მთავარი,სიახლეები

„ჩემი თაობა არ კმაყოფილდება საკვებითა და ტანსაცმლით“ – ქართველი ემიგრანტი აშშ-დან

30.09.2023 • 4851
„ჩემი თაობა არ კმაყოფილდება საკვებითა და ტანსაცმლით“ – ქართველი ემიგრანტი აშშ-დან

თეა გონგაძე 13 წელია ამერიკაში ცხოვრობს. 2010 წელს წავიდა საქართველოდან, 18 წლის. მანამდე ამერიკაში წასვლაზე არასდროს უფიქრია. კავკასიის ბიზნესსკოლაში სწავლობდა პირველ და მეორე კურსზე მანამ, სანამ ეკონომიკის ლექტორმა არ დაიბარა და ურჩია, რომ მისი უნარებით უმჯობესი იყო ამერიკაში ეცადა სწავლის გაგრძელება.

თეამ იცოდა, რომ გაცვლითი პროგრამები არსებობდა, მაგრამ ვერ წარმოიდგენდა, საქართველოდან თუ დაწერდა ესეებს, გაგზავნიდა რეზიუმეს, ჩააბარებდა გამოცდებს და ასე მიიღებდნენ ამერიკულ უნივერსიტეტში. ეკონომიკის ლექტორმა ურჩია მასაჩუსეტსის Mount Holyoke კოლეჯში გაეგზავნა დოსიე, იმავე სასწავლებელში, სადაც თავად სწავლობდა:

„2010 წლის აპრილში მომივიდა მეილზე უნივერსიტეტში მიღების დასტური. შუაღამე იყო, წერილი რომ ვნახე, სიხარულისგან ავყვირდი, მშობლები გავაღვიძე. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ამერიკა იყო განათლების მისაღებად საუკეთესო ქვეყანა, მაგრამ ევროპაში ვგეგმავდი მეცადა სწავლის გაგრძელება მაგისტრატურაში. ამერიკაში წასვლა ჩემს გეგმაში მანამდე არ ყოფილა.

„მიდი, სცადე, რა იცი, რა გამოვა“ – ეს იყო ჯადოსნური სიტყვები, რომლებითაც ჩემმა ლექტორმა ცვლილებებისკენ მიბიძგა. მთელი ცხოვრება სხვადასხვა დროს მახსენებს თავს ეს ფრაზა. ყველა ცვლილება ამ სიტყვებით იწყება ჩემს ცხოვრებაში: „მოდი, ვცდი, რა იცი, რა გამოვა“.

ყოველთვის ვცდილობ, ვიპოვო საკუთარ თავში ძალა და სიმამაცე, რეალობის უკეთესობისკენ შესაცვლელად. როცა უკეთესობისკენ ისწრაფვის ადამიანი, ცდა ყველაზე დიდი ნაბიჯია“ – ამბობს თეა გონგაძე.

თეა გონგაძე

საქართველოდან ევროპასა და ამერიკაში ემიგრაციაში წამსვლელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, სხვა ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელებას ძირითადად ახალგაზრდები ცდილობენ. რატომ სურთ ახალგაზრდებს სხვა ქვეყნებში ბედის ცდა და რა არის საქართველოდან მიგრაციის დიდი ტალღის მიზეზი? ამ კითხვაზე 13 წლის წინ წასულმა ემიგრანტმა ასე გვიპასუხა:

„მე, პირადად, მინდოდა უკეთესი განათლების მიღება, ვიდრე ჩემი ქვეყანა მთავაზობდა, უკეთესი შესაძლებლობები საკუთარი თავის გამოსამჟღავნებლად. მინდოდა, ამეშენებინა ისეთი ცხოვრება, როგორიც მე მინდოდა. მინდოდა, ისეთ გარემოში ცხოვრება, სადაც გარე ფაქტორები: პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური პრობლემები ვერ შეაფერხებდა ჩემს განვითარებას, ესაა მიზეზი, რატომაც მიდიან ახალგაზრდები საქართველოდან.

ჩემი თაობა და უფრო ახალგაზრდებიც არ კმაყოფილდებიან იმით, რომ აქვთ სახლი, საკვები და ტანსაცმელი. ამ თაობამ უკვე იცის, რა არის ნამდვილი შესაძლებლობები.

იციან, რომ შესაფერის გარემოში თავს გამოავლენენ და ამის შესაძლებლობა რომ არ გაქვს საკუთარ ქვეყანაში, ძალიან სამწუხაროა.

დგება მომენტი, როცა ფიქრობ: როგორ მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ მკლავს აქაურობა. კარიერულად, პიროვნულად, სოციალურად. გლობალიზაციის ხანაში ადვილია მიიღო სხვა ქვეყანაში წასვლის გადაწყვეტილება. აღარ არის ისე, როგორც 90-იან წლებში იყო – წასვლა რომ დაკარგვას ნიშნავდა.

დეპრესიაში ვარდები, როცა გრძნობ, რომ გაქვს წინსვლის უნარები და გარემო განვითარების საშუალებას არ გაძლევს“ – ამბობს თეა გონგაძე.

ბევრ შტატსა და ქალაქში ცხოვრობდა. თავიდან მასაჩუსეტსში – მე-3 და მე-4 კურსზე. მერე ნიუ იორკში გადავიდა, რამდენიმე წელი საინვესტიციო ინდუსტრიაში მუშაობდა, Carnegie Mellon უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა სამაგისტრო პროგრამაზე პიტსბურგში, სადაც 2 წელი იცხოვრა. მაგისტრატურის დასრულების შემდეგ დეტროიტში, მიჩიგანში დაიწყო მუშაობა, ახლაც დეტროიტში ცხოვრობს და „ჯენერალ მოტორსის“ საფინანსო აღმასრულებელი მენეჯერია ელექტრო და თვითმავალი მანქანების მიმართულებაზე.

„ყოველთვის ვიცოდი, რომ მხოლოდ ჩემს განათლებასა და უნარებზე უნდა დამემყარებინა ყველა სამომავლო იმედი. მაგრამ ახლაც მიკვირს როგორ მოვახერხე 18 წლის ადამიანმა ჩამელაგებინა ჩემოდანი, ოკეანე გადმომეფრინა და გამერისკა ცხოვრების გაგრძელება ქვეყანაში, სადაც არავის ვიცნობდი, არავინ მყავდა ახლობელი, არაფერი ვიცოდი, სად რა იყო და არ ვიცოდი, წინ რა იქნებოდა. ვამაყობ იმ პატარა გოგოთი“ – ამბობს თეა.

აშშ-ში პირველად ნიუ იორკში ჩავიდა. მანჰეტენზე ზღვა ხალხში იდგა და ფიქრობდა, რა პატარა ვარ სამყაროს ამ უზარმაზარ ცენტრში ყველაფერ სხვასთან შედარებითო.

ჰყვება, რომ მისი პირველი სასწავლებლის კამპუსი ჰოგვორტსს ჰგავდა. ეს იყო ადგილი, სადაც მისი წარმოდგენები მალე სრულიად შეიცვალა სასწავლო პროცესზე და სხვა რეალობაში აღმოჩნდა:

„აქაური უნივერსიტეტი დიდი სიახლე იყო ჩემთვის. სწავლის პროცესი განსხვავდებოდა იმისგან, რაც ნანახი მქონდა. ლექტორების მოლოდინი შენ მიმართ აქ განსხვავებულია, არავინ ელის, რომ რომელიმე მეცნიერის აზრი წაიკითხე, გაიზეპირე და გაიმეორებ. ეს ისეც ცხადია, რომ თუ სწავლობ, კითხულობ კიდეც.

აქ უნივერსიტეტი შენ გეძებს, როგორც ახალ ადამიანს, ყველაზე მნიშვნელოვანი ხარ შენ – რას ფიქრობ ნებისმიერ თემაზე. აინტერესებთ შენი კრიტიკული აზროვნება, როგორ პარალელს ავლებ თეორიასა და ყოფას შორის, მიზანია, იფიქრო თავისუფლად და მრავალმხრივად შეხედო ყველა საკითხს, დასვა ყველა შეკითხვა, მოუსმინო სხვის აზრსაც და არ გქონდეს წარმოდგენა, რომ მხოლოდ ერთი აზრია სწორი.

სიტყვის, აზრის თავისუფლებას და სხვისი შეხედულებების პატივისცემას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ამით იწყება ყველაფერი“ – ამბობს თეა.

უნივერსიტეტის დამთავრების მერე ნიუ იორკის ერთ-ერთ საინვესტიციო კომპანიაში მუშაობდა, საინვესტიციო მენეჯერად. ინვესტორების პორტფოლიოები ებარა და მენეჯმენტს უწევდა მათ.

თეა ნიუ იორკში ცხოვრების მნიშვნელოვან წლებს იხსენებს:

„ყველაფერთან ერთად ნიუ იორკში ძალიან მომწონდა პროფესიული ცხოვრება. უოლ სტრიტზე ვმუშაობდი, ეკონომისტები და ინვესტორები, რომლებიც ამ უზარმაზარი ქალაქის ეკონომიკას ძრავენ, ჩვენი კლიენტები იყვნენ. ჩემი შეფი, ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი, გარი შილინგი იყო იმ დროს, ბოლო რამდენიმე ეკონომიკური კრიზისი ამერიკაში მან რამდენიმე წლით ადრე იწინასწარმეტყველა საკუთარ თეორიებსა და კვლევებზე დაყრდნობით.

მისგან ბევრი რამ ვისწავლე, ვისწავლე, როგორ უნდა ელაპარაკო ინვესტორებს, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი, როგორ უნდა შექმნა ურთიერთობები და ამ ურთიერთობებზე დაყრდნობით როგორ უნდა გამოთქვა შენი აზრი.

ასაკს, წარმომავლობას, შენს პროფესიულ გამოცდილებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა აზრი შეგაქვს დისკუსიაში და რით შეგიძლია დახმარება კონკრეტულ მომენტში. ყოველთვის გისმენენ, იღებენ შენს რეკომენდაციას. ეს ძალიან საინტერესო იყო“ – იხსენებს თეა.

პიტსბურგის Carnegie Mellon უნივერსიტეტში 2 წელი სწავლობდა მაგისტრატურაში, მაგრამ საინვესტიციო მენეჯმენტის გარდა სხვა ინტერესებიც ჰქონდა, საფინანსო, საინვესტიციო ინდუსტრიას უკვე კარგად იცნობდა და ამბობს, რომ ინვესტორების მილიონობით დოლარის ინვესტიციების მენეჯმენტი მისთვის დიდი გამოცდილება იყო, მაგრამ სიახლეებს ეძებდა და აინტერესებდა, რა ხდებოდა დიდ ინდუსტრიულ კომპანიებში.

ჰყვება, რომ ჰქონდა ბევრი სხვადასხვაგვარი სამსახურის შეთავაზება, უამრავი ინტერვიუ სხვადასხვა კომპანიაში, მაგრამ არჩევანი საბოლოოდ „ჯენერალ მოტორსის“ ფინანსურ მენეჯერობაზე შეაჩერა, რადგან ძალიან აინტერესებდა ელექტრომანქანების მომავალი, გარემოსდაცვითი საკითხები, მწვანე ენერგიის იდეა და სამომავლო პერსპექტივები. იხსენებს, რომ პირველი, რაც ბავშვობაში დახატა, მანქანა იყო და მას მერე სულ მანქანებს ხატავდა. აინტერესებდა სხვადასხვა მოდელი და მათი თავისებურებები, განსხვავებები:

„ავტოინდუსტრიას ახლა ყველაზე დიდი ცვლილებების დრო უდგას, რაც ბოლო 100 წლის განმავლობაში გაუვლია. ელექტრო და თვითმავალი მანქანების ტექნოლოგიური სიახლეები ძალიან მაინტერესებდა, გარდა ამისა, მაგნიტივით მიზიდავს ცვლილებები, სულ მინდა მეც ამ ცვლილებების ნაწილი ვიყო და რაღაც როლს ვასრულებდე. ასე აღმოვჩნდი „ჯენერალ მოტორსში“, რომელიც „ტესლასთან“ ერთად დღესდღეობით ელექტრო და თვითმავალი მანქანების ყველაზე დიდი მწარმოებელია.

ელექტრომანქანების ყველაზე დიდ ბაზრად ჩვენს კომპანიას სამომავლოდ ამერიკა და ჩინეთი წარმოუდგენია. გაყიდვების ყველაზე დიდი წილი დღესდღეობით სწორედ ამ ორ ქვეყანაზე მოდის.

ამერიკაში ტვირთების გადაზიდვა ტრაილერებზეა დამოკიდებული. დიდი მიღწევა იქნება, თუ ნელ-ნელა ჩავანაცვლებთ მათ ელექტრომანქანებით. ეს დიდი წინსვლა იქნებოდა სუფთა გარემოს შესაქმნელად“ – ამბობს ქართველი ემიგრანტი.

საქართველო 2023 წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ელოდება. თეა გონგაძე ამბობს, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოს ისტორიაში ბოლო წლების განმავლობაში:

„გადარჩენაზეა აქ საუბარი, თუ გვინდა, რომ უბრალოდ გადავრჩეთ და განვვითარდეთ, ევროინტეგრაციას ახლა საქართველოსთვის სხვა ალტერნატივა არ აქვს. დიახ, გვჭირდება ევროპის, ამერიკის დახმარება, მხარდაჭერა და ამაში უცნაური არაფერია, მაგრამ ამავდროულად ამ დიდი ქვეყნების გვერდით თუ დავდგებით, მზად უნდა ვიყოთ, რომ ავიღოთ მათ მსგავსად ბევრ სხვადასხვა საკითხზე საზოგადოებრივი პასუხისმგებლობაც“ – ამბობს თეა გონგაძე.


ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში საქართველოდან ემიგრაციაში წამსვლელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს საქართველო დატოვა 80 351-მა მოქალაქემ. იმავე პერიოდში, საქსტატის თანახმად, ქვეყანაში ემიგრაციიდან დაბრუნდა 39 526 მოქალაქე. შესაბამისად, უარყოფითი მიგრაციული სალდო იყო 25 966.

2022 წელს, საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან ემიგრაციაში წავიდა 108 590 ადამიანი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: