ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ირაკლი ცეცხლაძემ ბიუჯეტიდან 5.4 მილიონი მიითვისა და 107 ათასი დააბრუნებინეს

05.10.2023 • 13614
ირაკლი ცეცხლაძემ ბიუჯეტიდან 5.4 მილიონი მიითვისა და 107 ათასი დააბრუნებინეს

„5 მილიონის მითვისების საქმეზე“ დაკავებული ირაკლი ცეცხლაძისგან დღემდე მხოლოდ 106 ათას 904 ლარია ამოღებული – ეს აღნიშნულია „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის“ ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც 2023 წლის სექტემბერშია ხელმოწერილი.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიისთვის“ [ყოფილი „ჰიგიენა 2009“], რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა, ირაკლი ცეცხლაძეს კიდევ 5 322 108 ლარი აქვს გადასახდელი.

ირაკლი ცეცხლაძემ, როგორც სასამართლომ დაადგინა, ეს თანხა „ჰიგიენა 2009“-ს დირექტორობის დროს მიითვისა.

ზემოთ აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, ყოფილ დირექტორს [ირაკლი ცეცხლაძეს], „ბრალად დაედო კომპანიის სახსრების უკანონოდ მითვისება [2016 და 2017 წლებში] 2017 წლის 16 მაისის სასამართლო გადაწყვეტილებით. მას დაეკისრა კომპანიის სასარგებლოდ 5 026 816 ლარის გადახდა.

2018 წლის 5 თებერვალს იქნა ახალი განაჩენი გამოტანილი, სადაც მისი გადასახდელი ვალდებულება გაიზარდა 402 260 ლარით და შეადგინა 5 429 076 ლარი.

2019 წლის 31 დეკემბრისათვის, გადასახდელი თანხის ნაწილი – 106 904 ლარის ოდენობით მიღებულ იქნა ირაკლი ცეცხლაძისგან აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით.“

ამ დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო კომპანიას, უკვე მეოთხე წელია, ირაკლი ცეცხლაძისგან, დამატებით თანხა აღარ მიუღია.

„ჰიგიენა 2009“-ს EBRD-ის და SIDA-ს მხარდაჭერით აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი უნდა განეხორციელებინა. პროექტის საერთო ინვესტიცია 7 მილიონი ევრო იყო და ის ითვალისწინებდა ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობას სოფელ ცეცხლაურში, ასევე ბათუმისა და ქობულეთის მოქმედი ნაგავსაყრელების ეტაპობრივ დახურვას. ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა გვიან დაიწყო, გახსნა კი, რამდენჯერმე დააანონსეს, თუმცა, ის დღემდე არ გახსნილა.

„5 მილიონის მითვისების საქმეზე“ ირაკლი ცეცხლაძეს 2017 წლის მაისში 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მანამდე, დაახლოებით ერთი თვით ადრე, ცეცხლაძემ სასამართლოზე განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ ცნობდა.

„ბათუმელებმა“, 2017 წლის ბოლოს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ოფიციალურად გამოითხოვა ინფორმაცია – „კონკრეტულად რა ოდენობის თანხა მიითვისა შპს „ჰიგიენა 2009“-ის ყოფილმა დირექტორმა, დაბრუნდა თუ არა კომპანიის ანგარიშზე აღნიშნული თანხა ან თანხის ნაწილი და კონკრეტულად რამდენი?“

სამინისტრომ ამ კითხვებზე პასუხი არ მოგვწერა და ჩვენი წერილი მაშინდელ შპს „ჰიგიენა 2009“-ს გადაუგზავნა. კომპანიიდან კი, „ბათუმელებს“ მოგვწერეს, რომ ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია „წარმოადგენს ინფორმაციას, რომელზე დაშვებაც არ აქვს მესამე პირს“.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ცეცხლაურის ნაგავსაყარი 2023 წლის შემოდგომაზე უნდა გაიხსნას.

ამ თემაზე:

როგორ იმუშავებს ახალი ნაგავსაყარი და რა ელის ძველს – ნარჩენების მართვა აჭარაში

როგორ მოახერხა ირაკლი ცეცხლაძემ 5 მილიონის მითვისება

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: