მთავარი,სიახლეები

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად გადაკეთებაზე ტენდერი დეპარტამენტმა შეწყვიტა

24.09.2023 • 9148
ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად გადაკეთებაზე ტენდერი დეპარტამენტმა შეწყვიტა

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან ჩქაროსნულ მაგისტრალად გადაკეთების პროექტზე 10,5 მილიონი ლარით გამოცხადებული ტენდერი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შეწყვიტა.

ტენდერის შეწყვეტამდე დეპარტამენტის სატენდერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები რამდენჯერმე გაასაჩივრეს შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში:

  • დეპარტამენტს მომსახურებას ყველაზე დაბალ ფასად – 6 790 000 ლარად, გერმანული შპს „კოკს კონსალტი-ს საქართველოს ფილიალი“ სთავაზობდა. თუმცა კომისიამ მას დისკვალიფიკაცია მისცა. კომპანიამ კომისიის გადაწყვეტილება დავების საბჭოში გაასაჩივრა, მაგრამ საბჭომ საჩივარი არ დააკმაყოფილა.
  • მეორე პრეტენდენტიც უცხოური საწარმოს ფილიალი იყო – სს „ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“, რომლის დამფუძნებელი ხორვატიული კომპანიაა. ფილიალის დირექტორი კი ორმაგი [რუსეთისა და სომხეთის] მოქალაქეობის მქონე რობერტ პეტროსიანია. ამ კომპანიის შეთავაზება 6 888 500 ლარი იყო.
  • გზების დეპარტამენტს დავების საბჭოში ორჯერ უჩივლა შპს „ტრანსპროექტმა“. მომჩივნის მთავარი მოთხოვნა ორივე სარჩელში სს „ინსტიტუტის იგჰ სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“ უცხოური საწარმოს ფილიალის დისკვალიფიკაცია იყო.

„ტრანსპროექტის“ საჩივარი დავების საბჭომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა:

„დაევალოს გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიას 2023 წლის 23 აგვისტოს სხდომის №8 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა და უცხოური საწარმოს ფილიალის „სს ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“ მიერ წარდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასება წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით“ – აღნიშნული იყო დავების საბჭოს 2023 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებაში.

აქედან სამ დღეში, 15 სექტემბერს, სატენდერო კომისიამ ტენდერი საერთოდ შეწყვიტა.

„მიგვაჩნია, რომ სატენდერო კომისია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასებისას მოქმედებდა მართლზომიერად, თუმცა, როგორც საბჭოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული მსჯელობიდან იკვეთება, სატენდერო პირობებში, სატრანსპორტო ეკონომისტის კვალიფიკაციის შეფასებასთან დაკავშირებული მიდგომები იძლევა სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას…

მიზანშეწონილია, შეფასებისას არაერთგვაროვანი მიდგომის გამორიცხვის მიზნით, „სატრანსპორტო ეკონომისტის“ მოთხოვნასთან დაკავშირებით, სატენდერო პირობები ჩამოყალიბდეს მეტად მკაფიო სახით, შემსყიდველი ორგანიზაციის კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით… რისთვისაც საჭიროა შეტანილი იქნას ცვლილება სატენდერო პირობებში…

სატენდერო კომისიას სატენდერო პირობების შეცვლა შეუძლია მხოლოდ სტატუსი – „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, ხოლო მოცემულ ეტაპზე, სატენდერო კომისია მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს სატენდერო პირობებში ცვლილება, შესაბამისად, კომისიამ, მიზანშეწონილად მიიჩნია, სატენდერო პროცედურის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში წარმართვისათვის, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, შეწყდეს ელექტრონული ტენდერი.“ – აღნიშნულია ტენდერის შეწყვეტის ოქმში.

„ტრანსპროექტი“ გზების დეპარტამენტს ისევ უჩივის. ამჯერად ის ტენდერის შეწყვეტის ოქმის გაუქმებას ითხოვს და მოითხოვს დავების საბჭოსგან „მიუთითოს შემსყიდველს მის არასწორ ქმედებაზე და მოსთხოვოს შერჩევა/შეფასების პროცესის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელება“.

ამ ბოლო საჩივრის განხილვის თარიღად დავების საბჭოში 26 სექტემბერია ჩანიშნული.

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე“, გზების დეპარტამენტმა ტენდერი 2023 წლის აპრილში გამოაცხადა.

დეტალური პროექტი ტენდერში გამარჯვებულს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში უნდა მოემზადებინა. თუმცა გზების დეპარტამენტი მომსახურებას 2 ნაწილად შეისყიდდა – ჯერ კვლევა-დასაბუთებას და შემდეგ- დეტალურ პროექტს.

როდის გამოაცხადებს ხელახალ ტენდერს გზების დეპარტამენტი, ჯერ უცნობია.

ამავე თემაზე:

მკვლელი შემოვლითი გზა – რას შეცვლის ხელისუფლება 15 წლის ლიკას დაღუპვის შემდეგ

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: