განათლება,მთავარი,სიახლეები

„ჩემს კლასში დაფას ისევე წმენდს ბიჭი, როგორც გოგო“ – როგორია ნინო ფსუტურის გაკვეთილები

10.10.2023 • 6918
„ჩემს კლასში დაფას ისევე წმენდს ბიჭი, როგორც გოგო“ – როგორია ნინო ფსუტურის გაკვეთილები

„ჩემ დროს გვეუბნებოდნენ – დაფა გაწმინდოს გოგონამ“ ან „გაკვეთილების შემდეგ დარჩნენ გოგონები და დაალაგონ საკლასო ოთახი. თითქოს ძალიან ელემენტარულია ხომ, მაგრამ ასეთი რამ ჩვენს საკლასო ოთახში არ ხდება.

დაფას ისევე წმენდს ბიჭი, როგორც გოგო, ისევე ალაგებს ბიჭი საკლასო ოთახს, როგორც გოგო. დადგმულ აქტივობებს ყოველთვის სჯობს ბავშვებს თანასწორობა რეალურ ცხოვრებაში ვასწავლოთ“ – ამბობს ნინო ფსუტური, გორის მე-8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი, რომელიც 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.

ის „ბათუმელებთან“ საუბრობს სკოლაზე, კარგი გაკვეთილის მნიშვნელობასა და თანასწორობის საკითხებზე.

„ბავშვობიდან მინდოდა, რომ მასწავლებელი ვყოფილიყავი. ასე მგონია, მასწავლებლობა არ არის პროფესია. ეს სურვილი შენთან ერთად იბადება, რაღაც შინაგანი მდგომარეობაა ადამიანის და შემდეგ იქცევა პროფესიად.

ეს სურვილი ჩემმა მასწავლებლებმა კიდევ უფრო გამიმძაფრეს. განსაკუთრებით კარგი ბიოლოგიის მასწავლებლები მყავდა, ამიტომ გამოვედი მეც ბიოლოგი“- ამბობს ნინო ფსუტური.

მეოთხე კურსიდან სკოლაში ასწავლის და ამბობს, რომ გარკვეული სირთულეების, იმედგაცრუებების თუ დაბრკოლებების გვერდით იყო ბევრი სიხარული და წარმატებაც; განცდა იმის, თუ როგორ შეიძლება მოაგვარო პრობლემა და შექმნა შენი მოსწავლეებისთვის უკეთესი გარემო სკოლაში.

„ყველაზე რთული მაინც ის არის, რომ მასწავლებლობა მუდმივ ცვლილებებს მოითხოვს შენგან.

მაგალითად, ერთი წლის წინ რომ გაკვეთილს ვატარებდი, წელს ისეთ გაკვეთილს ვეღარ ჩავატარებ. მუდმივად უნდა უსმინო მოსწავლეებს, მაჯაზე უნდა გედოს ხელი, რომ მათი სურვილების, მოთხოვნების მიხედვით იცვლებოდეს სწავლის პროცესი“ – ამბობს ნინო ფსუტური.

მისი თქმით, გარკვეულწილად, მოსწავლე თავად გვკარნახობს რა ფორმით მიიღოს შენგან ინფორმაცია, „თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ შენ, როგორც მასწავლებელს, გაქვს ჩამოყალიბებული შენი ხედვა, შენი მეთოდები, მაგრამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინო მოსწავლეთა საჭიროებები და მათი ინტერესებიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე მიაწოდო ცოდნა მისთვის საინტერესო ფორმით.

ამიტომ სჭირდება მასწავლებელს მუდმივი განვითარება, სჭირდება მაღალი მიმღებლობა, სიახლეების ძიების უნარი“ – ამბობს ნინო მასწავლებელი.

როგორია კარგი გაკვეთილი? – ვკითხეთ მას.

„გაკვეთილი, სადაც არსებობს გარკვეული წესები, რომელსაც ყველა იცავს. გაკვეთილი, რომელიც არა მხოლოდ ინფორმაციის დამახსოვრებაზე, გაზეპირებაზე, არამედ ამ ინფორმაციის გაანალიზებაზეა ორიენტირებული.

ზოგადად, მე ვცდილობ ბავშვებს ვასწავლო არა მხოლოდ ბიოლოგია, არამედ სხვადასხვა, მნიშვნელოვანი უნარიც შევძინო. მაგალითად, დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა ინფორმაციის კრიტიკულად გაანალიზების და დახარისხების უნარი. ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა გაარჩიონ მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაცია.

არ აქვს მნიშვნელობა, ბიოლოგიას ასწავლი, ქართულს თუ მათემატიკას, მასწავლებელმა, აი, ეს უნარები უნდა განავითარო მოსწავლეებში“- ამბობს ნინო ფსუტური.

ცალკეული პედაგოგების მცდელობების მიუხედავად, სკოლების ერთ-ერთ მთავარ პრობლემად გაუმართავი ინფრასტრუქტურა და რესურსების სიმწირე რჩება. როგორც ნინო ამბობს, ეს ყველაფერი შესაძლოა სკოლაში კონფლიქტების მიზეზიც კი გახდეს.

„ავიღოთ, მაგალითად, ჯგუფური სამუშაო. ვთქვათ, ვამუშავებთ ტექსტს ან პოსტერს ვამზადებთ. თუ არ გვაქვს იმ რაოდენობის მარკერები, თაბახის ფურცელი ან სხვა საჭირო მასალები, ამან შეიძლება წარმოშვას პატარა უკმაყოფილება ჯგუფში და შესაძლოა უფრო სერიოზულ კონფლიქტშიც კი გადაიზარდოს.

მასწავლებელს სჭირდება მაღალი პროფესიონალიზმი, რომ ეს არ დაუშვას, მოაგვაროს, თუნდაც იმით, რომ რესურსებზე ხელმისაწვდომობა გაზარდოს და ადვილად ამოიცნოს ასეთი საშიშროებები. შეეცადოს, რომ ადგილზევე გაანეიტრალოს დაძაბულობა და ეს საკმაოდ რთულია“- ამბობს ნინო ფსუტური.

ნინო ფსუტური

ჩვენ მას რეპეტიტორების საკითხზეც ვესაუბრეთ, რადგან იმის მიუხედავად, რომ სკოლაზე სახელმწიფო საკმაოდ დიდ რესურსებს ხარჯავს, მოსწავლის მშობელს მაინც უწევს მასწავლებლის დაქირავება, იმისთვის, რომ მოსწავლემ კარგი ნიშანი მიიღოს ან ეროვნული გამოცდები ჩააბაროს.

ნინო მიიჩნევს, რომ რეპეტიტორთან მომზადება ცუდ ტრადიციად იქცა, რასაც ხელი გარკვეულწილად მასწავლებლებმა და მშობლებმაც შეუწყვეს.

„არასწორი დამოკიდებულება გაუჩნდათ ბავშვებსაც, რომ შეიძლება რაღაც საგანი სკოლაში არ ისწავლონ და ისწავლონ კერძო მასწავლებელთან. თუმცა ისეთი შემთხვევებიც გვინახავს, ვინც კარგად სწავლობდა სკოლაში და მომზადების გარეშე ჩააბარა.

მასწავლებლის წილიც ძალიან მაღალია იმაში, რომ ბავშვი აღარ სწავლობს. ეს მან უნდა გაუჩინოს ბავშვს მოტივაცია და ისე დაანახოს საგანი, რომ გაუჩნდეს ბავშვს სწავლის მიმართ ინტერესი“ – გვეუბნება ნინო მასწავლებელი.

მასთან ვისაუბრეთ არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზეც, რადგან ნინო ფსუტური არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს ამ მიმართულებით, აქვს ეკოკლუბი და სტარტაპიც, სადაც ბავშვები მეწარმეობას სწავლობენ. მის მოსწავლეებს ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში ასამდე გარემოსდაცვითი აქტივობა აქვთ განხორციელებული.

ნინო ფსუტურის თქმით, თითოეული პროექტი ბავშვებისგან მოითხოვდა რაღაც კონკრეტული საკითხის გააზრებას, პრობლემის გამოკვეთას და გადაჭრის გზების ძიებას:

„როცა მოსწავლე ამ ყველაფერს რამდენჯერმე გააკეთებს, ის სხვანაირად ფიქრს იწყებს, უვითარდება ანალიტიკური, ლოგიკური აზროვნება. ამიტომ ვამბობ ხოლმე, ბიოლოგიის სწავლებაზე მნიშვნელოვანი ამ უნარების განვითარება მგონია-მეთქი, რადგან შემდეგ სწავლის პროცესიც უადვილდება ბავშვს“.

არაფორმალური განათლება ასევე მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: თანასწორობის საკითხები, ჩაგვრა, ბულინგი ან გამოხატვის თავისუფლება.

ნინო ფსუტური ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებს ვასწავლოთ საკუთარი უფლებების დაცვა ისე, რომ არ დაარღვიონ სხვისი უფლება:

„საკუთარი აზრი კი ისე გამოხატონ, არ შეურაცხყონ სხვა. მაგალითად, თუ შენს უბანში არ არის საკმარისი სიმწვანე ან სკვერი, რატომაც არა, უნდა გამოთქვა ამ ყველაფერზე შენი აზრი, ყველა ადამიანს უნდა გააჩნდეს საკუთარი პოზიცია იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც მათ ეხებათ.

განსაკუთრებით კი მასწავლებლებს, რადგან შემდეგ ისინი მოდელები ხდებიან ბავშვებისთვის და ბავშვსაც ნორმად მიაჩნია, რომ გააჩნდეს საკუთარი აზრი და შეეძლოს მისი პოზიცია გამოხატოს ხმამაღლა.

თუკი მოსწავლეები დიალოგის გზით შეძლებენ მოაგვარონ ესა თუ ის პრობლემა, ისაუბრონ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ეს გაწვრთნით მათ და გაზრდის მათ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასაც“ – ამბობს ნინო ფსუტური.

იგი ამბობს, რომ მისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ადრეული ქორწინების და ორსულობის პრობლემა გოგონებში:

„მე, როგორც ბიოლოგი, ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად მივიჩნევ ამ საკითხს და განსაკუთრებული სიმძაფრით ვშლი ხოლმე ამ საკითხებს ჩემს მოსწავლეებთან.

ბევრს ვმსჯელობთ, განვიხილავთ, თუ რა რისკები ახლავს ნაადრევ ქორწინებას, ორსულობას და რატომ ვამბობთ, რომ დაუშვებელია.

როდესაც ყველა საგნის მასწავლებელი თავის ჭრილში განიხილავს ამ საკითხს, როდესაც სკოლაში არსებული ყველა რგოლი სათანადო ყურადღებას მიაქცევს ამას, როდესაც მასწავლებელი, დამრიგებელი მიხვდება, როდის უნდა ჩართოს განგაშის ზარი, როდის ჩართოს სოციალური მუშაკი ამ პროცესებში და კი არ დამალოს პრობლემა, როგორც ეს ხდება ხოლმე, არამედ სააშკარაოზე გამოიტანოს, ეს იქნება ამ პრობლემების მოგვარების დასაწყისი.

განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში მოეთხოვებათ ეს მასწავლებლებს, სადაც მძაფრად დგას ხოლმე ადრეული ქორწინებების პრობლემა.

გონიერება ამაში გვმართებს სწორედ, რომ დროულად მოხდეს ყველა რგოლის ჩართვა“.

გენდერული თანასწორობის საკითხები, როგორც ნინო ფსუტური გვეუბნება, არ უნდა დარჩეს თეორიული სწავლების დონეზე და ის ყოველდღიური რუტინის ნაწილი უნდა იყოს.

„მაგალითად, ჩემ დროს გვეუბნებოდნენ – დაფა გაწმინდოს გოგონამ ან გაკვეთილების შემდეგ დარჩნენ გოგონები და დაალაგონ საკლასო ოთახი. თითქოს ელემენტარულია ხომ, მაგრამ სწორედ ასეთ ნიუანსებში ჩანს, როგორ ვუყურებთ თანასწორობის საკითხს.

ჩემს საკლასო ოთახში ასეთი რამ არ ხდება.

ერთნაირად წმენდს დაფას როგორც გოგო, ასევე ბიჭი. საკლასო ოთახს ალაგებს როგორც გოგო, ასევე ბიჭი. დადგმულ აქტივობებს ყოველთვის სჯობს ბავშვებს თანასწორობა რეალურ ცხოვრებაში ვასწავლოთ“ – მიიჩნევს ის.

რაც შეეხება ბულინგს, ნინო ფსუტური მიიჩნევს, რომ ყველა სკოლა ერთნაირი ხარისხით ვერ მუშაობს ამ პრობლემაზე და აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა ჯერ თავად გაიაზროს როგორ და რა ფორმით უნდა შეეხოს ამ საკითხს, თუნდაც პრევენციისთვის.

„ვფიქრობ, არ შეიძლება ხელაღებით ნებისმიერი ფილმის ჩვენება, მოუმზადებლად ამ ფილმის განხილვა, რაღაც ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რომელიც არ არის შეთანხმებული ვთქვათ, ფსიქოლოგთან.

აქაც მნიშვნელოვანია, ხელი კი არ დავაფაროთ პრობლემას იმ მიზნით, რომ სკოლის გარეთ არ გავიდეს ამბავი, უნდა მივიტანოთ ინფორმაცია იმ უწყებებამდე, ვისაც ევალება, რომ ამ პროცესებში ჩაერიოს და გვეყოს გონიერება, დროულად მოვახდინოთ რეაგირება“.

რადგან ნინო ფსუტური გორიდანაა და 2008 წელს რუსეთის აგრესია მის ოჯახსაც შეეხო, მას ვკითხეთ, თუ რას ფიქრობს როგორც მოქალაქე, როგორც მასწავლებელი ჩვენს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, იმ პოლიტიკაზე, რასაც რუსეთის ან მისი მოქალაქეების მიმართ აწარმოებს ხელისუფლება.

„როცა ვუყურებ რუსეთის ამდენ მოქალაქეს ჩვენი ქალაქების, განსაკუთრებით თბილისის ქუჩებში, ცოტა გამაღიზიანებელია და ეს ხდება იმ ფონზე, როცა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია მათ მიერ, უკრაინაში კი ომს აწარმოებენ, რომელსაც უდანაშაულო მოსახლეობა ეწირება.

არ მიმაჩნია სწორად, აქ რუსებმა წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი, გახსნან უამრავი კაფე, სადაც ქართულად ფაქტობრივად არავინ გესაუბრება. ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდოს სახელმწიფო მათ ჩვენს ტერიტორიაზე შემოშვებას, რადგან არ ვიცით ეს ამბავი საბოლოოდ როგორ მოგვიბრუნდება უკან“ – ამბობს ნინო ფსუტური.

ნინო მასწავლებელი, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის მსგავსად, მიიჩნევს, რომ ქართული სახელმწიფოს ადგილი ევროპულ სივრცეშია და არა რუსეთთან:

„ჩემი, როგორც მოქალაქის, როგორც მასწავლებლის ოცნებაა, ძალიან მალე გავხდეთ ევროპის ნაწილი, რომლის ნაწილი ჩვენ ბუნებრივადაც ვართ, მაგრამ მალე ვიგრძნოთ ეს ყველაფერი საკუთარ თავზე. საქართველო იმსახურებს, რომ იყოს ძლიერი ევროპული ქვეყანა“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: