მთავარი,სიახლეები

ნარკომანიის ჩანაცვლებითი პროგრამით 2023 წელს აჭარაში მედიკამენტი 14 520-მა პირმა მიიღო

28.09.2023 • 550
ნარკომანიის ჩანაცვლებითი პროგრამით 2023 წელს აჭარაში მედიკამენტი 14 520-მა პირმა მიიღო

ნარკომანიის ჩანაცვლებითი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტი აჭარაში 2023 წელს 14 520-მა ბენეფიციარმა მიიღო. 2022 წელს პროგრამით გაცილებით მეტმა, 17 647-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, 2021 წელს კი – 16 291-მა პირმა.

ეს ინფორმაცია შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა“ აჭარის უმაღლეს საბჭოს მიაწოდა. უმაღლესმა საბჭომ სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობისა და ბოლო წლების სტატისტიკის შესახებ ინფორმაცია დეპუტატ ლევან ანთაძის სადეპუტატო კითხვის ფარგლებში გამოითხოვა.

დეპუტატს აინტერესებდა ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის გარდა, რა პროგრამები მოქმედებს ან დაგეგმილია აჭარაში ნარკოდამოკიდებული ადამიანების მკურნალობის, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისთვის.

ცენტრის ინფორმაციით, ნარკოდამოკიდებული ადამიანების მკურნალობის, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისთვის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის გარდა საქართველოში მოქმედებს სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის პროგრამა, ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურების პროგრამა, ნარკომანიის სახელმწიფო პროგრამის ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება და ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდების უზრუნველყოფის კომპონენტის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ქვეკომპონენტი.

სახელმწიფო პროგრამის ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებისა და ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდების უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში ქობულეთის განყოფილება 2014 წლიდან ფუნქციონირებს, ბათუმის განყოფილება კი – 2016 წლიდან.

ცენტრის ინფორმაციით, განხორციელებული პროგრამების ფარგლებში ბენეფიციარების რაოდენობა წლების მიხედვით სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ასეთი იყო: 2021 წელს 297 ბენეფიციარი იღებდა შესაბამის სერვისს; 2022 წელს – 295 ბენეფიციარი; 2023 წელს კი – 246 ბენეფიციარი.

ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურების პროგრამის ფარგლებში 2021 წელს 247-მა ბენეფიციარმა მიიღო დახმარება, 2022 წელს – 245-მა, 2023 წელს კი 293 ბენეფიციარი მკურნალობდა.

2022 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირება დაიწყო ბათუმის ნარკოლოგიურმა სტაციონარმა.

სახელმწიფო პროგრამის ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება და ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდების უზრუნველყოფის კომპონენტის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ქვეკომპონენტის ფარგლებში 2021 წელს 64 ბენეფიციარი იყო, 2022 წელს – 109, 2023 წელს კი – 65 ბენეფიციარი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 3 ივლისის N01-41/ნ ბრძანების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩართვის მინიმალური ასაკია 21 წელი, შესაბამისად, პროგრამა ვერ ემსახურება არასრულწლოვან ბენეფიციარებს. შესაბამისად შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“ არ აწარმოებს მსგავსი სახის სტატისტიკას.

2023 წლის სექტემბერში პოლიციამ ქობულეთის შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ თანამშრომელი დააკავა ნარკოდანაშაულისთვის. შსს-ს ცნობით, ის სამსახურებრივ მდგომარეობას დანაშაულებრივი საქმიანობისთვის იყენებდა და ნარკოტიკულ საშუალებას უკანონოდ ასაღებდა.

ამავე თემაზე: 

ქობულეთში ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი ნარკოტიკის გაყიდვაზე დააკავეს – შსს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: