მთავარი,სიახლეები

რა დადგინდა პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე – „გამოვკითხეთ შსს-ს 32 თანამშრომელი“

24.09.2023 • 1210
რა დადგინდა პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე – „გამოვკითხეთ შსს-ს 32 თანამშრომელი“

რა დადგინდა პოლიციელების მხრიდან ძალადობის შემთხვევაზე? – ვიკითხეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 31 ივლისის აქციაზე, სადაც რუსული გემის შემოსვლა გააპროტესტეს. ამ აქციაზე სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით 23 პირი დააკავეს.

„დღეის მდგომარეობით სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება ობიექტური, სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით,“ – მოგვწერეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან.

უწყებაში ასევე განმარტეს, კონკრეტულად რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა პირველი აგვისტოდან დღემდე:

„2023 წლის 31 ივლისს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ქ. ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარედ, სანაპირო ზოლზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა, სახალხო დამცველის აპარატიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან შემოსული შეტყობინებები.

გამოძიების დაწყებიდან დღემდე, ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა შემდეგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: მოწმის სახით გამოიკითხა 44 პირი, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს 32 თანამშრომელი; 9 პირის მიმართ დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, რომელთაგან 7 პირი პირადად წარდგა სამედიცინო ექსპერტის წინაშე; დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და იდენტიფიცირებული იქნა გამოძიებისათვის საინტერესო ადგილზე განთავსებული ვიდეოკამერები.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი და დათვალიერებული იქნა აღნიშნული 5 ობიექტის კუთვნილი სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომელთა საერთო ხანგრძლივობა შეადგენს 113 საათს. დათვალიერებული იქნა სხვადასხვა ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებებში გასული სიუჟეტები, 2023 წლის 31 ივლისს, ქ. ბათუმში, საზღვაო ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციასთან დაკავშირებით;

სასამართლო განჩინების საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოდან ამოღებული და გამოთხოვილი იქნა 9 პირის ადმინისტრაციულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები, სამართალწარმოებასთან დაკავშირებით შედგენილი მატერიალური სახის დოკუმენტაცია, სხდომის ოქმების აუდიოჩანაწერები და მხარეების მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ელექტრონული მტკიცებულებები,“ – მოგვწერეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: