მთავარი,სიახლეები

ლაო ჯინ ჯაოს სახლი ქობულეთს გადაეცა, თუმცა დროებით – დაგეგმილია გასხვისება

06.10.2023 • 3429
ლაო ჯინ ჯაოს სახლი ქობულეთს გადაეცა, თუმცა დროებით – დაგეგმილია გასხვისება

ჩაქვში, ლაო ჯინ ჯაოს სახლი და 1379 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი სახელმწიფომ საკუთრებაში ქობულეთის მუნიციპალიტეტს გადასცა.

შესაბამისი ბრძანება სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 11 სექტემბერს აქვს გამოცემული.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამჯერად აღნიშნული ქონება ქობულეთმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს უნდა გადასცეს, მისი შემდგომი პრივატიზებისთვის.

ქონების სამინისტროზე გადაცემის საკითხი ქობულეთის საკრებულოს ჯერ არ განუხილავს.

„ბათუმელები“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსაც დაუკავშირდა. ინფორმაციას, მიღების შემთხვევაში, აქვე მოგაწვდით.

ბოლო წლებში აღნიშნული შენობის, რომლის ფართობიც 348,2 კვადრატული მეტრია, მესაკუთრე რამდენჯერმე შეიცვალა.

2021 წლიდან შენობა „საქართველოს საპარტნიორო ფონდისთვის“ იყო გადაცემული, მანამდე კი, ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას წარმოადგენდა.

ლაო ჯინ ჯაოს სახლი ქობულეთში, ჩაქვში / ფოტო: „ბათუმელები“/2021წ.

ლაო ჯინ ჯაოს სახლს, 2016 წლიდან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

ამ სახლში, ჩინელი მეწარმე, ლაო ჯინ ჯაო მე-20 საუკუნის 10-20-იან წლებში ცხოვრობდა.

„ძალიან ვამაყობთ, რომ განსაკუთრებული ადგილი გვაქვს შავ ზღვასთან ახლოს. ეს იმ კაცის სახლია, რომელმაც ჩაი შემოიტანა საქართველოში. რა თქმა უნდა, ვამაყობთ ამ ისტორიითა და მემკვიდრეობით“ – განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთში ვიზიტის დროს, ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ინტერვიუში.

ეს „მემკვიდრეობა“ დღემდე მიტოვებული და მოუვლელია.

წლების წინ აქ ჩაის მუზეუმის გახსნის იდეა განიხილებოდა.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/9206/#sthash.bL2apZVc.dpbs

გადაბეჭდვის წესი


ასევე: