მთავარი,სიახლეები

სუსის კადრებში არ არის დანაშაულის მტკიცებულება – საია „რევოლუციისთვის მზადებაზე“

03.10.2023 • 600
სუსის კადრებში არ არის დანაშაულის მტკიცებულება – საია „რევოლუციისთვის მზადებაზე“

„გავრცელებულ კადრებში არ ჩანს იმ დანაშაულის მტკიცებულება, რასაც სუსი იძიებს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ნონა ქურდოვანიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე.

კადრები, რომლებიც სავარაუდოდ ერთ-ერთ ტრენინგზეა გადაღებული, სუსმა გუშინ, 2 ოქტომბერს, გაავრცელა. რა ჩანს სუსის მიერ გავრცელებულ კადრებში და რა მიზანი აქვს რეალურად ხელისუფლებას?

  • ქალბატონო ნონა, სუსი აცხადებს, რომ ორგანიზაცია „კანვას საქართველო“ ახალგაზრდებს რევოლუციური სცენარისთვის ამზადებს. იმ კადრებში ჩანს რაიმე კანონსაწინააღმდეგო?

დღეს გავრცელებულ კადრებში არ არის იმ დანაშაულის მტკიცებულება, რაზეც სუსი საუბრობს. ჩანაწერში რაც ჩანს, ეს არის ჩვეულებრივი ლექცია, სადაც ადამიანები ჰყვებიან სხვადასხვა გამოცდილების შესახებ.

ამ კადრების ავთენტურობას მე ვერ დავადასტურებ, ნამდვილად შედგა ეს ლექცია თუ არა, თუმცა მისი შინაარსი არ შეიცავს რაიმე ისეთს, რაც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით აკრძალულია.

ამ ქვეყანაში არ არის აკრძალული ლექციების ჩატარება, მათ შორის სხვადასხვა შეკრების, პროტესტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება არ წარმოადგენს დანაშაულს და თუ ეს არის „მტკიცებულება“ იმ საქმისა, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს სუსში, ეს მიანიშნებს იმას, რომ სუსს რეალურად არ აქვს არავითარი ხელშესახები მტკიცებულებები და ეს არის მორიგი მცდელობა იმისა, რომ ამით სხვა მნიშვნელოვანი საქმეები გადაიფაროს.

მაგალითად, ფარცხალაძის საქმე, რომლის შესახებაც ჩვენ ამ დრომდე არ ვიცით, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება, დაიკითხა თუ არა ვინმე ამ საქმეზე, რა პროგრესი აქვს ამ საქმის მიმდინარეობას, რა სტატუსი აქვს ფარცხალაძეს ამ საქმეში და ასე შემდეგ.

ასეთი ფაქტების გადაფარვის მცდელობაა ეს ახალი შეთქმულების თეორიის გავრცელებაც, რადგან ჩვენ არ გვინახავს იმის მტკიცებულებები არც ამ კადრებში და არც აქამდე გავრცელებულ განცხადებებში, რაც წარმოადგენს დანაშაულს.

  • როგორ ფიქრობთ, ეს კადრებიც ანტიდასავლური პოლიტიკის ნაწილია, რადგან ამ შემთხვევაშიც სამიზნე არის დასავლეთი, კონკრეტულად კი ამერიკული USAID-ი?

ეს არ არის ახალი, რომ საქართველოს ხელისუფლება და მისი ცალკეული შტოები ცდილობენ გაავრცელონ ანტიდასავლური რიტორიკა. ეს განცხადებაც შეიძლება ჩაითვალოს ამის ერთ-ერთ გამოვლინებად. ძალიან სამწუხაროა, რადგან ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი იმისთვის, რომ მივიღოთ ევროკომისიის შეფასება, თუ როგორ ვასრულებთ 12 პუნქტს.

ამიტომ, ამ ტიპის არადამაჯერებელი განცხადებები, პრესკონფერენციები, სამწუხაროდ, აზიანებს ქვეყნის მდგომარეობას და ჩვენს სვლას ევროპული სივრცისკენ.

  • ამავდროულად, ხელისუფლება ცდილობს დაასუსტოს სამოქალაქო აქტივიზმი?

რა თქმა უნდა, სამოქალაქო აქტივიზმის შესუსტებას ემსახურება ის კანონპროექტიც, რომელიც შეიტანეს პარლამენტში – ის ეხება შეკრება-მანიფესტაციების კანონში ცვლილების შეტანას, რომლითაც იზღუდება საპროტესტო აქციების დროს კარვის განთავსება.

დღეს არსებული კანონმდებლობა საკმაოდ ნათელია და რაიმე საფრთხეების შემთხვევაში ისედაც არსებობს შეზღუდვის ბერკეტები. ამიტომ, ახლა ჩანაწერები კანონმდებლობაში ფაქტობრივად გამოიწვევს იმას, რომ შეკრების და გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდება კიდევ უფრო მეტად. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის უკუსვლა დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით და ადამიანის უფლებების მდგომარეობა ამ ქვეყანაში გაუარესდება.

  • ეს ხომ ანტიკონსტიტუციური იქნება?

გვექნება ამ კანონპროექტის შეფასება, როდესაც დეტალურად ვნახავთ და, ბუნებრივია, გამოვიყენებთ ყველა მექანიზმს, რომ ამის მიღებას შევეწინააღმდეგოთ.

თუმცა გადაწყვეტილების მიმღები პარლამენტია. სამწუხაროა, რომ ეს ხდება დაჩქარებული წესით და ეს ხდება მაშინ, როცა ძალიან ცოტა დროა დარჩენილი ევროკომისიის შეფასების გამოქვეყნებამდე. შესაძლოა ამან დააზიანოს პროცესი.

  • ხელისუფლებამ დაინახა საზოგადოების რეაქცია „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით და მაშინ ითქვა, რომ თუკი ხელისუფლება არ შეასრულებს 12 პუნქტს და ხელს შეუშლის კანდიდატის სტატუსის მიღებას, ის უნდა წავიდეს. ამ კადრების გავრცელება, კანონის გამკაცრება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ელის ევროპისგან უარს და ეშინია ხალხის რეაქციის?

ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ეშინია ხალხის და ისიც ვიცით, რომ შემდგომი წელი არის საარჩევნო წელი: როგორც წესი, გადატვირთულია ხოლმე პოლიტიკურად, იმართება სხვადასხვა აქცია, შეკრება და ეს ნაბიჯები, რაც ახლა იდგმება პარლამენტის მხრიდან, რომ შეზღუდონ ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში იწვევს სამოქალაქო სივრცის შეზღუდვას, ავიწროებს სამუშაო სივრცეს, როგორც აქტივისტებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. ამით, რა თქმა უნდა, იზღუდება კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლება.

შეკრების და გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს იმას, რომ ადამიანებმა თვითონ აირჩიონ რა ფორმით გამოხატონ პროტესტი, მათ შორის გამოიყენონ თუ არა კარავი.

ჩვენმა სასამართლოებმაც ცალსახად თქვეს, რომ კარვის გამოყენება შეკრების დროს არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი და მისი შეზღუდვა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს.

ეს კანონპროექტიც შეგვიძლია ჩავთვალოთ მარტის მოვლენების გაგრძელებად, როცა საზოგადოების პროტესტის შედეგად შეჩერდა რუსული კანონი. თუმცა ხელისუფლება მაინც ცდილობს სხვადასხვა კანონპროექტის სახით შემოიტანოს სამოქალაქო აქტიურობის შემზღუდავი მექანიზმები.

  • თქვენ ამბობთ, რომ არც კადრებში ჩანს დანაშაულის მტკიცებულება და არც სუსს წარმოუდგენია რაიმე დამატებით. როცა ხელისუფლება დაუსაბუთებლად სდებს ბრალს კონკრეტულ მოქალაქეებს, ორგანიზაციებს ასეთ მძიმე დანაშაულში, როგორი უნდა იყოს ამაზე სამართლებრივი რეაგირება?

მე როგორც ვიცი, ბრალდებულის სტატუსით არავინაა ამ დროისთვის. თუმცა ასეთი განცხადებებით შესაძლოა მიაყენო კონკრეტულ პირს, ორგანიზაციას რეპუტაციული ზიანი საზოგადოების თვალში.

ეს ყველაფერი არის შესაფასებელი, თუ რა კონტექსტი აქვს ამ განცხადებებს, როგორი შინაარსი აქვს და რეპუტაციული ზიანის შემთხვევაში, დავის შესაძლებლობა არსებობს.

____________________

ამ თემაზე:

რას ჰყვება მწერალი ტრენინგზე, რომელიც სუსმა სახელმწიფო გადატრიალებად შეაფასა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: