მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა იწვევს ბუასილს და როგორ ხდება მკურნალობა – ინტერვიუ პროქტოლოგთან

26.09.2023 • 3024
რა იწვევს ბუასილს და როგორ ხდება მკურნალობა – ინტერვიუ პროქტოლოგთან

ბუასილი ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში შეიძლება პროგრესირდეს და გართულდეს. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ექიმი-პროქტოლოგი, ირაკლი ბეჟანიძე „ბათუმელებთან“ საუბრობს დაავადების მაპროვოცირებელ ისეთ მავნე ჩვევებზე, როგორიცაა სმარტფონით ტუალეტში ჯდომა და იმ ძირითად შეცდომებზე, რაც პოსტოპერაციულ პერიოდში ართულებს პაციენტის რეაბილიტაციის პროცესს. 

  • ბატონო ირაკლი, რა არის დაავადებაა ბუასილი, რას ნიშნავს ჰემოროიდული კვანძები?

ჰემოროიდული კვანძები არის ნორმალური ანატომიური სტრუქტურა, რომელიც გააჩნია ყველა ადამიანს, მაგრამ როცა კვანძი იწყებს პათოლოგიურად გამოვარდნას ანალური არხიდან და ხდება უკვე სიმპტომური (ანუ იწყება სისხლდენები, ხშირდება კვანძების გამოვარდნა), მაშინ ამას ეწოდება ბუასილი, რომელიც შეიძლება იყოს პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ხარისხის – გამოვარდნის ხარისხის მიხედვით.

  • რატომ ჩნდება ეს დაავადება, რა იწვევს?

მიზეზებში შეგვიძლია დავასახელოთ გენეტიკური წინასწარგანწყობა, ვენების კედლების სისუსტე, მოუწესრიგებელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტი (ხშირი ყაბზობა ან დიარეა), ადინამია [უმოძრაობა] ან დიდ ხანს ჯდომა, განსაკუთრებით ტუალეტში.

რისკ ფაქტორებია ასევე სიმსუქნე, ორსულობა, ბოჭკოვანით ღარიბი დიეტა, მძიმე ნივთების რეგულარულად აწევა. 

  • როგორია დაავადების პროგრესირების ეტაპები და სიმპტომატიკა?

პირველი ხარისხი ეს არის მხოლოდ სისხლდენა, ხდება ალისფერი სისხლის გამოყოფა მხოლოდ დეფეკაციის დროს; მეორე ხარისხი – როცა კვანძები ვარდება სწორი ნაწლავიდან, მაგრამ გამოდის კუჭის მოქმედების/დეფეკაციის დროს და შემდეგ თავისით ბრუნდება ანალურ არხში; მესამე ხარისხის დროს კვანძები გამოდის და აღარ შედის თავისით, ამიტომ საჭიროებს ხელით შებრუნებას; მეოთხე ხარისხის დროს კვანძები გამოდის ნებისმიერ დროს, ფეხზე დგომისას, სიარულისას, დაცემინების, დახველების, დროს, რომელიც ფაქტობრივად არ ბრუნდება ანალურ არხში, რადგან როგორც კი შეაბრუნებენ, რამდენიმე წუთში კვლავ გამოდის.

სისხლდენა ახასიათებს ყველა ხარისხს.

  • ტკივილი ახლავს?

ძლიერი ტკივილი ჰემოროიდულ დაავადებას არ ახასიათებს, თუ არ არის მწვავე შემთხვევა. ბუასილი მტკივნეული ხდება მაშინ, როდესაც არის მწვავე თრომბოზი, ანუ არ ხდება სისხლის გადინება; ეს ძირითადად ხდება დიდ ხანს ჯდომისას, ამ დროს ვენური გადინება ვერ ხდება და სისხლი ითრომბება კვანძში, კოლტი ხდება – ეს არის უკვე მტკივნეული. მესამე-მეოთხე ხარისხს ახლავს უფრო დისკომფორტი და წვის შეგრძნება.

პაციენტმა პირველივე სისხლის გამოჩენისთანავე უნდა მიმართოთ ექიმს, განსაკუთრებით მაშინ, თუ სისხლს მოჰყვება ლორწო, თუ სისხლი არის კოლტებით; მით უმეტეს, თუ ეს არის ხანდაზმული ასაკი, 40-50 წლის ზემოთ, რადგან შეიძლება არამარტო ჰემოროიდული, არამედ სხვა, საკმაოდ საყურადღებო დაავადების გამოც იყოს სისხლდენა და პაციენტი საჭიროებდეს დროულ გამოკვლევას.

  • რა გართულება შეიძლება მოჰყვეს დაავადებას მკურნალობის გარეშე?

ჰემოროიდული დაავადების გართულება არის ის, რომ დაავადების ხარისხმა შეიძლება მოიმატოს. მაგალითად, პირველი ხარისხი პროგრესირდეს მეორეში და ა.შ.

ჰემოროიდულ დაავადებას სხვა დაავადებაში გადაზრდა არ ახასიათებს. საზოგადოებაში არსებობს მცდარი წარმოდგენა, თითქოს თუ ადამიანს დიდ ხანს აქვს ბუასილი, შეიძლება დაემართოს ნაწლავის კიბო. ძალიან შორსწასული ბუასილის შემთხვევაც კი დაავადება არასდროს სიმსივნეში არ გადადის, რადგან ეს სხვადასხვა დაავადებებია. 

ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულება არის სისხლდენებით განვითარებული ანემია. ამ დროს პაციენტი ნელ-ნელა კარგავს სისხლს, შემდეგ მიდის პროცესი ანემიამდე და უკვე ბუასილის პრობლემას ანემიაც ემატება. ის, რომ სისხლდენა ფატალურად დამთავრდეს, საავადმყოფოში ვერ მიასწროს პაციენტმა, ასეთი რამ ფაქტობრივად არ ხდება.

  • როგორია მკურნალობის მეთოდები სხვადასხვა ეტაპზე?

პირველ და მეორე ხარისხზე, მკურნალობა შეიძლება იყოს კონსერვატიული, ანუ ოპერაციის გარეშე, მხოლოდ მედიკამენტური ან მცირე ინვაზიური მეთოდებით, რაც გულისხმობს უსისხლო ოპერაციებს. პირველი ხარისხის დროს ძალიან ნაკლებად ტარდება ასეთი მკურნალობა, მეორე ხარისხის დროს კი საკმაოდ ხშირია.

მაგალითად, ყველაზე ხელმისაწვდომი და ადვილად გასაკეთებელი მცირე ინვაზიური მეთოდია ლატექსის რგოლებით ლიგირება. მარტივად რომ ავხსნათ, ამ დროს კვანძებზე სპეციალური ვაკუუმ ლიგატორით კეთდება რეზინის რგოლები, რომლებსაც გადაუჭერენ კვანძებს, რითაც ირღვევა მათი სისხლმომარაგება და შედეგად, კვანძები თვითნებურად შორდება. 

არის კიდევ ინფრაწითელი ფოტოკოაგულაცია, ე.წ. წითელი ლაზერით დაწვა კვანძების, რაც ნაკლებად ეფექტურია. 

ასევე, ტარდება სკლეროთერაპია, რა დროსაც კვანძებში შეგვყავს სპეციალური მასკლეროზირებელი ნივთიერება, რომელიც იწვევს კვანძების გამკვრივებას, გაუხეშებას და სკლეროზს.

ეს ე.წ. ამბულატორიული მეთოდებია, არსებობს უსისხლო სტაციონარული მეთოდები, რომელთაც სჭირდებათ ანესთეზია, ოპერაცია, სტაციონარში გაჩერება რამდენიმე დღე, მაგრამ ითვლება მცირე ინვაზიურად. ეს არის სტეპლერული ჰემოროიდექტომია, ანუ ერთჯერადი სტეპლერ ოპერაცია და დიოდური ლაზერით კვანძების დაწვა, იგივე თერმოაბლაცია. 

მესამე-მეოთხე ხარისხის დროს უკვე არის ოპერაციული მკურნალობა. სტანდარტული მეთოდი ითვალისწინებს კვანძების ამოკვეთას სხვადასხვა ხელსაწყოების გამოყენებით. 

უსისხლო პროცედურების დროს (სტეპლერი და დიოდური ლაზერი) რეაბილიტაციის პერიოდი ნახევრდება, ნახევრდება პოსტოპერაციული ტკივილის შეგრძნებაც. 

სტაციონარში დაყოვნების პერიოდი ყველა შემთხვევაში 2-3 დღეა, მაგრამ განსხვავებაა რეაბილიტაციის პერიოდში, მაგალითად კლასიკური ოპერაციის დროს, ეს ვადა არის 4-6 კვირა და უსისხლო მეთოდების დროს – 2-4 კვირა. გააჩნია დაავადების ხარისხსა და სირთულეს. რაც შეეხება ამბულატორიულ უსისხლო მეთოდებს, პაციენტს შეუძლია პროცედურის დასრულებისთანავე წავიდეს სახლში და მეორე დღეს გავიდეს სამსახურში.

  • რა შეცდომებს უშვებენ პაციენტები პოსტოპერაციულ პერიოდში?

პოსტოპერაციულ პერიოდში ყველაზე ხშირი შეცდომაა, როცა პაციენტები ცდილობენ შეიკავონ კუჭის მოქმედება, რაც არანაირად არ შეიძლება, რადგანაც რაც უფრო დიდ ხანს მოხდება შეკავება, მით უფრო მტკივნეული იქნება დეფეკაციის პროცესი. 

გარდა ამისა, ზოგიერთი ცდილობს მიიღოს საფაღარათო საშუალებები, რადგან თვლიან, რომ თუ ფაღარათი ექნებათ, ეს გაამარტივებს დეფეკაციის პროცესს. ფაღარათის დროს განავლის ქიმიური შემცველობა სხვა არის, ტუტე რეაქცია და გაღიზიანებაც მეტია. გარდა ამისა, კუჭის მოქმედება ამ დროს ხდება ოთხ-ხუთჯერ, ერთის ნაცვლად, რაც კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას. 

მესამე შეცდომა ის არის, რომ პაციენტები პოსტოპერაციულ პერიოდში ფიქრობენ, რომ წყალი ჭრილობაზე არ შეიძლება, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც რაც უფრო ხშირად მოხდება ჰიგიენური პროცედურების ჩატარება და თბილი წყლით აბაზანების მიღება, მით უფრო მალე ჩაივლის რეაბილიტაციის პროცესი.

  • რა უნდა ვიცოდეთ დიაგნოსტიკის მეთოდზე?

სტანდარტული და კლასიკური გამოკვლევა ამ დროს არის კოლონოსკოპია, მსხვილი ნაწლავის ენდოსკოპიური დათვალიერება, რაც იძლევა 100-პროცენტიან დიაგნოზს, ნაწლავის მთელს პერიმეტრზე მსხვილი ნაწლავის პათოლოგიის შესახებ.

ეს არის ერთადერთი კვლევა, რომელსაც ვერაფერი შეცვლის.

საქმე ის არის, რომ საკმაოდ ხშირად არიდებენ თავს კოლონოსკოპიას, გაიკეთებენ ხუთ „კატე“-ს, ათ MRT-ს, ყველაფრის ექოსკოპიას, მაგრამ ამ ყველაფერზე ზუსტი არის ამ დროს ერთი კოლონოსკოპია. კოლონოსკოპიისთვის მოსამზადებელი მეთოდი ყველა პროქტოლოგს შეიძლება სხვადასხვაგვარი ჰქონდეს, რის შესახებაც დანიშნულებას მისცემს პაციენტს. თუმცა იქამდე, პირველად ვიზიტს პროქტოლოგთან არანაირი მომზადება არ სჭირდება.

  • როგორი ავირიდოთ თავიდან ბუასილი, რა გავაკეთოთ და რა არა?

პროფილაქტიკას წარმოადგენს რა თქმა უნდა ჯანსაღი ცხოვრების წესი. საკმარისია სეირნობაც, არავინ ითხოვს სპორტდარბაზში სიარულსა და მძიმე ფიზიკურ დატვირთვას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჯდომით სამუშაო ძალიან დამთრგუნველია.

საკვებს რაც შეეხება, მიირთვით უჯრედისით მდიდარი საკვები, არანაირი „ფასთ-ფუდი“. და ხაზი მინდა გავუსვა, ერთ-ერთ ყველაზე მავნე და დამაზიანებელ ჩვევას – საპირფარეშოში სმარტფონებით დიდ ხანს ჯდომა. 

ადრე წიგნი და გაზეთი იყო, ახლა სმარტფონია და ეს ძალიან მავნე ჩვევაა, დამღუპველი ფაქტობრივად, რომელიც ძალიან უწყობს ხელს ბუასილის განვითარება/პროგრესირებას.

______________________________

გადაბეჭდვის წესი


ასევე: