, პროკურატურის ვერსიით კი, „ბანანზე“ 4 მოზარდი იყო.

რა არის თავად ბრალდებულის ვერსია?

„ბრალდებულის ვერსიაა, რომ ასეთი აღნაგობის მოზარდი მასთან „ბანანზე“ არ ყოფილა, ვინც იყო, ყველა ცურავდა შეუფერხებლად,“ – ეს ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გვითხრა.

ბრალდებული მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მოზარდებს უსაფრთხოების ჟილეტი არ ჩააცვა. ადვოკატმა ასევე გვითხრა, რომ კამერის ჩანაწერებში „ბანანზე“ მყოფი მოზარდების სახეები იდენტიფიცირებადი არ არის.

„ბრალდებული ამბობს, რომ ეს არ იყო არც შეკვეთა და არც დახმარება… მოზარდები ხიდიდან გადახტნენ და მივიდნენ ტივტივასთან, რომელიც სანაპიროდან 50 მეტრშია. ეს ადასტურებს იმას, რომ მათ ცურვა იცოდნენ. ბრალდებულმა მოზარდები უბრალოდ გაასეირნა. გადმოყრა კიდევ არასწორად ნათქვამია – „ბანანზე“ ნებისმიერი გასეირნება გადმოყირავებით სრულდება. ჟილეტები არ ეცვათ და წესით, უნდა ეცვათ,“ – ამბობს ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.

საქმის მასალებშია იმ მოზარდების ჩვენებები, რომლებიც ნაპირზე უსაფრთხოდ გამოვიდნენ – მათ ამოიცნეს 16 წლის ლუკა, რომელიც იმ დღეს მათთან ერთად „ბანანზე“ იყო.

ექსპერტიზამ ასევე დაადასტურა დაზიანებები ლუკას სხეულზე, თუმცა ადვოკატის თქმით, ექსპერტმა არ გასცა პასუხი კითხვას: როდის შეიძლებოდა მიეღო ეს დაზიანებები ლუკას.

ექსპერტიზის კიდევ ერთი დასკვნის მიხედვით კი, გარდაცვლილი არასრულწლოვნის სხეულში ეთილის სპირტი დაფიქსირდა.

„ჩვენ დავუსვით ექსპერტს შეკითხვა, არის თუ არა ეს კავშირში ალკოჰოლის მიღებასთან. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით 0.3 ითვლება სიმთვრალედ და ამ შემთხვევაში 0.5 იყო აღმოჩენილი საექსპერტო კვლევების დროს. იმედია, დაკითხვის დროს ექსპერტი ამ საკითხზე დეტალურად ისაუბრებს,“ – აღნიშნა ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

რაც შეეხება ნაფიც მსაჯულებს, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ადვოკატის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა იმ არგუმენტით, რომ ნაფიცი მსაჯულები კანონის მიხედვით მხოლოდ დასრულებულ დანაშაულებს განიხილავენ, ამ შემთხვევაში კი გამოძიება ბრალდებულს მკვლელობის მცდელობას ედავება.

ადვოკატმა მოსამართლეს შეახსენა, რომ წარდგინებით შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს, რადგან თანასწორობის პრინციპი ირღვევა.

„ჩვენ გვაქვს ნდობა საზოგადოების მიმართ, რომ ამ მტკიცებულებებით, რაც არის ამ საქმეში წარმოდგენილი, გამოიტანდა გამამართლებელ განაჩენს,“ – აღნიშნა ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

„პრეცედენტი იცით, რომ მსგავსი საქმე ნაფიც მსაჯულებს გადასცეს?“ – ადვოკატს ჰკითხა მოსამართლემ.

„პირიქით ვიცი, როცა პროკურორმა კვალიფიკაცია შეუცვალა საქმეს მცდელობაზე, რომ მსაჯულებს არ განეხილათ“, – უპასუხა მოსამართლეს ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

„ჩვენთან კი ორი საქმეა, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ“ – მიუბრუნდა ადვოკატს მოსამართლე და მერე ადვოკატს ის გაახსენა, როცა ამბობდა, საზოგადოების დაკვეთით მოქმედებდა პროკურატურაო.

„საზოგადოებას შეუძლია დაესწროს ამ პროცესებს, ჟურნალისტებიც დაესწრებიან, მაგრამ გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ცივი გონებით,“ – ბოლო სიტყვებზე გააკეთა აქცენტი მოსამართლემ და მხარეებს დაემშვიდობა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: