მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა გავლენა აქვს ჰაშიმოტოს დაავადებას ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზე – ექიმის რჩევები

25.09.2023 • 1909
რა გავლენა აქვს ჰაშიმოტოს დაავადებას ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზე – ექიმის რჩევები

ჰაშიმოტოს დაავადება ქრონიკული ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც გავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზე. დაავადება უფრო ხშირად 30-50 წლის ასაკში ვლინდება, მაგრამ ქალებში ეს დიაგნოზი 10-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე კაცებში. კლინიკა “სოლომედის” კლინიკური დირექტორი, მედიცინის დოქტორი, ექიმი-ენდოკრინოლოგი ინგა აბესაძე ჰაშიმოტოს დაავადების სიმპტომებზე, გართულებებსა და მართვაზე საუბრობს „ბათუმელებთან“. 

  • ქალბატონო ინგა, რა არის ჰაშიმოტოს დაავადება? 

ჰაშიმოტო – ეს ტერმინი ძალიან ხშირად აშინებს პაციენტს, თუმცა ჰაშიმოტო იაპონელი მეცნიერის სახელია, რომელმაც 1912 წელს აღწერა ეს დაავადება.

ჰაშიმოტოს დაავადება, იგივე ავტოიმუნური თირეოდიტი, არის ავტოიმუნური დაავადება, რაც ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმი ფარისებრ ჯირკვალს აღიქვამს, როგორც უცხოს [უცხო სხეულს] და გამოიმუშავებს მის წინააღმდეგ ანტისხეულებს. შესაბამისად არღვევს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას, მის მუშაობას.

ჰაშიმოტოს დაავადება და ზოგადად ავტოიმუნური დაავადებები არის გენეტიკურად დატვირთული. ამ შემთხვევაში, გარდა გენეტიკური ფაქტორისა, ერთ-ერთ მიზეზად მოიაზრება იოდის ჭარბი რაოდენობით მიღება.

MayoClinic: იმუნური სისტემის შეტევა ფარისებრი ჯირკვლის უჯრედებზე, გენეტიკური ფაქტორების გარდა, შესაძლოა დაკავშირებული იყოს ისეთ გარე ფაქტორებთან, როგორიცაა: ინფექციები, სტრესი და რადიაციის ზემოქმედება; შესაძლოა მიზეზი უკავშირდებოდეს ორივეს, გენეტიკურ და გარე ფაქტორებს შორის ურთიერთქმედებას.

  • რა არის რისკ ფაქტორი?

იმ შემთხვევაში თუ ბებიას, დედას, ანუ ოჯახის წევრებს უფრო ქალის ხაზით ავტოიმუნური თირეოდიტი ან სხვა ავტოიმუნური დაავადება აქვთ, შესაძლოა, რომ ოდესღაც მის შთამომავლებსაც გამოუვლინდეს. 

ჰაშიმოტოს დაავადება დაახლოებით ათჯერ უფრო ხშირად ემართებათ ქალებს, ვიდრე კაცებს. 

სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ კოვიდის შემდგომ პერიოდში საკმაოდ გახშირდა ავტოიმუნური თირეოიდიტის (პირველადი) გამოვლენა, რაც პრაქტიკის გარდა კვლევებითაც დასტურდება; ავტოიმუნური თირეოდიტი ხშირად ვლინდება ორსულობის/მშობიარობის შემდეგ პერიოდში ქალებში. ანუ შეიძლება გამოვლინდეს მაშინ, როცა ორგანიზმში ხდება რაღაც დიდი გარდაქმნა – ავტოიმუნური პროცესებისა და ჰორმონალური ცვლილებების სახით.

  • სიმპტომატიკა როგორია?

ავტოიმუნური თირეოდიტი მიმდინარეობს ჰიპოთირეოზით, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლას, ფუნქციის დაქვეითებას. 

  • ჰიპოთირეოზი პირველ რიგში იწვევს სისუსტესა და დაღლილობას, ადინამიას [უმოძრაობას], ფსიქოემოციური მდგომარეობის გაუარესებას – დეპრესიულ ხასიათს, რასაც ხშირად უკავშირებენ სტრესს, დაღლილობას, ცხოვრების სტილს და ა.შ. 
  • ძალიან მნიშვნელოვანია სხვა სპეციალისტებმა, ექიმებმა იცოდნენ მისი გამოვლენა, რადგან ხშირად ფსიქიატრიაში დეპრესია და სხვა ფსიქიკური მდგომარეობები მიმდინარეობს ჰიპოთირეოზის ფონზე და თუ აქ ჰიპოთირეოზი ნამკურნალები არ იქნება, შედეგი უფრო გვიან დგება; 
  • ასევე, ამ დროს შესაძლოა აღინიშნებოდეს წონაში უმიზეზო მატება; ხშირია ფრჩხილების მტვრევადობა, თმის ცვენა; იქმნება სტომატოლოგიური პრობლემებიც;
  • შეშუპება სახის ირგვლივ, თვალების ირგვლივ, ასევე დამახასიათებელია ზედა და ქვედა კიდურების შეშუპება; მაგ. შეშუპების გამო ხშირად პაციენტები აღნიშნავენ, რომ უჭირს თითიდან ბეჭდის მოხსნა;
  • სიცივის აუტანლობა, ძალიან ხშირად პაციენტს სცივა იმ დროს, როცა სხვებისთვის ნორმალური ტემპერატურაა; 
  • სიმპტომები შეიძლება ასევე მოიცავდეს ბრადიკარდიას, ანუ პულსის შენელებას; ციკლის დარღვევას და ყაბზობას.

ჩვენი მეტაბოლური მდგომარეობა, იგივე ნივთიერებათა ცვლის პროცესები, ჰიპოთირეოზის დროს ნელდება, პულსი ნელდება, გუნება-განწყობა ქვეითდება, ფრჩხილები მტვრევადი ხდება, მაშინ როცა ჰიპერთირეოზის დროს პირიქით ხდება – მეორე უკიდურესობაა, ფაქტობრივად. ამ დაავადების გამოვლენის საწყის ეტაპზეც [არსებობს ასეთი ფაზა – ავტოიმუნური თირედიტის ჰიპერპროფიული ფაზა] გულისცემა ჩქარდება, არის გულის ფრიალი, პაციენტი გაღიზიანებულია, მაგრამ ეს გარდამავალი ფაზაა და თავისით სრულდება.

  • რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ამ დაავადებას??

საქმე ის არის, რომ დაავადება ხშირად გვიან დიაგნოსტირდება, რადგან მას ნელი მიმდინარეობა ახასიათებს. 

მას, კალციუმის ცვლის მოშლის ხარჯზე, შეუძლია გამოიწვიოს ძვალსახსროვანი სისტემის პრობლემები.

ორსულ ქალებში, ჰიპოთირეოზი, გარდა იმისა, რომ ზრდის ნაადრევი მშობიარობის, დიდი ნაყოფის რისკებს, ძალიან საშიშია იმ მხრივაც, რომ ქმნის რისკს, მშობიარობის შემდეგ ახალშობილს ჰქონდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობა, რაც თავის მხრივ ბავშვისთვის იწვევს სხვადასხვა სირთულეებს სწავლისა და ათვისების პროცესში.

ასევე, ქალებში ჰიპოთირეოზმა შეიძლება გამოიწვიოს რეპროდუქციული დისფუნქცია [ოვულაციის შეუძლებლობის, არარეგულარული და გადაჭარბებული მენსტრუალური სისხლდენის ფონზე].

ჰიპოთირეოზს შეუძლია გამოიწვიოს “ცუდი” ქოლესტერინის დონის მატება – რომელიც არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და გულის უკმარისობის რისკ-ფაქტორი.

MayoClinic: ჰიპოთირეოზის მქონე მამაკაცებს შეიძლება ჰქონდეთ შემცირებული ლიბიდო, ერექციული დისფუნქცია და სპერმის დაქვეითებული რაოდენობა.

შეიძლება გამოიწვიოს მიქსედემური კომა, ეს იშვიათი, სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს ხანგრძლივი, მძიმე, მკურნალობის გარეშე მიმდინარე ჰიპოთირეოზის გამო. საბედნიეროდ ასეთი შემთხვევები უკვე აღარ ხდება, რადგან დიაგნოსტიკა საკმაოდ მარტივია – საჭიროა ჰორმონალური ანალიზის ჩატარება (ვენური სისხლის გამოკვლევა) და ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა.

  • რისი გამოკვლევა ხდება ამ დროს?

ჰორმონალური კვლევის დროს აუცილებელია სისხლში თირეოპეროქსიდაზას და თირეოგლობულინის მიმართ ანტისხეულების განსაზღვრა, ზუსტად ეს მაჩვენებელი განსაზღვრავს ავტოიმუნური თირეოდიტის დიაგნოზს. ასევე ხდება თირეოტროპული ჰორმონის და თავისუფალი თიროქსინის განსაზღვრა, რომელიც აჩვენებს, არის თუ არა უკვე ავტოიმუნური პროცესის ფონზე ფარისებრის ფუნქციის დაქვეითება ანუ ჰიპოთირეოზი.

ულტრაბგერითი გამოკვლევა ტარდება, რადგან ამ მდგომარეობას ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის მოცულობის გადიდება – ჰიპერტროფიული ფორმა. შეიძლება იყოს თანდართული მოცულობითი ჩანართები ან კვანძები.

  • როგორია მკურნალობა/მართვა?

მკურნალობა მარტივია, მხოლოდ ერთი აბის მიღებით დღეში შესაძლებელია ავტოიმუნური თირეოდიტის მართვა და აბსოლუტურად ნორმალური ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შექმნა ხელოვნურად, პრეპარატის ფონზე. 

ვინაიდან ეს ქრონიკული დაავადებაა, მთავარი პირობაა, რომ ეს პრეპარატი მიიღოს პაციენტმა ყოველდღე, მისი არასწორი მიღება, გამოტოვება ან ჭარბი დოზა იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის არევას, მოშლას, ამიტომ მნიშვნელოვანია დოზის სწორად შერჩევა და პრეპარატის მუდმივად მიღება. ჩვენ ხშირად ვეუბნებით პაციენტებს, რომ ეს არის თქვენი ვიტამინი, რომელიც თქვენ ყოველ დილას, გაღვიძებისას უნდა მიიღოთ, საკვებს მიღებამდე ერთ საათით ადრე.

  • რა რეკომენდაციები არსებობს კვებასთან და ზოგადად ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებით?

პრეპარატის მიღების შემთხვევაში და ფარისებრი ჯირკვლის ეუთიროიდულ [რაც ნიშნავს მისი ფუნქციის სწორ, იდეალურ მუშაობას] მდგომარეობაში მოყვანის შემთხვევაში, პაციენტი დამატებით არაფერს საჭიროებს. 

პირიქით საზიანოც კია, როცა გენეტიკურად დამძიმებული ფონის გამო ადამიანები იწყებენ იოდის პრეპარატების მიღებას, ამან შეიძლება გამოიწვიოს ამ დაავადების განვითარება. არ არის საჭირო პროფილაქტიკის მიზნით იოდის პრეპარატების მიღება, თუ მას არ გინიშნავთ ექიმი. 

რა თქმა უნდა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ფიზიკური აქტივობა და სწორი კვება ჯანმრთელობის წინაპირობაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: