მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია ავარიული სახლების პროგრამას აზუსტებს

26.09.2023 • 2579
ბათუმის მერია ავარიული სახლების პროგრამას აზუსტებს

ბათუმის მერია ავარიული სახლების პროგრამაში ცვლილებას და რამდენიმე ტექნიკური საკითხის დაზუსტებას გეგმავს.

განკარგულების პროექტის მიხედვით, რომელიც მერიამ საკრებულოს განსახილველად გადაუგზავნა, აზუსტებენ განსაზღვრებას, რა შემთხვევაშია შესაძლებელი შენობისთვის „ავარიული სახლის“ სტატუსის მინიჭება.

განკარგულების პროექტის მიხედვით ეს შეიძლება იყოს შენობა, რომელსაც სამი ან მეტი მესაკუთრე ჰყავს და ეს საკუთრება დაყოფილია, რაც საჯარო რეესტრის ამონაწერით არის დადასტურებული. შეიძლება საკუთრება იყოს როგორც ბინა, ასევე, კომერციული ფართობი.

ავარიული შენობის მდგრადობა საქართველოში აკრედიტებული ექსპერტიზით უნდა იყოს შემოწმებული.

ავარიულობის ხარისხი შესაძლებელია იყოს V, IV და III კატეგორია. წესის მიხედვით, თუ შენობის მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ექვემდებარება დემონტაჟს ან უკვე დანგრეულია, ან მისი აღდგენა-გამაგრება არარენტაბელურია.

პროგრამაში შეიძლება შევიდეს ასევე აკრედიტებული ექსპერტიზის ორგანოს მიერ გაცემული დასკვნით დადასტურებული საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე მდებარე ე.წ. „ბარაკები“ .

მერია ავარიული სახლის, მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთისა და მიმდებარედ არსებული ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პირობებსაც აზუსტებს.

პროექტის მიხედვით, სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ავარიული სახლების ჩანაცვლებისათვის ავარიული სახლის ადგილად მიიჩნევა ამ სახლზე დამაგრებული არანაკლებ 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ასევე, ამ ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთი ან ნაკვეთები, რომელთა კვადრატულობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს ავარიულ სახლზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის ერთ მეორედს.

ამ ნაკვეთების გაერთიანება შესაძლებელია ავარიული სახლის ჩანაცვლების მიზნით პროექტის განხორციელებისთვის. მერია ასევე წერს, რომ ასეთ შემთხვევაში მაკომპენსირებელი ღონისძიების გამოყენება სავალდებულო არ არის.

ავარიული სახლების ჩანაცვლებისათვის იმავე ტერიტორიაზე ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენების მიზნებისათვის მუნიციპალურ მიზნობრივ პროგრამად და ავარიული სახლის ადგილად მიიჩნევა ავარიულ სახლზე დამაგრებული 500 კვ.მ-მდე მიწის ნაკვეთი, იმ პირობით, თუ მშენებლობის ნებართვის აღებამდე წინასწარ და სრულად მოხდება ავარიულ სახლში მცხოვრები მესაკუთრეების დაკმაყოფილება, ასევე, განხორციელდება ავარიული სახლის დემონტაჟი და მერიაში წარდგენილი იქნება ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ასეთ შემთხვევაში მაკომპენსირებელი ღონისძიების გამოყენება სავალდებულო არ არის.

ასევე, თუ მშენებლობის ნებართვის აღებამდე წინასწარ და სრულად მოხდება ავარიულ სახლში მცხოვრები მესაკუთრეების დაკმაყოფილება, განხორციელდება ავარიული სახლის დემონტაჟი და წარმოდგენილი იქნება აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მაკომპენსირებელი ღონისძიების გამოყენება სავალდებულო არ არის.

დაუშვებელია ავარიული სახლების ჩანაცვლების საფუძვლით ერთდროულად ავარიული სახლის ადგილას და სხვა ტერიტორიაზე ამ წესით დადგენილი შეღავათების გამოყენება.

ბათუმის მერი ავარიული სახლების ჩანაცვლების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გადაწყვეტილებას იღებს აჭარის მთავრობის მიერ შექმნილი შესაბამისი სამთავრობო კომისიისა და ამ წესის შესაბამისად შექმნილი სათათბირო საბჭოს დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში.

წარდგენილ განაცხადს და დოკუმენტაციას სათათბირო საბჭოზე განხილვისათვის ამზადებს ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური.

სათათბირო საბჭოს მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური ამზადებს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს და წარუდგენს მერს ხელმოსაწერად, ხოლო დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური ამზადებს საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის (განმარტებით ბარათსა და თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად) პროექტს და, ასევე, საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვისათვის ბათუმის მერს ხელმოსაწერად წარუდგენს შესაბამისი წერილის პროექტს.

იმ შემთხვევაში, თუ ავარიულ სახლზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე ხდება მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთის ან/და ნაკვეთების გაერთიანება, რომელთა კვადრატულობა ჯამში აღემატება ავარიულ სახლზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის ერთ მეორედს, საკითხის განხილვა დასაშვებია მხოლოდ ამ დადგენილების მე-2 მუხლით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: