მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ძაღლების თავშესაფრის და იპოდრომის აშენებას 32 მილიონი ლარი დასჭირდება – ტენდერი

21.09.2023 • 4814
ძაღლების თავშესაფრის და იპოდრომის აშენებას 32 მილიონი ლარი დასჭირდება – ტენდერი

ბათუმში, ჩაქვის დასახლებაში, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრისა და იპოდრომის მოსაწყობად, მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ მორიგი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა ამჯერად 32 948 540 ლარია.

ტენდერის ფარგლებში უნდა მოეწყოს ძაღლების თავშესაფარი და იპოდრომი, ასევე სარეკრეაციო სივრცე შესაბამისი ინფრასტრუქტურით.

სარეკრეაციო სივრცისა და მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურის მოწყობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 18 ოქტომბერს დაიწყება და 23 ოქტომბერს დასრულდება.

მშენებლობა, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.

სატენდერო პირობის მიხედვით „ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე [2023 წლის 21 სექტემბრამდე] უნდა გააჩნდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის [შენობა-ნაგებობების მშენებლობა] სამუშაოების შესრულების გამოცდილება ჯამურად არანაკლებ 40 მილიონი ლარის ღირებულებით;

მათ შორის ერთი ობიექტი/პროექტის ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 15 მილიონი ლარის ოდენობით“.

სატენდერო დოკუმენტაციას ახლავს მშენებლობისთვის საჭირო დეტალური პროექტი და ხარჯთაღრიცხვა.

ჩაქვში, მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრისა და სარეკრეაციო სივრცის მოწყობა ქალაქის მერიამ 3 წლის წინ დააანონსა. „გამოვდივარ ინიციატივით, რომ ახალი ცხოველთა თავშესაფარი ატარებდეს ყველაზე პოპულარული ჩვენი ოთხფეხა მეგობრის ,,კუპატას” სახელს…“ – განაცხადა მაშინ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

2021 წელს კი, მერიამ კერძო კომპანიასთან 12 788 480 ლარზე ხელშეკრულებაც გააფორმა – დაპროექტებასა და მშენებლობაზე; თუმცა, ეს ხელშეკრულება შეწყვიტა და ხელახალი ტენდერი უკვე, მხოლოდ პროექტირებაზე გამოაცხადა.

მერიის სამმართველომ შერჩევა-შეფასების ეტაპზე პროექტირების ტენდერიც შეწყვიტა, რომელიც 700 ათასი ლარით იყო გამოცხადებული [ერთ-ერთი პრეტენდენტი მერიას პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებას 490 ათას ლარად სთავაზობდა].

ხელახალი ტენდერი კი, სამმართველომ ისევ 700 ათასი ლარით გამოაცხადა.

საბოლოოდ ხელშეკრულება დეტალურ პროექტირებაზე შპს „აჭარკაპმშენთან“ მერიის სამმართველომ 587 ათას ლარზე გააფორმა.

განახლება: ეს ტენდერი არ შედგა – მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.

ამ თემაზე:

ძაღლების ჯოჯოხეთი ბათუმის ნაგავსაყრელზე | ფოტო

მთავარი ფოტო: რენდერი პროექტიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: