განათლება,მთავარი,სიახლეები

სამინისტრო ბავშვების კვებას უფულობის მიზეზით არ აფინანსებს, თავად კი 1 მილიონს ერთ დღეში ხარჯავს

20.09.2023 • 6028
სამინისტრო ბავშვების კვებას უფულობის მიზეზით არ აფინანსებს, თავად კი 1 მილიონს ერთ დღეში ხარჯავს

განათლების სამინისტრომ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილებას ითვალისწინებს.

ცვლილება შეეხება 2023 წელს გაჟღერებულ ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს მასწავლებლის ეროვნული დღის დაწესებას.

ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, „მასწავლებლის ეროვნული დღის“ აღნიშვნაზე სამინისტრო ბიუჯეტიდან წელს დახარჯავს 600 ათას ლარს, მომავალ წელს კი – 1  მილიონ ლარს.

პროექტის მიხედვით, წელიწადში 10 მასწავლებელი უნდა დაჯილდოვდეს 10-10 ათასი ლარით, მათთვის ასევე დამზადდება სამკერდე ნიშნებიც.

აღნიშნული თანხიდან ყველაზე მეტი – 500 ათასი ლარი, ღონისძიების მოწყობაზე დაიხარჯება.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში არსად წერია, თუ რატომ ითხოვს სამინისტრო 2024 წლისთვის 1 მილიონ ლარს. განმარტებითი ბარათში არც იმის შესახებ წერია, გაიზრდება თუ არა მომავალ წელს დასაჯილდოებელი პედაგოგების რაოდენობა ან კონკრეტულად რა აქტივობებს უნდა მოხმარდეს დამატებით მოთხოვნილი 400 ათასი ლარი.

მთელი წელია მასწავლებლების დიდი ნაწილი საბაზისო ხელფასის გაზრდას მოითხოვს. ასევე, ღირსეულ პენსიას იმ მასწავლებლებისთვის, რომლებსაც საპენსიო ასაკი აქვთ, მაგრამ სისტემიდან დაბალი პენსიის გამო ვერ გადიან.

შესაბამისად, ეს პროცესი ხელს უშლის სკოლაში ახალგაზრდა კადრების შესვლას.

მათი მოთხოვნების შესახებ პედაგოგებმა განათლების მინისტრთან შეხვედრის დროსაც ისაუბრეს, თუმცა დაპირების მიუხედავად, დადებითი პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

ცოტა ხნის წინ მასწავლებლებმა ხელფასების გაზრდის მოთხოვნის კამპანია საქართველოს მთავრობის ფეისბუქის გვერდზეც წამოიწყეს, თუმცა მთავრობამ მათი ყველა კომენტარი წაშალა.

სწორედ ამ ამბების შემდეგ განაცხადა მინისტრმა, რომ დაარსდება „მასწავლებლის ეროვნული დღე“, მიუხედავად იმისა, რომ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ნაწილია, შვიდი წელია უკვე არსებობს და ანალოგის შექმნის საჭიროება არ არსებობდა.

გარდა ამისა, რამდენიმე წელია როგორც მასწავლებლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები მოითხოვენ სკოლაში უფასო კვების დანერგვას, რადგან სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ ქვეყანაში ბავშვების დიდი ნაწილი შიმშილობს.

მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტრო ჯერ კიდევ ჩხენკელის მინისტრობის დროს აცხადებდა, რომ სკოლებში უფასო კვების პროექტზე „იუნისეფთან“ ერთად მუშაობდა, ეს საკითხი დღემდე არ არის გადაწყვეტილი სახელმწიფოს მიერ.

მარინე კვარაცხელია, რომელიც წელს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალშია და წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ქართულ ენისა და ლიტერატურას ასწავლის, მიიჩნევს, რომ 1 მილიონი ლარის დახარჯვა ისეთ ღონისძიებაზე, რომლის მსგავსი ქვეყანაში უკვე არსებობს, არარაციონალურია.

„ეს თანხა შეეძლოთ უფრო პრიორიტეტული საკითხების მოსაგვარებლად მიემართათ, რადგან ძალიან ბევრი პრობლემაა საგანმანათლებლო სისტემაში.

იქნება ეს ინფრასტრუქტურა, თუ სხვა ნებისმიერი რამ. როცა ვითხოვთ, მაგალითად, სასწავლო რესურსებს, გვეუბნებიან, რომ არ ჰყოფნით თანხები. ამიტომ უკეთესი იყო, მაგალითად, მასწავლებლის საბაზისო ხელფასების გაზრდა, ან სკოლებში კვების დაფინანსება.

როცა ამდენი ბავშვი შიმშილობს, კარგი იყო ეს პრობლემა გადაეჭრათ, რადგან ბავშვმა რომ იაზროვნოს გაკვეთილზე, მისი საჭიროებები უნდა იყოს დაკმაყოფილებული.

ბავშვს არ უნდა ციოდეს, არ უნდა შიოდეს და მერე დაინტერესდება სწავლითაც“, – გვითხრა მარინე კვარაცხელიამ.

სკოლებში უფასო კვების საპილოტე პროგრამა გასულ წელს წალენჯიხის მერიამ დანერგა და 276 ბავშვს უფასო კვება დაუფინანსა. ერთ ბავშვზე 4 ლარი იყო ბიუჯეტში გათვალისწინებული.

მიმდინარე წელს კი სურდათ უფასო კვება მეორეკლასელებისთვის დაეფინანსებინათ და ამ მიზნით საქართველოს მთავრობას მიმართეს თანხის გამოყოფის მოთხოვნით. თუმცა როგორც წალენჯიხის ვიცე-მერმა, თამარ ბელქანიამ „ბათუმელებს“ განუმარტა, მთავრობამ მათ თხოვნას არ უპასუხა.

„მოვითხოვეთ იგივე თანხა – 200 ათასი ლარი, მაგრამ სახელმწიფომ პასუხიც კი არ გაგვცა, თუ რა იყო მიზეზი, რის გამოც ვერ დააფინანსებდნენ ბავშვებს.

ჩვენი გამოთვლებით, ქვეყნის მასშტაბით ყველა პირველკლასელის კვება რომ დავაფინანსოთ, ბიუჯეტის 0.7 პროცენტია საჭირო, თუმცა სახელმწიფო ამ პრობლემის მოგვარებაზე არ ზრუნავს“, – ამბობს თამარ ბელქანია.

ბელქანია ამბობს, რომ თუ სახელმწიფო საოკუპაციო-გამყოფ ხაზზე მცხოვრებ ახალგაზრდებს უმაღლეს განათლებას უფინანსებს, მაშინ ბავშვების კვებაც უნდა დააფინანსოს.

„ეს არ არის სწორი, რადგან სკოლა ამოაგდეს ამ პროცესიდან. რა განათლებაზეა საუბარი, სადაც ბავშვი შიმშილობს“, – გვეუბნება ის.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 2024 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, ამიტომ შესაძლოა ბიუჯეტის გაზრდა სამინისტროს სწორედ პედაგოგების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად სჭირდება.

„თუ ამ მილიონი ლარის ხარჯვის მიზანი პედაგოგების კეთილგანწყობის მოპოვებაა საარჩევნოდ, მაშინ არა მგონია, რომ ეს კეთილგანწყობა მოიპოვონ, რადგან ამ ჯილდოს ყველა მასწავლებელი ვერ მიიღებს ხომ?

ამიტომ ჯობდა, ეს თანხები უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებისკენ მიემართათ“, – ამბობს მარინე კვარაცხელია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: