კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

დამწვარი სახლი ძველ ბათუმში მერიას საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეაქვს

23.09.2023 • 11957
დამწვარი სახლი ძველ ბათუმში მერიას საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეაქვს

ბათუმის მერია გამსახურდიას #11 -ში მდებარე ისტორიული სახლის მონაცემებს აზუსტებს და საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეაქვს. შესაბამისი დოკუმენტები მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად გადაუგზავნა. საკითხს მომდევნო სხდომაზე განიხილავენ.

განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში მერია არ აზუსტებს გამოჩნდა თუ არა დაინტერესებული ინვესტორი.

„ბათუმელების“ ინფორმაციით მერიას გარკვეული წინადადებებით დაინტერესებულმა პირებმა მიმართეს, თუმცა მიღებულია თუ არა რაიმე გადაწყვეტილება  ჯერ არ ვიცით.

ამ სახლის ნაწილი 10 წლის წინ დაიწვა. დამწვარი ფართობი მერიამ ყოფილი მერის, ლაშა კომახიძის, გადაწყვეტილებით, მისი გადარჩენის მიზნით, გამოისყიდა. მერიაში აცხადებდნენ, რომ იპოვიდნენ ინვესტორს, რომელიც ისტორიულ სახლს მისი პირველი იერსახით აღადგენდა.  თუმცა, ამ დრომდე არაფერი შეცვლილა და შენობის ინტერიერს დღემდე წვიმა ასველებს, პირველი სართული კი, რომელიც ისევ კერძო მესაკუთრეებს ეკუთვნით, შედარებით მოვლილია.

სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის, თუმცა ძეგლის დაცვის ზონაშია, ორსართულიანია – ძველი ბათუმის განაშენიანების ნაწილია.

2018 წელს საკრებულოსთვის გაგზავნილ განმარტებით ბარათში მერია წერდა, რომ მერია სახლს პირობიანი აუქციონის წესით გაასხვისებდა, ერთ-ერთი პირობა კი შენობის პირვანდელი იერ-სახის აღდგენა და მასში საზოგადოებრივი ობიექტის მოწყობა იქნებოდა.

ამჯერად მერიისთვის გაგზავნილ დოკუმენტებში მხოლოდ ერთი პირობის შესახებ ამოვიკითხეთ – მყიდველმა საფასური 30 დღის ვადაში უნდა დაფაროს. დააზუსტებს თუ არა მერია პირობებს ქონების აუქციონზე გატანისას „ბათუმელები“ ამას სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ დააზუსტებს.

გამსახურდიას #11

გადაბეჭდვის წესი


ასევე: