მთავარი,სიახლეები

აფხაზეთი საქართველოა – 27 სექტემბერს ბათუმში აქციას გეგმავენ

23.09.2023 • 950
აფხაზეთი საქართველოა – 27 სექტემბერს ბათუმში აქციას გეგმავენ

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში აქციას გეგმავს. პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით იგეგმება მსვლელობა სოხუმის ქუჩიდან, შემდეგ კი აქცია, სავარაუდოდ ევროპის მოედანზე გაგრძელდება: „ადგილს დავაზუსტებთ“.

აქცია 13:00 საათზე დაიწყება.

„მოგეხსენებათ 27 სექტემბერს დავაანონსეთ აქცია სახელწოდებით “აფხაზეთი საქართველოა”. ღრმად გვწამს, რომ უკრაინა და ცივილური სამყარო გაიმარჯვებს ომში, რომელიც საქართველოს ახალ შესაძლებლობებს მიცემს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის.

გვჯერა რომ ბათუმი აფხაზი ძმებისთვის არჩევანის უნიკალური შესაძლებლობაა, მაგალითი თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებების უპირატესობისა. ამიტომაც შევარჩიეთ ბათუმი აქციის ჩატარების ადგილად.

სიმბოლურად, 27 სექტემბერს, 13 საათზე შევიკრიბებით სოხუმის ქუჩაზე და გავმართავთ მსვლელობას მთავრობის ადმინისტრაციული შენობისკენ. ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, შემოგვიერთდით, ეს არის ყველას აქცია მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა. შემოგვიერთდით სამოქალაქო აქტივისტებიც“ – განაცხადა  ლევან ანთაძემ „ბათუმელებთან.“

სოხუმი 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. ამ პერიოდში დაახლოებით 10 ათასი მოქალაქე დაიღუპა, აფხაზეთიდან დევნილი 300 ათასი ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა. სოხუმის დაცემის დღეს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, ჟიული შარტავა, 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: