განათლება,მთავარი,სიახლეები

რა ღირს სწავლა კერძო სკოლებში და გახსნეს თუ არა რუსული სექტორები ბათუმში

22.09.2023 • 4563
რა ღირს სწავლა კერძო სკოლებში და გახსნეს თუ არა რუსული სექტორები ბათუმში

განათლების სამინისტრომ კერძო სკოლების რეფორმა დააანონსა და გამოაქვეყნა იმ ცვლილებების ჩამონათვალი, რომლებიც მათ უკავშირდება.

განათლების მინისტრ გიორგი ამილახვარს არ განუმარტავს, როდის შევა ეს ცვლილებები ძალაში, თუმცა კერძო სკოლებს, რომლებსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, მეტ-ნაკლებად მოსწონთ დაანონსებული ცვლილებები.

მაგალითად, კერძო სკოლა „ნიკეს“ დირექტორი იზოლდა ტაკიძე ამბობს, რომ დოკუმენტი ამ ეტაპზე ცოტათი ბუნდოვანია და დაზუსტება სჭირდება, თუმცა მთლიანობაში, სკოლებს მეტ თავისუფლებას ანიჭებს.

„ამ წუთში, სიმართლე გითხრათ, ეს იმდენად ბუნდოვანი დოკუმენტია, რომ ჯერ კიდევ ჩვენც არ ვართ კარგად გარკვეული. უბრალოდ ის არის, რომ მეტი დამოუკიდებლობა და მეტი თავისუფლება მიენიჭა სკოლებს“, – გვითხრა მან.

რა ნაწილში იგრძნობს სკოლა ამ თავისუფლებას? – ვკითხეთ მას.

იზოლდა ტაკიძის თქმით, თავის დროზე განათლების სამინისტრო ითხოვდა, რომ კერძო სკოლებსაც სერტიფიცირებული პედაგოგები აყვანა და სტატუსის დანამატიც სკოლას საკუთარი ბიუჯეტიდან გადაეხადა. ეს კერძო სკოლებისთვის საკმაოდ დიდი ტვირთი იყო.

„ეს დანამატი ყოველწლიურად იზრდება, კერძო სკოლებს კი არ აქვთ იმხელა შემოსავლები, რომ ყოველწლიურად გაზარდონ დანამატი. შესაბამისად, ეს ტვირთია ჩვენთვის, რადგან ფიზიკურად არ გვაქვს ამ დანამატის გადახდის საშუალება.

თუ სწავლის საფასურს გაზრდი, ეს იწვევს მოსწავლეების კონტინგენტის შემცირებას, რადგან ბაზარი ამას ვერ იტანს, ამიტომ კარგია, რომ ამ ნაწილში გვექნება კადრების თავისუფლად აყვანის შესაძლებლობა და იმის, რომ ჩვენი შეხედულებისამებრ გადავუხადოთ.

მეორე არის ის, რომ მოგვეცა სასწავლო პროცესში თავისუფლება –  სასწავლო გეგმის შეცვლა შეგვიძლია. შეგვიძლია ის საგნები დავამატოთ, რომლებიც ჩვენ გვინდა.

ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ შეფასების კომპონენტში სკოლას მოგვეცემა მეტი თავისუფლება“, – ამბობს იზოლდა ტაკიძე.

მისი აზრით, მთავარია სკოლა გავიდეს მიზანზე, შედეგზე და შემაჯამებელი შეფასება გაკეთდეს არა სემესტრულად, არამედ წლიურად.

დაგეგმილ ცვლილებებზე ვესაუბრეთ სკოლა „ევრო 2000“-ის დირექტორს, მარინე ცივაძეს.

მისი თქმით, სქემაში პედაგოგების ჩართვას მაინცადამაინც არც აქამდე ავალდებულებდა სამინისტრო კერძო სკოლებს და „ამ მხრივ, დიდად არაფერი შეცვლილა“. თუმცა მთლიანობაში, ცვლილებები კერძო სკოლების ავტონომიურობას გაზრდის.

„რაღაცებში ჩვენ თვითონ ავიღებთ პასუხისმგებლობას. დოკუმენტში წერია, რომ არ გვეკისრება დამრიგებლის ყოლის ვალდებულება, მაგრამ ჩვენ მაინც დავიტოვებთ დამრიგებლებს, რადგან დამრიგებელი საჭიროა – ვფიქრობ, ამის გარეშე არ შეიძლება.

სახელმძღვანელოების არჩევანში რომ თავისუფლება გვექნება, ესეც კარგია. თუმცა ჩვენ ისედაც  გვქონდა ამ მხრივ თავისუფლება, რადგან გერმანული გაძლიერებულად ისწავლება ჩვენს სკოლაში და როგორც გერმანული, ასევე  ინგლისური ენის სახელმძღვანელოც აკრედიტებული გვაქვს – შეთანხმებული გვქონდა სამინისტროსთან“.

მოსალოდნელ ცვლილებებს პოზიტიურად აფასებს ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ დირექტორი ნანა ჩარექიშვილი.

„კარგია ის, რომ, მაგალითად, ექსტერნატის გამოცდები იმ ენაზე ჩაინიშნება, რომელ ენაზეც მიმდინარეობს სწავლება სკოლაში.

ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ უცხოელი მოსწავლეები ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან უმაღლესში და ასევე კარგია, რომ უცხოელი პედაგოგები მასწავლებლობის უფლებას მოიპოვებენ უცხო ქვეყანაში გაცემული უფლების აღიარების გზით, რადგან ჩვენც გვყავს უცხოელი პედაგოგები და ეს კომპონენტიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, – გვეუბნება ნანა ჩარექიშვილი.

რაც შეეხება კარიერულ სქემას, მისი თქმით, ის, რომ სქემაში ჩართვის ვალდებულება მოუხსნეს კერძო სკოლის მასწავლებლებს, შესაძლოა ისინი ბიუროკრატიულ ვალდებულებებს ჩამოშორდნენ, მაგრამ მაინც გააგრძელებენ პროფესიულ ზრდას.

„მე მაინც სტანდარტისა და კანონმდებლობის მიხედვით ამყავდა პედაგოგები აქამდე და ჯერჯერობით ამ ახალ პოლიტიკაზე არ გვიფიქრია. ახალი ინფორმაციაა“, – გვეუბნება ნანა ჩარექიშვილი.

რამდენი პროცენტით გაიზარდა სწავლის ღირებულება 2023 წელს კერძო სკოლებში და გაიხსნა თუ არა რუსული სექტორები და რატომ?

„ბათუმელები“ ამ საკითხზეც ესაუბრა კერძო სკოლებს.

ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ წლის განმავლობაში სწავლის საფასური 7 ათასი ლარია, სკოლა „ევრო 2000“-ში კი – 5 ათასი ლარი. როგორც დირექტორი ამბობს, უმნიშვნელოდ გაიზარდა სწავლის ფასი სკოლა „ნიკეშიც“.

„მინიმალურად გავზარდეთ ფასი და წლიური გადასახადი 7 ათას ლარამდეა დაწყებით საფეხურზე, სადაც შედის, რა თქმა უნდა, ყველა სახის მომსახურება.

რაც შეეხება ენებს, ორი პროგრამა გვაქვს – ქართული და ინგლისურენოვანი.

რუსული სექტორი არ გვაქვს და არც ვაპირებთ გახსნას. ჩვენთან სწავლობენ რუსეთის მოქალაქეები, 70 ბავშვი მივიღეთ, ოღონდ ინგლისურენოვან პროგრამაზე. გვყავს რამდენიმე უკრაინელი მოსწავლეც“, – ამბობს ნანა ჩარექიშვილი.

„ევრო 2000“-ში, როგორც დირექტორი ამბობს, რუსულ სექტორზე 300-მდე ბავშვი სწავლობს, თუმცა დირექტორი არ აზუსტებს ეს ნაკადი, ვთქვათ, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ მიიღო, თუ მანამდეც სწავლობდნენ.

„ჩვენ ყოველთვის გვქონდა რუსული სექტორი, დაარსების დღიდან და ომის შემდეგ არ გაგვიხსნია.

თუმცა ბევრმა მოგვმართა, ვისაც სურს რუსულ სექტორზე სწავლა. გვყავს ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც ქართულ სექტორზეც ჩაირიცხნენ. 300-მდე მოსწავლე გვყავს ამჟამად რუსულ სექტორზე, მთლიანობაში წელს 150-მდე ახალი მოსწავლე დაგვემატა“, – ამბობს მარინე ცივაძე.

მისი თქმით, სკოლაში ერთი წლის სწავლის ღირებულება 5 ათასი ლარია. ამ დროისთვის სკოლაში 1200 მოსწავლე სწავლობს, თუმცა აკრედიტაცია სკოლას 1500 მოსწავლეზე აქვს მიღებული.

რაც შეეხება სკოლა „ნიკეს“, როგორც იზოლდა ტაკიძე ამბობს, რუსული სექტორი სკოლაში არ აქვთ და არც გახსნას აპირებენ.

მისი თქმით, უცხოენოვანი სექტორის გახსნას სპეციფიკური სირთულეები ახლავს, რაც მათთვის ზედმეტი თავისტკივილია.

„უცხოენოვანი ბავშვების შემთხვევაში, ზოგი 5 თვით მოდის სასწავლებლად, ზოგი – ერთი წლით, ზოგი – 3 თვით, ძალიან მოძრავია ეს ნაკადი, ამიტომ არ გვაქვს სურვილი ახალი სექტორის გახსნის. თუმცა ბევრმა სკოლამ სწორედ უცხოელების ხარჯზე გაზარდა კონტინგენტი.

ჩვენ მხოლოდ ორი უკრაინელი ბავშვი მივიღეთ და ორივეს ქართული განათლების მიღება სურს“, – ამბობს იზოლდა ტაკიძე.

რაც შეეხება სწავლის საფასურს, თანხა მინიმალურად – 20-30 ლარით იზრდება ყოველწლიურად, „ბაზრის შესაბამისად“, – გვითხრა მან.

__________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: