მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია დიდი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას კარგავს – აუდიტი

18.09.2023 • 2369
ბათუმის მერია დიდი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას კარგავს – აუდიტი

ბათუმის მერია არაეფექტურად განკარგავს სარეკლამო სივრცეს, რაც გრძელ ვადაში ბიუჯეტს დიდ შემოსავლებს დაუკარგავს. შპს „ალმასთვის“ ბათუმის ავტოტრანსპორტზე რეკლამის განთავსების უფლების 30 წლით გადაცემაზე ამჯერად სახელმწიფო აუდიტმა გაამახვილა ყურადღება.

შპს „ალმასა“ და ბათუმის მერიას შორის 2020 წელს გაფორმებული 30-წლიანი კონტრაქტი სახელმწიფო აუდიტმა შეაფასა, როგორც მერიის არასწორი გადაწყვეტილება, რომელმაც ქალაქს გრძელ ვადაში დიდი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა დააკარგვინა.

ტრანსპორტის გარდა მერია 10 წლის ვადით სარეკლამო სივრცეს ქალაქშიც ყიდის. აუქციონი უკვე გამოცხადებულია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ეს სივრცეც „ალმას“ სურს.

„შეიძლება ეს იყოს ალმა ან მასთან დაკავშირებული კომპანია სხვა სახელით“, – უთხრა „ბათუმელებს“ ინფორმირებულმა პირმა.

ამ კომპანიის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებასა და შეუსრულებელ ვალდებულებზე „ბათუმელები“ ადრეც წერდა

განსაკუთრებით არჩევნების წინ კარგად ჩანს, რომ 30-წლიან კონტრაქტს დიდი შემოსავლის მიღების პერსპექტივით უანგაროდ არავინ იღებს – ურთიერთობა სახელმწიფო სტრუქტურებსა და კომპანიის მფლობელებს შორის ორმხრივია.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნა ბათუმის მერიის 2020-2022 წლის გადაწყვეტილებების ეფექტურობას მიმოიხილავს.

2020 წელს ბათუმის მერიამ ელექტრონული აუქციონის ფორმით განკარგა მუნიციპალურ ავტობუსებზე გარე რეკლამის განთავსების უფლება [5,154.3 კვ.მეტრი ფართობი] კონტრაქტი „ალმას“ გაუფორმეს. კომპანიამ 4 მილიონ 100 000 ლარი გადაიხადა.

აუდიტორის შეფასებით, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ 30 წლით სარეკლამო სივრცის სრულ მოცულობაზე უფლების გადაცემა წარმოშობს რისკს, რომ გრძელვადიან პერიოდში დაიკარგოს დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობა.

ამასთან,

მთლიანი სარეკლამო ფართობის ოცდაათწლიანი ვადით უფლების გადაცემა მაშინ, როდესაც ასეთ გრძელვადიან პერიოდში რადიკალურად იცვლება საბაზრო პირობები, შესაძლოა, შპს-ს დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობის დაკარგვა განაპირობოს. ვერ უზრუნველყოფს პროცესისადმი მოცემულ ბაზარზე ოპერირებადი სხვა სუბიექტების დაინტერესების ზრდას.

საუბარია შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტზე“, ეს არის მუნიციპალური ორგანიზაცია, რომლის ბიუჯეტშიც აისახება მუნიციპალური ავტოტრანსპორტიდან მიღებული შემოსავალი, მათ შორის, რეკლამით მიღებული შემოსავალი.

სხვათა შორის, მერია ტენდენციას აგრძელებს, გასულ წელს ვადა გაუვიდა შპს „აჯადთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელსაც ბათუმში გარე რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლება ჰქონდა. 2023 წლის 6 სექტემბერს მერიამ გარე რეკლამის განთავსების უფლება 10-წლიანი ვადით გაიტანა აუქციონზე. ამჯერად საწყისი ფასი 8 მილიონი ლარია.

იმ ფონზე, როცა პრემიერი ამტკიცებს, რომ „ეკონომიკა დუღს“ და რეკლამის ფასიც წლიდან წლამდე მაღლა იწევს, ბიუჯეტში შემოსავლის გაზრდის შესაძლებლობის დაკარგვა ცალკე საკითხია.

აუდიტი ასევე წერს ფულზე, რომელსაც „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ვერ განკარგავს, მერია კი არ ცვლის ორგანიზაციისთვის გამოყოფილი სუბსიდიის ოდენობას.

აუდიტი წერს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ სუბსიდიის სახით მიიღო 17 მილიონ 847 376 ლარი, მაშინ, როდესაც შპს-ს საკუთარი შემოსავლების დანახარჯების გათვალისწინებით, აუთვისებელი ნაშთი გააჩნდა, ჯამში − 4 მილიონ 951 845 ლარი.

„აღნიშნული გარემოება მიუთითებს, რომ სათანადო ანალიზის გარეშე განისაზღვრა გასაცემი სუბსიდიის მოცულობა.“

აუდიტი განმარტავს, რომ შპს-ის საკუთარი შემოსავლების ზრდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდიის სახით დასაფინანსებელი თანხების შემცირების ერთ-ერთი საფუძველია.

„ალმას“ დირექტორი გიორგი ტრაპაიძეა, მფლობელი კი მალტაში რეგისტრირებული კომპანია Meridian Malta.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, Meridian Malta-ს საბოლოო ბენეფიციარები, ანუ რეალური მფლობელები ლევან ფხაკაძე (50% წილი) და სამსონ (სოსო) ფხაკაძე (50% წილი) არიან.

ლევან და სოსო ფხაკაძეების სახელთან არის დაკავშირებული ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანია „ვისოლი“ და მასთან აფილირებული კომპანიები: „დანკინ დონატსი“, „სმარტი“, „ვენდისი“ და ა.შ.

„ალმა“ ფლობს შიდა რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებას თბილისის, ბათუმის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში. ასევე, მისი სარეკლამო ბილბორდები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქშია განთავსებული.

2019 წელს კომპანიამ შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ბალანსზე არსებულ ინფრასტრუქტურაზე, მოძრავ და უძრავ ქონებაზე არსებულ სარეკლამო ადგილებზე რეკლამის განთავსების 20- წლიანი ექსკლუზიური უფლება შეიძინა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: