განათლება,მთავარი,სიახლეები

სამინისტრო სტუდენტების ვალების განულებას კერძო უნივერსიტეტებს ავალებს

21.09.2023 • 1101
სამინისტრო სტუდენტების ვალების განულებას კერძო უნივერსიტეტებს ავალებს

დღეს, 21 სექტემბერს, განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხზე ბრიფინგი გამართა.

ამილახვრის თქმით, სამინისტრომ სტუდენტების სწავლის დავალიანების განულება კერძო უნივერსიტეტებს მოსთხოვა. ამ ეტაპზე უცნობია, რა პირობებს წაუყენებს სამინისტრო სახელმწიფო უნივერსიტეტებს.

„ბათუმელები“ ერთ-ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტს ესაუბრა, სადაც ვერ გვითხრეს, როგორ დაიფარება სტუდენტების დავალიანება – სახელმწიფო გადაიხდის, თუ, უბრალოდ, უნივერსიტეტი გაუნულებს მათ ამ დავალიანებას. „ალბათ წერილობით მოგვივა ამის შესახებ ინფორმაცია და ამის შემდეგ გვეცოდინება დეტალები“, – გვითხრეს უნივერსიტეტში.

რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, მინისტრის თქმით, დავალიანების განულების მომხრეა ყველა კერძო უნივერსიტეტი, გარდა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტებისა.

„ყველა უნივერსიტეტმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რის შედეგადაც დავალიანება – 30 ათასზე მეტ სტუდენტს არც ერთი თეთრის გადახდა არ მოუწევს და უნივერსიტეტები მათ არსებულ დავალიანებას სრულად გაუნულებენ.

ამ გადაწყვეტილების ფარგლებში ჩვენ კერძო უნივერსიტეტებს შევთავაზეთ არსებული დავალიანების ობიექტური საბაზრო ღირებულების ანაზღაურება, რასაც ყველა კერძო უნივერსიტეტი დათანხმდა, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გარდა.

როგორც ჩანს, ამ უნივერსიტეტებს სხვა მოტივაცია აქვთ“, – აცხადებს გიორგი ამილახვარი.

მისი თქმით, სამინისტროს ბაზების მიხედვით, აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტებს ამ მომენტში ფინანსური დავალიანების გამო დაახლოებით 1 000-მდე სტატუსშეჩერებული სტუდენტი ჰყავთ და ამ ეტაპზე მათი დავალიანება ვერ განულდება.

„ჩვენ მიერ შეთავაზებული სამართლიანი პირობების მიუხედავად, მათ თანამშრომლობის სურვილი მაინც არ გამოთქვეს“, – ამბობს ამილახვარი და ამასთან უარყოფს კერძო სასწავლებლებზე სამინისტროს მხრიდან ზეწოლას.

„ბათუმელები“ კავკასიისა და თავისუფალ უნივერსიტეტებს დაუკავშირდა, თუმცა მათ ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. შესაბამისად, ბუნდოვანია, რას სთავაზობდა მათ სახელმწიფო. იმას, რომ თავად გაუნულონ სტუდენტებს დავალიანება, თუ სახელმწიფო გადაწყვეტს რა რაოდენობის ვალი დაუფაროს კერძო უნივერსიტეტის სტუდენტებს.

ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში კი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები ამბობენ, რომ ბოლო 4 აკადემიური წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებამ დაახლოებით 2.5 მილიონი ლარი შეადგინა. „ეს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ სოციალურად დაუცველს, რომელსაც სწავლა სურს თავისუფალ ან აგრარულ უნივერსიტეტებში, უფასოდ მიიღოს მაღალი ხარისხის განათლება.

ამავე დროს, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები საბაკალავრო პროგრამის თითოეულ სტუდენტს, პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების გარდა, უფასოდ ანიჭებს დამატებით 15 კრედიტს, რაც თითოეული სტუდენტისათვის დაახლოებით 1500 ლარის დაფინანსებას გულისხმობს.

საგულისხმოა, რომ დაწყებული სემესტრის პირველი 30 კალენდარული დღის განმავლობაში ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია გადახდილი თანხა უკან დაიბრუნოს აკადემიურ შვებულებაში გასვლის შემთხვევაში. ასევე, სტუდენტს შეუძლია სემესტრული სწავლის დაწყება სწავლის საფასურის წინასწარ გადახდის გარეშე“, – ნათქვამია თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ერთობლივ განაცხადში.

მინისტრ ამილახვრის თქმით, დავალიანების განულება ეხება საქართველოს მოქალაქე სტუდენტებს, რომელთაც 2023 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსი შეჩერებული აქვთ. ასევე, სტუდენტებს, რომელთა სტატუსის შეჩერებიდან არ არის გასული 5 წელი.

„საუბარია ყველა საფეხურის სტუდენტზე, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო, ასევე სადოქტორო“, – ამბობს სამინისტრო.

მაგალითად, ბოლო 6 წელიწადში საქართველოში დოქტორანტების რაოდენობა 1029-დან შემცირდა 797-მდე, ხოლო კურსდამთავრებულთა რაოდენობა – 480-იდან 285-მდე. აკადემიურ შვებულებაში კი 1201 დოქტორანტი იმყოფება. ისინი ვერ ახერხებენ სწავლის გაგრძელებას, რადგან მწირი დაფინანსების პირობებში იძულებულნი არიან იმუშაონ და სწავლისა და კვლევებისთვის დრო აღარ რჩებათ. სწავლის საფასურის ერთჯერადი განულება მოაგვარებს თუ არა მათ პრობლემებს? –  მინისტრის შეფასება ამის თაობაზე არ მოგვისმენია.

მთავრობის ბოლო სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილებით, 30 ათასამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს დავალიანება გაუნულდება. საუბარია 40 მილიონამდე ლარზე. ამ თანხაში მოიაზრება თუ არა კერძო უნივერსიტეტების მიმართ დავალიანება, არც ეს დაუზუსტებია დღეს განათლების მინისტრს.

__________________

ამ თემაზე:

უნივერსიტეტები 30 000 სტატუსაღდგენილ სტუდენტს ვერ მიიღებენ – რა მიზანი აქვს ღარიბაშვილს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: