მთავარი,სიახლეები

„იმპიჩმენტის პროცედურა არალეგიტიმურია“ – რას წერენ საკონსტიტუციოს „მეგობრები“

29.09.2023 • 15421
„იმპიჩმენტის პროცედურა არალეგიტიმურია“ – რას წერენ საკონსტიტუციოს „მეგობრები“

„საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ წამოწყებული იმპიჩმენტის პროცედურა არალეგიტიმურია, რადგან ეფუძნება კონსტიტუციის თვითნებურ განმარტებას,“ – წერს თინათინ ერქვანია, ის პარლამენტის წარმომადგენლად მუშაობდა საკონსტიტუციო სასამართლოში და „პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე“ საკონსტიტუციოს მოსამართლეებს „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება გაუგზავნა.

Amicus curiae ანუ იგივე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით სასამართლოსთვის მიმართვა ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეუძლია. ამიკუსებს უგზავნიან საერთო სასამართლოებსაც. „ბათუმელები“ დაინტერესდა, ვინ უგზავნის ამიკუსს სასამართლოებს და რამდენად ითვალისწინებენ მას მოსამართლეები?

ბოლო ამიკუსი, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გაუგზავნეს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ეხება. ამ საქმის განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი შემდეგ კვირას, 2023 წლის 3 ოქტომბერს შეიკრიბება.

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა ქვეყნებში ვიზიტებზე უარი უთხრა. მთავრობისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატების განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკას მხოლოდ მთავრობის თანხმობით ახორციელებს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი, კონსტიტუციის 78-ე მუხლზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც:

კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.

„…პრეზიდენტი არ არის ვალდებული ყველაფერში ეთანხმებოდეს მთავრობას,“ – წერს ამიკუსში თინათინ ერქვანია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს. – „საპარლამენტო რესპუბლიკებშიც კი ეს ეწინააღმდეგება პრეზიდენტის პოლიტიკურ  და კონსტიტუციურ მანდატს. პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს ხელისუფლების პოლიტიკური სატელიტი, მით უმეტეს, თუ ის არის პირდაპირ არჩეული და პოლიტიკური პარტიებისგან სრულიად დამოუკიდებელი [აპარტიული პოლიტიკური სუბიექტი].

პრეზიდენტმა დაარღვია მხოლოდ ის ნორმა, რაც კონსტიტუციაში არასწორად აღმოჩნდა 2017/18 წლების საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად. ამ კონტექსტში, საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის წარმოებას არ აქვს ერთმნიშვნელოვანი კონსტიტუციური საფუძველი.

საქართველოს საგარეო-პოლიტიკური პოზიციონირებისა და მისი პოლიტიკური იმიჯისთვის რეგიონში [და არა მხოლოდ] უმნიშვნელოვანესი და არსებითია, რომ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი არ წარიმართოს იმ მოტივით, რომ ის, უბრალოდ, საქართველოს ევროპულ კავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში ინტეგრაციის სასარგებლოდ საუბრობდა ევროპის დედაქალაქებში.

სწორედ ეს არის არაკონსტიტუციური და არა საქართველოს პრეზიდენტის – სალომე ზურაბიშვილის სრულიად ლეგიტიმური და მისსავე კონსტიტუციურ მანდატთან შესაბამისი საგარეო-პოლიტიკური აქტივობები,“ – აღნიშნავს ამიკუსში თინათინ ერქვანია.

იგი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამართლისა და პოლიტიკის სკოლის სრული პროფესორია, ასევე საერთაშორისო სამართლისა და შედარებითი საჯარო სამართლის ჰაიდელბერგის მაქს-პლანკის ინსტიტუტის (MPIL Heidelberg) და პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის (SciencesPo) სამართლის სკოლის (École de droit) მიწვეული მკვლევარია.

თინათინ ერქვანია

თინათინ ერქვანია დეტალურად ასაბუთებს, მისი აზრით, რატომ არის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა არალეგიტიმური. ამიკუსიდან რამდენიმე ამონარიდს აქვე გაგაცნობთ:

„პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირდაპირი არჩევნებით 2018 წელს აირჩიეს. მიუხედავად ამისა, 2017/18 წლების საკონსტიტუციო რეფორმის ავტორების გადაწყვეტილებით [საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე იყო ამჟამინდელი მმართველი პარტიის თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძე], მასზე სრულად გავრცელდა საპარლამენტო რესპუბლიკის ატრიბუტები. რაც გულისხმობს, რომ საქართველო, ფაქტობრივად, ჯერ კიდევ დაახლოებით ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკაა, საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის იმანენტური (დამახასიათებელი) უკიდურესად შეზღუდული უფლებამოსილებებით.

2017/18 წლების საკონსტიტუციო რეფორმას, გარდა დეფიციტის ლეგიტიმაციისა, თან ახლავს ხარვეზები მაგ. კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტი პირდაპირ განსაზღვრავს, რომ პრეზიდენტის საგარეო წარმომადგენლობა უნდა განხორციელდეს მთავრობის თანხმობით, რაც საპარლამენტო მმართველობის ფარგლებშიც კი არ შეესაბამება პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციებს (იხ. მაგალითად, გერმანიის ძირითადი კანონის შესაბამისი მუხლი 59, სადაც ასეთი თანხმობა არ არის გათვალისწინებული ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური წარმომადგენლობისას კონსტიტუციის ტექსტში.

კოორდინირებითი პროცედურები მიმდინარეობს მთავრობასთან საგარეო-პოლიტიკის დეფინირებისას, როგორც დამკვიდრებული კონსტიტუციური პრაქტიკა, მაგრამ კონსტიტუციაში ეს არ არის აღნიშნული). ეს ფორმულირება არ არის თავსებადი სახელშეკრულებო სამართლის შესახებ ვენის კონვენციის (1969 წ.) მე-7 მუხლთან, რომლის შესაბამისად, პრეზიდენტი a priori წარმომადგენელია საკუთარი ქვეყნისა საგარეო ურთიერთობებში და თან საერთაშორისო-სამართლებრივად. კონსტიტუციის ტექსტი პრეზიდენტის საგარეო წარმომადგენლობისას მთავრობის თანხმობის აუცილებლობაზე არ უნდა რეფერირებდეს.

საქართველოს პრეზიდენტი, მოქმედი კონსტიტუციური მანდატის გათვალისწინებით, უფლებამოსილია წარმოადგინოს სახელმწიფო საერთაშორისო დონეზე მთავრობის თანხმობის გარეშე [მით უმეტეს, რომ წინასწარი კონსულტაციები შედგა მთავრობასთან და პრეზიდენტმა სცადა კონსტიტუციით გათვალისწინებული ფორმალობის დაცვა], როდესაც საკითხი უკავშირდება, უბრალოდ, პოლიტიკურ ვიზიტებს ევროპის დედაქალაქებში…

ზოგადად, ცხადია, რომ საპარლამენტო რესპუბლიკების სტანდარტი არის ის, რომ საგარეო წარმომადგენლობის პროცესში მთავრობასთან მოლაპარაკების და კოორდინირებითი პროცედურები მიმდინარეობს. მაგრამ ეს პირდაპირ კონსტიტუციაში არ უნდა ჩაიწეროს.

ამ კონტექსტშიც ამ შემთხვევაში ორი ძირითადი ფაქტორია გასათვალისწინებელი: სალომე ზურაბიშვილი არის პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი – საქართველოს ჯერ არ ჩამოუყალიბებია სრულად საპარლამენტო რესპუბლიკა. და მეორე: პრეზიდენტის ნებისმიერი საგარეო-პოლიტიკური საქმიანობა არ საჭიროებს მთავრობის თანხმობას ნებისმიერ შემთხვევაში (საპარლამენტო რესპუბლიკებში მთავრობის თანხმობა და წინასწარი კონსულტაცია სჭირდება მხოლოდ საგარეო-პოლიტიკური კურსის განსაზღვრის საკითხს და იმ აქტივობებს პრეზიდენტისას, რასაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. მაგ. საერთაშორისო ხელშეკრულების დადება). მით უმეტეს, როცა ეს უკანასკნელი ახორციელებს უშუალოდ კონსტიტუციით გაცხადებულ და დეფინირებულ პოლიტიკურ ნებას,“ – წერს თინათინ ერქვანია.

ეს ამიკუსი უკვე მოსამართლეების სამუშაო მაგიდაზეა და იგი ილია ჭავჭავაძის ციტატით იწყება: „კონსტიტუციას უწოდებენ იმ ნაირ წესს მართებლობისას, რომლით ხელმწიფის უფლება გარეშემოზღრულია ხალხისაგან ამორჩეული დეპუტატებისაგან“.

საინტერესო აქ ერთი დეტალია: სახალხო დამცველი, რომელიც ამიკუსით ხშირად მიმართავს სასამართლოებს, „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით ამ დრომდე „პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე“ არ მიუმართავს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. სახალხო დამცველის პრესცენტრში ვერ გვითხრეს, ამზადებს თუ არა ამიკუსს ლევან იოსელიანი „პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე“.

„2022 წელს 20 მოსაზრება გვქონდა, 2023 წელს – 25“, – მხოლოდ ციფრები მოგვაწოდეს სახალხო დამცველის პრესცენტრიდან. აქ ასევე უარი გვითხრეს ესაუბრათ, რა საკითხებზე უგზავნიან ამიკუსს სასამართლოებს, ითვალისწინებს თუ არა მათ სასამართლო და რა პრაქტიკა გვაქვს ამ კუთხით?

სახალხო დამცველის დუმილს თინათინ ერქვანიაც უსვამს ხაზს თავის ამიკუსში:

„…მისი დუმილი მიმდინარე კონსტიტუციური კრიზისებისას [მაგ. პრეზიდენტის იმპიჩმენტი] სახალხო დამცველის მანდატის დაკნინების და არაკონსტიტუციური პრაქტიკის ჩამოყალიბების საფუძველია.

სინამდვილეში სახალხო დამცველს ახლა საკუთარი პოზიცია მზად უნდა ჰქონდეს პრეზიდენტის წინააღმდეგ წარმოებულ არალეგიტიმურ იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით და მინიმუმ amicus curiae-ის (ე.წ. „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება) მოსაზრების ფორმით უნდა შეჰქონდეს საკონსტიტუციო სასამართლოში.

მოქალაქე, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს ამიკუსით მიმართა 

„ამიკუსით მაშინ მიმართავენ სასამართლოებს, თუკი საზოგადოება დაინახავს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და მოსამართლე კვალიფიციურ არგუმენტებს იზიარებს, დღეს კი, ყველა ხედავს, რომ სასამართლოში „პარადი“ მარტო იუსტიციის საბჭოს მიჰყავს,“ – ეს რემზი შარაძის მოსაზრებაა ამიკუსზე. ეს ის მოქალაქეა, რომელმაც 2020 წელს, როგორც ფიზიკურმა პირმა ისე მიმართა სასამართლოს.

რემზი შარაძე 27 წელი შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, ახლა – ადვოკატია. რემზი შარაძემ „სასამართლოს მეგობრის“ სტატუსით საკონსტიტუციო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, როცა საკონსტიტუციოში იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ დავა მოიგო. მისი სარჩელი აუქციონის გამართვის პროცედურას ეხებოდა.

რემზი შარაძე საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის მოგების შემდეგ

ამ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ნულოვანი აუქციონის ჩატარებამდე სახელმწიფო არ იღებდა ყველა გონივრულ ზომას ქონების უფრო მაღალ ფასად რეალიზებისათვის. სადავო ნორმა საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო.

„მართალია, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ დამიკმაყოფილა და აუქციონის ჩატარების წესი შეიცვალა, მაგრამ ამის შემდეგ სხვა სარჩელზე მივმართე ამიკუსით საკონსტიტუციოს. ჩემი აზრით, მრავალჯერ არ უნდა გადიოდეს ერთი და იგივე ქონება აუქციონზე…

ჩემი ამიკუსი საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, თანაც, მაშინ პანდემია დაიწყო და ვერ შედგა განხილვა. ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლოს, ჩემი აზრით, უფრო აინტერესებს სხვების მოსაზრება და ცოტა შანსი არსებობს, რომ ეს გაითვალისწინოს კიდეც.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზეც ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის არგუმენტი უნდა გაითვალისწინოს. მოსამართლეებმა უნდა იგრძნონ, რომ ეს საკითხი სახელმწიფო მნიშვნელობისაა.

დრო ჯერ კიდევ არის – ვფიქრობ, მივწერო ჩემი ამიკუსი ამ საკითხზე საკონსტიტუციოს,“ – გვიყვება რემზი შარაძე.

საია-ს იურისტი: ჩვენი ბოლო ამიკუსი საპენსიო ასაკის გათანაბრების საკითხს ეხება 

„ბოლოს, როცა მივმართეთ ამიკუსით საკონსტიტუციო სასამართლოს, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, არის საპენსიო ასაკის საქმე,“ – გვიყვება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, გიორგი გოცირიძე.

საუბარია სარჩელზე, რომლის ავტორიც დისკრიმინაციად მიიჩნევს ქალის პრივილეგიას – პენსიაში უფრო ადრე გავიდეს, ვიდრე კაცი. საია მიიჩნევს, რომ ეს მიდგომა უნდა შენარჩუნდეს, ვიდრე ქვეყანაში ქალის და კაცის შემოსავლები არ გათანაბრდება.

გიორგი გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე – ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

„ჩვენ სასამართლოს მეგობრის მოსაზრების ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ სტატისტიკა, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ საქართველოში ქალის შემოსავლები კაცის შემოსავლებზე ნაკლებია. შესაბამისად, კაცს მეტი საშუალება აქვს, რომ დაზოგოს თანხა. ჩვენი მოსაზრება არის ის, რომ ვიდრე ასეთი დიდი განსხვავებაა ქალისა და კაცის ფინანსურ შემოსავლებს შორის, გამართლებული შეიძლება იყოს ასეთი განსხვავებული მოპყრობა, ვიდრე არ მოხდება ქონებრივი მდგომარეობის გათანაბრება,“ – მიიჩნევს გიორგი გოცირიძე.

გიორგი გოცირიძის შთაბეჭდილებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოველთვის აინტერესებს „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებები და იყო შემთხვევები, როცა ამიკუსები სასამართლოს გადაწყვეტილებებშიც კი აისახა.

„მაგალითად, 2010 წლის საქმეში სასამართლომ გაიზიარა ჩვენი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლება. ჩვენი დოკუმენტი სამოტივაციო ნაწილში აისახა, რაც იშვიათია, რომ „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება სამოტივაციო ნაწილში აისახოს.

მახსენდება ასევე „თავისუფალი უნივერსიტეტის“ ამიკუსი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვის საქმეზე. სხვა შემთხვევა არ მახსენდება, როცა ამიკუსი გაიზიარეს.

ჩვენ გვქონდა ასევე მოსაზრება წარდგენილი ელჩების დანიშვნის საკითხზე, რასაც ასევე ედავებოდნენ სალომე ზურაბიშვილს, თუმცა ეს წარდგინება, როგორც გახსოვთ, გაითხოვეს…“ – ამბობს გიორგი გოცირიძე.

  • ვის შეუძლია მიმართოს სასამართლოს ამიკუსით? 

ამიკუსით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას კანონი არეგულირებს: „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლის პრიმა 4 მუხლის მიხედვით:

„ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით დამტკიცებული ფორმით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით თავისი წერილობითი მოსაზრებით. საკონსტიტუციო სასამართლო არ არის ვალდებული, მხედველობაში მიიღოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული წერილობითი მოსაზრება.

საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს, თუ იგი საჭიროდ მიიჩნევს, გამოიყენოს სასამართლოს მეგობრის მიერ გამოგზავნილი მოსაზრება, რომელიც შესაძლებელია აისახოს აგრეთვე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში. თუ საკონსტიტუციო სასამართლო სასამართლოს მეგობრის წერილობით მოსაზრებას საკმაოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მას უფლება აქვს, გამოიძახოს იგი სასამართლო სხდომაზე დამატებითი შეკითხვების დასმის მიზნით,“ – ვკითხულობთ კანონში.

რაც შეეხება საერთო სასამართლოებს – ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პრიმა ერთი მუხლი „სასამართლოს მეგობრის“ ანუ Amicus Curiae-ს საკითხს აწესრიგებს:

„ნებისმიერ პირს, რომელიც განსახილველ საქმეში მხარე ან მესამე პირი არ არის, აქვს უფლება, საქმის არსებით განხილვამდე არანაკლებ 5 დღით ადრე სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი წერილობითი მოსაზრება ამ საქმესთან დაკავშირებით.

წერილობითი მოსაზრების წარდგენის მიზანი არ უნდა იყოს საქმის რომელიმე მონაწილის მხარდაჭერა. წერილობითი მოსაზრება სასამართლოს განსახილველი საკითხის სათანადოდ შეფასებაში უნდა დაეხმაროს. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ წერილობითი მოსაზრება ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით არ არის შედგენილი, ის მას არ განიხილავს.

სასამართლო არ არის ვალდებული, გაიზიაროს წერილობით მოსაზრებაში მოყვანილი არგუმენტები, თუმცა, თუ საჭიროდ მიიჩნევს, ის უფლებამოსილია გამოიყენოს სასამართლოს მეგობრის მიერ გამოგზავნილი მოსაზრება. ეს მოსაზრება შესაძლებელია სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აისახოს. სასამართლო უფლებამოსილია საქმის არსებით განხილვაზე გამოიძახოს წერილობითი მოსაზრების ავტორი ზეპირი განმარტების მისაცემად,“ – აღნიშნულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსში.

ამიკუსი შეიძლება ეხებოდეს როგორც სამოქალაქო და ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის საქმეებს.

____

„ბათუმელებმა“ სტატია მოამზადა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: