მთავარი,სიახლეები

„აუტანელი სუნია და ხმაური“ – ავტოსახელოსნოს მეზობლები, როცა ჯარიმა არაფერს ცვლის

22.09.2023 • 1659
„აუტანელი სუნია და ხმაური“ – ავტოსახელოსნოს მეზობლები, როცა ჯარიმა არაფერს ცვლის

„აუტანელი სუნია და ხმაური, ვერ შეისუნთქავ, ფანჯარას ვერ გამოაღებ,“ – გვიყვება ნინო შავიშვილი, რომელიც მეზობლებთან ერთად ბათუმში, ვარშანიძის ქუჩაზე ავტოსახელოსნოს არსებობას აპროტესტებს.

ვარშანიძის ქუჩაზე ჯერ კიდევ ორსართულიანი სახლების დასახლებაა შემორჩენილი. ერთ-ერთი სახლის ნაცვლად კი, რკინის დიდი კონსტრუქცია გაჩნდა. 2023 წლის დასაწყისში ვარშანიძის #38-ის სამეზობლო ცემენტის დისტრიბუციას აპროტესტებდა. ცემენტის საბითუმო ვაჭრობა პროტესტის შემდეგ დაიხურა, რამდენიმე თვის წინ კი, ავტოსახელოსნო გაიხსნა.

„დაზიანებული მანქანები მოჰყავთ თავისთავად, შავ კვამლს რომ უშვებენ, შემდეგ ადუღებენ რაღაცას, ჭრიან, მათ შორის გარეთ, ზოგჯერ ღამის საათებშიც განაგრძობენ მუშაობას,“ – გვიყვება მადონა ვარშანიძე, რომელსაც საკუთარი სახლის აივანზე ვესაუბრებით. აივნიდან ხელის გულზეა ავტოსახელოსნო.

მეზობლები ხელმოწერებს ბათუმის მერიაში წარსადგენად აგროვებენ მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ გარემოს ზედამხედველობის სამსახურისთვის მიმართვამ შედეგი არ გამოიღო.

„ასეთი ობიექტი, ცხადია, უნდა არსებობდეს, მაგრამ ქალაქგარეთ, სადაც ახლოს არავინ ცხოვრობს. თან ეს რკინის კონსტრუქცია თხელი ფირფიტაა, ყველა ხმა გამოდის გარეთ…“, – გვიხსნის მადონა ვარშანიძე.

ნინო შავიშვილი კი ჰყვება, როგორ იწამლება პერიოდულად სახელოსნოდან გამოსული მავნე აირის გამო, მას ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა აქვს.

„ვერც ბავშვებს ვეუბნები, აქ დარჩით-მეთქი“, – ისევ ავტოსახელოსნოს გაჰყურებს ქალი და შემდეგ იმასაც გვიყვება, როგორ გაექცნენ ტურისტები, რომლებმაც მისი სახლი ხანგრძლივად დაიქირავეს:

„წლებია ვაქირავებთ სახლებს ტურისტებზე, მათ შორის, ხანგრძლივი დროით. წელს კი, იმის მიუხედავად, რომ ფასი დავუკელი, არ გაჩერდნენ სტუმრები, ამ ხმაურსა და სუნში გაჩერება არ შეგვიძლიაო,“ – დასძინა ნინო შავიშვილმა.

„გვაწუხებს ხმაური და სუნი, თითქმის ყველა დღეა ხმაურია, ახლა რატომ არაა, არ ვიცი, ალბათ შენიშნეს ჟურნალისტები და გაჩერდნენ,“ – გვიყვება ავტოსახელოსნოს უკან მდებარე სახლში ქეთევან ბერძენიშვილი. სახელოსნოს მეზობლების თქმით, მათი საცხოვრებელი გარემოს იერიც დამახინჯდა, რადგან ავტოსახელოსნომ პატარა სახლების წინ სივრცეც ჩაკეტა.

ხედი ერთ-ერთი სახლის აივნიდან ვარშანიძის ქუჩაზე

„მივედი, დაველაპარაკეთ, მაგრამ ხელმძღვანელმა – „რადიალს“ მაინც ვერ მოვაშორებო და ესაა მთავარი… შემდეგ ეზოში ეს დიდი ტრაილერი გააჩერეს და ამის რემონტი დაიწყეს. გასაგებია, რომ ოჯახებს არჩენენ ისინიც, ბანკის ვალები გვაქვსო, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ? ვუთხარი, დამისახელეთ, სადმე ასე, სახლებს შორის ამხელა სახელოსნო იყოს-მეთქი,“ – გვიყვება ნოდარ დევაძე. მისი სახლის ფანჯრებიც პირდაპირ ავტოსახელოსნოს ეზოში გადის.

ნოდარ დევაძეს სახლის უკან მწვანე ბაღი აქვს, თუმცა გვერდით ავტოსახელოსნო გაჩნდა. „ამ ეზოში დაჯდომა არც აღარავის უნდა,“ – გაღიმებას ცდილობს ნოდარი და ისე გვაცილებს ეზოდან.

ავტოსახელოსნოს მესაკუთრე ვარშანიძის 38-ში შპს „აჭარა მოტორს გიგია“. ეს კომპანია 2023 წლის 29 მარტს დაარეგისტრირეს.

„ბათუმელებს“ ავტოსახელოსნოში დახვდა მარად კახაძე, ის ამ კომპანიის მესაკუთრეა და დირექტორი, თუმცა მან კომენტარზე უარი გვითხრა. მარად კახაძე დაგვპირდა, რომ კომპანიის იურისტი დაგველაპარაკებოდა, თუმცა იურისტმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ავტოსახელოსნოს მხრიდან სამართალდარღვევა დაგვიდასტურეს გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესცენტრში. „შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი“, – მოგვწერეს ამ უწყების პრესცენტრიდან.

„მიმდინარე წლის 15 აგვისტოს შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ავტოსახელოსნოს მიმართ შედგა, ნარჩენების მართვის კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 42-ე მუხლით. დამატებითი შეტყობინება დეპარტამენტში არ შემოსულა,“ – მოგვწერეს გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტიდან.

„ნარჩენების შესახებ კოდექსის“ 42-ე მუხლი არეგულირებს გარემოსდაცვითი მმართველის განსაზღვრას კომპანიაში. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს გაფრთხილებას, ან დაჯარიმებას 200 ლარით.

43-ე მუხლის მე-2 ნაწილი კი, გულისხმობს „კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის დადგენილ ვადაში წარუდგენლობას, ან გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განუხორციელებლობა“. ამ მუხლის დარღვევაზე ჯარიმა 5 ათასი ლარია.

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესცენტრის ინფორმაციით, ავტოსახელოსნო ხელახლა არ გადაუმოწმებიათ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: