მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რატომ არის საშიში ბავშვთა სიმსუქნე – „შეცდომა შეიძლება დაშვებული იქნას ჩვილობის ასაკიდან“

20.09.2023 • 1919
რატომ არის საშიში ბავშვთა სიმსუქნე – „შეცდომა შეიძლება დაშვებული იქნას ჩვილობის ასაკიდან“

ბავშვთა სიმსუქნე და ჭარბი წონა სერიოზული სამედიცინო მდგომარეობაა – ზედმეტი კილოგრამები შეიძლება გახდეს ისეთი დიაგნოზების გამომწვევი, როგორიცაა დიაბეტი და გულის დაავადებები.

კლინიკა „მედცენტრის“ მოზრდილთა და ბავშვთა ენდოკრინოლოგის, ლია კაკაურიძის თქმით, ბავშვების ჭარბი წონა და სიმსუქნე მზარდი პრობლემაა საქართველოში, სადაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ჭარბწონიანობა ან/და სიმსუქნე 7-9 წლის ბავშვების 28%-ს აწუხებს. ბავშვთა სიმსუქნის ზედამხედველობის ბოლო ანგარიში რეგიონის 33 ქვეყანას მოიცავს, საქართველო ჩამონათვალში მე-17 ადგილზეა. 

„ბათუმელები“ ლია კაკაურიძეს ბავშვთა ასაკში ჭარბი წონის მიზეზებსა და საფრთხეებზე ესაუბრა.

  • ქალბატონო ლია, რა შეიძლება იყოს ბავშვებში ჭარბწონიანობისა და სიმსუქნის მიზეზები?

სიმსუქნემ ბავშვებში საკმაოდ მოიმატა, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ შეიცვალა ცხოვრების რეჟიმი, კვების პირობები, საკვების სახეობები, ბაზარზე შემოსულია და ბავშვებისთვის  ხელმისაწვდომია მათთვის ძალიან მავნე საკვები, მშობლები კი ვერ ახერხებენ ამის კონტროლს, პრობლემაა ბავშვებისთვის კვების პროდუქტების სწორად შერჩევაც.

ბავშვებში სიმსუქნის ძირითადი მიზეზი მაინც საკვებიდან მიღებული ჭარბი კალორია და მოძრაობის დეფიციტი ან მისი არარსებობაა.

თუმცა ბავშვების სიმსუქნე და ჭარბი წონა შეიძლება გამოწვეული იყოს გენეტიკური და ჰორმონალური ფაქტორებით – ნივთიერებათა ცვლის მოშლით, მეტაბოლური მოშლით. 

პირველ რიგში, ბავშვებში ეს არის ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება). თუ ეს დროულად არ იქნა დადგენილი, გარდა სიმსუქნისა, იწვევს სერიოზულ შეუქცევად მოვლენებს, აზიანებს თავის ტვინს და ბავშვის ფსიქომოტორულ ზრდა-განვითარებას და შეიძლება გამოვლინდეს თუნდაც ჭარბი წონის სახით.

მეორეა პრედიაბეტი – ეს არის ინსულინისადმი ტოლერანტობის დარღვევა. ამ დროს, ჭარბი წონის ფონზე, ინსულინი გამომუშავდება დიდი რაოდენობით, რათა აითვისოს ზედმეტი კალორიები, მაგრამ ინსულინის რეზისტენტობა და ათვისება არ ხდება, უჯრედამდე ვერ მიდის ინსულინი, გროვდება სისხლში, იწვევს მადის მატებას და იქმნება მანკიერი წრე, რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარებამდე. 

წონის მატება ასევე შესაძლოა კავშირში იყოს D ვიტამინის დეფიციტთანაც.

  • რა ასაკიდან შეიძლება დაიწყოს წონასთან დაკავშირებული პრობლემები?

ძირითადად მაშინ, როცა ბავშვები იწყებენ დამატებითი საკვების მიღებას, უფრო ბაღის ასაკიდან (3 წლიდან). შეიძლება დაიწყოს სკოლის ასაკიდან, როცა მშობლები უკვე აძლევენ ჯიბის ფულს და ბავშვები ამ ფულით თავისით ყიდულობენ ჩიფსებს ან სხვა მავნე პროდუქტებს.

წონის მატებასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ასევე პუბერტატული ანუ გარდატეხის ასაკი და პრეპუბერტატული პერიოდი.

  • რა არის პირველი შეცდომები კვებაში?

ერთ-ერთი ასეთი შეცდომა შეიძლება დაშვებული იქნას ჩვილობის ასაკშივე, როცა მშობლებს ბავშვი ჰყავთ ხელოვნურ კვებაზე (ხელოვნური ნარევები, რომლებიც წყალში იხსნება) და არ ითვალისწინებენ დოზებთან დაკავშირებულ მითითებებს. დავუშვათ, შეფუთვაზე მითითებულია ულუფის გრამობა 5-10 გრ, მაგრამ ზოგჯერ მშობლები ყრიან 15-20 გრამს და ფიქრობენ, რომ ასე უკეთესია, უფრო ნოყიერი იქნება, რომ არაფერი დაშავდება…

მოსწონთ ფუმფულა და მსუქანი ბავშვები, მიაჩნიათ, რომ ასე ბავშვი კარგად იმატებს, კარგად იზრდება, რეალურად კი როგორი უნდა იყოს სხეულის მასა და სიმაღლე, დღეების, თვეებისა და წლების მიხედვით ითვლება. 

ბავშვის ჯანსაღი წონის შესახებ ინფორმაცია ადვილად ხელმისაწვდომია ინტერნეტში, შეიძლება გადამოწმება ოჯახის ექიმთანაც. ამისთვის არსებობს სხეულის მასის ინდექსის მთვლელი – როგორი უნდა იყოს ბავშვის წონა სიმაღლესთან მიმართებით, ამას თავისი ნორმები აქვს. ნებისმიერი პედიატრი ეტყვის მშობელს, ნორმალურია ეს წონა, ჭარბია თუ უკვე სიმსუქნეა.

ცხადია, პრობლემის მოგვარება უფრო მარტივია საწყის ეტაპზე, როცა ჯერ არ არის სიმსუქნე და არის ჭარბი წონა.

აქ შეგიძლიათ ნახოთ ბავშვებისა და თინეიჯერების ჯანსაღი წონის მთვლელი. აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი.

UNICEF|2019: მიუხედავად იმისა, რომ ძუძუთი კვებით შესაძლებელია ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა, მაგალითისთვის, ექვს თვემდე ბავშვების მხოლოდ 42%-ს კვებავენ ექსკლუზიურად ძუძუთი და სულ უფრო მეტი ბავშვი იკვებება ხელოვნური საკვებით. როცა ბავშვები დაახლოებით ექვსი თვის ასაკიდან რბილიდან მყარ საკვებზე გადასვლას იწყებენ, ბევრი მათგანი კვებას არასწორი რაციონით იწყებს. მსოფლიოს მასშტაბით, 6 თვიდან 2 წლამდე ბავშვების დაახლოებით 45% არ იკვებება ხილით ან ბოსტნეულით. 

  • რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ჭარბ წონასა და სიმსუქნეს ბავშვებისთვის?

მე, როგორც ენდოკრინოლოგს, მაშფოთებს ის ფაქტი, რომ ამას მშობლები პრობლემად არ აღიქვამენ, მოსწონთ მსუქანი, ფუმფულა ბავშვები და სანამ ჯანმრთელობის რაიმე სერიოზულ პრობლემის წინაშე არ დავდგებით, მანამდე მომართვიანობა იშვიათია. ძირითადად ამ პრობლემას ყურადღება ექცევა მაშინ, როცა სხვა პრობლემის გამო მოდიან კლინიკაში. 

ჭარბწონიანობისა და სიმსუქნის გართულებები ბავშვებისთვის შეიძლება იყოს: ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი; ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები, ცვლილებები, დეფორმაციები და მოძრაობის შეზღუდვა ჭარბი წონის ფონზე; გულსისხლძარღვთა სისტემების დაავადებები, კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები. ეს პრობლემა საბოლოოდ თითქმის ყველა სისტემას ეხება.

სიმსუქნე გოგონებში უკვე მოზრდილობის ასაკში შეიძლება გახდეს მენსტრუალური ციკლის დარღვევის და ამენორეის მიზეზი.

  • როგორია მკურნალობის ტაქტიკა და რეკომენდაციები?

გამოკვლევების შემდეგ დგინდება, ეს არის ბანალური სიმსუქნე, რაც კვებითა და უმოძრაობით არის გამოწვეული და სჭირდება კვების მოწესრიგება, თუ ჯანმრთელობის სხვა მდგომარეობაა, რასაც უკვე მედიკამენტური მკურნალობა სჭირდება.

საქმე ის არის, რომ ყველა ბავშვისთვის ასაკობრივად გათვლილია ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შეფარდება, პრობლემის დროს ეს უნდა დაიანგარიშოს ექიმმა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მშობლების მიერ, თვითნებურად შერჩეული დიეტების გამოყენება. 

მკაცრი დიეტები არ შეიძლება არც მოზარდებისთვის, რადგან ეს მოზარდი ორგანიზმია და მას ყველაფერი სჭირდება: ცილებიც, ცხიმებიც და ნახშირწყლებიც, ასევე ვიტამინები; მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გამოვუთვალოთ ასაკობრივად.

ბავშვებში კვებით გამოწვეული ჭარბი წონის დროს აბსოლუტურად დაუშვებელია მედიკამენტური მკურნალობა. დღეს არსებობს ინექციური და სხვა სახის საშუალებები, რომელთა გამოყენებას მე არ ვემხრობი.

ბავშვებში ეს დაუშვებელია, თუნდაც რომელიმე მადის დამაქვეითებელი წამლის გამოყენება 12 წლამდე ასაკში. 

  • რა უნდა შეიზღუდოს რაციონში?

პირველ რიგში მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ტკბილეული, ასევე, ცხოველური ცხიმები.

იკრძალება ტრანსცხიმები და ტრანსცხიმებზე დამზადებული პროდუქტები, რომლებიც ასე დამკვიდრებულია ჩვენს ცხოვრებასა და რაციონში.

ყველაზე საზიანო პროდუქტები, რაც ძალიან პოპულარულია ბავშვების რაციონში: სხვადასხვა სახის ჩიფსი, ე.წ. სუხარიკები, ენერგეტიკული სასმელები, ტრანსცხიმებზე დამზადებული ტკბილეული, განსაკუთრებით – შოკოლადის ნაწარმი; ასევე ბურგერები, შაურმები, რაც არაჯანსაღი, ცხიმიანი და ძალიან კალორიულია, თეთრი პური და თეთრი, ძალიან გაწმენდილი ფქვილისგან დამზადებული პროდუქტები. 

დიდებთან ტკბილეულის სრულად აკრძალვა შეიძლება, ბავშვებთან სხვა მიდგომაა საჭირო, აკრძალვები არ მუშაობს, ამიტომ მათ უნდა მივცეთ ყველაფერი, მაგრამ ზომიერად (ასაკიდან გამომდინარე) და მაქსიმალურად ჯანსაღი. 

მაგალითად, არ მივცეთ ხილის წვენები, რომელთაც, მართალია, აწერიათ, რომ „ნატურალურია“, მაგრამ ფაქტობრივად, ყველაფერი ქიმიურია მათ შემადგენლობაში. ახლა ნებისმიერი სუნის, გემოსა და არომატის ქიმიური სინთეზი შეიძლება, რითაც ადვილად შეიძლება მოვტყუვდეთ. უმჯობესია ხილის წვენები ბავშვებისთვის დავამზადოთ სახლში, შეიძლება ეს იყოს კომპოტი, მაგრამ არა ნაყიდი, ტკბილი წვენები.

ამ დროს ძალიან ეფექტურად ხდება წონის კლება, მაგრამ ერთი-ორი წლის მერე ბავშვები ისევ უბრუნდებიან ძველ რეჟიმს, ამიტომ მათთან ერთად ჯანსაღი ჩვევების დამკვიდრებით უნდა ვიზრუნოთ დაკლებული წონის შენარჩუნებაზე.

ბავშვებს უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ფიზიკურად იყვნენ აქტიურები. როცა სახლში რამდენიმე მობილური და კომპიუტერია, ისინი დროის გატარებას ეკრანებთან ამჯობინებენ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ფეხით ვატაროთ სკოლაში, შევუწყოთ ხელი, რომ ითამაშონ ეზოში, ძალიან კარგია ველოსიპედის ტარება, ასევე ცურვა ან ცეკვა, რომ ბავშვმა კალორიები გახარჯოს და ფიზიკურად აქტიური იყოს.

ამ დროს მნიშვნელოვანია პროცესში მთელი ოჯახის ჩართულობა, თუნდაც იმ მხრივ, რომ თავადაც შეზღუდონ არაჯანსაღი საკვები, არ მიიღონ ცხიმიანი საკვები, სოლიდარობის ნიშნად მაინც. 

UNICEF: რაც უფრო იზრდებიან ბავშვები, მით უფრო საგანგაშოა მათი წვდომა არაჯანსაღ საკვებზე, რაც მეტწილად გამოწვეულია შეუსაბამო მარკეტინგით და რეკლამით, დამუშავებული საკვების სიჭარბით, როგორც ქალაქებში, ასევე შორეულ დასახლებებში. ასევე, იზრდება ხელმისაწვდომობა სწრაფ კვებასა და ჭარბად დაშაქრულ სასმელზე.

ამავე თემაზე:

საქართველოში 7-9 წლის ბავშვების 28%-ს ჭარბი წონა ან სიმსუქნე აწუხებს – ჯანმო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: