მთავარი,სიახლეები

სხალთის მთავარეპისკოპოსმა მღვდელმოქმედების უფლება აღუდგინა დეკანოზ გიორგი ფუტკარაძეს

21.09.2023 • 5946
სხალთის მთავარეპისკოპოსმა მღვდელმოქმედების უფლება აღუდგინა დეკანოზ გიორგი ფუტკარაძეს

სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონ აბულაძემ მღვდელმსახურების უფლება აღუდგინა დეკანოზ გიორგი ფუტკარაძეს. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სასწავლო უნივერსიტეტი აქვეყნებს ფეისბუქზე.

„დეკანოზმა გიორგი ფუტკარაძემ აღიარა და შეინანა თავისი კანონიკური შეცდომა, შესაბამისად, დეკანოზ გიორგი ფუტკარაძეს ამა წლის 21 სექტემბრიდან აღუდგინდეს მღვდელმოქმედების უფლება“ – წერია დღეს, 21 სექტემბერს გამოქვეყნებულ ბრძანებაში, რომელსაც ხელს მთავარეპისკოპოსი სპირიდონი აწერს.

სხალთის მთავარეპისკოპოსმა დეკანოზ გიორგი ფუტკარაძეს მღვდელმსახურება 11 დღის წინ, 9 სექტემბერს აუკრძალა. მთავარეპისკოპოსის განცხადებით, დეკანოზმა მასთან შეთანხმების გარეშე ააშენა ტაძარი.

იმ დღესვე, ფეისბუქზე ათობით ადამიანმა გააპროტესტა სხალთის ეპისკოპოსის გადაწყვეტილება და სოლიდარობა გამოუცხადა დეკანოზ გიორგი ფუტკარაძეს.

სხალთის მთავარეპისკოპოს სპირიდონს იმავე დღეს, 9 სექტემბერს გამოეხმაურა ბიზნესმენი ლევან მჟავანაძე ფეისბუქში. მან დაწერა, რომ ტაძარი, რომლის მშენებლობის გამოც დეკანოზს მღვდელმსახურება შეუზღუდეს, შეთანხმებული იყო მთავარეპისკოპოსთან.

ლევან მჟავანაძე „ბათუმელებთან“ თქვა, რომ სხალთის მთავარეპისკოპოსის გაღიზიანების რეალური მიზეზი იცის, თუმცა ამაზე ღიად საუბრის დრო ჯერ არ დამდგარა.

„რა თქმა უნდა, ვიცი მიზეზი, თუ მეუფე სპირიდონმა რატომაც გამოიყენა მოტივად სამლოცველოს მშენებლობა დეკანოზი გიორგი ფუტკარაძისთვის მღვდელმოქმედების აკრძალვისთვის, მაგრამ ვრცელი განმარტებისგან ამჯერად თავს შევიკავებ“, – გვითხრა მაშინ ლევან მჟავანაძემ.

სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი, რომელიც გამოირჩევა ღიად პრორუსული ქადაგებებით, არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი.

მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ასევე დაკავშირებულია ნინოწმინდის ბავშვთა სახლის სკანდალთან – ის ბავშვთა უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს უფლებას არ აძლევდა შესულიყვნენ ნინოწმინდის პანსიონში და შეესწავლათ მდგომარეობა, სადაც ბავშვები პერსონალის მხრიდან ძალადობაზე საუბრობდნენ.

ამავე თემაზე: 

„ხალხი ემზადება დეკანოზის დასაცავად“ – სხალთელი ეპისკოპოსის ახალი სკანდალი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: