მთავარი,სიახლეები

მამა სახლში ჩაკეტვით დაემუქრა შვილს, თუ არ დაშორდებოდა შეყვარებულს – რა თქვა სასამართლომ

24.10.2023 • 5071
მამა სახლში ჩაკეტვით დაემუქრა შვილს, თუ არ დაშორდებოდა შეყვარებულს – რა თქვა სასამართლომ

რა მიდგომა აქვთ მოსამართლეებს, როცა სისხლის სამართლის საქმეებში დისკრიმინაციის მოტივი იკვეთება?  – „ბათუმელები“ უზენაესი სასამართლოს ინტერნეტგვერდზე 2023 წელს მიღებულ რამდენიმე განაჩენს გაეცნო, სადაც საქმე ეხება დანაშაულის ჩადენას დისკრიმინაციის მოტივით. გამოჩნდა, რომ დისკრიმინაციით მოტივირებულ დანაშაულები ძირითადად უკავშირდება გენდერულ სტერეოტიპებს და გენდერულ იდენტობას.

დისკრიმინაციის მოტივი ძირითადად ოჯახში ძალადობის საქმეებს ეხება, მუქარის, სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს.

ოჯახში ძალადობის საქმეების ტენდენციის მსგავსად, ამ შემთხვევებშიც თუ დაზარალებული დუმილს არჩევს, მოსამართლე დაჩაგრულის მხარეს აღარ დგას.

დისკრიმინაციის დადგენაზე ჩვენ „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმეზე“ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გავეცანით – თუ აქამდე ბათუმის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეები თანხმდებოდნენ, რომ ბათუმის მერიის მიდგომა დისკრიმინაციულია, უზენაესს გადაწყვეტილება არ მიუღია… საქმე განსახილველად სააპელაციოს დაუბრუნა, თუმცა მიუთითა, რომ საქმე დისკრიმინაციასთან არ გვაქვს.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, 2017 წლიდან „დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის“.

  • საქმე I: „…მამა ცდილობს, წაართვას ტელეფონი და არ უშვებს სკოლაში“ 

ერთ-ერთი საქმე, სადაც მოსამართლეებმა დისკრიმინაციულ მოპყრობაში ბრალდებული კაცი გაამართლეს, ბრალი საკუთარი, არასრულწლოვანი შვილის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას ეხებოდა.

„112-ში შესული შეტყობინებით დადგენილია, რომ ინიციატორს – რ. ზ-ს მამა ემუქრება სიცოცხლის მოსპობით და ითხოვს დახმარებას. აცხადებს, რომ მამა ცდილობს წაართვას ტელეფონი და არ უშვებს სკოლაში,“ – ეწერა დადგენილებაში ბრალის წარდგენის შესახებ.

ამ შემთხვევაშიც ისე, როგორც ოჯახში ძალადობის საქმეებზე ხშირად ხდება, პირველი და ზემდგომი ინსტანციის მოსამართლეებმაც გამამართლებელი განაჩენი მიიღეს და ხელი გაიშვირეს მოზარდისკენ, რომელმაც დუმილი არჩია.

გამოძიების ვერსიით კი, ბრალდებული ი.ზ. საკუთარ სახლში არასრულწლოვან შვილს ყელის გამოჭრით დაემუქრა, თუ არ დაშორდებოდა შეყვარებულს, რომელსაც „სოფელში ცუდი სახელი ჰქონდა“.

„…საცხოვრებელ სახლში ი. ზ-მ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს, 2004 წელს დაბადებულ რ. ზ-ს, სტერეოტიპული შეხედულებებზე დაყრდნობით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობისა და მუშტების მოღერებით ძალადობის გამოყენების მუქარით, ოჯახის სიწმინდის დაცვის მიზნით, უკანონოდ შეუზღუდა თავისუფლება და მისი ნების საწინააღმდეგოდ გამოართვა მობილური ტელეფონი, ასევე, იგი მას ეუბნებოდა, რომ თუ არ დაშორდებოდა შეყვარებულს, რომელსაც სოფელში ცუდი სახელი ჰქონდა, სკოლაში აღარ ივლიდა.

ი. ზ-ის მხრიდან ფსიქიკური იძულების გამო 2022 წლის 6 მაისს რ. ზ-ი არ წავიდა სკოლაში.

2022 წლის თებერვლის ბოლოს, გ-ის რაიონის სოფელ ა-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ი. ზ-მა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს, 2004 წელს დაბადებულ რ. ზ-ს, რომელმაც დაიცვა დედა მამის სიტყვიერი შეურაცხყოფისაგან, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, მისი, როგორც კაცის – ოჯახის უფროსის უპირატესობის დემონსტრირებისა და ოჯახის სხვა წევრების დამორჩილების მიზნით, სახისა და ზურგის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტები, რის გამოც რ. ზ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაში.

ეს საქმე რუსთავის საქალაქო სასამართლომ განიხილა. უზენაესი სასამართლო ამ საქმეში ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ დაზარალებულს ჩვენება არ მიუცია, ანუ მოზარდს, ვისაც შეეძლო აეხსნა, იგრძნო თუ არა შიში, როცა მამა დაემუქრა.

„…მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი – საფუძვლიანი შიშის გაჩენა – მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

განჩინების მიხედვით, არასრულწლოვნის მამის მიმართ ამ დავის დაწყებამდე გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერიც: „2022 წლის 6 მაისის №… შემაკავებელი ორდერის ოქმით დადენილია, რომ მოწმის სახით გამოკითხულმა არასრულწლოვანმა რ. ზ-მა დააფიქსირა მამის – ი. ზ-ის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენის ფაქტი. გარდა ამისა, უკონტროლებს მას გადაადგილებას, ხოლო 2022 წლის თებერვალში ფიზიკურად იძალადა მასზე,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

უზენაესი სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეში დაუდგენელი რჩება ძალადობის შედეგად ტკივილის განცდის ფაქტი, ხოლო ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით [ოჯახში ძალადობა] კვალიფიკაცია ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში მოითხოვს – დაზარალებულის მიერ ტკივილის განცდას.

  • საქმე II: ძალადობა შვილზე „სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით“ 

მეორე საქმეშიც ბრალდებული მამაა და ისიც გაუმართლებიათ მოსამართლეებს. ამ კაცს გამოძიება შვილზე ძალადობას ედავებოდა „მისი შეხედულებით არატრადიციული ორიენტაციის, კონკრეტულად, ლესბოსელობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით“.

„…გ. ჯ.–ს, 2015 წლის ბოლოდან, მისი შვილის – თ. ჯ–ს მეგობრის – თ. გ–ს გაცნობისთანავე ჩამოუყალიბდა შეხედულება, რომ თ. ჯ–ე და თ. გ–ი იყვნენ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის, კერძოდ, ლესბოსელები და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურად, თითქმის ყოველდღიურად, შეურაცხყოფდა, ამცირებდა და აშანტაჟებდა თ. ჯ–ს,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

გამოძიების ვერსიით, მამამ სექსუალური ორიენტაციის გამო არაერთხელ იძალადა შვილზე:

„გ. ჯ–მ, 2018 წლის მარტის ბოლოს, თბილისში, თავის სამუშაო კაბინეტში, როგორც სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილს – თ. ჯ–ს, ხელი ჩაავლო ქურთუკის საყელოში და ძალის გამოყენებით შეეცადა მის გაყვანას მეორე ოთახში, რა დროსაც თ. ჯ–სეს ქურთუკის საყელო მიებჯინა ყელში და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

გ. ჯ–მ 2018 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 20:30 საათზე, თ. ჯ–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ წააქცია დივანზე და დაუწყო ცემა სახის არეში, დაახლოებით 10-ჯერ გაარტყა გაშლილი ხელი სახეში. შემდეგ დაუმტვრია მობილური ტელეფონი. ასევე, მათ მისამართზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მისვლის შემდეგ, დაახლოებით 23:50 საათზე, გ. ჯ–ს კვლავ გაუმძაფრდა აგრესია, თ. ჯ–ს აიძულებდა გაეუქმებინა გამოძახება და პოლიციელთათვის ეთქვა, რომ არაფერი მომხდარა და მათ დახმარებას არ საჭიროებდა.

შემდეგ კი რამდენჯერმე, დაახლოებით ხუთჯერ გაარტყა გაშლილი ხელი სახეში. თ. ჯ–მ გ. ჯ–ს მიერ მიყენებული დარტყმების შედეგად მიიღო დაზიანებები, განიცადა ფიზიკური ტკივილი, მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი,“ – ვკითხულობთ დადგენილებაში, სადაც პროკურატურის ვერსიაა ასახული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მაისის განაჩენით, გ. ჯ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა [ოჯახში ძალადობა] და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით [მუქარა ოჯახის წევრის მიმართ] წარდგენილ ბრალდებებში.

გამამართლებელი განაჩენი უცვლელი დატოვა, როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ისე უზენაესმა სასამართლომ.

პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს მიმართა იმ არგუმენტით, რომ „გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, ვინაიდან დაზარალებულ თ. ჯ–ს მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ გ. ჯ–ს ბრალეულობას.“

პროკურატურა ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ დაზარალებულმა გამოძიების ეტაპზე ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტსა და სხვა საპროცესო მოქმედებებში, ასევე გამოიკითხა მოწმის სახით.

„შესაბამისად, მისი მხრიდან სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმა ჰგავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კლასიკურ ქცევას,“ – წერდა პროკურორი მოსამართლეებს და აღნიშნავდა იმასაც, რომ მართალია, მოწმეები –  შ. კ–ე და მ. ხ–ა უშუალოდ არ შესწრებიან გ. ჯ–ს მიერ თ. ჯ–ს მიმართ ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ფაქტს, თუმცა მათ მყისიერი შეხება ჰქონდათ დაზარალებულთან, რომელსაც ეტყობოდა რამდენიმე წუთის წინ მასზე ფსიქოლოგიური ძალადობისა და მუქარით გამოწვეული შიშის კვალი.

კიდევ ერთი არგუმენტი, რაზეც პროკურატურა აკეთებდა აქცენტს: დაზარალებულს მიტოვებული ჰქონდა სახლი:

„…დაზარალებულმა გაუსაძლისი პირობებისა და ორიენტაციის ნიშნით დევნის მიზეზით, არაერთხელ დატოვა საცხოვრებელი სახლი და ცხოვრობდა არასახარბიელო პირობებში, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გ. ჯ–ე მასზე ნამდვილად ძალადობდა ფსიქოლოგიურად. გ. ჯ–ს ბრალეულობას ასევე ადასტურებს შემაკავებელი ორდერი, მოწმეების ზ. ს–ს, თ. გ–ს, ჯ. გ–სა და დ. ს–ს ჩვენებები, რომლებიც თანხვედრილია დაზარალებულის განცხადებაში, გასაუბრების ოქმსა და ექსპერტისთვის მიწოდებულ ინფორმაციასთან…

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით კი, დადასტურდა, რომ დაზარალებულს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები“, – წერია განჩინებაში.

უზენაესი სასამართლოს შეფასებით კი, მოსამართლე ირიბი ჩვენებების საფუძველზე ვერ მიიღებდა გამამტყუნებელ განაჩენს:

„…საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში…

„ირიბი ჩვენება“ იყო ამ საქმეში, მაგალითად, დაზარალებულის მეგობრის ჩვენება, რომლის მიხედვითაც, „თამარმა უამბო, რომ იმის გამო, რომ სურდა ვარდისფერი ტუშის შეძენა დედასთან მოუვიდა უთანხმოება, რადგან დედის აზრით, ის ფერი აღნიშნავდა არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას.

გარდა ამისა, ოჯახი თ. ჯ–ს არ აძლევდა სწავლის სხვა სპეციალობით გაგრძელების უფლებას. მისთვის ასევე ცნობილია, რომ 2018 წელს დაზარალებულის მამამ გაიგო, რომ თ. არ დადიოდა უნივერსიტეტში, რის გამოც შეიკრიბა მთელი ოჯახი და თ. ჯ–ს სწავლასთან და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით მოსთხოვეს პასუხი. ამის შემდეგ, თ. ჯ–ე წამოსული იყო სახლიდან და დაახლოებით სამი კვირა ცხოვრობდა მასთან….

2018 წლის 17 აპრილს თ. ჯ–ე საღამოს 9 საათზე მივიდა სახლში. დაახლოებით საათ-ნახევრის შემდეგ მას მისწერა თ–მა და სთხოვა დახმარება, რათა დაერეკა პოლიციაში, რადგან მამამ სახეში ხელი დაარტყა და გარეთ არ უშვებდა. მან დარეკა პოლიციაში და მივიდა თამარის კორპუსთან. მეორე დილით მასთან მივიდა თ. ჯ–ე, რომელიც იყო ნამტირალევი და ეტყობოდა ნერვიულობის კვალი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ თვითონ გ. ჯ–ის მხრიდან თ. ჯ–სის მიმართ ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას არასდროს შესწრებია, მხოლოდ სტომატოლოგიურ კლინიკაში  მომხდარ ინციდენტს შეესწრო, რა დროსაც მამას თამარისთვის რაიმე დაზიანება არ მიუყენებია,“ – ეს ამონარიდია მოწმის ჩვენებიდან.

სასამართლოს ჩვენება მისცეს ასევე პოლიციელებმა, რომლებმაც თქვეს, რომ ადგილზე მისვლისას დაზარალებული იყო აღელვებული, სახეზე ეტყობოდა სიწითლის და ტირილის კვალი.

„თუმცა აღნიშნული უტყუარად არ ადასტურებს გ.ჯ-ს მიერ შვილზე ძალადობის  და მუქარის ფაქტებს“, – ჩაუწერიათ განჩინებაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს.

„მოწმეთა ჩვენებები ძალადობისა და მუქარის ფაქტთან დაკავშირებით წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რადგან თვითონ აღნიშნულს არ შესწრებიან და გადმოსცემენ დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, ამ უკანასკნელმა კი სასამართლოში ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. ამასთან, მოწმეების ჩვენებებით არ დგინდება განიცადა თუ არა თ. ჯ–მ ფიზიკური ტკივილი ან მუქარა აღიქვა თუ არა რეალურად,“ – იმსჯელეს და ეს დაასკვნეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები.

ამ არგუმენტით უზენაესმა სასამართლომ პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო.

  • საქმე III: ბათუმის ახალი მეჩეთი – უზენაესმა დისკრიმინაციაც ვერ დაინახა იმ არგუმენტით, რომ ეკლესიები უნებართვოდ აშენდა 

უზენაესმა სასამართლომ 2023 წელს, ორწლიანი პაუზის შემდეგ, განიხილა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის სავარაუდო შემთხვევაც – „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმე“ უზენაესმა სასამართლომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა და თან მიუთითა, რომ მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია.

საქმე ბათუმში ახალი მეჩეთს აშენებას ეხება – მართლმადიდებლებისგან განსხვავებით, მუსლიმებს საკუთარ მიწაზე მეჩეთის აშენების უფლებას წლებია არ აძლევენ. მუსლიმი თემის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2019 წელს დაადასტურა, მან უკანონოდ მიიჩნია ბათუმის მერიის მიერ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მუსლიმ თემს ზონალური შეთანხმების მიღებაზე უარი უთხრეს, თუმცა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ არ დაავალდებულა ბათუმის მერია მშენებლობის შესაბამისი ნებართვის გაეცა.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილება სრულად გაიზიარა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, უზენაესმა სასამართლომ კი, ნაცვლად იმისა, რომ ბათუმის მერიისთვის, დისკრიმინაციული მიდგომის დადგენის შემდეგ, მშენებლობის ნებართვის გაცემა დაევალებინა, პირიქით, იმაზე იმსჯელა, რატომ არ გვაქვს დისკრიმინაციასთან საქმე,  როცა ბათუმში ახალი ეკლესიები შენდება, მუსლიმ თემს კი, ახალი მეჩეთის აშენების უფლებას არ აძლევენ.

ბათუმის მერიის არგუმენტი  უზენაეს სასამართლოში ის იყო, რომ მსგავს შემთხვევებზე ბათუმის მერიის ზონალური კომისია მსჯელობს, რასაც შემდეგ მერი ეყრდნობა.

„…კასატორი საკასაციო საჩივარში განიხილავს თითოეულ დასახელებულ გარემოებას და აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი სახლების ზონის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ იგი განეკუთვნება ე.წ. საძილე ადგილებს, სადაც კერძო ინტერესს წარმოადგენს მშვიდ გარემოში ყოფნის უფლება. შესაბამისად, ასეთ ზონაში არ უნდა იქნეს ისეთი ფუნქციის ობიექტი დაშვებული, რომელიც დისონანს შეიტანს ფუნქციებს შორის და დაარღვევს  სამეზობლო თმენის პრინციპს.

ხოლო საკულტო ნაგებობა, თავისი შინაარსით – ფუნქციური დანიშნულებით, წარმოადგენს ისეთ ობიექტს, რომელიც უნდა იყოს მკაცრად იზოლირებული გარემოსაგან, რადგან მას გააჩნია „თავისი ცხოვრების წესი“ – საკულტო ნაგებობა არის ხალხმრავალი ადგილი [განსაკუთრებით დღესასწაულებზე], რელიგიური რიტუალები კი, არღვევს სიმყუდროვეს,. შესაბამისად, მისი განთავსება უნდა მოხდეს ისეთ ადგილას, რომ დაცული იქნეს ზონაში მცხოვრები მოსახლეობის უფლებები – „იცხოვრონ მშვიდ და საცხოვრებელ გარემოსთან შესაბამის გარემოში, არ მოუწიოთ ყოველდღიური ზემოქმედების ქვეშ ყოფნა“.

გარდა ამისა, საკულტო ნაგებობას ესაჭიროება განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა, კერძოდ, მისი განთავსება უნდა მოხდეს იმდაგვარად, რომ საკულტო ნაგებობას გააჩნდეს ე.წ. ბუფერული ზონები, მაგალითად: გამწვანებული სანიტარული ზონა [ეს შეიძლება იყოს პარკი, სკვერი და ა.შ.] და ამ ზონებით უნდა იყოს იგი იზოლირებული და გამოყოფილი საცხოვრებელი სახლებისაგან;

ბუფერული ტერიტორია კი ნიშნავს ისეთ ტერიტორიას, რომლის სამომავლოდ სამშენებლოდ განვითარება არის დაუშვებელი, ანუ იქ არ უნდა შეიძლებოდეს საცხოვრებელი სახლების აშენება სამომავლოდაც.

კასატორის მითითებით, თუკი ევროპულ მიდგომას განვიხილავთ, მაგალითად, საკულტო ნაგებობებისათვის არსებობს ცალკე ზონა, სადაც სხვა ფუნქციის მატარებელი სახეობები დაშვებული საერთოდ არ არის..

კასატორის განმარტებით, სწორედ ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ზონალური კომისიის მიერ მიჩნეული იქნა, რომ საკულტო ნაგებობის იქ განთავსება დაარღვევდა და დაარღვევს სამეზობლო ინტერესების დაცვის პრინციპს, კერძოდ, გამოიწვევს ზონაში მცხოვრები მოსახლეობის უფლებების შელახვას და მათ მოუწევთ საცხოვრებელ გარემოსთან შეუსაბამო პირობებში ყოფნა, ანუ ყოველდღიური ზემოქმედების ქვეშ ყოფნა,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

მუსლიმი თემის ინტერესების დამცველები [„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“] აღნიშნავდნენ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ კანონი არასწორად განმარტა, როცა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მიიჩნია, რომ „სასამართლო ვერ შეზღუდავს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას“.

„…დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება გამოყენებული იყოს ადამიანის ძირითადი უფლებების დასარღვევად, პირების მიმართ თვითნებური, სუბიექტური, დისკრიმინაციული მოპყრობისთვის. ამის დაშვება დისკრეციული უფლებამოსილების დანიშნულებას გამოაცლიდა არსს.

სწორედ ამიტომ არ არსებობს აბსოლუტური დისკრეცია და როცა ცხადია ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციულ უფლებამოსილებას განზრახ არ ახორციელებს კანონიერების პრინციპის საფუძველზე და მისი ამ განზრახვის ცვლილების ყველა რესურსი ამოწურულია, ამ დროს სასამართლოსგან დისკრეციის არშეზღუდვა სამართლიან სასამართლო განხილვაზე უარის ტოლფასიც შეიძლება იყოს,“ – მიწერეს მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს.

უზენაესმა სასამართლომ ბათუმის მერიის არგუმენტი გაიზიარა: ბათუმში, უშუალოდ მე-6 ზონაში, სადაც მუსლიმ თემს ახალი მეჩეთის აგება სურს, ეკლესიის აშენებაზე ბათუმის მერიას ნებართვა არ გაუცია.

„…საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და მის საწინააღმდეგოდ განმარტავს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს მსჯელობას და არც საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას საცხოვრებელ ზონა 6-ში და განსაკუთრებით, სამშენებლო ტერიტორიის მიმდებარედ, გაცემული აქვს საკულტო ნაგებობების – მართლმადიდებლური ტაძრების მშენებლობის ნებართვა. მეტიც, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება მართლმადიდებლური ტაძრების მშენებლობისათვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემა და სამშენებლო პირობების დამტკიცება.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია განსხვავებულ მოპყრობას.

ამ კუთხით, საკასაციო სასამართლო განმეორებით ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან არ გაცემულა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება ქალაქ ბათუმში, საცხოვრებელ ზონა 6-ში მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობის დაშვებისათვის. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შეუძლებელია განსხვავებულ მოპყრობაზე ხაზგასმა იმ პირობებში, როდესაც ანალოგიური მოთხოვნა არსებითად თანასწორი სუბიექტის მხრიდან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით არ წარდგენილა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა ძირითადად დაეფუძნა იმ არგუმენტს, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვოდ არის აშენებული მართლმადიდებლური ტაძრები, რის საპირწონედაც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ა(ა)იპ „ბ…ს“ არ აძლევს თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობის უფლებას. სააპელაციო სასამართლომ ა(ა)იპ „ბ…ს“ „კომპარატორად“ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნია,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

ზემდგომი ინსტანციის სასამართლოდან მითითებების მიღების შემდეგ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ეს საქმე ხელახლა ჯერ არ განუხილავს  – სასამართლო პროცესი 14 ნოემბერსაა ჩანიშნული.

„ახალი მეჩეთის საქმეზე“ მუსლიმი თემი სამართალს მე-6 წელია ელის – მუსლიმებმა სასამართლოს პირველად 2017 წელს მიმართეს.

  • საქმე IV: „ყოფილი ცოლის ჩაცმის სტილი გამომწვევი და მიუღებელი იყო მისთვის…“

კიდევ ერთ საქმეში კი, კაცი ყოფილი ცოლს ემუქრებოდა „გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით“. ამ შემთხვევაშიც ბრალდებული კაცი მოსამართლეებმა გაამართლეს.

„…სამკერვალოში, მ. ი–მა ყოფილი მეუღლის, თ. თ–სის მიმართ გენდერული ნიშნით გამოხატული დისკრიმინაციული ფორმით მოპყრობისას გამოწვეული სიტყვიერი კონფლიქტის ნიადაგზე, თ. თ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ, უთხრა, რომ დაასახიჩრებდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

მ. ი.–ის აღქმით, მისი ყოფილი მეუღლე მის მითითებებს უსიტყვოდ არ ასრულებდა, მისი ჩაცმის სტილი გამომწვევი და მიუღებელი იყო მისთვის, მან თ. თ–ს, მათი არასრულწლოვანი შვილის, 7 წლის ს–ა-ნ–ა ი–ს თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ძლიერად უჩქმიტა დუნდულის მიდამოში და ასევე, მარცხენა ხელი რამდენიმე წამის განმავლობაში ძლიერად მოუჭირა ყელში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

ბრალდებული მოსამართლეს დარბაზიდან გაუთავისუფლებია – იგი წინასწარ პატიმრობაში იყო და ორი მუხლის შესაბამისად ჰქონდა ბრალი წარდგენილი: ოჯახში ძალადობა და მუქარა ოჯახის წევრის მიმართ.

ამ საქმეშიც დაზარალებულად ცნობილ ქალს დუმილის უფლება აურჩევია, მან კანონით განსაზღვრული უფლებით ისარგებლა და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ.

„ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, რომელთა შესახებაც პროკურორი საკასაციო საჩივარში უთითებს, არ არის საკმარისი და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს მ. ი–ს ბრალეულობას, სახელდობრ, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები – მოწმეთა გამოკითხვის ოქმები [მათ შორის – არასრულწლოვანი მოწმე ს. ნ. ი–ს გამოკითხვის ოქმი] ირიბი მტკიცებულებებია, ვინაიდან არცერთი მათგანი უშუალოდ არ შესწრებია შემთხვევას და  ისინი ინფორმაციას ფლობენ მხოლოდ დაზარალებულისგან გადმოცემით.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან დაკავშირებით სასამართლო  განმარტავს, რომ მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, თუმცა ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი  წყარო  არის ერთი და იგივე პირი.

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მითითებული ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების, მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება, ხოლო იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში დაზარალებულმა უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, აღნიშნული ოქმი არ წარმოადგენს ცალკე, დამოუკიდებელ, პირდაპირ მტკიცებულებას და საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რაც მ. ი–სის მხრიდან თ. თ–ზე ფიზიკური ძალადობისა და მის შედეგად ფიზიკური ტკივილის განცდის, ასევე – მის მიმართ მუქარისა და დაზარალებულის მიერ მუქარის საფუძვლიანად აღქმის ფაქტებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, საქმის მასალებში არ მოიპოვება,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

  • საქმე V: „მისი აღქმით საკუთრივ მისი, როგორც მამაკაცის გადასაწყვეტი იყო, შ. დ–ე მასთან გააგრძელებდა თუ არა ურთიერთობას…“ 

„…დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა და იმ ქალების გვერდით ჩააწვენდა მიწაში, რომლებიც წარსულში ჰყავდა მოკლული, რაც შ. დ–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში,“ – ვკითხულობთ კიდევ ერთი საქმის მასალებში, რომელზეც განჩინება უზენაესმა სასამართლომ 2023 წელს მიიღო.

ამ შემთხვევაში მოძალადე დასაჯეს და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამჯერად დაზარალებულ ქალს სასამართლოსთვის ჩვენება მიუცია. მნიშვნელოვანი გარემოება იყო რეციდივიც – მოძალადე მუქარის გამო ნასამართლევი იყო. პროკურატურა ამ საქმეზე ზემდგომ ინსტანციებში სასჯელის დამძიმებას ითხოვდა.

„…შ. დ–ს საცხოვრებელ სახლში, იმ მიზეზით, რომ მისი აღქმით საკუთრივ მისი, როგორც მამაკაცის, გადასაწყვეტი იყო, შ. დ–ე მასთან გააგრძელებდა თუ არა ურთიერთობას, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შ. დ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რაც შ. დ–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში,“ – აღნიშნულია ბრალდების შესახებ დადგენილებაში.

ამავე დადგენილების მიხედვით, გამოძიება ბრალდებულს ძალადობის 5 ეპიზოდს ედავებოდა, მათ შორის, ცემას:

„გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ცემა შ. დ–ე, კერძოდ, მარჯვენა ხელი დაარტყა მარცხენა მკერდის არეში, რა დროსაც შ. დ–სე დაეცა საწოლზე, აღნიშნულის შემდეგ, ზ. ა–მა მარცხენა ხელი ძლიერად მოჰკიდა შ. დ–ს მარჯვენა ხელს, ხოლო მარჯვენა ხელი, ასევე, ძლიერად წაუჭირა ყელის არეში. ზ. ა–სის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, შ. დ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – აღნიშნულია დადგენილებაში.

ბრალდებული დაზარალებულს ასევე უკრძალავდა მეგობრებთან ურთიერთობას და რესტორანში მუშაობას. საქმის მიხედვით არ ჩანს, რა სახის ნაცნობობა აკავშირებდა დაზარალებულს მსჯავრდებულთან.

ზემდგომმა ინსტანციებმა ამ საქმეზე მსჯავრდებულისთვის სასჯელის დამძიმებაზე უარი თქვეს.

„სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მართალია ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დანაშაულის რეციდივი გაითვალისწინეს ზ. ა–სთვის სასჯელის შეფარდებისას, თუმცა აღნიშნული გავლენას ვერ მოახდენს ზ. ა–სთვის შეფარდებული სასჯელის სახესა და ზომაზე… შეფარდებული სასჯელები მსჯავრად შერაცხული დანაშაულების სანქციის ფარგლებშია და შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებსა და ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

  • საქმე VI: ცოლს მუშტი დაარტყა, რადგან შვილს სამეჯლისო ცეკვების დროს მოკლე კაბა ეცვა

„…სტერეოტიპული შეხედულებებიდან გამომდინარე, ოჯახში მისი, როგორც მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით, არასრულწლოვანი შვილის, 2012 წელს დაბადებული მ. თ-ს თანდასწრებით, იძალადა მეუღლეზე – მ. ს-ზე, კერძოდ, ნ. თ-მა სტერეოტიპული შეხედულებებიდან გამომდინარე, ვინაიდან მ. თ-ს სამეჯლისო ცეკვების დროს ეცვა მოკლე კაბა.

როგორც ოჯახის უფროსმა, მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება და ოჯახში გამოაცხადა, რომ მ. თ-ი ცეკვიდან უნდა გამოეყვანა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა მ. ს-ი, რის გამოც ნ. თ-მა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, უთხრა, რომ მოკლავდა, რის შემდეგაც მუშტი ერთხელ დაარტყა ცხვირის არეში და სამჯერ – თავის არეში. ნ. თ-ის ძალადობრივი ქმედებების შედეგად ფიზიკური ტკივილი განიცადა მ. ს-მა და მიყენებული დაზიანებების გამო საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

მსჯავრდებულს სასჯელის სახით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. მას გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ მუქარას და ოჯახში ძალადობას ედავებოდა.

ამ შემთხვევაში პროკურორი მხოლოდ სასჯელის დამძიმებას ითხოვდა, მაგრამ უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარი განუხილველი დატოვა.

___

„ბათუმელებმა“ სტატია მოამზადა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: