მთავარი,სიახლეები

ამ კონფლიქტში რუსეთის სარგებელი იქნება უკრაინის ამბების მეორე პლანზე გადატანა – ინტერვიუ

09.10.2023 • 941
ამ კონფლიქტში რუსეთის სარგებელი იქნება უკრაინის ამბების მეორე პლანზე გადატანა – ინტერვიუ

„პალესტინის შემთხვევაში მონაწილეობს რელიგიური ფაქტორიც. ისლამური სოლიდარობის საკითხი საკმაოდ აქტუალური საკითხია დღეს მთელს მსოფლიოში, კავკასია კი, ამ თვალსაზრისით, არ არის გამონაკლისი,“ – ამბობს აღმოსავლეთმცოდნე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი სანიკიძე. მას ვესაუბრეთ, როგორ შეიძლება საქართველოზე  აისახოს „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმა ისრაელზე ან რა შეიძლება შეცვალოს ამ კონფლიქტმა რუსეთ-უკრაინის ომში.

  • ბატონო გიორგი, როგორ შეიძლება აისახოს საქართველოზე ომი ისრაელში? 

ჯერ ეს ძალიან ახალი მოვლენებია და რთულია ვარაუდის გამოთქმა. ძნელი წარმოსადგენია პირდაპირი სახით აისახოს, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, რომელიც ყველაზე გადაუწყვეტელი კონფლიქტების კერაა ბოლო 80 წლის მანძილზე. ეს რეგიონი ჩვენი მეზობელია და გარკვეული გამოძახილი შეიძლება იყოს კავკასიის რეგიონზეც.

პალესტინის შემთხვევაში მონაწილეობს რელიგიური – ისლამური ფაქტორი. ისლამური სოლიდარობის საკითხი საკმაოდ აქტუალური საკითხია დღეს მთელს მსოფლიოში, კავკასია კი, ამ თვალსაზრისით, არ არის გამონაკლისი. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ პალესტინის შემთხვევა საერთო ისლამურ კონტექსტში არ ექცევა.

პალესტინის საკითხი ისლამური სამყაროსათვის საკმაოდ მტკივნეული და გადაუწყვეტელი საკითხია. არაერთი მთავრობა ცდილობს ამ კოზირის გამოყენებას მუსლიმურ ქვეყნებში „კოლექტიური დასავლეთის“ წინააღმდეგ, როგორც მაგალითის იმისა, თუ როგორ უჭერს მხარს დასავლეთი „დამნაშავე ისრაელს“ და იჩაგრება პალესტინა. ეს საკითხი საკმაოდ რთულია, რადგან პალესტინის მოსახლეობა მართლაც იჩაგრება მიზეზთა გამო. ისლამური სახელმწიფო, მაგალითად, ირანი, საერთოდ არ აღიარებს ისრაელის არსებობას. ირანში დაბეჭდილ რუკებზე ისრაელის ტერიტორიას პალესტინა აწერია.

ჩემი აზრით, ნაკლებად მოსალოდნელია, დღეს საერთო არაბული ფრონტი შეიქმნას ისრაელის წინააღმდეგ.

ამ თავდასხმამდე გამოჩნდა იმის კონტურები, რომ საუდის არაბეთი და ისრაელი დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებდნენ… ბოლო ათწლეულების მანძილზე არაბული ქვეყნებისთვის პალესტინის პრობლემა მეორეხარისხოვნად იქცა, ეს პირდაპირ შეიძლება ითქვას.

გიორგი სანიკიძე

  • რა დამოკიდებულება აქვს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე ჩვენს მეზობელ თურქეთს, სადაც ისლამის გავლენა ასევე ძლიერია?

თურქეთ-ისრაელის ურთიერთობა გრძელი ისტორიაა. იყო თბილი, შემდეგ გაცივდა ეს ურთიერთობები. ბოლო პერიოდში შეინიშნება ისევ გარკვეული დათბობა, მაგრამ რასაც ვუყურებ, ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება თურქეთს არ გაუკეთებია ამ კონფლიქტის შესახებ.

  • ჩინეთსაც დღეს, 9 ოქტომბერს მოუწოდა აშშ-ს სენატის უმრავლესობის ლიდერმა, რომ „მხარი დაუჭიროს ისრაელს სასიკვდილო თავდასხმების შემდეგ“.

ჩინეთი საერთოდ თავისებურია ასეთ სიტუაციებთან მიმართებით, ჩინეთი ყოველთვის ცდილობს თვალი ადევნოს მოვლენების განვითარებას, ყოველთვის თავის ეკონომიკურ ინტერესებს ანიჭებს უპირატესობას, მისი საგარეო პოლიტიკა ამ იდეოლოგიური შემადგენლისგან დაცლილია.

  • ამ მოცემულობაში როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიციონირება? 

საქართველოს დამოკიდებულება გამოხატულია უკვე და ეს არის ისრაელის მხარდაჭერა. არც შეიძლება ასე არ იყოს, რადგან მოხდა სახელმწიფოზე ტერორისტული თავდასხმა, რამაც გამოიწვია უდანაშაულო მოსახლეობის უზარმაზარი მსხვერპლი. მგონია, რომ საქართველოზე ამ კონფლიქტის ზეგავლენა მაინც ნაკლები იქნება.

გააჩნია ასევე, რა ფორმას მიიღებს, რა მასშტაბი ექნება კონფლიქტს. სერიოზულ ნაბიჯებს დგამს უკვე ისრაელი.

ისრაელს ყოველთვის სჩვევია ნებისმიერ თავდასხმაზე ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი პასუხის გაცემა: დაბომბვებს რომ თავი დავანებოთ თავი, სხვა ყველა გზა მოსპეს საკვების, ნავთობის, მედიკამენტების მიწოდებისთვის.

საერთოდ ეს კონფლიქტი არის ტალღოვანი და 1948 წლის შემდეგ არ შეწყვეტილა: არის ხან ძლიერი ფორმით, ხან – მიძინებული. შეიძლება ეს სამხედრო ოპერაცია დასრულდეს ასე თუ ისე მოკლე ვადაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონფლიქტი ამოიწურა. პრობლემის გადაწყვეტამდე და მის ამოწურვამდე ძალიან გრძელი გზაა გასავლელი.

ჯერჯერობით გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს. ამ თავდასხმამ კიდევ უფრო შორს გადაწია ამ პრობლემის მოგვარების პერსპექტივა. დაპირისპირება ასეთ ვითარებაში კიდევ უფრო გაღვივდა.

  • რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ომს რუსეთ-უკრაინის ომზე? 

ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ დღევანდელ ვითარებაში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ჰედლაინები ჩაანაცვლა აი, ამ კონფლიქტმა.

  • ეს შეიძლება იყოს რუსეთის სარგებელიც? რა როლი აქვს რუსეთს ამ კონფლიქტში, თქვენი აზრით? 

რუსეთის ინტერესებში შედის მნიშვნელოვანი კონფლიქტის კერა არსებობდეს, გარდა უკრაინაში მისი შეჭრისა. რთული სათქმელია, რამდენად ეხმარება იგი „ჰამასს“.

პუტინის ხელისუფლებას მეტ-ნაკლებად კარგი ურთიერთობა ჰქონდა ისრაელთან ტრადიციულად, თუმცა რუსეთი ასევე ცდილობს, რომ გამოიყენოს ეს სიტუაცია პალესტინელებთან დაკავშირებით.

რუსეთის სარგებელი იქნება დასავლეთის ჩართულობა ამ კონფლიქტში, ასევე უკრაინის ამბების მეორე პლანზე გადატანა. რუსეთ-უკრაინის ომი, ცხადია, უფრო ფართომასშტაბიანია, მაგრამ ისტორიის და ხანგრძლივი ომის თვალსაზრისით, ვერ შეედრება ეს ომი ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს.

უფრო ვფიქრობ, რომ ამ კონფლიქტს ტალღოვანი ხასიათი ექნება ისევ, გრძელვადიან პერსპექტივაში, ვიდრე არ გადაწყდება ამ პრობლემების საფუძველი. ამისთვის კი, ორივე მხარე სერიოზულ დათმობაზე უნდა წავიდეს. 90-იანი წლებიდან დაწყებული, თითქოს ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ მოგვარებულიყო პრობლემა, რათა ბოლოსდაბოლოს პალესტინა სრულყოფილ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ ეს არ მოხდა და ამ მოვლენებმა კიდევ უფრო შორს გადასწია პრობლემის მოგვარების პირობა.

პალესტინელებს შორისაც არ არის ერთიანობა დასავლეთ ნაპირზე, სადაც ბევრად უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე ღაზას სექტორში, სადაც „ჰამასია“ ყველაზე პოპულარული ძალა. ამის მიუხედავად მაინც ძალიან ძნელია პალესტინური წინააღმდეგობის რაღაც ერთიან ფრონტზე ლაპარაკი.

ისრაელის პოლიტიკაც საკმაოდ ხისტი გახდა, მითუმეტეს ახლა, როცა სამთავრობო კოალიციაში შედიან ულტრაკონსერვატორი და ულტრანაციონალისტი პარტიები… ის, რომ კონფლიქტი მოუგვარებელი იყო და ნებისმიერი მომენტში რაღაც ფორმით ისევ გაჩაღდებოდა, მოულოდნელი არ იყო, თუმცა ასეთ მასშტაბურ თავდასხმას არავინ ელოდა.

გასაკვირია ის, რომ ისრაელის დაზვერვის ძალები მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლება, როგორ მოხდა, რომ ასე შეაღწიეს, ასე თავისუფლად ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიაზე, ეს ჩემთვის გაურკვეველია.

  • ამ კონფლიქტში ვინ რჩება მოგებული ამ ეტაპზე, რა ჩანს ამ გადასახედიდან?

მოგებული არავინ რჩება ამ შემთხვევაში. ისრაელის პასუხი იქნება ძალიან მკაცრი და ხისტი. პრობლემა და კონფლიქტის საფუძველი კი დარჩება, ამის მოგვარება არ მოხდება. იმედი ვიქონიოთ, რომ მსოფლიო დონეზე შეიქმნება შესაძლებლობა, რომ ორივე მხარეს აიძულონ დათმობებზე წასვლა.

ამ კონფლიქტში ბევრი რამ სიმბოლოებზეც არის დამოკიდებული. მაგალითად, პალესტინელებისთვის ერთ-ერთი მთავარი პირობა არის ის, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმი უნდა იყოს პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქი, რაზეც არავითარ შემთხვევაში არ მიდის ისრაელი – მან 1980 წლიდან შემოიერთა არაბებით დასახლებული აღმოსავლეთი ნაწილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: