განათლება,მთავარი,სიახლეები

უნივერსიტეტები 30 000 სტატუსაღდგენილ სტუდენტს ვერ მიიღებენ – რა მიზანი აქვს ღარიბაშვილს

18.09.2023 • 9886
უნივერსიტეტები 30 000 სტატუსაღდგენილ სტუდენტს ვერ მიიღებენ – რა მიზანი აქვს ღარიბაშვილს

მთავრობის ბოლო სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილებით, 30 ათასამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს დავალიანება გაუნულდება. საუბარია 40 მილიონამდე ლარზე.

თუმცა ღარიბაშვილს სხდომაზე არც კვლევა, არც დაზუსტებული მონაცემები არ წარმოუდგენია, თუ რაზე დაყრდნობით მიიღო ეს გადაწყვეტილება. იმავე დღეს განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კი განაცხადა, რომ ღარიბაშვილის ამ ინიციატივის შესახებ ახლა შეიტყო და აღდგენილი სტუდენტების სანაცვლოდ უნივერსიტეტებს კვოტებს გაუზრდის.

რას ნიშნავს, როცა პრემიერ-მინისტრი განათლების სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე მსგავს ინიციატივას აანონსებს, განათლების მინისტრი კი – კანონს არღვევს?

„ბათუმელები“ ამ თემაზე „ალტე უნივერსიტეტის“ ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორს და ილიაუნის პროფესორს კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის მიმართულებით, ნანა დიხამინჯიას ესაუბრა.

  • ქალბატონო ნანა, ის რა განცხადებებიც მოვისმინეთ პრემიერისგან და შემდეგ განათლების მინისტრისგან, სინამდვილეში რა ტიპის პრობლემას აჩვენებს ქვეყანაში?

მთავარი პრობლემა, რაც გამოჩნდა პრემიერის განცხადებით, არის ის, რომ მთავრობა განათლების სამინისტროსა და უნივერსიტეტებთან განხილვებისა და შეთანხმების გარეშე იღებს გადაწყვეტილებას ამხელა პროცესზე.

ეს ნიშნავს, რომ საერთოდ არ აქვთ გააზრებული, ვინ არიან მთავარი აქტორები განათლების სისტემის პროცესში, ვინ არიან მთავარი შემსრულებლები და ვინ უნდა მიიღოს ამ ტიპის გადაწყვეტილება.

ძალიან ცუდად მომხვდა თვალში ღარიბაშვილის ფრაზა – „ჩემი პირადი გადაწყვეტილებით“. ეს იყო ძალიან ცუდი, რადგან არავის აქვს უფლება, განათლების სისტემაში პირადად მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება, არანაირ საკითხთან დაკავშირებით. რადგან განათლების სისტემა არის ძალიან კომპლექსური და ყველა გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს ათობით ორგანიზაციის ჩართულობით.

განსაკუთრებით ცუდად მენიშნა ის, რომ უნივერსიტეტებს საერთოდ აზრი არ ჰკითხეს.

გასაგებია, რომ პრობლემა არსებობს, გასაგებია, 30 ათასი სტუდენტი არ არის პატარა რიცხვი, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი, მაგრამ ამ ტიპის გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს კვლევას, ანუ ზუსტად უნდა გვცოდნოდა, როდის აქვთ სტატუსი შეჩერებული სტუდენტებს, რა მიზეზით აქვთ შეჩერებული, რადგან სტატუსს ყოველთვის ფინანსური დავალიანების გამო არ იჩერებენ სტუდენტები.

დასაზუსტებელია, რა მიზეზით აქვთ ეს ფინანსური დავალიანება, ვისაც აქვს, რომელ პროგრამებზე და ასე შემდეგ, რადგან ზოგი პროგრამა 2250 ლარი ღირს და ზოგი – 7 000 ლარი.

ამიტომ, ღარიბ სახელმწიფოს, რომელსაც განათლების სისტემაში აქვს ათასობით პრობლემა, არ აქვს იმის ფუფუნება, ასე მარტივად ხარჯოს ფული, ყოველგვარი განხილვისა და კვლევის გარეშე.

ეს რიცხვები უნდა გამოექვეყნებინა მთავრობას აუცილებლად, უნდა შეფასებულიყო ეს ყველაფერი და ისე უნდა მიღებულიყო გადაწყვეტილება.

  • ჩვენ არც ის ვიცით, ამ 30 ათასიდან რეალურად რამდენს სურს სტატუსის აღდგენა, არა? იქნებ საერთოდ არ არიან ეს ადამიანები ქვეყანაში, იქნებ დასაქმებულნი არიან და დრო არ რჩებათ, ლექციებზე რომ იარონ, ბევრი სხვა მიზეზი შეიძლება იყოს, რაზეც არ უსაუბრია ღარიბაშვილს.

თუ, მაგალითად, შარშან შეუჩერდა სტუდენტს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, ამ შემთხვევაში სტატუსის აღდგენა მარტივია უნივერსიტეტისთვის, მაგრამ თუ ეს არის უფრო ადრეული წლების, ამ შემთხვევაში რთული იქნება, რადგან პროგრამები იცვლება ან იხურება. ამ შემთხვევაში ინდივიდუალური გეგმა სჭირდება სტუდენტს, თუ დაიხურა პროგრამა, მაშინ მობილობით სჭირდება გადაყვანა და ასე შემდეგ.

შეიძლება ადამიანმა 7 წლის წინ მიატოვა სწავლა და ვთქვათ, მუშაობს, კარგი სამსახური აქვს და არ აპირებს ჯერ სწავლის გაგრძელებას, იკითხა, გაარკვია ეს ვინმემ? აი, ამას სჭირდებოდა კვლევა.

თუ ვიღაცას, მაგალითად, ერთი სემესტრის დავალიანება აქვს და ვთქვათ, გადავუხადეთ ეს 1125 ლარი, თუ ეს სტუდენტი რეგიონიდანაა და თბილისში სწავლობს, რა უნდა ქნას ამ ადამიანმა? მარტო ეს ერთი სემესტრის თანხა იყო მისთვის პრობლემა?

თუ პრობლემაა ბინის ქირა, რომელიც ძალიან გაზრდილია ქვეყანაში რუსების შემოსვლის გამო, ფაქტობრივად, აღარ იშოვება ხელმისაწვდომი ბინები თბილისში, ის, რომ ამ სტუდენტს ბინის გარდა სჭირდება კვების, ტრანსპორტის თანხა და ასე შემდეგ, ეს ფული საიდან უნდა მოიტანოს? აი, ამ ყველაფერს სჭირდება პირველ რიგში განსჯა.

  • განათლების მინისტრის განცხადება რამდენად პრობლემურია – მან თქვა, რომ უნივერსიტეტებს გაუზრდის კვოტებს, თუ სტატუსაღდგენილი სტუდენტებიდან ყველა მოისურვებს დაბრუნებას.

ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, რადგან ამ დროისთვის უნივერსიტეტებს ყველა კვოტა შევსებული აქვთ. მაგალითად, 17 770 სტუდენტი ჰყავს ილიას უნივერსიტეტს, დაახლოებით 20 ათასია თსუ-ს კვოტაც და როგორც წესი, უნივერსიტეტები ბოლომდე ავსებენ ხოლმე ამ კვოტებს.

თუ რამდენი სტუდენტის მიღების უფლება აქვთ უმაღლეს სასწავლებლებს, ამ კვოტას მათ ანიჭებს ავტორიზაციის საბჭო.

ეს რიცხვი ავტორიზაციის საბჭოზე თავად უნივერსიტეტებს შეაქვთ, შემდეგ ამაზე მსჯელობს ექსპერტთა ჯგუფი და აფასებს, ამ დასკვნის საფუძველზე იღებს ავტორიზაციის საბჭო გადაწყვეტილებას.

ამ ფონზე გამოდის განათლების მინისტრი და ამბობს, რომ ვისაც კვოტის პრობლემა ექნება, არ არის პრობლემა, გავუზრდით, ეს არის კანონდარღვევა.

  • ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ განათლების სამინისტრო უგულებელყოფს ავტორიზაციის საბჭოს და ამ პროცესს, რასაც უნივერსიტეტები გადიან კვოტების მინიჭებისთვის?

რა თქმა უნდა. და ეს ძალიან ცუდის მანიშნებელია, რადგან ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა გაუმართავი სისტემებია. ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სისტემა მეტ-ნაკლებად გაიმართა ამ ბოლო წლებში ქვეყანაში, ამან გააძლიერა უნივერსიტეტების ხარისხიც, რადგან გვახსოვს წლები, როცა სადარბაზოებში იყო გახსნილი უნივერსიტეტები და ისე იძლეოდნენ დიპლომებს. ძლივს ამუშავდა ეს სისტემა, გახდა ევროპული ხარისხის აღიარების ნაწილი და ახლა, როცა მინისტრი ასეთ რამეს ამბობს, რა თქმა უნდა, ამით სისტემას არღვევს.

  • დავუშვათ, ამ 30 ათასიდან, სულ ცოტა, 10 ათასმა გადაწყვიტა უნივერსიტეტში დაბრუნება. რა მოხდება ამ შემთხვევაში?

შესაძლოა ნაკლებად პრესტიჟულ უნივერსიტეტებს აქვთ შემორჩენილი კვოტები და მიიღონ გარკვეული რაოდენობა, მაგრამ იმ უნივერსიტეტებისთვის, სადაც შევსებულია კვოტები, ეს იქნება შეუძლებელი.

აქ მარტო აუდიტორიებზე ხომ არ არის საუბარი, აქ მოიაზრება ლექტორთა კორპუსი, სასწავლო რესურსები, კომპიუტერული კლასები, ლაბორატორიები, მაშინ ამ ყველაფრის რაოდენობის გაზრდა გახდება საჭირო.

შესაბამისად, ახლა, სწავლის დაწყების წინ, როცა აცხადებს ღარიბაშვილი, რომ ყველას გაუნულებს დავალიანებას, ცრუ მოლოდინს უქმნის ადამიანებს, რომ შეიძლება ამ სემესტრში აღუდგეთ სტატუსი. ეს შეუძლებელია.

თუ სტუდენტს ერთ წელიწადში უნდა დაემთავრებინა სწავლა და შენ 2-3 წელიწადს უმატებ, შეიძლება არც მოინდომოს სწავლის გაგრძელება, ხომ?

მაგალითად, ტექნოლოგიებსა და ინჟინერიაში სწრაფად ახლდება პროგრამები. შესაძლოა ის პროგრამა საერთოდ აღარ იყოს, რაზეც კონკრეტული სტუდენტი სწავლობდა.

უკვე რამდენი წელია მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიდის კვლევა (პერიოდულად გამოჩნდება ხოლმე ეს კვლევები), თუ როგორ უნდა შეიქმნას უნივერსიტეტების დაფინანსების მდგრადი სისტემა, მაგრამ ეს პროექტიც თაროზეა შემოდებული და არაფერი ვიცით, როდის დასრულდება.

ძალიან დიდი პრობლემაა, როცა 2250 ლარი ღირს უნივერსიტეტში სწავლა, ეს არის თავის მოტყუება, არ შეიძლება ამ თანხად მაღალი ხარისხის განათლების უზრუნველყოფა. მაშინ, როცა კერძო სკოლებსა და საბავშვო ბაღებშიც კი ბევრად მეტი ღირს სწავლა.

მაშინ, როცა სახელმწიფოს მოგვარებული არ აქვს სტუდენტური საცხოვრებლების პრობლემა და ბევრი სხვა რამ, ასეთ გაუთვლელ და დაუგეგმავად წამოსროლილ ინიციატივებს, არანაირი აზრი არ აქვს.

  • მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა, იმავე დღესვე დაიწყეს აზრის გავრცელება, რომ „ეს არის პრემიერის კეთილი ნება“, „საჩუქარი“ და ასე შემდეგ. რა არის რეალურად ეს, საარჩევნო პროპაგანდის ნაწილი? ახალგაზრდების, როგორც ელექტორატის მოსყიდვა? – თქვენ როგორ ფიქრობთ?

როდესაც სახელმწიფო ფულს ხარჯავს, ეს არასდროს არ არის საჩუქარი, რადგან ეს არ არის არც ღარიბაშვილის, არც ზურაბიშვილის, პარლამენტის თავმჯდომარის თუ რომელიღაც პარტიის ფული. ეს არის ჩვენი, ჩვენი მშობლებისა და შვილების ფული.

სახელმწიფო, ზოგადად, საჩუქარს ვერ იძლევა ვერანაირს, ეს არის ის ფული, რომელსაც ჩვენ გამოვიმუშავებთ.

იცით, რას ჰგავს ეს კონკრეტული შემთხვევა? წარმოიდგინეთ ოჯახი, რომელსაც სოციალური პრობლემები აქვს, შია და ამ დროს ოჯახის უფროსი დაბადების დღეზე საჩუქრად ყიდულობს ძვირადღირებულ თაიგულს ოჯახის რომელიმე  წევრისთვის. შეიძლება ეს საჩუქრად აღვიქვათ, თუ ეს იქნება არასწორი ხარჯვა?

დაახლოებით ასე უნდა მოვუდგეთ ამ საკითხსაც, რადგან ბიუჯეტი ხალხის ფულია, ჩვენ გამოვიმუშავებთ და ჩვენ უნდა დავხარჯოთ. არაფრით შეიძლება, რომელიღაც პარტიამ ერთპიროვნულად გადაწყვიტოს ბიუჯეტის ხარჯვა, თან ისე, რომ მათ მიერვე დანიშნული მინისტრიც კი არ ჩააყენონ საქმის კურსში და ათქმევინონ, დღეს პირველად გავიგე ამის შესახებ და ახლა დავიწყებთ უნივერსიტეტებთან მოლაპარაკებასო.

  • რატომ ეგუებიან ამ ყველაფერს უნივერსიტეტები. ეს ხომ მათ ჩიხში შეიყვანს?

საერთოდ, უნივერსიტეტები ყველაზე მთავარი ძალაა ქვეყნის განვითარებისთვის, ამიტომ მათი ასეთი იგნორირება, რასაც ახლა ვხედავთ, ძალიან დამამცირებელია.

მეც ძალიან მიკვირს, რომ ისინი ამას არ აპროტესტებენ.

თუმცა ჩვენ გვაქვს მაგალითები, თუ როგორ ახდენდა ხელისუფლება მათზე ზეწოლას სხვადასხვა დროს, გავიხსენოთ თუნდაც შავი ზღვის უნივერსიტეტი, რომელსაც მხოლოდ იმიტომ შეუჩერეს ავტორიზაცია, რომ ასე მოისურვა ერდოღანმა.

სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ მიჩვეული თანმიმდევრულ პროტესტს. იმას, რომ საკუთარ სამუშაო სივრცეში მოვითხოვოთ რაღაცის ცვლილება, რომ მაგალითად, პროფესორმა უნივერსიტეტს მოსთხოვოს წესების დაცვა, უნივერსიტეტმა განათლების სამინისტროს და ასე შემდეგ. ასეთი რამ ჩვენთან ძალიან იშვიათია.

მეორე მომენტია, როდესაც სამართლიანი სისტემა არ არსებობს ქვეყანაში.

  • ჩვენ ვიცით, რომ სკოლებში ათასობით ბავშვი შიმშილობს და არაერთი კვლევა დაიდო ამაზე. არის მოძრაობები, რომლებიც მოითხოვენ სკოლებში უფასო კვების დანერგვას, თუმცა ხელისუფლება უფულობას იმიზეზებს. ამ დროს საიდანღაც გამოჩნდა 40 მილიონი…

და ეს მაშინ, როცა ვიცით, რომ სადღაც 100 ათასი ბავშვი შიმშილობს ქვეყანაში.

ის ბავშვებიც კი, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა სკოლის ბუფეტში შეიძინონ რაიმე, ჯანმრთელობის დამაზიანებელ საკვებს იღებენ.

როცა ვამბობთ, რომ ტექნოლოგიების განვითარებაზე გადის დღეს ქვეყნის განვითარების მთავარი გზა, როგორ შეიძლება სკოლებში არ გქონდეს კომპიუტერული კლასები? არ გქონდეს ყველა საკლასო ოთახში პროექტორი, ინტერნეტი. მასწავლებლები ჯერ კიდევ დაფაზე წერით გადასცემენ ინფორმაციას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, უბრალოდ, წინა საუკუნეში ვცხოვრობთ.

რეგიონებში ხშირად ჩავდივარ ხოლმე და არაერთ სოფელშია ისეთი სკოლა, სადაც ბავშვს ხვდება ღირსების შემლახავი საპირფარეშო და გარემო.

შეუძლებელია ასეთ დამამცირებელ გარემოში ბავშვს გამოუმუშავდეს პატივისცემა განათლების ინსტიტუციების მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სწავლის მოტივაციისთვის.

ის, რომ ცალკეული ბავშვები წარმატებებს აღწევენ, არ ნიშნავს, რომ ჩვენ მასიურად ვიძლევით სწორ განათლებას.

ექსპერტებს ვეღარ ვზრდით ქვეყანაში, რადგან ამას სჭირდება სერიოზული ლაბორატორიები, რომლებიც ძალიან ძვირი ღირს. უნდა ნახოთ უნივერსიტეტები, სადაც მოძველებული აპარატურაა შემორჩენილი და აქა-იქ თუ მიამატებენ საერთაშორისო გრანტით რაიმეს.

აი, ახლა, როცა კლიმატის ცვლილებების გამო თავზე გვენგრევა ქვეყანა, როცა გზა ვერ გაგვყავს და გვირაბი, ეს არის ამ ყველაფრის შედეგი, რომ მოშლილია ქვეყანაში საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლება, კვლევა და განათლება.

სტემ მიმართულებებს სჭირდება სერიოზული საფუძვლიანი დაფინანსება. სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს თავისი პრიორიტეტები. ვიცით, რომ გვჭირდება უფრო მეტი ტექნიკური განათლება და ნაკლები ბიზნეს და იურიდიული განათლება, მაგრამ ამის დიფერენციაციასაც ვერ ვაკეთებთ სწორად. იმიტომ, რომ კვლევა, რომელსაც ეს პრიორიტეტები უნდა განესაზღვრა, ალბათ იქამდე იქნება თაროზე, სანამ არ მოძველდება.

  • როგორ ფიქრობთ, არჩევნებისთვისაა გამიზნული ეს ინიციატივა?

ერთპიროვნული და ხმაურიანი გადაწყვეტილებები ყოველთვის მიმართულია მმართველი პარტიის საარჩევნო დივიდენდებისკენ. სხვა დატვირთვა არ აქვს. ეს არ არის გრძელვადიანი გადაწყვეტილება, რომელიც მოგვცემს გრძელვადიან ეფექტს.

რისი მოლოდინი უნდა მქონდეს, როცა არც კი ვიცით, რეალურად რას აგვარებს ასე გასროლილი ამხელა ფული.

სამწუხარო კიდევ ის არის, რომ ჩვენ მოსახლეობას ჯერ კიდევ არ აქვს განათლების სისტემის ისეთი აღქმა, რომ კრიტიკულად გააანალიზოს ამ ტიპის ინიციატივები და სახელმწიფოს უყურებს როგორც ცალკე მდგომ სუბიექტს, რომელიც თუ უნდა კონცერტებში დახარჯავს მილიონებს და თუ უნდა მას გადმოუგდებს 2 კილოგრამ კარტოფილს ან სკვერს გააკეთებს სადღაც, საჭირო არის თუ არა, იმის მიუხედავად.

„ყვავს კაკალი გააგდებინო“ – თითქოს ასეთ სუბიექტად აღიქვამს სახელმწიფოს და ამიტომ ამბობს „რა კარგია, ვიღაცას მაინც შეეშველება ეს ფული“. ამიტომ იწერს ასეთი ინიციატივებით სახელმწიფო ქულას მოსახლეობის თვალში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: