მთავარი,სიახლეები

„სად წავიდეს მომჩივანი: ქურდთან თუ ოლიგარქთან?“ – „კლანს“ გადატვირთული სასამართლო აწყობს

20.09.2023 • 1510
„სად წავიდეს მომჩივანი: ქურდთან თუ ოლიგარქთან?“ – „კლანს“ გადატვირთული სასამართლო აწყობს

რთულია არაა რომელიმე ადვოკატს „გაჭიანურებული საქმე“ უხსენო და მინიმუმ ორი-სამი საქმე არ გაახსენდეს. საქმე, რომელზეც სარჩელი წლების წინ შეიტანა და ერთი სხდომაც არ ჩატარდა, ან ჩატარდა ერთი სხდომა და აღარ გაგრძელდა.

„რა აზრი აქვს სასამართლოზე საუბარს?“ – გაღიზიანებით მოგვმართა მოქალაქე ირმა სიხარულიძემ, რომელიც ბათუმის ბულვარის შესასვლელთან ცხოვრობს ისტორიულ სახლში. სახლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს და მოქალაქემ 2020 წელს მიმართა სასამართლოს, სახლი რომ დაეცვა.

ირმა სიხარულიძის შესახებ „ბათუმელები“ 2020 წელს წერდა, როცა მან სარჩელით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა – ისტორიული სახლის ეზოს მოსაზღვრედ ახალი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. სასტუმროს მშენებლობა დასრულდა. სასამართლოში საქმის განხილვა დღემდე არ დაწყებულა.

„ბათუმელები“ სასამართლოების საქმისწარმოების ელექტრონულ გვერდზე შეისწავლა რამდენიმე მოსამართლის გრაფიკი – დღის განმავლობაში განსახილველი საქმეების რაოდენობა: მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი ებანოიძეს 18 სექტემბერს არც მეტი, არც ნაკლები – 20 სისხლის სამართლის საქმე უნდა განეხილა. თუ გავითვალისწინებთ, რომ რვასაათიანი სამუშაო დღე აქვთ მოსამართლეებს და თუ დავუშვებთ, რომ მოსამართლეებს დასვენება საერთოდ არ სჭირდებათ, გამოდის, რომ თითო საქმეს მოსამართლემ 24-24 წუთი დაუთმო.

სასამართლოს გადატვირთულობა ის თემაა, რაც სასამართლო სისტემის ლიდერებისგანაც ხშირად სახელდება, როგორც სასამართლოს მთავარი პრობლემა. მაგალითად, 2022 წლის ოქტომბერში, როცა ლევან მურუსიძე, კლანის ლიდერი, ხელახლა აირჩიეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად, ეს თქვა: „მთავარი პრობლემა, რომელიც მიმაჩნია, უნდა გამოსწორდეს – ეს არის გადატვირთულობა. საჭიროა ნაბიჯების გადადგმა, რათა მოსახლეობის წინაშე ვიყოთ მართლები, რომ სასამართლო იმუშავებს გამართულად, არ იქნება საქმეების გაჭიანურება”, – უთხრა მაშინ ჟურნალისტებს ლევან მურუსიძემ.

„სინამდვილეში ეს არის პრობლემა მაშინ, როცა სასამართლოს ეს აწყობს, სასამართლოს ამ პრობლემის მოგვარება არ სურს,“ – ეს კიდევ ერთი მოქალაქის და „გირჩის“ წევრის თემურ გორგაძის შთაბეჭდილებაა სასამართლოს გადატვირთულობაზე. მან 2022 წლის მარტში მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, თუმცა დღემდე ერთი სხდომაც არ ჩატარებულა. ეს საქმე მოსამართლე გიორგი ლობჟანიძეს აწერია.

თემურ გორგაძის საქმე საინტერესო იმითაა, რომ ის სუს-ის შენობის წინ, 2021 წელს, საპროტესტო აქციაზე დააკავეს, სამართალდამრღვევად მიიჩნიეს და 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობაც შეუფარდეს. სააპელაციო სასამართლომ თემურ გორგაძე სრულად გაამართლა 2021 წლის ნოემბერში, რის შემდეგაც მოქალაქემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა. თუ სუს-თან აქციის შემდეგ თემურ გორგაძე 2 დღეში გაასამართლა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ, შსს-ს წინააღმდეგ სარჩელის განხილვისთვის იგივე სასამართლომ ამ დრომდე ვერ მოიცალა.

„როდესაც სახელმწიფოს აზრით მე რაღაც დავაშავე, ეს სწრაფად განიხილეს და აღასრულეს – დამაპატიმრეს, მაგრამ როდესაც სახელმწიფომ ჩემი უფლებები დაარღვია, ეს ფეხებზე ჰკიდიათ.

თუ სასამართლო გადატვირთულია, მაშინ რატომ არ იყო გადატვირთული, როდესაც მსჯიდნენ? საპროტესტო აქციებზე დაკავებულებს ხომ ყველას მაშინვე ასამართლებენ? მე ფინანსური ზიანი მომადგა, რადგან 5 დღე ვერ ვივაჭრე, უმთავრესი მორალური ზიანია: აბსოლუტურად ტყუილად ვიჯექი ციხეში 5 დღე, რატომ?“ – კითხულობს მოქალაქე თემურ გორგაძე.

თემურ გორგაძის ინტერესებს სასამართლოში საია იცავს. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, სასამართლომ 2-დან 5 თვეში საქმის განხილვა მინიმუმ უნდა დაიწყოს, თუმცა ამ უფლებადამცავი ორგანიზაციის სამუშაო მაგიდაზეც რამდენიმეა ისეთი საქმეა, სადაც სასამართლო პროცესი არც კი დაწყებულა.

მაგალითად, „თემურ ბერიძის საქმე“ – ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ საქმეზე ორი სარჩელი დარეგისტრირდა: ერთი 2021 წლის მარტში, მეორე – 2021 წლის ივნისში. თემურ ბერიძე ხულოს არქივის ყოფილი უფროსია და მიიჩნევს, რომ სამსახურიდან დისკრიმინაციის მოტივით, პოლიტიკური ოპოზიციის მხარდაჭერის გამო გაათავისუფლეს.

„არცერთი პარტიის წევრი არ ვარ, მაგრამ ვმონაწილეობდი აქციებში, რეალურად ამის გამო გამათავისუფლეს. ჯერ მომცეს საყვედური, რაც გავასაჩივრე, შემდეგ – გამათავისუფლეს. მოპასუხე ამ საქმეზე აჭარის განათლების სამინისტროა. მხოლოდ ერთი პროცესი გაიმართა იმ სარჩელზე, სადაც გათავისუფლების შესახებ გამოცემულ გადაწყვეტილებას ვასაჩივრებ და სამინისტრომ მოითხოვა, დაველოდოთ საყვედურის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს როგორ შეფასდებაო. ამ არგუმენტით გადაიდო სხდომა, მაგრამ საყვედურის აქტზე ორ წელზე მეტია, ერთი სხდომაც არ ჩატარდა.

მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს მიუხედავად, მაინც უნდა გამამართლონ, ამიტომაც არ მართავენ ამ პროცესს,“ – ყოფილ საჯარო მოხელესაც ეს განცდა აქვს, რომ რეალურად საქმეების სიმრავლის და მოსამართლეების სიმცირის მიუხედავად, სასამართლო მიზანმიმართულად არ განიხილავს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს.

„თემურ ბერიძის საქმე“ მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს აწერია. ეს ის მოსამართლეა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, რომელიც საპროტესტო აქციების მონაწილეების დაჯარიმებით გამოირჩევა, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო ცვლის, მაგალითად, მოქალაქე ვაჟა თავართქილაძე მოსამართლე გოგუაძემ საკუთარ საშაურმის ვიტრინაზე განცხადების გამოკვრისთვის დააჯარიმა, სააპელაციომ – გაამართლა.

„არაფერი იცვლება“ – კატეგორიულია საია-ს იურისტის, ირმა აბაშიძის შეფასება საქმეების გაჭიანურებაზე. მას არ სჯერა, რომ ვინმე ზრუნავს გადატვირთულობის პრობლემის მოგვარებაზე.

„მე 2015 წლიდან ადვოკატი ვარ და სულ მესმის, რომ მოსამართლეებს ბევრი საქმე აწერიათ. მოსამართლეებს მართლაც ბევრი საქმე აწერიათ, მაგრამ პრობლემის მოგვარებისთვის არაფერი კეთდება. იმდენად რთული სიტუაციაა, რომ ადამიანებს ხშირად ინტერესი ეკარგებათ, ვიდრე საქმის განხილვა დაიწყება. ისეთი შემთხვევაც მქონია, როდესაც ადამიანებს ვუხსნი, რამდენ ხანს შეიძლება გაიწელოს პროცესი და საერთოდ გადაიფიქრა სარჩელის შეტანა სასამართლოში,“ – გვიყვება საია-ს იურისტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 სექტემბერს მოსამართლე ლილი მსხილაძეს 12 სისხლის სამართლის საქმე უნდა განეხილა, ლაშა ჩხიკვაძეს – 10 საქმე.

რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია, რაც სამართალწარმოების ოფიციალურ გვერდზე სასამართლოების განრიგის გრაფაშია გამოქვეყნებული?- „ბათუმელებს“ თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესცენტრში დაუდასტურეს, რომ განრიგის შესახებ ინფორმაცია რეალურია და ნამდვილად, მოსამართლე გიორგი ებანოიძეს 18 სექტემბერს 20 საქმე უნდა განეხილა. რეალურად განიხილა თუ არა ამ რაოდენობის საქმეები მოსამართლემ? – პრესცენტრში გვითხრეს, რომ დეტალური ინფორმაციის მისაღებად საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.

განსაკუთრებული დატვირთვით დიდი ქალაქების სასამართლოებში მუშაობენ, მათ შორის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში. თუმცა საქმისწარმოების ელექტრონულ გვერდზე ხშირად ინფორმაცია ყველა  სხდომის შესახებ სრულად არ ქვეყნდება. მაგალითად, 20 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ინტერნეტგვერდზე მხოლოდ მოსამართლე ნინო სახელაშვილის სხდომების შესახებ იძებნება ინფორმაცია – მას დღის განმავლობაში სისხლის სამართლის 10 საქმე უნდა განეხილა.

საერთო სასამართლოებში ამ დროისთვის სულ 335 მოსამართლეა. ახალი მოსამართლეების შესარჩევად საკვალიფიკაციო გამოცდები ახლაც მიმდინარეობს, თუმცა ყოფილი მოსამართლე, ირაკლი შავაძე გვიხსნის, როგორ არ იღებს სისტემა ახალ მოსამართლეებს და თავადაც გახდა „ყოფილი“.

რას ჰყვება ყოფილი მოსამართლე: მეწერა საქმეები, რომელთა არსებობის შესახებ არც კი ვიცოდი“ 

„რა კონკურსებსაც ატარებენ, ყველამ კარგად ვიცით: ორჯერ ნათელ-მირონობით თუ არ ხარ დაკავშირებული, შეუძლებელია ვინმემ მოსამართლედ დაგნიშნოს. რეალურად სასამართლოს გადატვირთულობის პრობლემის მოგვარება სისტემას არ აწყობს,“ – გვიყვება ყოფილი მოსამართლე ირაკლი შავაძე. ის ბათუმის საქალაქო სასამართლოში მუშაობდა 2015 წლიდან – სამწლიანი, გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ, მოსამართლე უვადო მოსამართლედ აღარ გაამწესეს.

ირაკლი შავაძე იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებაზე ამახვილებს ყურადღებას, როცა სასამართლოს გადატვირთულობის ფონზე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლედ არ გაამწესა მოსამართლეობის გამოცდილების მქონე კანდიდატი, რომელიც იმავე საბჭოს შეფასებით კვალიფიციურია და კეთილსინდისიერი. იუსტიციის საბჭო ამ კრიტერიუმების მიხედვით აფასებს კანდიდატებს და ირაკლი შავაძეც დადებითად შეფასდა, თუმცა ფარულ კენჭისყრაზე შავაძეს მხარი არ დაუჭირეს.

საინტერესოა ისიც, რომ მაშინ, 2018 წელს, ირაკლი შავაძის სარჩელზე ერთი სხდომაც არ ჩაუტარებია საკონსტიტუციო სასამართლოს.

„პირიქით, აწყობთ, როცა მოსამართლე გადატვირთულია და ყველას დარღვეული აქვს ვადები. პრაქტიკულად შეუძლებელია ამ მოცემულობაში ვინმემ ვადების დაცვა შეძლოს, გეწერება კიდევ ახალი საქმეები… ეს მმართველ რგოლებს ნაკლებად აინტერესებთ, რომ მართლმსაჯულება იყოს და ვიღაცის დარღვეული უფლება აღდგეს. მათი ინტერესია გავლენის სფეროების გაძლიერება და პრივილეგიების მიღება, მათი პრიორიტეტი ეს არის.

მეწერა საქმეები, რომელთა არსებობის შესახებ არც კი ვიცოდი. ვიხილავდი იმდენ საქმეს, რაც გონივრული იყო, რომ დამესრულებინა და დასაბუთებული გადაწყვეტილება მიმეღო. ცხადია, ეს რაოდენობა აისახება გადაწყვეტილებების ხარისხზე, რადგან საქმეს სჭირდება სრულყოფილი შესწავლა, ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და სამართლებრივი გადაწყვეტა. ფაქტობრივად, ფიქრის დრო მოსამართლეს არ ჰქონდა, ავტომატურ რეჟიმში უნდა ეფიქრა. ახლა კიდევ უფრო დამძიმდა სიტუაცია,“ – ამბობს ყოფილი მოსამართლე ირაკლი შავაძე და გვახსენებს, ხშირად განაჩენებში მოსამართლეები სამართლებრივ მსჯელობებს აკოპირებენ.

„შეიძლება, ვნახოთ განაჩენები, რომელიც 25 გვერდია და იქიდან იმ კონკრეტულ საქმეს უკავშირდებოდეს მხოლოდ 2 აბზაცი,“ – ამბობს ირაკლი შავაძე.

ირაკლი შავაძე

ყოფილი მოსამართლე ეჭვობს, რომ გადატვირთულობა შესაძლოა სასამართლო კლანის კონკრეტულ შემადგენლობას ძალაუფლების ხაზგასასმელად სჭირდებოდეს. ირაკლი შავაძე არც კორუფციის რისკს გამორიცხავს:

„რა პრინციპით უნდა განიხილოს მოსამართლემ ამდენი საქმე, რა თანმიმდევრობით? – ყველაზე ძველი საქმე უნდა განიხილო ჯერ, მაგრამ ასე არაა. მე ვიცავ ერთი კაცის უფლებას, გვირაბი რომ გაიყვანეს მახინჯაურში, იქ მიწის ნაკვეთს სარგებლობდა და მოსარგებლეებს მაშინ კომპენსაცია მისცეს, სარჩელის შეტანიდან წლები გავიდა, ერთი სხდომაც არ ჩატარებულა…

სისხლის სამართლის საქმეებზე ეს პრინციპი მოქმედებს დღეს, რომ პრაქტიკულად აღარ განიხილავენ არასაპატიმრო საქმეებს [როცა ბრალდებულები გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული. ავტ.] და პრიორიტეტი აქვს საპატიმრო საქმეებს. სამოქალაქო საქმეებზე კი, კანონით განსაზღვრულია 2-დან 5 თვემდე ვადა, მაგრამ კლიენტი რომ მოდის, ხომ ვერ დაუმალავ, რომ მინიმუმ ერთი, ან ორი წელი დასჭირდება საქმის განხილვას? შემდეგ კიდევ აპელაციაა, კასაცია. უღირს ადამიანს ელოდოს სიმართლის დადგენას 5 წელი? ქონებრივი დავებია, ბიზნესმენი სად უნდა წავიდეს ამ დროს: ქურდებთან, თუ ოლიგარქებთან?

როცა გადატვირთულობაა, ამ დროს შეიძლება ვიღაც გთხოვდეს: ჩემი პროცესი ჩანიშნე ჯერ, რომელიც 3 თვის წინ შემოვიტანე, 5 წლის წინ შემოტანილი საქმე კი, ისევ თაროზე დარჩება. კეთილსინდისიერ მოსამართლეს, რა თქმა უნდა, აწუხებს ეს საკითხი, რადგან იცის, რომ ადამიანმა სასამართლოს მიმართა სიმართლის დასადგენად, არქივისთვის ხომ არ მოუმართავს?

სისტემა რომ არ ცდილობს პრობლემის მოგვარებას, ამას აჩვენებს ისიც, როგორ დაასუსტეს საარბიტრაჟო ინსტიტუტი. გსმენიათ დღეს ვინმე მიმართავდეს არბიტრაჟს?“ – კითხულობს ირაკლი შავაძე.

რამდენად შეიძლება მოსამართლემ დღეში 20 საქმე განიხილოს? – ყოფილი მოსამართლე განმარტავს, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მხოლოდ საპროცესო შეთანხმების საქმეები აქვს მოსამართლეს, ან ისეთი საქმეები, სადაც უდავოდ არის მიჩნეული მტკიცებულებები და მოწმეები გამოსაკითხი არ არის.

„საპროცესო შეთანხმების დროსაც მოსამართლე რეალურად უნდა არკვევდეს კანონიერებას… ჩვენი საპროცესო კანონმდებლობით, სასამართლო როცა შემოდის, თავდაპირველად უფლებების განმარტებას სჭირდება დაახლოებით 10 წუთი, წესრიგის დაცვაზე აკეთებ განმარტებას, შემდეგ მოწმეების ვინაობის დადგენა, მათი უფლებების განმარტება… ასე რომ, მტკიცებულებები თუ არაა გამოსაკვლევი, შესაძლოა, განიხილო 20 საქმე, მაგრამ ხარისხი როგორი იქნება, სხვაა,“ – ამბობს ირაკლი შავაძე.

საუბრის ბოლოს ყოფილი მოსამართლე გვეუბნება იმასაც, რომ ყველაზე მეტად გადატვირთულობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს აწუხებს, რადგან შენობაც არაა საკმარისი ახალი მოსამართლეების მისაღებად.

„ახალი მოსამართლეები რომც გვყავდეს, ხომ უნდა დასვა სადმე? – პრაქტიკულად ადგილი არაა. უნდა გამოყოფილიყო ცალკე შენობა, მაგალითად, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეებისთვის, მაგრამ ამაზე ფიქრობს ვინმე?“ – უიმედოდაა ყოფილი მოსამართლე და მოქმედი ადვოკატი ირაკლი შავაძე.

„აწყობს სასამართლო კლანს მოსამართლეები ბევრი საქმით“ – საია-ს ანალიტიკოსი 

„ეს უკავშირდება პირდაპირ სასამართლოს დამოუკიდებლობის ასპექტს,“ – გადატვირთულობის სასამართლოს დამოუკიდებლობასთან პირდაპირ კავშირს ხედავს საიას იურისტი ნანუკა ყრუაშვილი, – „მოსამართლეები მუშაობენ 200 და 300 %-ით მეტ საქმეებზე, ვიდრე უნდა მუშაობდნენ.

ეს გადატვირთულობა შეიძლება იყოს გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის მექანიზმად. იმ ფონზე, როცა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში კლანია, ეს ძალიან კარგი ბერკეტია, ურჩი მოსამართლეების დასასჯელად, ან მათ გასაჩუმებლად. ამიტომაც აწყობს კლანს მოსამართლეები ბევრი საქმით,“ – ასე ასაბუთებს ნანუკა ყრუაშვილი, საიას დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი თავის არგუმენტს, თუ რატომ არ ცდილობს წლების განმავლობაში მართლმსაჯულების სისტემაში გადატვირთულობის პრობლემის მოგვარებას.

ნანუკა ყრუაშვილი

საიას იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ, პირველ რიგში, მოსამართლეების გადატვირთულობა საზოგადოებაზე აისახება.

„ადმინისტრაციულ თანამდებობებზე დანიშნული პირები ნაკლები ოდენობით განიხილავენ საქმეებს და მათ არ აქვთ ვადების გადაცილება. ესენი კლანის წევრი, ან კლანისადმი ლოიალურად განწყობილი მოსამართლეები არიან. რაც შეეხება საქმეების ელექტრონულ განაწილებას, ჩვენი შესწავლის შედეგად გამოჩნდა, რომ საქმეების დაახლოებით ერთი-მესამედი არ ნაწილდება შემთხვევითობის პრინციპით და უწევს იმას, ვისაც უნდა შეხვდეს. დადგენილია საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი, როცა მოქმედებს საგამონაკლისო წესი და ამას იყენებენ,“ – აღნიშნა ნანუკა ყრუაშვილმა.

საიას იურისტსაც ვკითხეთ, რა ხარისხის მართლმსაჯულება გვაქვს ქვეყანაში, როცა ერთი მოსამართლე დღეში შეიძლება 20 საქმეს განიხილავდეს?

„შესაძლოა, მოსამართლეების კვალიფიკაცია არ იყოს კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც ცალკე მსჯელობის საგანია, თუმცა ეს პირდაპირ აჩვენებს გადატვირთულობის პრობლემას.

კლანისთვის ძალიან სარისკოა ახალი სისხლის შემოყვანა სისტემაში, რომლის მართვაც შეიძლება გაუჭირდეთ, ურჩევნიათ შეჩვეული და კარგად ნაცნობი მოსამართლეები ჰყავდეთ, არ გააფართოონ სისტემა. იუსტიციის უმაღლესი სკოლა უნდა იყოს კარიბჭე ახალი მოსამართლეებისთვის, მაგრამ ჩაკეტილია ეს უწყებაც. ახლა გამოაცხადეს კონკურსი, თუმცა არ მოგვაწოდეს ინფორმაცია წინა კონკურსზე როგორ აირჩიეს კანდიდატები. ამჯერად 30 მსმენელი ჰყავთ და განმარტავენ, რომ მეტი რესურსი არ აქვთ.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელების მიღებაზე დამოუკიდებელი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ასევე კლანის მიმართ ლოიალურად განწყობილი ხალხითაა დაკომპლექტებული,“ – გვითხრა საიას იურისტმა.

___

„ბათუმელებმა“ სტატია მოამზადა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: