მთავარი,სიახლეები

„ყველა საქმე ერთ ქალს გიცდის“ – მემთეური იალაღიდან სოფელში ბრუნდება

04.10.2023 • 16442
„ყველა საქმე ერთ ქალს გიცდის“ – მემთეური იალაღიდან სოფელში ბრუნდება

„დილის ხუთ საათზე ვდგები, ვლოცულობ და მაშინვე მივდივარ ბოსელში. ამოხვალ, რძე უნდა გამოწურო, ყველი აიღო, საჭმელი გააკეთო, სახლი დაალაგო, ბოსტანში ჩახვიდე და რა ვიცი, ყველაფერი ერთ ქალს გიცდის. დაძინება არ არის ჩვენთან. ბარში რომ ჩავალ, კარგად დავისვენებ, 2-4 საათი მაინც უნდა დავისვენო, ისე გადავიღალე, რომ რა ვიცი“, – მეუბნება 57 წლის ნათელა კახაძე, რომელიც აგერ უკვე 20 წელია, რაც მემთეურია.

ნათელას დაუთვლია – 3 თვე და 13 დღეა მთაშია და ამ პერიოდში სხვაგან არსად ყოფილა. ვერც სოფელში ჩავიდა, რომელიც უკვე ძალიან ენატრება.

დღეს ნათელასა და მისი ოჯახის შესახებ მოგიყვებით, თუ როგორი პროცესია იალაღიდან ბარში დაბრუნება და რისი გაკეთება უწევთ ამ დროს მემთეურ ქალებსთუ ოჯახის სხვა წევრებს.

  • გადაბარგების წინა ღამე

ნათელა ძირითადად მარტო იყო იალაღზე, პატარა სანდრასთან ერთად, რომელიც მისი შვილიშვილია და უკვე ძალიან ბევრი რამის გაკეთება იცის – მაქსიმალურად ცდილობს დაეხმაროს ბებოს.

ნათელას ყავისფერ მაგიდაზე დიდი ჭურჭელი შემოუდგამს, საიდანაც ცომს სინებზე ანაწილებს და თან მიხსნის: „ეს „იაღლიპურია“ და კაიმაღით იზილება. კიდევ „პიჩენიები“ გამოვაცხვე და ამაღამ „ძინაღებასაც“ მოვადუღებ, რათა კარგად გაცივდეს, თბილი არ ვარგა“.

მემთეურის თქმით, მთიდან ბარში „ხელცარიელი“ ჩასვლა დაუშვებელია.

ნათელა “იაღლიპურის” მზადებისას. ფოტო/ნინო ართმელაძე

“იაღლიპური”. ფოტო/ნინო ართმელაძე

„20 წელია მემთეური ვარ და არასდროს ამათ გარეშე არ ჩავსულვარ. ეს ერთგვარი ტრადიციაა. ჩავიტან და დავურიგებ მეზობლებს, სანათესავოს, სულ ყველას.

ხშირად ღამე მიწევს მათი გაკეთება. მინდა, ყველაფერი ერთად გავაკეთო, მაგრამ მარტივი არ არის, თან ახლა ყველაფერი უნდა გარეცხო, რომ გადაიბარგო. აბა, ჭუჭყიანს ხომ არ დატოვებ სახლ-კარს? „დაროშკები“ მქონდა გაკიდული ყველგან, ჩამოვხსენი, დავრეცხე. თეთრეული გავრეცხე და კიდევ ათასი ამისთანა რამ“, – მიყვება ნათელა და თან ოთახში გამოჭრილ პატარა ხის ფანჯარას თვალს არ აშორებს – „აი, მოჰყავს ჩემს ქმარს საქონელი. გახედე, აი, აგერ“, – მითხრა მალევე.

ნათელამ სანდრა დაარიგა, როგორ უნდა გამოეცხო ცომი ისე, რომ კარგი გამოსულიყო, თვითონ კი საქონლის მოსაწველად წავიდა.

სანდრა და კატა, ტასო.

ქალს კარგად ახსოვს მემთეურობის პირველი წელი. „საერთოდ არაფერი არ ვიცოდი. მეცხრე კლასიდან გამომათხოვეს და იქამდე მთაში ერთხელაც არ ვიყავი ნამყოფი. გათხოვების პირველივე წელს გამგზავნა დედამთილმა მთაში, ქმრის მამიდასთან ერთად. მამიდამ პირველ დღეს ამიღო ყველი, მეორე დღეს, მესამე დღეს, ბოლოს კი მითხრა, ყველის აღების ცოდნა დედის მუცლიდან არავის დაჰყოლია, დამაკვირდი და ისწავლეო. ამ ამბიდან ერთი კვირის შემდეგ რომ ჩამაბარა ყველის აღება, მას შემდეგ არც ერთხელ არ გამფუჭებია ყველი“, – იხსენებს ნათელა.

ნათელას გული წყდება, რომ მშობლებმა ნაადრევად დააქორწინეს, მაგრამ უფრო მეტად განიცდის, რომ მან და ეიზამ, ნათელას მეუღლემ, ხელი ვერ შეუშალეს უფროსი ქალიშვილის ნაადრევ დაქორწინებას.

„ნაადრევი ქორწინება არ არის სწორი. ყველაფერს მოესწრება ქალი. ჩემს გოგოს სამი შვილი ჰყავს და მისი ასაკის ჩვენი ნათესავი ახლა დაქორწინდა. წელი რატომ უნდა მოიტეხოს ქალმა მალევე, როცა შეუძლია თავისუფლად იცხოვროს?

ჩემი შვილი არ დაქორწინებულა სიყვარულით. სოფლიდან შვიდი მაჭანკალი მოვიდა. ძილიც აღარ გვქონდა. ჩემი ქმარი მაინც უარზე იყო, მაგრამ დააძალეს დედამთილ-მამამთილმა, ჩემმა მშობლებმა და მარტო ეს ერთი ვერაფერს გახდა. არც მე მინდოდა მისი ადრე გათხოვება, მაგრამ დედამთილ-მამამთილს ხათრი ვეღარ გავუტეხე. ახლა ძალიან ვნანობ, ასე ადრე რომ დაედგა თავზე რკინის უღელი. 16 წლისაც არ იყო მაშინ. იქამდე, სანამ ჩვენთან იყო, სწავლობდა – წიგნს და რვეულს არ უშვებდა ხელიდან. რომ მესწავლებინა და მერე გამეთხოვებინა, ხომ არ აწყენდა?“ – ამ კითხვით დაასრულა საუბარი ნათელამ და მცირე პაუზის შემდეგ დაამატა, „ნუ გათხოვდებით ახალგაზრდა გოგონები 25 წლამდე მაინც“.

მოწველა ნათელამ 7 ძროხა, აჭამა საქონელს ნარცხი, რძე აიტანა სახლში, დახვეტა ბოსელი. გარეთ დაბნელდა, აცივდა, მაგრამ სანამ ნათელა სახლში ავიდოდა და გათბებოდა, ეზოში მოწყობილ ჭურჭლის სარეცხ მაგიდაზე ალუმინის მაღალ ქვაბებს მთელი ძალით დაუწყო ხეხვა. ლამის მთელი ცხოვრება ამ ალუმინს ვხეხავო. იმდენ ხანს რეცხა ნათელამ ჭურჭელი, რომ კიდევ უფრო აცივდა და დაბნელდა.

ქალს სახლში ქმარი, შვილი და შვილიშვილი ელოდა – უკვე ყველას შიოდა.

ნათელა არ ჩამომჯდარა და არც იმის დრო ჰქონია, რომ გაყინული, ჭარხალივით წითელი ხელები მოეთბო. მაშინვე საჭმლის კეთება დაიწყო და მაგიდაც მალევე გაშალა. შემდეგ მოადუღა „ძინაღება“, აალაგა მაგიდა, გარეცხა ჭურჭელი. თითქმის ღამის ორი საათი იყო, როცა ნათელა საქმეს მორჩა და დასაძინებლად დაწვა.

ნათელა “ძინაღების” კეთებისას.

ნათელა ჭურჭლის რეცხვისას.

  • გადაბარგების დღე

მემთეურმა დილის 5 საათზე გაიღვიძა. ილოცა და ბარგის ჩალაგება დაიწყო. ფრთხილობდა, უცებ არავინ გავაღვიძოო და სამზარეულოში ნელი ნაბიჯებით მიმოდიოდა: ქვაბებში ალაგებდა ჭურჭელს, რომელსაც მთის სახლში ტოვებს. თან ახარისხებდა, რაიმე ხომ არ არის, რაც ბარშიც შეიძლება დამჭირდესო. მას შემდეგ, რაც ნათელამ ყველაფერი ჩაალაგა, ეიზამ და რამინმაც გაიღვიძეს. რამინი ნათელას შვილია და ცდილობდა დედას დახმარებოდა.

ნათელას ოჯახს მანქანა არ აქვს, ამიტომ გადაბარგებისთვის მანქანა იქირავეს. რვის ნახევარზე მძღოლი უკვე ეზოში იყო, რამინმა და ეიზამ თივის დატვირთვა დაიწყეს.

ნათელამ მოწველა ძროხები. ოცნებობს, რომ საწველი მანქანა ჰქონდეს. შემდეგ საუზმე გაამზადა ყველასთვის. თავად არ უსაუზმია – არ მცალია ჯერო.

ეიზა და რამინი ნათელას გამუდმებით ეკითხებოდნენ, თუ რა მიჰქონდათ სოფელში და რას ტოვებდნენ, როცა ბარგის დატვირთვა დაიწყეს.

რამინი ბარგის დატვირთვისას

ნათელა ყველა კითხვას სწრაფად იგერიებდა და მითითებებსაც გასცემდა. არ დაგავიწყდეთ, სანდოდ შეინახეთ და ა.შ. როცა ყველაფერი დატვირთეს, ნათელამ სახლის ყველა კუნჭული გულდასმით დახვეტა.

ახლა ძროხების გაშვების დროა. პირუტყვი ბარში რამინს მიჰყავს ფეხით, ვარაუდობს, რომ საღამოს 6-7 საათისთვის უკვე სოფელში იქნება. ნათელამ დაალაგა და დაასუფთავა ბოსელიც.

მემთეურმა ვერ მოასწრო ეჭამა და გამოეცვალა ტანსაცმელი. პირველზე ნაკლებად ღელავს. უფრო მეტად იმაზე წუხს, ამ ტანსაცმლით სად წავიდეო.

  • სოფლისკენ

ეიზა და ნათელა სატვირთო მანქანაში წინ სხედან, სანდრა უკან ზის მოუსვენრად. მძღოლი და ეიზა ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე საუბრობენ და თანხმდებიან, რომ გზის მდგომარეობა სავალალოა, რაც მუდმივად აფუჭებს მანქანას და ზრდის ადგილობრივების ხარჯებს.

2 საათზე სოფელში ჩავედით. სახლამდე ფეხით 10 წუთის სავალზე მძღოლმა მანქანიდან ჩამოსვლა გვთხოვა იმ მიზეზით, რომ ამის შემდეგ რთული მოსახვევია და ფრთხილობს, რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდეს.

სახლისკენ მიმავალი ნათელა

ნათელას თქმით, ბოლო რამდენიმე წელია, რაც მანქანა მათ სახლამდე მიდის. მანამდე სახლიდან ბარგს ჯერ  ხარით, შემდეგ ტრაქტორით ეზიდებოდნენ იმ ადგილას, სადამდეც მანქანას შეეძლო მისვლა.

„ახლა, როცა ავდარია, მანქანა ვერ მოდის ჩვენამდე და აგერ, ნახეთ, არც ღამის განათებაა ჩვენთან“, – მეუბნება ნათელა.

სახლს რომ მივუახლოვდით, მეორე შვილიშვილი ნათელა ბებოსთან ჩასახუტებლად გამოიქცა. ქალს კარებში დახვდა რძალი და ყველანი სახლში შეგვიპატიჟა. ძალიან დაღლილია ნათელა. უკვე 2 საათია, მას კი ჯერ ისევ არ უსაუზმია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: