მთავარი,სიახლეები

ბავშვები სკოლაში ვერ დაგვყავს, დანიშნეთ ავტობუსი – რას პასუხობს მერია ჩელტის მცხოვრებთ

20.09.2023 • 4552
ბავშვები სკოლაში ვერ დაგვყავს, დანიშნეთ ავტობუსი – რას პასუხობს მერია ჩელტის მცხოვრებთ

ხელვაჩაურში, სოფელ ჩელტის მოსახლეობა სოფელში მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვს.

„არჩევნების დრო რომ მოვა, სუყველა მოვა ეზოში. აი, მაშინ მიიღებენ სათანადო პასუხს. ტრანსპორტის პრობლემა გვაქვს, მარშუტკები არ დადის შესაბამისი ოდენობის, ამიტომ ვითხოვთ დაინიშნოს მუნიციპალური ავტობუსი. ახლა სკოლა დაიწყო, ბავშვები ვერ დაგვყავს,“ – ამბობს თამარ ქავთარაძე, სოფელ ჩელტის მცხოვრები.

თამარი და მისი მეზობლები ამბობენ, რომ უტრანსპორტობა ყოველდღიურად ართულებს ცხოვრებას სოფელში.

ჩელტიდან ბათუმამდე 10 კილომეტრია. ამ გზის ნაწილის, დაახლოებით სამი კილომეტრის გავლა ჩელტის მცხოვრებთ ფეხით უწევთ.

სოფლიდან ბათუმის გარეუბნამდე ჩელტელები ფეხით ჩამოდიან, შემდეგ კი ბათუმის მუნიციპალური ავტობუსით სარგებლობენ.

„ფეხით ჩასვლა გვიწევს სამი კილომეტრი. მარშუტკის ლოდინს აზრი არ აქვს, არ ჩამოივლის. დილას ვაგვიანებთ სკოლაში, ბარცხანაში დამყავს ბავშვები. შუადღის ცვლაში ვინცაა, იქაც ვაგვიანებთ. მანქანა კი მყავს, მაგრამ 7 სული ვართ და შვიდივეს მანქანა ვერ გვეყოლება. მარშუტკა თუ მოდის ან სულ სავსეა, ან საერთოდ არ მოდის,“ – ამბობს თამარ ქავთარაძე.

უტრანსპორტობაზე ჩივის ჩელტის მცხოვრები ლელა თურმანიძეც. ლელა თურმანიძის თქმით, განსაკუთრებით რთული ვითარება სკოლის დაწყების შემდეგ შეიქმნა – მოსწავლეები ხან სკოლაში აგვიანებენ და ხანაც – კერძო მასწავლებლებთან.

„სოფელში 36 ნომერი მარშუტკა დადის, მაგრამ დღეგამოშვებით. ხან საერთოდ არ დადის, ხან ერთი მარშუტკა დადის მარტო. ვისაც მანქანა არ ჰყავს, გაწამებული ვართ. მოსწავლეებს, ვინც ქალაქში სწავლობს ან მეცადინეობს, უწევთ ძალიან დიდი გზის გავლა.

საქორწინო დარბაზ „სამოთხემდე“ უწევთ სოფლიდან ჩამოსვლა. ჩემი სახლიდან დაახლოებით სამი კილომეტრია ამ დარბაზამდე. თუმცა ჩემ ზემოთაც ცხოვრობს ხალხი და მათ მეტი მანძილის გავლა უწევთ“, – ამბობს ლელა თურმანიძე.

ლელა თურმანიძის თქმით, სოფლის მოსახლეობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისგან მუნიციპალური ავტობუსის დანიშვნას ითხოვს.

„მოვითხოვთ, დაგვინიშნონ მუნიციპალური ავტობუსი. ეს მარშუტკები, რომლებიც ჩვენთან მოძრაობს, წესით, ყოველ ნახევარ საათში უნდა დადიოდეს. მაგალითად, 2:15 წუთზე, მერე 2:45 წუთზე და ასე. მაგრამ ნახევარსაათიან ინტენსივობაზე აღარ არის საუბარი. მთელი დღე შეიძლება ერთმა მარშუტკამ იმუშაოს მხოლოდ. ხომ წარმოგიდგენიათ რამხელა შუალედი აქვს და როგორ იმოძრავებს? ძალიან არიან გაწვალებული მოსწავლეები. მოსწავლეებს ვერ ეყოლებათ მანქანა. ჩელტის სკოლის მასწავლებლებსაც აქვთ ეს პრობლემა,“ – ამბობს ლელა თურმანიძე.

„აქამდე წერილობითი ფორმა არ მიგვიცია, მაგრამ ახლა ვაპირებთ ხელმოწერები შევაგროვოთ და მივმართოთ მუნიციპალიტეტს მთელმა სოფელმა მუნიციპალური ავტობუსის დანიშვნის მოთხოვნით. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ სოფლის მოსახლეობა. ახლა ავტობანი გადის ჩვენს სოფელთან, რაც, რა თქმა უნდა, კარგია, მაგის წინააღმდეგი კი არ ვართ, მაგრამ გზა არის დაზიანებული, ატალახებულია და უჭირთ ბავშვებს იმ მონაკვეთის ფეხით გავლა,“ – ამბობს თამარ ქავთარაძე.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის ხელვაჩაურის მერიას დაუკავშირდა. ვკითხეთ, აპირებს თუ არა ხელვაჩაურის მერია სოფელ ჩელტაში მუნიციპალური ავტობუსის დანიშვნას, ასევე რა ინტენსივობით მოძრაობს N36 მიკროავტობუსი.

„სოფელ ჩელტაში N36 მიკროავტობუსს მოძრაობა არ შეუწყვეტია, ამ მიმართულებაზე დღის განმავლობაში მუშაობს 4 მიკროავტობუსი, მაქსიმუმ ერთსაათიანი შუალედით.

რაც შეეხება მუნიციპალური ავტობუსის დანიშვნას, ქალაქ ბათუმთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, რამდენიმე მიმართულებაზე უკვე მოძრაობს მუნიციპალური ავტობუსი და კიდევ დაემატა 12 მიმართულება.

პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად მუშაობა გრძელდება,“ – მოგვწერეს ხელვაჩაურის მერიიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: