მთავარი,სიახლეები

რას ამბობს კობახიძე საიას შეფასებაზე, რომ კონსტიტუციას შესაძლოა თავად მთავრობა არღვევს

05.10.2023 • 1999
რას ამბობს კობახიძე საიას შეფასებაზე, რომ კონსტიტუციას შესაძლოა თავად მთავრობა არღვევს

„არასერიოზულია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ასეთ აბსურდს წერს,“ – გვითხრა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რომელსაც საიას შეფასების შესახებ დღეს, 5 ოქტომბერს ვკითხეთ.

მესამე დღეა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი განიხილება. წარდგინებაზე დასკვნა სასამართლომ 14 ოქტომბრამდე უნდა მიიღოს.

პრეზიდენტის ვიზიტები, განსაკუთრებით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების წინ, რაზეც სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა, საია-ს შეფასებით, არსებით მნიშვნელობას იძენს, ხოლო „მთავრობის მხრიდან ამ აქტივობების დაყოვნება თუ ხელშეშლა თავად მთავრობის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე მიანიშნებს“.

საუბარია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლზე, სადაც წერია: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.

„არ არსებობს ნდობა მთავრობას და პრეზიდენტს შორის. მთავრობა არ ენდობა პრეზიდენტს. იმიტომ, რომ პრეზიდენტი გამოვიდა, მაგალითად, 26 მაისს სამარცხვინოდ და ბოდიში მოუხადა მთავრობის საქმიანობისთვის 2008 წელს დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს. ამის შემდეგ როგორ უნდა ენდოს მთავრობა პრეზიდენტს?

აქ ნდობაზეც არ არის საუბარი. საქართველოს პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი ყველა წითელ ზღვარს კვეთს და ასეთ დროს რა ნდობაზეა საუბარი?“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მას საქართველოს კონსტიტუციის ჩანაწერი შევახსენეთ, რომლის მიხედვით, „პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში“.

„ამ ყველაფერს პასუხს გავცემ“, – გვითხრა ირაკლი კობახიძემ და საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზისკენ მიგვითითა, სადაც იმპიჩმენტის საკითხზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა გრძელდება.

„მთავრობას აქვს ნული ნდობა პრეზიდენტის მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკითხი ეხება სტატუსის მინიჭებას… სალომე ზურაბიშვილი მოქმედებს რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგით, კოლექტიური ნაცმოძრაობის მიზანია, ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ“, – დასძინა ირაკლი კობახიძემ.

  • რა ხდება

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს პრეზიდენტის საიმპიჩმენტო დავა, რომელსაც საფუძვლად უდევს სალომე ზურაბიშვილის ვიზიტები მთავრობის ნებართვის გარეშე.

30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.

აღნიშნული განცხადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტისთვის მთავრობას ევროპაში ვიზიტებზე თანხმობა არ მიუცია. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებიდან ირკვევა, პრეზიდენტს, ევროპის ქვეყნების გარდა, უარი უთხრეს უკრაინაში ვიზიტზე, ასევე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელში ვიზიტებზეც.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობდნენ, რომ პრეზიდენტი მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტებით კონსტიტუციას არღვევს. როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, პრეზიდენტისთვის ევროპაში ვიზიტებზე მთავრობის უარი „საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებასთან დაკავშირებულ რისკებთან არის დაკავშირებული“.

იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევას დაუდგენს, პარლამენტს შეუძლია მის იმპიჩმენტს კენჭი უყაროს. ამისთვის „ქართულ ოცნებას“ 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში 100 დეპუტატი არ არის, შესაბამისად, მხოლოდ უმრავლესობა პრეზიდენტის იმპიჩმენტს ვერ შეძლებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: