მთავარი,სიახლეები

7 ჰექტარი მიწა ფიჭვნარში – საქართველოს განვითარების ფონდი საინვესტიციო ქონებას აფასებს

13.10.2023 • 866
7 ჰექტარი მიწა ფიჭვნარში – საქართველოს განვითარების ფონდი საინვესტიციო ქონებას აფასებს

„საქართველოს განვითარების ფონდი“ [ყოფილი საპარტნიორო ფონდი] მის საკუთრებაში არსებული მთლიანი საინვესტიციო ქონების, მათ შორის ქობულეთში მდებარე მიწის ნაკვეთის შეფასებას გეგმავს.

ქობულეთში ფონდის საკუთრებაშია ფიჭვნარის პლაჟსა და საავტომობილო გზას შორის მდებარე 70 073 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი.

ამ 7 ჰექტარ ტერიტორიაზე სასტუმროს აშენების პირობით ინვესტორს ფონდი 2019 წლიდან ეძებდა. ფონდმა საინვესტიციო ნაკვეთი მაშინაც შეაფასა.

საინვესტიციო ქონების შეფასებაზე ფონდს ტენდერი ამჯერად 70 ათასი ლარით აქვს გამოცხადებული, თუმცა, ერთ-ერთი პრეტენდენტი, შპს „ეკოვის ეი-თი-ეი ფინანსები“ მომსახურებას 37 ათას ლარად სთავაზობს. ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა.

ტენდერში გამარჯვებულს, პირობის მიხედვით, შესაფასებელი ექნება „ფონდის საოფისე შენობა, ქობულეთში მდებარე მიწა, ბორჯომში მდებარე მიწის ნაკვეთები, შპს „საპარტნიორო ფონდი – მწვანე განვითარების“ საინვესტიციო და ფონდის სხვა ქონება“.

კონკრეტულად, „ფონდის და მისი შვილობილი საწარმოს, შპს „საპარტნიორო ფონდი – მწვანე განვითარების“ საკუთრებაში არსებული საინვესტიციო უძრავი ქონებისათვის სამართლიანი ღირებულების განსაზღვრა 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით“.

შესაფასებელი ქონების ჩამონათვალშია ასევე ქობულეთში, ჩაქვში მდებარე ლაო ჯინ ჯაოს სახლიც, თუმცა, ეს ქონება ფონდმა უკვე დაუბრუნა სახელმწიფოს, სახელმწიფომ კი, საკუთრებაში ქობულეთის მუნიციპალიტეტს გადასცა.

ტენდერის პირობის მიხედვით, „შემფასებელი აგრეთვე ვალდებულია შეფასების პროცესშიც და ანგარიშის წარდგენისას გაითვალისწინოს შემსყიდველის გარე აუდიტორის შენიშვნები ან/და მითითებები. მიმწოდებელთან მიღება-ჩაბარება გაფორმდება მას შემდეგ, რაც შემსყიდველი წერილობით დასტურს მიიღებს KPMG საქართველოსგან, რომ შემფასებლის მიერ წარმოდგენილი ანგარიში მისაღებია გარე აუდიტორისთვის“.

შპს „KPMG Georgia“-თან, როგორც გარე აუდიტორთან, ფონდს ხელშეკრულება ამჯერად 3 493 328 ლარზე აქვს გაფორმებული. KPMG Georgia ადრე საპენსიო სააგენტოს გარე აუდიტორადაც იყო არჩეული.

რეესტრის ბოლო ამონაწერით, ამ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი – კახა რუხაძე, გენერალური დირექტორი კი – სერგეი დემენტიევია [ყაზახეთი]. კომპანიის მეწილეებიდან სამი ყაზახეთის მოქალაქეა, ერთი დანიის, ერთიც – ყაზახური კომპანიაა.

საქართველოს განვითარების ფონდის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ფიჭვნარში [შემოსაზღვრულია წითელი ხაზით]

რაც შეეხება ფონდის რეორგანიზაციას. „საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებით, ამ სახელმწიფო ფონდის დასახელება შეიცვალა და ჩამოყალიბდა როგორც „საქართველოს განვითარების ფონდი“.

ცვლილება ძალაში 2023 წლის 10 სექტემბრიდან შევიდა.

2023 წლის 2 ოქტომბრის ამონაწერით „საქართველოს განვითარების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოში შედიან: თავმჯდომარე/წევრი – დავით საგანელიძე; თავმჯდომარის მოადგილე/წევრი – მერაბ კაკულია; წევრები – ავთანდილ სილაგაძე, ნანა ადეიშვილი და ვაზილ ჰუდაკი[ჩეხეთის რესპუბლიკა].

ფონდის აღმასრულებელი დირექტორია ბესიკ ბუგიანიშვილი, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე კი – ვახტანგ ჯორბენაძე.

რეორგანიზაციამდე, 2023 წლის 7 სექტემბრის ამონაწერით, „საპარტნიორო ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე/წევრი საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო, წევრები კი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე ფინანსთა მინისტრები.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორი 10 სექტემბრამდე დავით საგანელიძე იყო, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე კი – ვახტანგ ჯორბენაძე.

„ცვლილებები, სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობისა და ფონდის სახელწოდების ცვლილებასთან ერთად, მოიცავს დაფინანსების პრიორიტეტული მიმართულებებისა და ფონდის საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობის კრიტერიუმების დაზუსტებას“ – აღნიშნულია ფონდის ანგარიშგების დოკუმენტში.

ფონდის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის მიმდებარე პლაჟი დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, თუმცა, აქ საპლაჟე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის რაიმე პროექტი ქობულეთის მერიას ჯერ დაგეგმილი არ აქვს.

ამ თემაზე:

უკანონო კაფე ქობულეთის პლაჟზე მერიასთან ახლოს – როგორ მუშაობენ მუნიციპალიტეტში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: