ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები,სპორტი

გოდერძსა და გომარდულში ახალი საბაგირო გზების და სასრიალო ტრასების მოწყობაა დაგეგმილი

26.09.2023 • 2065
გოდერძსა და გომარდულში ახალი საბაგირო გზების და სასრიალო ტრასების მოწყობაა დაგეგმილი

კურორტ გოდერძიზე და გომარდულში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახალი სასრიალო ტრასებისა და საბაგირო გზების მოწყობას გეგმავს. ამასთან, გოდერძიზე დაგეგმილია არსებული და ახალი საბაგირო გზების ერთმანეთთან „წრიულად“ დაკავშირება: ზანკები-ჭანჭახი-[გოდერძის უღელტეხილი / მეტეო – ახალი გზა]-ზანკები.

სპორტულ-ტურისტული სასრიალო ტრასებისა და საბაგირო გზების სადგურების შერწყმის, ასევე ახალი საბაგირო გზების დასხდომის სადგურების ნიშნულების განსაზღვრაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 140 ათასი ლარის გადახდას გეგმავს.

მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი სამინისტროს 160 ათასი ლარით ჰქონდა გამოცხადებული. შესყიდვების პორტალის მიხედვით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკთან“, რომელიც სამინისტროს სატენდერო კომისიამ გამარჯვებულად დღეს, 26 სექტემბერს, გამოავლინა.

სწორედ „გეოგრაფიკი“ სთავაზობს სამინისტროს მომსახურებას 140 ათას ლარად.

სამინისტროს ინფორმაციით, „ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე სამთო-სათხილამურო კურორტის შექმნის მიზნით შემუშავებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომლითაც განისაზღვრა კურორტის შემდგომი განვითარების ძირითადი პარამეტრები, საინჟინრო-კომუნალური სისტემების სქემები და სასრიალო ტრასების მოწყობისა და მასთან დაკავშირებით საბაგირო ხაზების განთავსების საკითხები.

აღნიშნული ქალაქმშენებლობითი დოკუმენტი დამუშავდა 2011 წელს, „გეოგრაფიკისა“ და „სტუდია არსის“ მიერ, შპს „გოდერძი რეზორტის“ დაკვეთით… დასრულებულია და ფუნქციონირებს G01 და G02 საბაგირო ხაზები და ამავე საბაგირო ხაზთან დაკავშირებული სათხილამურო ტრასები [ჭანჭახი-ზანკები].

  • კურორტის პოტენციალის გაზრდის მიზნით დაგეგმილია ახალი G06 საბაგირო ხაზის მშენებლობა და აღნიშნულ საბაგირო ხაზთან დაკავშირებული სათხილამურო ტრასის მშენებლობა;
  • ასევე იგეგმება სათხილამურო ტრასების ე.წ „წრიული“ კავშირი [ზანკები-ჭანჭახი-გოდერძის უღელტეხილი [მეტეო]- ზანკები].

ამისთვის კი, დასაზუსტებელია საპროექტო საბაგირო ხაზების დასხდომის სადგურების წერტილების განსაზღვრა, კერძოდ, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:

  • სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად დაგეგმილი სავარძლიანი საბაგირო გზის G06-ის კონტურის დაზუსტება;
  • უნდა განსაზღვროს საბაგირო ხაზის ფარეხის მოწყობის სქემა [განთავსების ადგილი];
  • უნდა დაგეგმოს არსებული სავარძლიანი საბაგირო გზის G02-ის ზედა სადგურიდან [ჭანჭახი] გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით ახალი საბაგირო ხაზი G06 [უნდა განისაზღვროს ტექნიკური პარამეტრი და ტიპი], ზამთრის სასრიალო კავშირის ოპტიმალური შესაძლებლობის გათვალისწინებით და აღნიშნულ მიმართულებაზე დამატებითი სასრიალო ტრასის სქემის განსაზღვრით [ახალი სასრიალო ტრასის დეტალური სქემის მიწოდების აუცილებლობა არ განიხილება];
  • დასაგეგმარებელი საბაგირო გზების კონტურები თავსებადი უნდა იყოს მოქმედი განაშენიანების რეგულირების გეგმით განსაზღვრულ სპორტულ-ტურისტულ სასრიალო ტრასებთან. არგუმენტირებული დასაბუთების საფუძველზე შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას წინადადებები განაშენიანების რეგულირების გეგმაში ასახული სასრიალო ტრასების კონტურების კორექტირების აუცილებლობის შესახებ.
  • საბაგირო ხაზის გამტარუნარიანობა და სხვა ტექნიკური პარამეტრები განისაზღვრება მშენებლობის განხორციელების ეტაპზე [დეტალური პროექტირების ეტაპზე]“.

რაც შეეხება გომარდულს [შუახევის მუნიციპალიტეტი], სამინისტრო მიმწოდებელს „სარეკრეაციო ტერიტორიაზე კონკრეტულ არეალში სამთო-სპორტულ-ტურისტული იფრასტრუქტურის მოწყობისათვის საბაგირო გზის წინასაპროექტო კონცეფციის დამუშავებას და საბაგირო გზის დასხდომის სადგურების ნიშნულების განსაზღვრას“ ავალებს.

„აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და PROPROJEKT Planungsmanagement & Projektberatung GmbH-ს შორის 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, განხორციელდა აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების პოტენციალის კვლევა და გომარდულში სპორტული ტურიზმის განვითარების სრულყოფილი სამოქმედო გეგმის/კონცეფციის შექმნა.

ამ კონცეფციის საფუძველზე კი, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:

  • გომარდულის სარეკრეაციო ტერიტორიაზე კონკრეტულ არეალში სამთო-ტურისტული იფრასტრუქტურის კონტექსტში საბაგირო გზის კონტურის დაზუსტება;
  • საბაგირო გზის მოწყობის გეგმა-კონცეფცია უნდა დაამუშაოს პრინციპით „წელიწადის ოთხი დრო“, რაც გულისხმობს საბაგირო ხაზის წელიწადის ოთხივე სეზონზე გამოყენებას.
  • საბაგირო ხაზი გადასაადგილებლად უნდა გამოიყენებოდეს არამხოლოდ ზამთრის პერიოდში თოვლზე თხილამურებით [მათ შორის სნოუბორდი] დაშვებისათის, არამედ შესძლებელი უნდა იყოს სამთო ველოსპორტის მოყვარულთა და ზედა სადგურის მიმდებარედ სარეკრეაციო ზონაში ვიზიტორთა გადაადგილებისათვის.
  • შესაბამისად, ამ ეტაპის საპროექტო-საძიებო სამუშაოების მიმდინარეობისას, ტექნიკური საჭიროების შემთხვევაში, გათვალისწინებულ იქნას საბაგირო ხაზის სავარძელზე ველოსიპედის მიმაგრების საკითხი;
  • მიმწოდებელმა უნდა განსაზღვროს საბაგირო ხაზის ტექნიკური მახასიათებლები და ტიპი;
  • საბაგირო გზის დასხდომის ზედა სადგური უნდა დაიგეგმოს სარეკრეაციო ზონაში საზოგადოებრივი ობიექტის განთავსებასთან [კვება/გართობა/დასვენება] მინიმუმ საფეხმავლო მისაწვდომობის შესაძლებლობით;
  • საბაგირო ხაზის გამტარუნარიანობა და სხვა ტექნიკური პარამეტრები განისაზღვრება მშენებლობის განხორციელების ეტაპზე [დეტალური პროექტირების ეტაპზე].

ტენდერის პირობის მიხედვით, „ტექნიკური დავალებით განსაზღვრული ობიექტების პროექტის კონცეფციების მომზადება, განმარტებით ბარათებთან ერთად და დამკვეთთან შეთანხმება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 2023 წლის 30 ნოემბრისა“.

რაც შეეხება ყველა დოკუმენტის მომზადებას, ტენდერში გამარჯვებულ „გეოგრაფიკს“ ამისთვის ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 6 თვე ექნება.

 

მთავარი ფოტო: გოდერძი/ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: