მთავარი,სიახლეები

რატომ დავასრულე პირველი ქორწინება 28 წლის შემდეგ – 3 შვილის დედა, რომელიც უცხოეთში მუშაობს

02.10.2023 • 89839
რატომ დავასრულე პირველი ქორწინება 28 წლის შემდეგ – 3 შვილის დედა, რომელიც უცხოეთში მუშაობს

„ისწავლე, შენი სწავლით სამსახური იშოვე და იშრომე იმისათვის, რომ შენი შვილები მისმა დედამ გაზარდოს, – ასე ვარიგებ ჩემს 22 წლის ბიჭს, რომელიც სტუდენტია და რომელიც 8 წლის იყო, როცა პირველად დავტოვე და სამუშაოდ თურქეთში წამოვედი,“ – ასე იწყებს საუბარს 57 წლის ნაზიკო გოგიტიძე.

ნაზიკო სამი შვილის დედა და 4 შვილიშვილის ბებიაა.

პირველად თურქეთში 1999 წელს წავიდა. თავიდან პერიოდულად გადადიოდა, მუშაობდა და მერე ისევ საქართველოში ბრუნდებოდა. თუმცა ერთ დღესაც დადგა ფაქტის წინაშე, რომ მისი ეს დროებითი მუშაობა ოჯახს აღარ ჰყოფნიდა. ამიტომ შვილები შედარებით ხანგრძლივად დატოვა და ოჯახში ავადმყოფის მომვლელად დაიწყო მუშაობა.

„ბავშვები რომ დავტოვე, უფროსი გოგო 18 წლის იყო, მეორე გოგო – 15-ის და ბიჭი რვა წლის. ზუსტად იმ დროს დავტოვე, როცა ძალიან სჭირდებოდათ დედა.

ჩემი პატარა ბიჭი უფროსმა გოგომ გაზარდა. დედობა გაუწია. ჩემს ბიჭს როდესაც ვეკითხებოდი უფრო მეტად რომელი გიყვარს-მეთქი, არჩევანს ვერ აკეთებდა. მე რა დონეზეც ვუყვარდი, იმ დონეზე თავისი და უყვარდა. დედის როლი რომ შეასრულა, ალბათ იმიტომ-მეთქი, ასე ვფიქრობ,“ – იხსენებს ნაზიკო გოგიტიძე.

ნაზიკოს ისტორია ათასობით სხვა ქალის ისტორიას ჰგავს. იმ ქალების, რომლებმაც 90-იან წლებში ოჯახის გადამრჩენელის როლი მოირგეს და სამუშაოდ უცხო ქვეყნებს მიაშურეს.

ნაზიკომ სამი შვილი, როგორც ახლა ამბობს, „შვილების მამასთან დატოვა“ და სამუშაოდ წავიდა.

„როცა თურქეთში წავედი, მაშინ პირველ ქორწინებაში ვიყავი. არ მინდა ჩემი შვილების მამაზე ცუდი რამ ვთქვა, მაგრამ იყო უპასუხისმგებლო. ხვალ რა უნდა გვეჭამა ან რა უნდა გვესვა, ამაზე არ ფიქრობდა. მე როგორც დედა, მაქსიმალურად ვცდილობდი შვილები მშიერი არ დამრჩენოდა. თავდაპირველად, ჩემი მშობლები მეხმარებოდნენ, შედარებით ახალგაზრდები იყვნენ. მერე ისინიც დაბერდნენ. აღარ შეეძლოთ მუშაობა. ამიტომ იძულებული გავხდი მე მეფიქრა ოჯახზე.

თავიდან ჩემი შვილების მამაც გადმოდიოდა, ცოტა-ცოტა მეხმარებოდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. ემიგრაცია იძულება იყო. დავუტოვე ბავშვები მამას და წამოვედი სამუშაოდ.

 თურქეთში რამდენიმე წლის მუშაობის შემდეგ დავინახე, რომ სულ ფულს ითხოვდა. შვილებზე მეტად საკუთარ თავზე ფიქრობდა. არ ვიცი, ჩემი ბრალი იყო თუ, უბრალოდ, ასეთი პიროვნება იყო… არ ვიცი.

გადავწყვიტე, თუ ვიმუშავებ, შვილებისთვის ვიმუშავებ და არა იმ ადამიანისთვის, რომელიც ამდენი წელი ჩემი ქმარი იყო, მაგრამ არაფერი არ გაუკეთებია იმისათვის, რომ ჩემი შვილები დედას გაეზარდა და მას ეზრუნა ჩვენზე, მას ებრძოლა, მას ეშრომა. ამიტომ, პირველ ქორწინებას 28 წლის შემდეგ წერტილი დავუსვი.

პირველ რიგში შვილებს ვუთხარი, მე ასეთი გადაწყვეტილება მივიღე, თქვენ რას იტყვით-მეთქი. შვილებმა მხარი დამიჭირეს.

თან განქორწინებამდე სულ ჩხუბი გვქონდა. ვეუბნებოდი – წადი ჩემსავით, იშრომე ფიზიკურად, არაფერი არ გჭირს. მე თუ ვშრომობ შვილებისთვის, შენც წადი, იშრომე…

შუათანა გოგომ სწავლა მომთხოვა. უფრო ბევრი ხარჯი მქონდა, მეტი ფული იყო საჭირო. სოფლიდან ქალაქში ჩავედით. ქალაქში ბინა არ მქონდა, ქირა იყო საჭირო. ქალაქში შვილები მერჩინა და სოფელში ქმარი, ამდენი აღარ შემეძლო“, –  იხსენებს ნაზიკო გოგიტიძე საკუთარ ამბავს.

ნაზიკო გოგიტიძე

ნაზიკო საბჭოთა კავშირში დაიბადა. სკოლა რომ დაამთავრა, გადაწყვიტა პიონერხელმძღვანელი გამხდარიყო და შესაბამის ტექნიკუმში გაიარა სასწავლო კურსი. როცა კომუნისტური რეჟიმი დაემხო და საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, ნაზიკოს სამსახური გაუქმდა. ნაზიკო დიასახლისი გახდა.

ქორწინება 90-იან წლებში, სამი შვილის გაჩენა და შემდეგ უკვე ოჯახის შიმშილისგან გადამრჩენელის როლის მორგება – მუხლჩაუხრელი შრომითაა სავსე 57 წლის ქალის ბიოგრაფია.

ნაზიკო გოგიტიძე თავის პირველ სამსახურს იხსენებს, როცა თურქეთში, ერთ-ერთ ქალაქში მძიმე ავადმყოფის მოვლას დათანხმდა. სანამ ნაზიკო სამუშაოდ მივიდოდა, ოჯახს რამდენიმე მომვლელი ჰყავდა გამოცვლილი. მუშაობის დაწყებიდან ხუთი დღის შემდეგ ოჯახის უფროსმა ქალმა ნაზიკოს შენიშვნა მისცა იმის გამო, რომ ფანჯრის დაკეტვა დაავიწყდა.

„როდესაც სამუშაოდ მივდიოდი, შვილებს ვუთხარი: დედა, მე ახლა მივდივარ, ბევრ ფულს მოგიტანთ, სასმელი, საჭმელი რაც გინდათ, ყველაფერს მოგიტანთ, არაფერი მოგაკლდებათ-მეთქი.

როცა მუშაობის დაწყებიდან მეხუთე დღეს მეპატრონემ უსამართლო შენიშვნა მომცა, ძალიან გამიჭირდა. მახსოვს, ავადმყოფის ოთახში, რომელსაც ვუვლიდი, სარკე იყო. მივედი ამ სარკესთან, ვიყურებოდი და ვტიროდი. თან ვამბობდი – რა საქმე გაქვს აქ ნაზიკო? რას აკეთებ? წადი, ცარიელი ჩაი დალიე და შვილებთან იყავი. მაგრამ იმ წამში, მეორე მე მეუბნებოდა – შენ ხომ შვილებს დაჰპირდი, რომ საჭმელს და ჩასაცმელს მიუტანდი? ახლა რომ მე აქედან ცარიელი წავიდე, შვილები რას მეტყვიან? როგორ ავუხსნა მათ? რომ ვიღაცამ შეურაცხყოფა მომაყენა და ამის გამო დავტოვე სამსახური?

რომ მითხრან, დედა, მოგეთმინა და ჩვენთვის ფული მოგეტანა, მერე რა ვქნა? ეს ორი მე ერთმანეთს ეჩხუბებოდა. ბოლოს იმ მემ გაიმარჯვა, რომელიც დედა იყო და სამი შვილი ჰყავდა მშიერი.

ჩემს თავს შემოვძახე, დაუმტკიცე ნაზიკო ამათ, რომ შენ ხარ კარგი, შენ ეს შეგიძლია და შეურაცხყოფის ღირსი არ ხარ. იმის შემდეგ 15 წელი გავიდა. გეფიცებით, არ ვტრაბახობ, ისეთი ნდობა მოვიპოვე, დღესაც მკითხულობს ის ოჯახი. მერე ჩემი შვილებიც კი გაიცნეს“, – ჰყვება ნაზიკო გოგიტიძე.

ნაზიკოს ორი შვილი დაქორწინებულია და თავადაც შვილები ჰყავთ. უმცროსი ბიჭი უნივერსიტეტში სწავლობს.

„მინდა, ჩემს შვილს ვასწავლო, რომ ამით გადავარჩინო. სწავლის დასრულების მერე რაღაცა სამუშაო ნახოს და იმუშაოს. ოღონდ მარტო ბიჭს არ ვეხმარები. გათხოვილ გოგოებსაც ვეხმარები. წინა დღეს ჩემი გოგო გადმოვიდა, სასკოლოდ უნდოდა შვილებისთვის რაღაცები. ბევრი რამე ჩემი მაღაზიიდან მივეცი, ბევრში თანხა გადავიხადე – პროდუქტი, ტანსაცმელი ვუყიდე. მეორე გოგოსაც მაქსიმალურად ვეხმარები. აქედან ტანსაცმელი გადამაქვს, პროდუქტი და ფულითაც ვეხმარები.

მყავს 87 წლის დედა, რომელსაც პენსია არ ჰყოფნის. 4 წამალია, რომელიც სულ უნდა მიიღოს. აქ ვყიდულობ წამალს და ვუგზავნი, პროდუქტსაც. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ყველას ხელი შევუწყო. საქართველოში ძნელია ცხოვრება, ამიტომ ჩვენ, დედები მაქსიმალურად ვცდილობთ, შვილების საკეთილდღეოდ ყველაფერი გავაკეთოთ,“ – ამბობს ნაზიკო გოგიტიძე.

„ასე მგონია, ჩვევად გვექცა სხვების დახმარება“

ნაზიკო გოგიტიძე მიიჩნევს, რომ წვლილი, რომელიც საზღვარგარეთ სამუშაოდ წასულმა ქალებმა საქართველოს განვითარებაში შეასრულეს, ჯერ არც შესწავლილია და, შესაბამისად, არც დაფასებული.

ნაზიკოს თქმით, ამ ქალებმა ჯერ გააჩინეს შვილები და შემდეგ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ეს შვილები გადაერჩინათ – მიეცათ საკვები და განათლება. თუმცა იმის გამო, რომ წლების გასვლასთან ერთად ქვეყანა ვერ განვითარდა და ვერ შეიქმნა მოქალაქეებისთვის ღირსეული ცხოვრების პირობები, 90-იანების ემიგრანტ ქალებს ისევ უწევთ უწყვეტ დახმარების ციკლში ჩართვა.

„როგორაა იცით? ჩვენი დროის ქალები უკვე შვილიშვილებზე გადავედით. ჩვენს შვილებს არ აქვთ ის ძალა, ის მდგომარეობა, რომ დახმარების გარეშე გაზარდონ თავიანთი შვილები.  ჩვენ, ქალებს უკვე ჩვევად გვექცა, მთელი ცხოვრება, ცხოვრების ბოლო წუთამდე, შვილიშვილებისთვის და კიდევ მათი შვილებისთვის უნდა ვიმუშაოთ.

სიმართლე თუ გაინტერესებთ – წავიდე, ცოტახანს დავისვენო, მეყო – ეს არასდროს არც კი გამიფიქრია. იქ, საქართველოში რომ მივდივარ, ვხედავ უფულობას, უმუშევრობას. ვფიქრობ – ჩემი ფული რომ მოაკლდებათ, მერე გაუჭირდებათ.

ნაზიკო მეორედ დაქორწინდა. მისი მეუღლე ლაზია. ნაზიკოს ახლა თურქეთ-საქართველოს საზღვარზე, ქემალფაშაში, მაღაზიისთვის ფართობი აქვს ნაქირავები და ტანსაცმლით ვაჭრობს. მაღაზიის გამართვაში მეუღლე დაეხმარა.

„ვმუშაობ იმისათვის, რომ აქ აღებული ყველა თეთრი ჩემს შვილთან მიდის. რომ ჩემმა შვილმა ისწავლოს და მერე სამსახური იპოვოს. ჩემს ბიჭს სულ ვეუბნები – შვილო, შენ იმუშავე და შენი შვილები მისმა დედამ გაზარდოს. როგორც შენ მეუბნები ხოლმე – დედა მაკლია, შენმა შვილებმაც იგივე არ თქვან-მეთქი. უმამობა შეიძლება, მაგრამ უდედობა საშინელებაა. 22 წლისაა და მაინც მეუბნება – სულ მაკლიხარო.

ყველაფერს ვაკეთებ, რომ განათლება მივცე და მერე სამსახური იპოვოს. უნივერსიტეტის გადასახადი გავუგზავნე. რამდენიმე დღის წინ ჩემი შვილის დაბადების დღე იყო და არ გადავსულვარ. მირჩევნია აქ რაღაცა ფული შევაგროვო და ის კარგად იყოს, ვიდრე მის დაბადების დღეზე გადავიდე. ვუთხარი – როდესაც გადმოვალ, მაშინ იქნება შენი დაბადების დღე-მეთქი,“ – ამბობს ნაზიკო.

ქემალფაშა

ქემალფაშაში ასობით ქალია დასაქმებული, რომლებიც ყოველდღიურად გადადიან თურქეთში სამუშაოდ. ქალების სამუშაოს ართულებს გზა, რომლის გავლაც მათ უწევთ სამსახურამდე. დაუსრულებელი რიგი სარფის საბაჟოზე და რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა.

„სკოლის დაწყების წინა პერიოდში საშინელება იყო. საათობით იჭყლიტებოდნენ ქალები რიგში, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდნენ ადრე გადმოსულიყვნენ. აქედანაც რიგი უწევდათ, რადგან როცა უკან მიდიოდნენ, ეს ხალხიც მაშინ მიდიოდა და რიგი იყო. ალბათ სახლში მისულები ვერაფერს აკეთებდნენ.

ძალიან ძნელია ასე შრომა. ზოგი ქალი აქ რჩება ქირაში, შედარებით იაფია, კვებაც, ქირაც. ამიტომ აქ ურჩევნიათ – ფული გზაში არ დაგვეხარჯოს და იქით გავაგზავნოთო.

კიდევ რას აკეთებენ იცი? სამი თვე რომ არ ამოეწუროთ, ამისათვის ღამის 11 საათზე გადადიან, ერთ საათს სარფში ჩერდებიან და ახალი დღე რომ იწყება, ღამის პირველ საათზე გადმოდიან, რომ დღე არ ჩაეთვალოთ თურქეთში ყოფნად,“ – ამბობს ნაზიკო გოგიტიძე.

ნაზიკოს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქალებს, უზარმაზარი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკაში, ზუსტად იმ შრომის გამო, რასაც წევენ, ნაკლებად არიან ჩართული პოლიტიკაში.

„დილას რომ აქ ქალი მოვა და მერე უკან გადავა, იმას პოლიტიკაზე ფიქრი არ შეუძლია. ერთი სული აქვს ჭამოს, სვას და დაიძინოს, რომ დილას ისევ ადგეს, რომ ისევ იგივე საქმე გააკეთოს.

სახელმწიფოს როლი ნულია ემიგრანტებთან მიმართებაში. სახელმწიფოს ურჩევნია ჰყავდეს ემიგრანტები და არ შეწუხდეს,  ვიდრე ქვეყნის შიგნით იყვნენ ისინი და მოაზროვნე ხალხმა ხმა აიმაღლოს.

მე ასე მგონია, სახელმწიფომ ყველა საზღვარი იმისათვის გახსნა, რომ ყველა საღად მოაზროვნე წასულიყო, რადგან დაბეჩავებული ხალხი ადვილი სამართავია.

დრო საკუთარ თავზე ფიქრისთვის

„ადრე თუ 100%-ით ჩემს შვილებზე ვფიქრობდი, ახლა 70 %-ს ვფიქრობ და 30 % გამოვყავი საკუთარი თავისთვის“, – ამბობს ნაზიკო.

ნაზიკოს თქმით, ამაში წვლილი მის მეუღლეს მიუძღვის.

„მთელი ცხოვრება სხვაზე გიფიქრია – დედა, მამა, ძმა, შვილები, შვილიშვილები. შენი თავი საერთოდ დავიწყებული გყავსო – მითხრა ჩემმა მეუღლემ.

ჩემს წარსულს რომ გადავხედავ, იმდენი გამიკეთებია, ჩემი თავი საერთოდ არ შემბრალებია. გამიხარჯია ბოლომდე. ბოლომდე მიბრძოლია. ახლაც ვიბრძვი.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: