მთავარი,სიახლეები

რისი ატანა უწევთ ქალებს, რომლებიც ყოველდღე თურქეთში გადადიან სამუშაოდ

27.09.2023 • 3964
რისი ატანა უწევთ ქალებს, რომლებიც ყოველდღე თურქეთში გადადიან სამუშაოდ

57 წლის ციცინო ქადაგიძე 11 წელია ყოველ დილით საქართველო-თურქეთის საზღვარს კვეთს. ციცინო ხელვაჩაურში, სოფელ თხილნარში ცხოვრობს. ამიტომ სამსახურში მისასვლელად სამი სამარშრუტო ტაქსი უნდა გამოიცვალოს – ორი სარფში ჩასასვლელად, მესამე კი სარფიდან ქემალფაშამდე. ტანსაცმლის მაღაზია, სადაც ის გამყიდველად მუშაობს, ქემალფაშაში მდებარეობს.

ციცინო ერთ-ერთია იმ ასობით ქალს შორის, ყოველდღიურად რომ კვეთს საქართველო-თურქეთის საზღვარს სამსახურში წასასვლელად.

საზღვარზე უმეტესწილად რიგებია. თუ მოქალაქეები ქართულ მხარეს რიგში 5-10 წუთი დგანან, თურქულ მხარეს საბაჟო პროცედურების გავლას ხშირად 1 საათი ან მეტი დრო სჭირდება.

„ჩვენი ქვეყანა ასე მგონია ამ ქალების მხრებზე დგას. აქ და სხვა ქვეყნებში მომუშავე ქალების მხრებზე. ახლა გოგოებს გვქონდა საუბარი, რომ რამე ფართომასშტაბიანი აქცია გაგვეკეთებინა. მაგრამ ამ ჩვენს მთავრობამდე არცერთნაირი გაჭირვების ამბავი არ აღწევს. არავის არ აქვს იმედი და იმიტომაც არის ასე განუკითხაობის პროცესში ჩვენი მდგომარეობა,“ – გვეუბნება ქემალფაშაში მომუშავე მანანა პაპიძე.

მას სურს, რომ ხელისუფლებამ ქემალფაშაში დასაქმებულებს მეზობელ ქვეყანასთან უშუამდგომლოს და საბაჟოზე დაუსრულებელი რიგების საკითხი მოაგვაროს.

ქემალფაშა პატარა, სასაზღვრო ქალაქია, რომელიც ორი ქვეყნის სამეზობლო-სავაჭრო ურთიერთობებში უდიდეს როლს ასრულებს. საქართველოს მოქალაქეები ქემალლფაშაში ადრე თუ მხოლოდ ტანსაცმლის საყიდლად გადადიოდნენ, ახლა პროდუქტებისთვისაც მიდიან.

კვერცხი, შაქარი, ზეთი, თევზი, ტკბილეული, სარეცხი საშუალებები – ყველაფერს თურქეთში ყიდულობენ და საქართველოში გადმოაქვთ.

საზღვარზე გაზრდილი მგზავრთნაკადი, ცუდად აისახება იმ ქალების ყოველდღიურობაზე, ვისაც სამსახურში მისასვლელად საზღვრის კვეთა უწევს.

„რიგი თუ არაა მალე ვკვეთ საზღვარს, თუ რიგი იქნა შეიძლება ერთი საათი მომიწიოს დგომა“, – გვეუბნება ციცინო ქადაგიძე.

„იმდენად ვიღლებით რიგში, ისეთი დაღლილი ვართ, აქ ჩამოსულს შრომის გაგრძელების სურვილი აღარ გაქვს ადამიანს. მაგრამ სხვა გზა რომ არაა, აგრძელებ,“ – გვეუბნება მანანა პაპიძე. ის ქემალფაშაში, სარეცხი საშუალებების მაღაზიაში მუშაობს გამყიდველად.

რიგების გამო ხშირია შემთხვევა, როცა სამსახურში აგვიანდება.

„მეც და სხვა დასაქმებულ ქალებსაც პრობლემები გვექმნება სამსახურში, რადგან ვაგვიანებთ. ჩემ დამსაქმებელს ბევრჯერ ვიდეოც მოვუტანე საბაჟოზე გადაღებული, რომ ენახა, როგორი რიგი იყო. მაგრამ მან იცი რა თქვა? ვინც მოვა, იმუშაოს იმან, ვინც არ დააგვიანებსო. ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ,“ – ამბობს მანანა პაპიძე.

მანანა ამბობს, რომ დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, ორმაგად იღლებიან, როცა საღამოს უკან, საქართველოში ბრუნდებიან: საბაჟოზე ისევ რიგში უწევთ დგომა. რიგი ხშირად ერთ საათზე მეტ ხანსაც კი გრძელდება.

„ჩვენ, ქემალფაშაში დასაქმებულ ქალებს, გვჭირდება რამე ოფიციალური საბუთი, რის საფუძველზეც საზღვრის კვეთას რიგში დგომის გარეშე შევძლებთ. ეს იქნება ყველაზე დიდი შეღავათი ჩვენთვის, თუ ამას ვინმე გაგვიკეთებს,” – ამბობს მანანა პაპიძე.

გზა, რომელსაც სამსახურში მისასვლელად გადიან ქალები, ყველას ერთულება.

„ხელვაჩაურიდან დავდივარ ყოველდღე. დილას ექვსის ნახევარზე, ექვსზე გამოვდივარ სახლიდან. რვის ნახევარზე ქემალფაშაში ვარ.

ადამიანი იღლება. ძნელად გასავლელი გზაა. რომ არ მიჭირდეს და საქართველოში სამსახური ვნახო, აქ არ გადმოვალ. ჩემი ქმარი მუშაობს, შვილებიც, მაგრამ მაინც არ ყოფნის ოჯახს,“ – თავის ამბავს გვიყვება ნინო ირემაძე.

ნინომ 15 წელი იმუშავა სტამბულში, ანაკარასა და მერსინში ოჯახში დამხმარედ. ერთი წლის წინ საქართველოში მეუღლის ავადმყოფობის გამო დაბრუნდა. შვიდი თვეა, რაც ქემალფაშაში დაიწყო მუშაობა.

„საქართველოში ვცადე მუშაობა, მაგრამ ყველა ითხოვს ახალგაზრდას. მე კი ამ ასაკში ვერ გავხდები 30 წლის,“ – ამბობს ნინო.

ნინო ირემაძე

„საქართველოში სადაც მივედი, ყველგან დამხვდა ის სიტუაცია, რომ 40 წელს გადაცილებული არავის უნდოდა. ჩემი ასაკის სამუშაო სამრეცხაოში ვნახე და ასეთ ადგილას მუშაობაში ჩემი ჯანმრთელობა ხელს არ მიწყობს. ბრონქების პრობლემა მაქვს და დახუთულ სივრცეში ვერ ვიმუშავე. აქ, თურქეთში შრომის დაფასება იციან, გენდობიან, შეიძლება ჩვენი უფროსი მოსული არ იყოს და ჩვენ გავხსნათ მაღაზია,“ – თავის ისტორიას გვიყვება ციცინო ქადაგიძე.

ციცინო ქადაგიძე

ქემალფაშაში დღიური ანაზღაურება მინიმუმ 40 ლარია. ხელფასი იზრდება იმის მიხედვით, თუ რა დატვირთვით უწევთ ქალებს მუშაობა. ზოგ მაღაზიაში ხელფასი დღიურად 60 ლარსაც ცდება. თუმცა მზარდი ინფლაციის გამო, ეს ხელფასი მაინც არაა საკმარისი ოჯახებისთვის.

„ადრე ხელფასი დაბალი იყო, მაგრამ პროდუქტსა და ტანსაცმელზე ფასებიც იაფი იყო. გზის ხარჯიც ნაკლები მქონდა. ახლა სამსახურში მისვლა-მოსვლა 12-13 ლარი მაინც მიჯდება. ჩემი ოჯახისთვის ჩემი ხელფასი რომ არ იყოს მნიშვნელოვანი, აქ არ წამოვალ სამუშაოდ. მეუღლეც მუშაობს, მეც ვმუშაობ, ცოტა ერთმანეთს ვეხიდებით, ყველაფერს ერთი ხელფასი ვერ გააკეთებს,“ – გვეუბნება ციცინო.

ირმა დოლიძე

15 წელი იმუშავა სტამბულსა და მერსინში ირმა დოლიძემ. ოცნების ასრულებას, შეეძინა ბინა, ათი წელი მოუნდა.

საქართველოში 2022 წელს დაბრუნდა.

„რაც თურქეთში ვიშრომე, ის რომ საქართველოში მეშრომა, მაინც ვერ ვიყიდდი ბათუმში ბინას. იმხელა ანაზღაურება არაა, რომ აქ ნაშრომით ბინა იყიდო. საქართველოში რომ დავრჩენილიყავი, მშიერი არ ვიქნებოდი, მაგრამ ბინას ვერ ვიყიდდი. რომ ჩამოვედი ისეთი დათრგუნული ვიყავი, არც მიცდია სადმე მუშაობა დამეწყო. მინდოდა ჩემ ოჯახში, ჩემს შვილთან ვყოფილიყავი. ერთი-ორი თვის შემდეგ ვცადე, დავიწყე მუშაობა, მაგრამ სულ სხვანაირად არის შეცვლილი საქართველო. ვერ შევეგუე და ისევ თურქეთს დავუბრუნდი. ყოველდღიურად გადავდივარ – გადმოვდივარ. საზღვრის ყოველდღიური კვეთა – თუ რიგები არაა, რთული არაფერია. თუ რიგებია, ცოტა ძნელია,“ – ამბობს ირმა დოლიძე.

ქემალფაშაში მომუშავე ქალები ამბობენ, რომ მათი შრომა ადეკვატურად ფასდება, მაგრამ მძიმეა გზა, რომლის გავლაც სამსახურამდე უწევთ.

ამიტომ ხელისუფლებას სთხოვენ, რომ მათი პრობლემებით დაინტერესდეს და სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, მეზობელ თურქეთთან მათი საკითხი დადებითად გადაწყვიტოს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: