მთავარი,სიახლეები

თურნავას ხილული ქონება – რას ემუქრება საფრთხე დასანქცირების შემთხვევაში

22.09.2023 • 3820
თურნავას ხილული ქონება – რას ემუქრება საფრთხე დასანქცირების შემთხვევაში

ბოლო სამ დღეში ეროვნულმა ბანკმა 57 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა, ცდილობს ბანკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას გადაწყვეტილებით გამოწვეული არასტაბილური გარემო ეროვნული ვალუტის ირგვლივ როგორმე შეცვალოს, პროცესი შეანელოს და ლარის კურსის რყევა შეაჩეროს.

თუმცა ლარი მაინც გაუფასურდა.

ლარის რყევა განაპირობა ნათია თურნავას გადაწყვეტილებამ, რომლითაც ეროვნულმა ბანკმა სანქციების რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა – ბანკებს აუკრძალა სანქციების აღსრულება საქართველოს იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელთა მიმართაც ადგილობრივი სასამართლოების ძალაში შესული განაჩენი არ არის დამდგარი.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კომენტარი, სადაც მან საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას არაკონსტიტუციური უწოდა.

ნათია თურნავა, საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და ამჟამად ეროვნული ბანკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელია და ფულს ძირითადად დოლარსა და ევროში ინახავს. 2023 წლის აპრილში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მას ანგარიშზე აქვს 130 999 დოლარი, როგორც თავად წერს, ბინის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი. მის მეუღლეს, დავით ვეშაპიძეს კი 2023 წლის აპრილში საკუთარ საბანკო ანგარიშებზე ჰქონდა 42 495 დოლარი და 229 59 ევრო.

ორივეს ერთად კი ლარის ანგარიშებზე დაახლოებით 84 ათასი ლარი აქვთ, დანაზოგის სახით.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ნათია თურნავამ და მისმა მეუღლემ, დავით ვეშაპიძემ შემოსავალი უძრავ ქონებაში დააბანდეს.

ყველაზე ძვირადღირებული, რაც ამ ეტაპზე ნათია თურნავას ქონებრივ დეკლარაციაში იძებნება, ეს არის ახალაშენებული სახლი თბილისის პრესტიჟულ უბანში, ვაკეში, ჯაფარიძის პირველ შესახვევში. ეს ადგილი მცირე ზომის შენობებითა და სარდაფით, ორი დამხმარე ნაგებობით [ჯამში 561.8 კვ.მ] ნათია თურნავას მეუღლეს, დავით ვეშაპიძეს 2015 წელს შეუსყიდია – დეკლარაციაში წერია, რომ 100 000 დოლარად.

დეკლარაციების მიხედვით, 2018 წელს ამ მისამართზე დავით ვეშაპიძემ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო და შავი კარკასის მდგომარეობამდე მიიყვანა. 2019 წელს შევსებულ დეკლარაციაში მშენებლობაზე 239 746 ლარი დახარჯა. იდენტური თანხაა მითითებული 2020-2023 წლებში შევსებულ დეკლარაციებშიც, როგორც მშენებლობის ხარჯი. დამატებითი ინფორმაციის სახით დეკლარაციებში ასევე მითითებულია, რომ შენობა არის შავი კარკასის მდგომარეობით. ეს, სავარაუდოდ, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მშენებლობა შეაჩერეს.

ნათელა თურნავას მშენებარე სახლის – რენდერი

ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, ეს ერთადერთი სახლი არ არის, რომელსაც ნათია თურნავა იშენებს.

2016 წელს ნათია თურნავასთვის უჩუქებიათ 1615 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი მცხეთაში, სოფელ არაშენდაში. დეკლარაციაში მითითებული არ არის ვისგან მიიღო ეს ქონება საჩუქრად. 2023 წლის აპრილში, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, ამ მიწის ნაკვეთის შემოსაზღვრის მიზნით გალავნის მშენებლობის ნებართვის მისაღებად მიმართეს.

თანდართულ დოკუმენტებში ვკითხულობთ ასევე, რომ სამომავლოდ ამ მიწის ნაკვეთზე 4 სააგარაკე სახლის მშენებლობას გეგმავენ. პირს, რომელმაც მერიას მიმართა, უპასუხეს, რომ მესაკუთრის მინდობილობა უნდა წარადგინოს.

თურნავას დეკლარაციების მიხედვით, დავით ვეშაპიძე ფლობს ჯამში 4314 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს და შენობებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ საირხეში. თურნავას ინფორმაციით, ეს ქონება მას მემკვიდრეობით მიუღია.

2011 წელს დავით ვეშაპიძეს, ლაგოდეხში, სოფელ ჰერეთისკარში ორი მიწის ნაკვეთი ჯამში 28 ჰექტარი [282 957კვ. მეტრი] მიწის ნაკვეთი შეუძენია. თურნავას ინფორმაციით, აქედან 249 951 კვ.მეტრში ვეშაპიძეს 25 000 დოლარი გადაუხდია. დარჩენილ 33 006 კვ,მეტრ მიწის ნაკვეთშიც – ასევე 25 000 დოლარი.

ნათია თურნავამ დეკლარაციაში ჩაწერა ასევე ბინა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე [130,79 კვ.მეტრი], რომელიც მან ასევე საჩუქრად მიიღო. არც ამ შემთხვევაში უწერია, ვისგან მიიღო ეს ქონება საჩუქრად. ასევე ბინა თბილისში, ამაღლების ქუჩაზე [137,21 კვ/მეტრი] მას 2010 წელს 60 000 დოლარად შეუძენია [სავარაუდოდ მან ეს ბინა გაყიდა და სწორედ ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი აქვს მითითებული დეკლარაციაში].

2008 წელს დავით ვეშაპიძისთვის უჩუქებიათ ბინა თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე [63,3 კვ/მეტრი]. ქონებრივ დეკლარაციაში არც ამ შემთხვევაშია მითითებული, ვინ აჩუქა ნათია თურნავას მეუღლეს ბინა. რეესტრის მონაცემებით, ეს ბინა 2008 წელს თამარ ვეშაპიძეს ეკუთვნოდა.

ნათია თურნავა ფლობს ასევე ორ ბინას ბათუმში, ზღვის სანაპირო ზოლში, კობალაძის ქუჩაზე [შეძენილია 2013- 2017 წლებში, ჯამში – 73, 75 კვ.მ.]

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ნათია თურნავას შვილი, ირაკლი ვეშაპიძე რამდენიმე კომპანიის დირექტორად, ყოფილ დირექტორად, მეწილედ ან ყოფილ მეწილედ ფიქსირდება.

ირაკლი ვეშაპიძემ საჯარო რეესტრს ბოლოს 2022 წლის ნოემბერში მიმართა. მან რეესტრში ასახა ინფორმაცია ოზურგეთის ჩაის საწონ ფაბრიკასა და შპს „ასკანგელ ალიანსს“ შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების შესახებ. 2021-2022 წლებში ირაკლი ვეშაპიძე ამ კომპანიის დირექტორად ფიქსირდებოდა.

„ასკანგელ ალიანსი“ ბენტონიტური თიხის მომპოვებელი და მწარმოებელი კომპანიაა.

2016 წელს,„ ასკანგელ ალიანსს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მდებარე 30 294 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გადასცეს. კომპანიამ მინერალური პროდუქტების მწარმოებელი საწარმოს აშენებისა და 175 896 ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო.

შპს „ასკანგელ ალიანსი“ იმ კომპანიებს შორის იყო, რომლებსაც პანდემიისას დაწესებული საგანგებო მდგომარეობის გამო საქმიანობა არ ეზღუდებოდა.

კომპანიის მფლობელები არიან თენგიზ შარაშიძე [10%], კვიპროსში დაფუძნებული კომპანია SERTORA LIMITED, [60%], გოჩა ჩხაიძე [ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/20%], გიორგი ჩხეიძე [აშშ-ის მოქალაქე, 2.5%] ნინო ჩხეიძე [2.5%] ნანული ჩხეიძე [5%].

2016-2017 წლებში „ასკანგელ ალიანსმა“ აუქციონის გზით შეისყიდა 11,478 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ოზურგეთში, ბესიკის ქუჩაზე და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა. ასევე, სოფელ მთისპირში არსებული 2045 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 3,200 ლარად. ასევე, 18 000 ლარად იყიდა ჩოხატაურის ქუჩის მიმდებარედ 155.9 მეტრი სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი.

შემდეგ წლებში კომპანიამ აქ მცირე ზომის მიწის ნაკვეთები ისევ დაირეგისტრირა.

იგივე წლებში ირაკლი ვეშაპიძე „ალიანს ასკანგელთან“ დაკავშირებულ კიდევ ერთ კომპანიას, შპს „ასკანგელ ბენტონიტის“ ხელმძღვანელობდა.

2022 წლის აპრილში ირაკლი ვეშაპიძემ კომპანიის დირექტორის თანამდებობა დატოვა.

2019 წლის მარტიდან ირაკლი ვეშაპიძე ხელმძღვანელობდა შპს „ქართლიენერჯისაც“. ეს კომპანია საქართველოში 2018 წლის ივლისში შპს „ბიგ სერვისმა“ დააფუძნა. ამ კომპანიას რუსეთისა და უზბეკეთის მოქალაქეები და საქართველოს მოქალაქე დიმიტრი აბდუშელიშვილი ფლობენ.

ასევე, 2017 წელს ირაკლი ვეშაპიძეს შპს „არ დი ეიჩ ჯორჯია“ დაუფუძნებია, ის კომპანიის 25 პროცენტს ფლობდა. დარჩენილი 25 პროცენტის მფლობელი კი ჩეხეთში დაფუძნებული კომპანია იყო. 2019 წელს მას თავისი წილები სიმბოლურ ფასად, 100 ლარად გაუსხვისებია.

ირაკლი ვეშაპიძე ფლობს ასვე შპს „კავკასუს მენეჯმენტ გრუპის“ 70 პროცენტს, დარჩენილი 30 პროცენტის მფლობელი ზურაბ სამსონაძეა. ეს კომპანიაც 2017 წელს არის დაფუძნებული. 2018 წლის შემდეგ რეესტრში ამ კომპანიის ახალი ამონაწერი არ ფიქსირდება.

ირაკლი ვეშაპიძე ფლობს ასვე შპს „ჯი-აი იმპორტს“ -ის 50 პროცენტს, დარჩენილი 50 პროცენტი კი გიორგი მეტონიძეს ეკუთვნის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: