მთავარი,სიახლეები

მოწმის სახით მიბარებენ საქმეზე, სადაც ადვოკატი ვარ – ზაზა პაპიძე

18.09.2023 • 2189
მოწმის სახით მიბარებენ საქმეზე, სადაც ადვოკატი ვარ – ზაზა პაპიძე

„მოწმის სახით მიბარებენ საქმეზე, სადაც ადვოკატი ვარ. უწყება არ ჩავიბარე და ვუთხარი, რომ არ ვაძლევ ჩვენებას. მათი მიზანია, საადვოკატო საქმიანობა შემიზღუდონ,“ – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე. მან დღეს, 18 სექტემბერს, ბრიფინგი გამართა და მოწმის სახით ადვოკატის დაბარება გააპროტესტა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ადვოკატს არ აქვს ვალდებულება მოწმედ დაიკითხოს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა საქმეში ადვოკატის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.

„იფიქრეს, როგორ ამაცილონ საქმეს ადვოკატი, რომელიც იურიდიულ კონსულტაციას ვუწევდი კლიენტებს და ვიცავდი მათ ინტერესებს. მოიფიქრეს, რომ თითქოსდა ვარ მოწმე და ამ საფუძვლით არ მაძლევენ საშუალებას, დაცვა განვახორციელო, თუმცა ვფიქრობ, სასამართლო მაინც მომცემს საშუალებას დავიცვა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები და განვახორციელო პროფესიული საქმიანობა.

საშიშია და განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ მოფიქრებული აბსურდით ნებისმიერი ადვოკატის აცილება შეუძლიათ საქმეში, ეს თუ გაუვიდათ, რადგან ნებისმიერ ადვოკატს ეტყვიან, შენ იქ იმყოფებოდი და უნდა დაგკითხოთ მოწმედ, რის გამოც ვეღარ დაიცავო. ეს არის პირდაპირ საადვოკატო საქმიანობაში ხელის შეშლა და უკანონო ჩარევა, აღნიშნულზე უნდა დაიწყოს გამოძიება და პასუხისგებაში უნდა მიეცეს დანაშაულის ჩამდენი გამომძიებელი,“ – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე.

ზაზა პაპიძეს გამოძალვის მუხლით დაწყებულ საქმეზე იბარებდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტი მოწმის სახით.

რატომ არ არის შესაძლებელი, გამოძიება ჰქონდეს ინტერესი არა ადვოკატის დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, არამედ სხვა გარემოებაზე, რაც ამ საქმეს უკავშირდება და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია? – ზაზა პაპიძე მიიჩნევს, რომ ამის უფლება საგამოძიებო ორგანოს არ აქვს, რადგან ის ამ საქმეში ჩართეს, როგორც ადვოკატი.

ადვოკატის მოწმის სახის დაბარებას გამოეხმაურა საქართველოს ადვოკატთა ასოაციაცია:

„გვინდა ყველას შევახსენოთ, რომ ადვოკატი არ შეიძლება იყოს მოწმე იმ საქმეზე, რომელშიც ის მონაწილეობს როგორც ადვოკატი და განხორციელებული აქვს კლიენტის იურიდიული მომსახურება, მათ შორის, იურიდიული რჩევის მიცემა. „ადვოკატთა შესახებ“ კანონის 38.(6) მუხლის ძალით, კონფიდენციალურია ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც ადვოკატმა მიიღო კლიენტისაგან ან იურიდიული რჩევის მიღების სხვა მსურველისაგან პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას.

შესაბამისად, ადვოკატის გამოკითხვა ან/და მოსამართლის წინაშე მოწმედ დაკითხვა იმ საქმეზე, რომელშიც იგი ასრულებს თავის პროფესიულ მოვალეობებს, დაუშვებელია, ხოლო ადვოკატის უარი მონაწილეობა მიიღოს მოწმედ დაკითხვაში – კანონიერი,“ – აღნიშნულია ადვოკატთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადვოკატის მოწმის სახით დაბარებაზე შსს-ს კომენტარს ამ უწყებიდან ინფორმაციის მოწოდებისთანავე გაგაცნობთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: