მთავარი,სიახლეები

„დილით თქვენ არ ფიქრობთ, როგორი ტროტუარი შეგხვდებათ“ – არქიტექტორი ბათუმიდან

09.10.2023 • 1776
„დილით თქვენ არ ფიქრობთ, როგორი ტროტუარი შეგხვდებათ“ – არქიტექტორი ბათუმიდან

ამბავს 26 წლის არქიტექტორზე სხვა დასაწყისი უნდა ჰქონოდა. თუმცა, რაზეც არ უნდა იყოს კითხვა, პირველივე პასუხს მაინც იქითკენ მივყავართ, რასაც ყველა ვხვდებით, როცა შშმ პირებს ვუსმენთ. საუბრის პირველივე თემა ქალაქის სრულად ადაპტირების საკითხია.

„პრობლემების ერთობლიობაა ქვეყანაში. რთულია, რომელიმე წამოწიო წინ. მაგრამ ყველაფერი, რასაც ვცდილობთ, რისი მოღწევაც გვინდა, ამაზეა დამოკიდებული, ქალაქის სრულად ადაპტირებაზე“ – გვიხსნის ნოდარ ქარცივაძე, ახალგაზრდა არქიტექტორი, რომელიც ეტლით მოსარგებლეა.

ვცდილობ ნოდარს ვუთხრა, რომ ამჯერად სხვა რამეზე მინდა საუბარი, მაგრამ მისი პოზიცია, რომ „სხვა რამ“ ამის გარეშე არ არსებობს და სწორედ ამით უნდა დავიწყოთ, ურყევია:

„რატომ ვახსენე თავიდანვე ინფრასტრუქტურა? ჩვენ ხომ გვაქვს პირველადი დაკმაყოფილების წყაროები, რაც გვაძლევს საშუალებას რაღაც ვაკეთოთ.

თქვენ რომ დილით იღვიძებთ და გარეთ გადიხართ, არ ხვდებით იმ ბარიერს, რასაც ჩვენ. თქვენ არ ფიქრობთ მაღალი ტროტუარი დაგხვდებათ თუ დაბალი. ეს თქვენთვის ბარიერი არ არის. ჩვენ შეიძლება ათეული და ასეული მეტრის ზედმეტად გავლა მოგვიწიოს, რაც დამატებით დროს და ენერგიას მოითხოვს“ – ამბობს ნოდარი, თითქმის მსაყვედურობს და ხმაში სიბრაზეც ეპარება.

ჩვენი საუბრის დროს ვხვდები, რომ ახალგაზრდა არქიტექტორს ქალაქის დაგეგმარებაზე, მის ურბანულ პრობლემებზე ბევრი აქვს ნაფიქრი და სწუხს, რომ არასრულად ადაპტირებული ქუჩები საშუალებას არ აძლევს საქმეზე კონცენტრირდეს:

„გინდა მობილიზებული იყო, საქმე აკეთო, მაგრამ რეალურად მთავარ დროს სხვა რამეში ხარჯავ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. შენ არ გიწევს მარტივ საკითხებზე ფიქრი და შეგიძლია კონცენტრირდე საქმეზე. სხვა კი ამ დროს ფიქრობს, რა მოიმოქმედოს, რომ შემდეგ ქუჩაზე მარტივად გადავიდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია“ – ამბობს ნოდარი.

არქიტექტორის თქმით, როცა ამ ქალაქის ადაპტირების საკითხს განვიხილავთ, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ბათუმი სხვა ქალაქებთან შედარებით მაინც უფრო მეტად ადაპტირებული ქალაქია საქართველოში. მართალია თუ არა, რომ ადაპტირებულ ნაწილშიც მრავლად არის პრობლემები უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო? – ამ კითხვაზე ნოდარი გვპასუხობს, რომ გადასასვლელი ნულოვანი უნდა იყოს, თუმცა ასე არ არის.

ნოდარის თქმით, ბოლო წლებში შშმ პირების საჭიროებებთან მიმართებაში კანონმდებლობა დაიხვეწა, თუმცა საჭიროა აღმასრულებლის გაძლიერება – „სხვანაირად ეს ყველაფერი მხოლოდ ფურცელზე დარჩება.“

„ვინ უნდა გააკონტროლოს? – რა თქმა უნდა სახელმწიფომ. რაც შეხება უკვე ადაპტირებულის უვარგისობას, კომპეტენციის ნაკლებობაა პასუხი, სულ ამასთან მივდივართ“. 

ნოდარის თქმით, მთავარი, რაც ახლა ქვეყანას სჭირდება, ძლიერი ეკონომიკაა:

„ეკონომიკა გვჭირდება ძლიერი, ამაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულები. 26 წლის ადამიანი უნდა ვითარდებოდეს ყველანაირად და რაღაც ხელოვნური ბარიერები არ უნდა იქმნებოდეს. ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი მიმართულება, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს. უნდა განვამტკიცოთ ყველაფერი, დამოუკიდებლობა, თავისუფლება.“

ყველა მიმდინარე საკითხით ერთნაირად არ ინტერესდება. ბოლოს აქციაზე რუსული კანონის გასაპროტესტებლად წავიდა, როცა მის მეგობრებს აგენტების დარქმევას უპირებდნენ:

„რუსული კანონი იყო გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. ამერიკული ანალოგიაო, მაგრამ ასე არ იყო, ეს იყო რუსული. მეც ვიყავი აქციაზე ამ კანონის წინააღმდეგ. ეს ეხებოდა ზუსტად იმ საკითხებს, რაზეც ჩემი მეგობრები მუშაობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თემატიკის ფარგლებში“.

ამ ადგილზე ასასვლელი მაღალია. ნოდარი ოდნავ ჩამომტვრეულ ბორდიურს პოულობს და ადის, ასე უფრო იოლია. სადაც ჩამომტვრეული არ არის, იქიდან ასვლა შეუძლებელია.

კითხვაზე, რატომ ევროკავშირი? – ნოდარი პასუხობს:

„ევროკავშირში შესვლა მოქალაქეების, თითოეულის ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს. აბსოლუტურად ყველას ცხოვრებას. ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო ხომ გვინდა. უფრო განათლებულები რომ ვიყოთ და მეტი შესაძლებლობა გვქონდეს, ამიტომ გვინდა ევროკავშირში“.

არქიტექტორთან ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე საუბარს მალე ანაცვლებს საუბარი ბათუმის ურბანულ პოლიტიკაზე, ბათუმში „შემაშინებელი ადგილების არსებობაზე“ .

26 წლის არქიტექტორი ამბობს, რომ რიგი ადგილები ბათუმში ადამიანებს თრგუნავს:

„ბათუმში არის ადგილები, სადაც გავლა შემაშინებელია. იქ გავლისას ითრგუნება ადამიანი და ეს დათრგუნვის მომენტი არის ძალიან მაღალი ინდექსით. არქიტექტურა და დაგეგმარება რას აკეთებს? – ის მოქმედებს ადამიანის ხასიათზე და განწყობაზე. განაშენიანების დაგეგმარებით შეგიძლია იმოქმედო ადამიანის განწყობაზე და ხასიათზე. ის, რომ ქაოსურად იყო ამ დრომდე მიშვებული და ახლაც არის, არის იმის მიზეზი, რომ ითრგუნები და უნდა გახვიდე ამ ადგილიდან, რომ თავი კარგად იგრძნო.

ბათუმში აშენდა კორპუსები, სადაც სხვადასხვა კორპუსში მცხოვრებლებს ბინიდან გაუსვლელად შეუძლიათ ერთმანეთს ყავა გაუცვალონ. ვერ იტყვი, რომ ეს სწორი მაგალითია. არის შენობები, რომლებთანაც ტროტუარი არის 2 ან 3 მეტრი სიგანის – არც ეს არის გამართლებული, არ შეიძლება ასე განვითარდეს ქალაქი და შემდეგ ამ ქალაქს ეწოდოს ჯანსაღი. 

პარკინგის პრობლემა გვაქვს ძალიან მწვავედ. პიკის საათებში საერთოდ შეუძლებელია ქალაქში გადაადგილება. მწვანე საფარის პრობლემაა ძალიან დიდი. საჯარო სივრცეების ნაკლებობაა.

მართალია, სანაპირო ზოლში გვაქვს ბულვარი, გვაქვს რამდენიმე პარკი, მაგრამ ქალაქში საჯარო სივრცეების ნაკლებობაა ხარისხიანი ბაღების და სკვერების სახით“.

ნოდარის თქმით, შშმ პირების მისაწვდომობის საკითხი ავიწყდებათ, როცა ევროპის მოედანზე კონცერტს მართავენ. ხშირად სცენასთან მოსასვლელებზე გადის სცენის აპარატურის კაბელები ყოველგვარი სპეციალური შეფუთვის გარეშე. შეფუთვა ეტლით მოსარგებლეს მასზე გადაადგილების საშუალებას მისცემდა. ნოდარმა ამის თაობაზე ბათუმის მერიას ოფიციალური წერილითაც მიმართა.

ნოდარი ამბობს, რომ არქიტექტორმა ორი ინტერესის თანხვედრა უნდა მოახერხოს, რადგან „დამკვეთი ყოველთვის მართალია“, არქიტექტორმა უნდა შეძლოს, დამკვეთის მოთხოვნასთან ერთად საზოგადოებრივი ინტერესიც გაითვალისწინოს, ხოლო „თუ მას უნდა 15 სართული იქ, სადაც 10 შეიძლება, ეს კანონმა უნდა დაარეგულიროს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: