მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმის მერია სეპარირების ურნებს ბოქლომებს დაადებს

22.09.2023 • 1759
ბათუმის მერია სეპარირების ურნებს ბოქლომებს დაადებს

ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავება“ სეპარირების ურნებს ბოქლომებს დაადებს. კომპანიის ინფორმაციით, დაგეგმილია 150 ბოქლომის შეძენა, ქალაქში კი, ამ დროისთვის 50 სეპარირების ურნაა განთავსებული. იგეგმება 10 ურნის დამატებაც.

ბოქლომის ესკიზი, რომლის მსგავსსაც შეიძენს „სანდასუფთავება“ და სეპარირების ურნა ბათუმში / 21.09.2023

150 ბოქლომის შესაძენად შპს „სანდასუფთავება“ ამ ეტაპზე სავარაუდო ღირებულებას ადგენს, რისთვისაც ბაზარს იკვლევს. შესაძენი ბოქლომის სიგრძე არანაკლებ 40 სმ და არაუმეტეს 60სმ უნდა იყოს.

დაინტერესებულ პირებს თავიანთი წინადადებების წარდგენა არაუგვიანეს 2023 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ.

„სეპარირების ურნაში პლასტმასის ნარჩენების გარდა სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებსაც ათავსებენ. ასევე ყუთიდან შიგ ჩაყრილ პლასტმასის ნარჩენებს იღებენ. ამიტომ გადავწყვიტეთ ურნებს ბოქლომი დავადოთ. ურნას აქვს სხვა ჩასაყრელიც, პატარა ზომის, რომელშიც 5-ლიტრიანი პლასტმასის ბოთლი თავისუფლად თავსდება. ასე ჩაკეტილი ურნიდან პლასტმასის ნარჩენების ამოღება და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების ჩაყრა, ცოტა ისეთი თემაა, ვიდრე ღია ურნიდან“, – გვითხრეს „სანდასუფთავებაში“.

სეპარირების ურნების ნაწილი ბათუმში ღიაა, ნაწილის [დიდი] თავსახური კი ჯაჭვითაა ჩაკეტილი.

ნაგვის ურნები ბათუმში/ფიროსმანის ქუჩა / 20.09.2023

ნარჩენების მოსათავსებელი პატარა ჭრილი სეპარირების ურნაზე / 20.09.2023

„სეპარირების გზით შეგროვებულ პლასტმასის ბოთლებს შპს „სანდასუფთავება“ ამუშავებს სპეციალური პრესდანადგარის საშუალებით, რის შემდეგაც მოხდება რეალიზაცია აუქციონის წესით. ამ ეტაპზე, რეალიზაციისთვის 10 ტონა პლასტმასის ბოთლია შეგროვებული და იგეგმება აუქციონის გამოცხადება“, – მოგვწერეს „სანდასუფთავებიდან“.

ნაგვის ურნები ბათუმში / 20.09.2023

როგორც სეპარირების, ასევე სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნები ქალაქში ზოგ ადგილას ხშირად გადავსებულია, რის მიზეზადაც „სანდასუფთავებაში“ ძირითადად, არასწორი პარკირება და საცობები დაგვისახელეს.

„სანაგვე ურნების დროულად დაცლა ვერ ხერხდება არასწორი პარკირებისა და საცობების გამო. ნაგავმზიდ მანქანებს საცობში დგომა უწევთ, რაც აფერხებს მათ მუშაობას.

საგზაო მოძრაობის განტვირთვასა და სანდასუფთავების მანქანების გატარებას ხშირად უზრუნველყოფენ შესაბამისი სამსახურები, რომელთა დახმარების გარეშე ვერ ხერხდება კონკრეტულ ლოკაციებამდე მისვლა“, – მოგვწერეს „სანდასუფთავებიდან“.

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან

ნარჩენების დახარისხება – რა აჩვენა ექსპერიმენტმა ბათუმსა და თბილისში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: