მთავარი,სიახლეები

ვის აქვს შანსი მიიღოს განათლება ამერიკაში?

08.10.2023 • 3576
ვის აქვს შანსი მიიღოს განათლება ამერიკაში?

დასავლეთში განათლების მიღებაზე ბევრი ახალგაზრდა ოცნებობს, რადგანაც არავინ დავობს, რომ ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში, უნივერსიტეტებში მიღებული განათლება ხარისხიანი და პრაქტიკაში გამოყენებადია. თუმცა ხარისხის შესაბამისი სწავლის მაღალი გადასახადი, რომლის გადახდაც რიგითი ქართველისთვის წარმოუდგენელია, პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლის სურვილს აქრობს. როგორც ჩვენი რესპონდენტი, ამერიკული აკადემიის დამფუძნებელი ნათია სირაბიძე ამბობს, აღნიშნული მცდარი მოსაზრებაა და ქართველ ახალგაზრდებს ძალიან დიდი შანსი აქვთ მოხვდნენ ამერიკის და ევროპის უნივერსიტეტებში და მიიღონ სრული დაფინანსება.

  • სად უფრო მეტი შანსი აქვთ ახალგაზრდებს დაფინანსება მიიღონ ამერიკულ უნივერსიტეტებში თუ ევროპაში?

ამერიკულ უნივერსიტეტებში მეტი შანსია დაფინანსების მოპოვების, ჩაბარება ერთია და 70-80 000 დოლარიანი სწავლის გადასახადის გადახდა კიდევ მეორე. ამერიკაში დიდი შანსია სულ მცირე 50%-იანი დაფინანსება მაინც მოიპოვო, პარალელურად დასაქმების შანსიც მეტია და იმ დარჩენილი თანხის დამოუკიდებლად გადახდის.

ევროპაში უმრავლეს შემთხვევაში სწავლის გადასახადს უფინანსებენ ნიჭიერ სტუდენტებს, ცხოვრების და კვების გადახდა თავად უწევთ, რაც არც თუ ისე მცირეა. ამიტომაც ამერიკულ უნივერსიტეტებს ვანიჭებ უპირატესობას, მათ შორის ევროპაში მოქმედ ამერიკულ უნივერსიტეტებს.

  • როგორ ხდება აბიტურიენტების შერჩევა? როგორ ახალგაზრდას აქვს სწავლის და დაფინანსების მოპოვების შანსი?

ამერიკელებს აქვთ ჰოლისტიკური მიდგომა, რაც მოიცავს რამდენიმე კომპონენტს: აკადემიური მოსწრება – ნიშნები და საერთაშორისო გამოცდების შედეგები; პიროვნული ღირებულებები – რამდენად აქტიურად არიან ჩართული ახალგაზრდა სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობაში; ინგლისური ენის ცოდნა – TOEFL / ILTS / Duo lingo გამოცდის შედეგები, ანუ რამდენად შეძლებს ინგლისურად სწავლას; მიღწევები – რა გაუკეთებია, რით გამოირჩევა სხვებისგან, რამდენად ჰქონდა ინტერესი კონკურსებში მონაწილეობის, რას მისცემს უნივერსიტეტს ამ ახალგაზრდას დაფინანსება.

თუმცა ეს ყოველივე არ გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად საუკეთესო უნდა იყო ყველაფერში, უბრალოდ შეიძლება ნიშნები სულაც არ ჰქონდეს კარგი, მაგრამ ფლობდეს ენას და ლიდერული თვისებებით გამოირჩეოდეს. ერთ ადამიანსაც კი თუ დახმარებიხარ, თუ გაქვს ემპათიის უნარი და ამას წარმოაჩენს სწორად, დიდი შანსი გაქვს უნივერსიტეტში მოხვედრის.

  • გამოდის, რომ მომავალ ლიდერებს ეძებენ?

მხოლოდ ლიდერებს არა, მათთვის მთავარია სტუდენტმა ცოდნა შეიძინოს და ამავდროულად რაიმე შესძინოს საუნივერსიტეტო თემს (community), სამოქალაქო შეგნება, ტოლერანტობა, აზროვნების უნარი, განვითარებაზე ორიენტაცია და სიახლეებისკენ სწრაფვა მაღალ შეფასებას იღებს. ასევე თუ ახალგაზრდას აქვს რაიმე ნიჭი ხელოვნების მიმართულებით, სპორტულ აქტივობებშია ჩართული, ესეც ძალიან დაფასებულია, რადგან მომავალში ეს ახალგაზრდა შეძლებს უნივერსიტეტის სახელით გამოფენებში, კონცერტებზე, სპორტულ შეჯიბრებში მონაწილეობას და სახელს გაუთქვამს უნივერსიტეტს.

  • რამდენად კარგად უნდა ფლობდე ინგლისურ ენას, რომ შეძლო ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლა? და რამდენად საჭიროა ენის დამადასტურებელი სხვადასხვა სერტიფიკატი?

ინგლისური ენის შესწავლისას აუცილებელია ოთხივე კომპონენტის თანაბრად შესწავლა: მოსმენა, საუბარი, კითხვა და წერა. ეს ყველაფერი უნდა იცოდე, რომ მოსმენილი გაიგო, საკუთარი აზრი გადმოსცე გასაგებად, წაკითხული გაიაზრო და დაწერო დავალებები.

ტესტირებებიც ამ კომპონენტებს მოიცავს, მაგრამ ის სერტიფიკატები, რომლებსაც სკოლის პერიოდში იღებენ, ნაკლებად გამოსადეგია უნივერსიტეტებისთვის. უნივერსიტეტები თავად ადგენენ, რომელი ტესტის შედეგები იქნება ვალიდური, უმთავრესად ენის ფლობის დამადასტურებელი TOEFL / IELTS / Duolingo და შედეგებიც მათ პირდაპირ ეგზავნებათ და არა ამობეჭდილის დასკანერებულის სახით არის ხელმისაწვდომი.

  • Duolingo-ს შედეგებს იღებენ უნივერსიტეტები?

პანდემიის პერიოდში აქტუალური გახდა Duolingoს ტესტი, რომელიც საშუალებას აძლევს პიროვნებას სახლიდან ან მისთვის მოსახერხებელი ადგილიდან დისტანციურად ჩააბაროს ინგლისური ენის ტესტი. გარდა არასტრესული გარემოსი, Duolingo გაცილებით ხელმისაწვდომია, ვიდრე სხვა საერთაშორისო ტესტები. უნივერსიტეტების უმრავლესობა მას იღებს, თუმცა წინასწარ სჯობს გადამოწმება.

  • შეუძლია ახალგაზრდას დამოუკიდებლად შეავსოს ამერიკულ უნივერსიტეტში მოსახვედრი განაცხადის ფორმა?

რა თქმა უნდა, არიან დეტალებზე ორიენტირებული ახალგაზრდები, ყველაფერს თავისით აკეთებენ და შედეგზეც გადიან, თუმცა ისევე როგორც მედიაში – რაც უნდა პროფესიონალი იყოს ჟურნალისტი, მაინც სჭირდება დაწერილს გადახედვა, რომ სხვა თვალით დაინახონ და შეაფასონ, ასევე პერსონალური ესე იქნება თუ რეკომენდაციები, უმჯობესია თუ გამოცდილების მქონე ადამიანი გადახედავს და დააკვალიანებს, რას მიაქციოს ყურადღება, რა მიმართულება აიღოს, თუნდაც რით დაიწყოს და როდის?

  • ამერიკულ აკადემიაში ამ ყოველივეს უზრუნველყოფთ?

ჩვენი მთავარი მიზანია გზა გავუხსნათ ქართველ ახალგაზრდებს ამერიკულ და ევროპულ უნივერსიტეტებში მოსახვედრად. ჩვენ ყველას ვუწევთ უფასო კონსულტაციებს, ვინც მოგვმართავს და მიმართულებას ვაძლევთ. ამჟამად რამდენიმე უნიჭიერეს ახალგაზრდას ვუწევ დახმარებას, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი უნივერსიტეტები, როგორიცაა Princeton და Stanford მიიღებენ და დაფინანსებასაც მისცემენ მათ.

  • რამდენად დიდია მოთხოვნა ამ ყოველივეზე, რამდენად ოცნებობენ ახალგაზრდები დასავლეთში განათლების მიღებაზე?

მოთხოვნა არის, მაგრამ ქართველი ახალგაზრდების ნიჭიერებასთან შედარებით ნაკლები, რადგან ვერც კი წარმოუდგენიათ მათ, რომ ეს ყოველივე შესაძლებელია.

რა თქმა უნდა, ასეთი ფიქრების საბაბს ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობაც აძლევს, სრული დაფინანსებაც რომ აიღონ, გზის თანხა ექნებათ გადასახდელი, ინგლისურის კარგად სწავლას ხარისხიანი სკოლა და პედაგოგები სჭირდება, რაც ასევე ფინანსებთან არის დაკავშირებული. ამიტომაც, სამომავლოდ გვინდა შევქმნათ ფონდი, მომავალზე ორიენტირებული ბიზნესმენების დახმარებით, რომლებიც “ამერიკულ აკადემიასთან” ერთად უზრუნველყოფენ ნიჭიერი ბავშვებისთვის ინგლისური ენის სწავლას და საჭიროების შემთხვევაში გზის დაფინანსებაც.

სამომავლოდ მარტოხელა დედების ინგლისურში მომზადებასაც ვგეგმავთ, რადგან ქალების გაძლიერებით მათ შვილებსაც გავაძლიერებთ. დიდი გეგმები გვაქვს, რომლებსაც აუცილებლად განვახორციელებთ.

ვისაც გსურთ უფასო კონსულტაცია მიიღოთ ამერიკულ უნივერსიტეტებში სწავლასთან დაკავშირებით შეგიძლიათ ნახოთ FB გვერდი: წარმატების გასაღები ან ამერიკული აკადემია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: