მთავარი,სიახლეები

გაგრძელდება ლარის გაუფასურება? – „რეპუტაციულ ზიანს თურნავას გადადგომაც ვერ უშველის“

21.09.2023 • 1643
გაგრძელდება ლარის გაუფასურება? – „რეპუტაციულ ზიანს თურნავას გადადგომაც ვერ უშველის“

„ლარის გაუფასურება აჩვენებს პანიკას,“ – მიიჩნევს ეკონომიკის ანალიტიკოსი სოსო ბერიკაშვილი. ის საუბრობს იმაზე, რომ ეროვნულ ბანკთან და ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული ბოლო პროცესით უმთავრესად ეროვნულ ბანკს რეპუტაციული ზიანი მიადგა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კი, სიტუაციის გამოსწორების ნაცვლად, ეროვნული საბჭოს ახალი წევრების არჩევით პანიკას აძლიერებს.

გაგრძელდება ლარის გაუფასურება? – „ბათუმელები“ ამ თემაზე სოსო ბერიკაშვილს ესაუბრა. ის კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანია.

  • ბატონო სოსო, ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დღეს, 21 სექტემბერს 2.68-ს მიაღწია. პირველ რიგში, გვითხარით, რამ განაპირობა ასე სწრაფად ლარის გაუფასურება? 

ეროვნულმა ბანკმა მიიღო რეპუტაციული ზიანი და ეს დარტყმა მალევე აისახა ვალუტის კურსზე, შესაბამისად, ეკონომიკაზე.

ბუნებრივია, ვიღაცებს შეეშინდათ ეროვნული ბანკის ამ დამოკიდებულების, რაც ვნახეთ და პანიკა შეიქმნა. კარგი რაც იყო ამ პროცესში, იყო ის, რომ საბჭოს რამდენიმე წევრი გაემიჯნა ამ პროცესს და ასევე, კომერციულმა ბანკებმა თქვეს, რომ ისინი არ ემიჯნებიან სანქციებს. ვფიქრობ, კომერციული ბანკების ამ განცხადებამ ცოტათი მაინც შეაჩერა პანიკა.

მსგავსი გაურკვევლობა ქმნის პანიკურ მოლოდინებს, თანაც ისეთ რეალობაში, როგორშიც არის საქართველო – ჩვენთან არსებობს უარყოფითი გამოცდილება, როცა ადამიანებს დაუკარგავთ საკუთარ ანგარიშზე არსებული თანხები.

ლარის გაუფასურება გამოხატავს ამ პანიკას.

სოსო ბერიკაშვილი

  • შეიძლება გაგრძელდეს ლარის გაუფასურება? თუ პანიკამ გადაიარა? 

რთულია პროგნოზირება და გადაჭრით რამის თქმა. რეპუტაციულად დაზიანებული ეს ეროვნული ბანკი ნაკლებად შეიძლება იყოს რაიმეს გარანტი. რომ გამოვიდეს ნათია თურნავა და თქვას, ყველაფერი კარგად არისო, ცხადია, არ დაუჯერებენ – იგი დისკრედიტებულია.

ნათია თურნავას გადადგომაც კი, ახლა ვეღარაფერს უშველის. არ ვამბობ, რომ ის არ უნდა გადადგეს. ჩემი აზრით, ნათია თურნავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არ უნდა იყოს, თუმცა ამ რეპუტაციული ზიანის გამოსწორებას თურნავას გადადგომაც არ ეყოფა.

მეტიც, ჩვენ ვხედავთ ამ პროცესის განვითარებას დღეს პარლამენტში: რეპუტაციის გამოსწორების მცდელობის ნაცვლად, ვნახეთ, რომ საბჭოს მინიმუმ ერთი წევრის კომპეტენცია კითხვებს ბადებს, მას კომიტეტმაც არ დაუჭირა მხარი. პარლამენტი კი ადგა და მაინც დაამტკიცა. ამიტომაც რთული სათქმელია, რამდენად შეიძლება გაგრძელდეს პანიკური პროცესი.

  • რამ შეიძლება შეაჩეროს ეს პროცესი? 

ჯერ-ჯერობით არაფერი არ კეთდება სწორად. ნათია თურნავამ მიიღო გადაწყვეტილება, როცა იცოდა, რომ ეს იქნებოდა დამაზიანებელი ეროვნული ბანკისთვის და ქვეყნისთვის. მის ინტერესში არ არის ეროვნული ბანკის რეპუტაციაზე ზრუნვა.

პროცესი დღეს გაგრძელდა იმით, რომ აირჩიეს საბჭოს ახალი წევრი, რომელსაც მებოსტნეობის სპეციალობა აქვს. გამოდის, საბჭოში აღარ არიან წევრები პროფესიონალიზმის ნიშნით, ვისაც შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, როგორი უნდა იყოს მაკროეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანაში. გადაწყვეტილება მიიღება არა პროფესიონალიზმის ნიშნით, არამედ პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით.

ყველამ ვიცით, რომ რეპუტაციის დანგრევა მარტივია, აღდგენა – ძალიან რთული. რეპუტაციის აღდგენა ვეღარ მოხდება უცებ.

  • რეპუტაციის აღდგენა და პროცესის ჯანსაღად განვითარება მხოლოდ პოლიტიკურ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, თუ შესაძლებელია ამ პროცესში ჩარევა? 

მე ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი ამ პარლამენტის პირობებში და არ ვფიქრობ, რომ რამე იყოს შესაძლებელი. ფორმალურად ეროვნული ბანკის საბჭოს აქვს უფლებამოსილება და „ქართული ოცნება“ სრულად აკონტროლებს ეროვნულ ბანკს. ესაა მოცემულობა.

არ ვიცი, მოქალაქემ პროტესტის გამოხატვის გარდა, რა უნდა ქნას. ჩვენ კი გვიწერია კონსტიტუციაში, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ისინი ანგარიშვალდებული არიან ბიძინა ივანიშვილის და არა ხალხის წინაშე.

ასე რომ, უცებ შეიძლება არაფერი შეიცვალოს, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში აუცილებლად გვექნება პრობლემები. დღეს ვნახეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეშფოთება საქართველოში მომხდარი ამბის გამო. ეს განცხადება უბრალოდ განცხადება არ არის.

  • რას ნიშნავს პრაქტიკაში ის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან სანქციებისადმი მიდგომის შეცვლის გამო? 

ეროვნული ბანკი ყოველთვის იყო საქართველოს წარმომადგენელი საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობაში, იქნება ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი თუ აზიის განვითარების ბანკი. რადგან ეროვნული ბანკი აღარ არის სანდო პარტნიორი, ეს, რასაკვირველია, პრობლემებს შეუქმნის საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობაში. არ მგონია, რომ უცებ შეგვიწყვიტონ დახმარება და ფინანსური რესურსი, მაგრამ შესაძლოა, ეს დღეც დადგეს.

  • შეიძლება, მაგალითად, რეფინანსირების განაკვეთიც გაიზარდოს და ადამიანებს ბანკის სესხი გაუძვირდეთ, თუ ლარი ისევ გაუფასურდა? 

რეფინანსირების განაკვეთი დამოკიდებულია ინფლაციის მოლოდინებზე, ამ მოლოდინის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკი. თუ ლარი გაუფასურდება ისევ, ცხადია, ეს ცუდად აწვება ინფლაციაზე და ინფლაციის მოლოდინები გაიზრდება.

ამ ეტაპზე ქვეყანაში რეალური მაკროეკონომიკური პარამეტრები არსებითად არ შეცვლილა. შესაბამისად, თუ ეს პანიკა არ გაიზრდება, მოკლევადიან პერიოდში არაფერი მოხდება, გრძელვადიანი პერიოდზე კი, აუცილებლად აისახება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის არარსებობაა და მისი სრულად კონტროლის ქვეშ მოქცევა „ქართული ოცნების“ მხრიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: