ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

გზა ხიხაძირამდე, რომელიც მესამე წელია ვერ გააკეთეს – ახალი ტენდერი 7,5 მილიონი ლარით

25.09.2023 • 1982
გზა ხიხაძირამდე, რომელიც მესამე წელია ვერ გააკეთეს – ახალი ტენდერი 7,5 მილიონი ლარით

„ამ გზაზე ისეთი მდგომარეობაა, ერთი ძლიერი წვიმაც საკმარისია და მხოლოდ ორხიდიანი მანქანა თუ გაივლის“, – ამბობენ „ბათუმელებთან“ ხიხაძირის ხეობის მცხოვრებლები. ეს „გზა“, რომელსაც ისტორიულ ხიხანის ციხესთან მივყავართ, დაახლოებით 7 კილომეტრია და მისი რეაბილიტაცია 2021 წელს უნდა დასრულებულიყო.

რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9,5 მილიონი ლარიდან 3,5 მილიონი დაიხარჯა, თუმცა გზა სოფელ ფუშრუკაულიდან ხიხაძირამდე ისევ სავალალო მდგომარეობაშია.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გზის აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ტენდერი ამჯერად ხელახლა გამოაცხადა.

გზა ხიხაძირის ხეობაში, სოფელ ნადაბურთან / 21.08.2023 / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

სოფელ კვატიადან ხიხაძირის ცენტრამდე მონაკვეთში გზის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება შპს „სამშენებლო კომპანია მამისონთან“ დეპარტამენტმა 2020 წლის ივლისში 9,4 მილიონ ლარზე გააფორმა. სამუშაოები კი, კომპანიას 16 თვეში [2021 წლის დეკემბრამდე] უნდა დაესრულებინა.

აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილება 7-ჯერ შეიტანეს. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, კომპანიამ მხოლოდ 3,5 მილიონი ლარის სამუშაოები შეასრულა, 2022 წლის სექტემბერში კი, გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება შეწყვიტა.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხელახალი ტენდერი გზის აღნიშნული მონაკვეთის „დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებაზე“, ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 11 თვის შემდეგ გამოაცხადა – 7 500 823 ლარით.

ხელახალ ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყება და 6 ოქტომბერს დასრულდება. სამუშაოები კი, ტენდერში გამარჯვებულმა დეპარტამენტისგან წერილობითი დავალების მიღებიდან 16 თვეში უნდა დაასრულოს [ტენდერის პირობის მიხედვით, „მიმწოდებელს არ აქვს უფლება სამუშაოები დაიწყოს შემსყიდველის წერილობითი დავალების მიღებამდე“].

განახლება: აღნიშნული ტენდერი არ შედგა. დეპარტამენტმა კი, იგივე თანხით ხელახალი ტენდერი გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2023 წლის 28 ოქტომბერს დაიწყო და 2 ნოემბერს დასრულდა. შესყიდვების პორტალის მიხედვით მეორე ტენდერიც არ შედგა.

თავდაპირველი ტენდერი დეპარტამენტს 10 264 247 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. ამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „მამისონს“ კი, შესყიდვების პორტალის მიხედვით, დეპარტამენტმა ჯამში 3 582 320 ლარი გადაურიცხა.

„მამისონთან“ ხელშეკრულება დეპარტამენტმა „ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების“ გამო შეწყვიტა და კომპანიას 370 ათას 360 ლარის პირგასამტეხლოს გადახდაც დააკისრეს.

კომპანია არ ეთანხმებოდა დეპარტამენტის გადაწყვეტილებას და აცხადებდა, რომ დაიწყებდა სამართლებრივ დავას.

მიუხედავად ამისა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 20 დეკემბრის განკარგულებით, „მამისონი“ შავ სიაში დაარეგისტრირეს [შესაბამისი განცხადებით სააგენტოს გზების დეპარტამენტმა მიმართა].

„საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სააგენტო მიიჩნევს, რომ შპს „სამშენებლო კომპანია მამისონი“ უნდა დარეგისტრირდეს შავ სიაში…

სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ მიმწოდებელს [„მამისონს“] ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ წარმოუდგენია სასამართლოს განჩინება, რომლითაც სააგენტოს შეეზღუდებოდა შემსყიდველი ორგანიზაციის [გზების დეპარტამენტის] წერილობით შეტყობინებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება“, – აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულებაში.

 

 

გზების დეპარტამენტმა 2022 წელს ხულოში „მამისონს“ კიდევ ერთი, 14.5-მილიონიანი ხელშეკრულება შეუწყვიტა.

ეს ხელშეკრულება დაბა ხულოდან გოდერძის მიმართულებით, ბათუმი-ახალციხის გზის 4-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა და სამუშაოები 2021 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო.

გადაიხადა თუ არა „მამისონმა“ პირგასამტეხლო? – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს ინფორმაცია ოფიციალურად, წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.

„ბათუმელები“ კომპანია „მამისონს“ ამჯერად ვერ დაუკავშირდა.

რა სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ზამლეთი-ხიხაძირის სარეაბილიტაციო გზაზე, ნახეთ ამ ბმულზე:

ბიუჯეტიდან გადარიცხული 188 000 ლარიდან ხიხაძირი-ბაკოს გზაზე 145 000 ლარი გაქრა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: