მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა უნდა ვიცოდეთ მენოპაუზაზე და როგორ შევამსუბუქოთ კლიმაქსური სინდრომი

21.09.2023 • 3719
რა უნდა ვიცოდეთ მენოპაუზაზე და როგორ შევამსუბუქოთ კლიმაქსური სინდრომი

მენოპაუზა – მენსტრუალური ციკლის დასრულება, ბუნებრივი ბიოლოგიური პროცესია, თუმცა ამ დროს განვითარებულმა ისეთმა ფიზიკურმა სიმპტომებმა, როგორიცაა: ალები, უგუნებობა, ოფლიანობა და სხვა პრობლემები, შეიძლება დაარღვიოს ძილის რეჟიმი, გამოიწვიოს უენერგიობა და სერიოზული გავლენა იქონიოს ემოციურ ჯანმრთელობაზე.

„ხოზრევანიძის კლინიკის“ გინეკოლოგი ნანა გორგილაძე ამბობს, რომ მიუხედავად საკითხის სერიოზულობისა, მომართვიანობა ასეთ დროს მაინც დაბალია. გარდა იმისა, რომ არსებობს მდგომარეობის შემსუბუქების მრავალი ეფექტური გზა, ცხოვრების წესის კორექტირებიდან ჰორმონოთერაპიამდე, ექიმთან კონსულტაცია მნიშვნელოვანია, რადგან მენოპაუზის შემდეგ იზრდება გარკვეული სამედიცინო მდგომარეობების, მაგალითად გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ოსტეოპოროზის, წონის მატების და სხვა გართულებების რისკი.

  • ქალბატონო ნანა, რას ნიშნავს მენოპაუზა და რა ხდება ამ დროს ქალის ორგანიზმში?

მენოპაუზა მენსტრუაციის ფიზიოლოგიურ შეწყვეტას ნიშნავს. ამ პერიოდში თავდაპირველად ქვეითდება და საბოლოოდ სრულიად წყდება საკვერცხეების ფუნქციონირება, რაც ნიშნავს ქალის რეპროდუქციული ასაკის დასრულებას. ამ დროს ცვლილებები ხდება აგრეთვე ჰიპოფიზში, ჰიპოთალამუსში, თირკმელზედა ჯირკვლებში დ თითქმის მთელ ორგანიზმში.

როცა ქალს არ აქვს მენსტრუაცია 12 თვის მანძილზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დადგა მენოპაუზა. ეს პროცესი საშუალოდ ვლინდება 45 წლიდან 50 წლამდე.

  • რა არის კლიმაქსური სინდრომი, რა სიმპტომები აქვს და როგორ ვლინდება?

იმ შემთხვევაში თუ ქალი ჯანმრთელია და ორგანიზმს კარგი ადაპტაციის უნარი აქვს, კლიმაქსის პერიოდი და მენოპაუზა უსიმპტომოდ მიმდინარეობს. 

უმრავლეს შემთხვევაში კი ქალი უჩივის ალებს, ოფლიანობას, თავბრუსხვევას, უძილობას, მეხსიერების დაქვეითებას, ემოციურ ლაბილობას, ჰიპერტენზიას [მაღალი წნევა], სახსრების ტკივილს, საშოს სიმშრალეს, კანის სიმშრალეს, ცვლილებებია ლიბიდოში [სექსუალური ლტოლვა].

ClevelandClinic: მენოპაუზის ან მის წინა პერიოდში შეიძლება ასევე განიცადოთ შემდეგი ნიშნები და სიმპტომები: მოშარდვის გადაუდებელი აუცილებლობა (გახშირებული შარდვის სურვილი); ემოციური ცვლილებები (გაღიზიანება, განწყობის ცვალებადობა ან მსუბუქი დეპრესია); კანის სიმშრალე, თვალების ან პირის სიმშრალე; მგრძნობელობის მომატება მკერდში; პრემენსტრუალური სინდრომის (პმს) გაუარესება; არარეგულარული პერიოდები ან პერიოდები, რომლებიც ჩვეულებრივზე მძიმე ან მსუბუქია. შედარებით იშვიათად: აჩქარებული გულისცემა; თავის ტკივილი; სახსრებისა და კუნთების ტკივილი; კონცენტრაციის გაძნელება ან მეხსიერების დაქვეითება (ხშირად დროებითი); წონის მომატება; თმის ცვენა ან შეთხელება;

  • რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს სიმპტომები?

კლიმაქსის კლინიკური გამოვლინების ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ქალის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე, ცხოვრების რეჟიმსა და მემკვიდრეობით ფაქტორზე.

ClevelandClinic: უმეტეს შემთხვევაში მენოპაუზის დროს განვითარებული სიმპტომები გრძელდება ხუთ წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში. შესაძლებელია გაგრძელდეს ხუთ წელზე მეტ ხანსაც.

  • როდის მივმართოთ ექიმს?

ზოგადად ქალებმა ექიმს უნდა მიმართონ პროფილაქტიკური კვლევისთვის წელიწადში ერთჯერ, ასევე მენოპაუზის დაწყების ადრეული პერიოდიდან-პრემენოპაუზის პერიოდში, რათა დროულად მოხდეს კლიმაქტერული სინდრომის გვიანი შედეგების, ოსტეოპოროზის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ფსიქო-ემოციური დარღვევების პროფილაქტიკა.

 MayoClinic გართულებებზე: მენოპაუზის შემდეგ პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში შეიძლება სწრაფად დაკარგოთ ძვლის სიმკვრივე, რაც გაზრდის ოსტეოპოროზის რისკს; საშოსა და ურეთრის ქსოვილების ელასტიურობის კარგვის გამო, მოსალოდნელია შარდის შეკავების უნარის შესუსტება, ხშირია საშარდე გზების ინფექციები; ბევრი ქალი იმატებს წონაში მენოპაუზის გარდამავალ პერიოდში და მენოპაუზის შემდეგ, რადგან მეტაბოლიზმი ნელდება; ვაგინალური სიმშრალემ და ელასტიურობის კარგვამ შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი და მცირე სისხლდენა სქესობრივი აქტის დროს. ასევე, მგრძნობელობის დაქვეითებამ შეიძლება შეამციროს თქვენი ლიბიდო. ასეთ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ წყალზე დაფუძნებული ვაგინალური დამატენიანებელი და ლუბრიკანტები. 

  • რა გავლენა აქვს კლიმაქსურ სინდრომს მენტალურ ჯანმრთელობაზე?

მენოპაუზის დროს განვითარებული ჰორმონალური ცვლილებების შედეგად შეიძლება გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები როგორიცაა: შფოთვა, მოუსვენრობა, უძილობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა და მრავალი სხვა.

ხშირად ეს სიმპტომები კლიმაქსური გარდაქმნების დასრულების შემდეგ თავისით ქრება, რიგ შემთხვევებში კი საჭიროებს ნევროლოგის ან ფსიქოლოგის ჩართულობას.

  • შესაძლოა თუ არა კლიმაქსის პროფილაქტიკა და რა გზები არსებობს მის შესამსუბუქებლად?

პროფილაქტიკურ ღონისძიებებს რაც შეეხება, მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა: სწორი კვება (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცენარეული ესტროგენებით მდიდარი საკვების მიღება), ფიზიკური აქტივობა და ა.შ. ასევე საკმაოდ ეფექტურია ფიტოპრეპარატებით მკურნალობა და ნატურალური ესტროგენებით ჩანაცვლებით თერაპია.

  • მენოპაუზის დადგომის შემდეგ სისხლიანი გამონადენი რისი მანიშნებელი შეიძლება იყოს?

მენოპაუზის დროს სისხლიანი გამონადენის მიზეზი შეიძლება იყოს საშოს მექანიკური ტრავმა, საშვილოსნოს ყელის დაავადებები (მათ შორის საშვილოსნოს ყელის კიბო), საშვილოსნოს ყელისა და ტანის პოლიპები, საშვილოსნოს ლეიომიომა, საკვერცხეების სიმსივნეები, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზი, ენდომეტრიუმის კიბო, სარკომა და სხვა. ამიტომ ქალმა სისხლიანი გამონადენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს გინეკოლოგს, ჩაიტაროს კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები, რის შემდეგაც განისაზღვრება მკურნალობის ტაქტი.

Mayoclinic: პერიმენოპაუზის პერიოდში, ხშირად, მენსტრუალური პერიოდები გამოტოვებს თვეს და დაბრუნდება, ან გამოტოვებს რამდენიმე თვეს და შემდეგ კვლავ იწყება რამდენიმე თვის განმავლობაში. ასევე, პერიოდები მენსტრუაციებს შორის მოკლდება, ამიტომ ისინი უფრო ახლოს არიან ერთმანეთთან. არარეგულარული მენსტრუაციის მიუხედავად, ორსულობა ამ დროს შესაძლებელია.

MayoClinic: „მენოპაუზის მრავალი ნიშანი და სიმპტომი დროებითია. გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები კლიმაქტერული სინდრომი ეფექტების შესამცირებლად ან თავიდან ასაცილებლად:

  • ალები – ტანსაცმელი ჩაიცვით ფენებად [საჭიროების დროს რომ მოიკლოთ], დალიეთ ერთი ჭიქა ცივი წყალი ან მოძებნეთ უფრო გრილი ადგილი. შეეცადეთ ზუსტად განსაზღვროთ რა იწვევს თქვენს ალებს. ხშირად გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ცხელი სასმელები, კოფეინი, ცხარე საკვები, ალკოჰოლი, სტრესი, ცხელი ამინდი და თუნდაც თბილი ოთახი.
  • სქესობრივი აქტივობის შენარჩუნება ეხმარება ვაგინალურ დისკომფორტს საშოში სისხლის ნაკადის გაზრდით.
  • საკმარისად იძინეთ – მოერიდეთ კოფეინს, რომელიც ართულებს დაძინებას და ჭარბი ალკოჰოლის დალევას, რამაც შეიძლება ძილი შეაფერხოს. ივარჯიშეთ დღის განმავლობაში, თუმცა არა ძილის წინ. თუ ალები არღვევს თქვენს ძილს, შეიძლება დაგჭირდეთ მათი მართვის გზების პოვნა, სანამ ადეკვატურ დასვენებას შეძლებთ.
  • ღრმა სუნთქვის ტექნიკამ, რითმულმა სუნთქვამ, მასაჟმა და კუნთების რელაქსაციამ შესაძლოა შეამსუბუქოს მენოპაუზის სიმპტომები.
  • მიირთვით დაბალანსებულად – რაციონში შეიტანეთ სხვადასხვა ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული. შეზღუდეთ გაჯერებული ცხიმები, ზეთები და შაქარი. გამოიკვლიეთ, გჭირდებათ თუ არა კალციუმის ან D ვიტამინის დანამატები.
  • არ მოწიოთ – მოწევა ზრდის გულის დაავადებების, ინსულტის, ოსტეოპოროზის, კიბოს და სხვა ჯანმრთელობის პრობლემების რისკს. მას ასევე შეუძლია გაზარდოს ალები და გამოიწვიოს ადრეული მენოპაუზა“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: