მთავარი,სიახლეები

არც საქანელა გვაქვს, არც მოედანი – ბავშვები სვიშევსკის ქუჩიდან

16.09.2023 • 2034
არც საქანელა გვაქვს, არც მოედანი – ბავშვები სვიშევსკის ქუჩიდან

სვიშევსკის ქუჩა ბათუმში, ე.წ გოროდოკის უბანში, ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილია. ვიწრო ქუჩების ლაბირინთში ათობით ბავშვს შენიშნავთ ბურთით ხელში, რომლებიც ვიწრო შუკებში სათამაშო სივრცეებს ეძებენ, მაგრამ ამაოდ.

სახელდახელოდ, პლასმასის წვრილი ჯოხებისგან შეკოწიწებულ ფეხბურთის კარებს აქეთ-იქით დაატარებენ და ბოლოს მაინც ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე იწყობენ „სტადიონს“.

სახლებს შორის მოქცეული ათობით ბავშვის ყიჟინზე მეზობლებიც ღიზიანდებიან,  – ვიღაცას ბავშვი ჰყავს ჩასაძინებელი, ვის კიდევ სიმშვიდე სჭირდება. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც გაგებით ეკიდება სათამაშო სივრცეების გარეშე დარჩენილი ბავშვების გასაჭირს და მათ ფანჯრებში შემოფრენილ ბურთზე არ ბრაზობს.

სათამაშო სივრცეების გარეშე დარჩენილი ბავშვები სვიშევსკის ქუჩაზე

„სათამაშო მოედანი“ ცენტრალ გზას უერთდება, ამიტომ ბურთი ხშირად გავარდება ხოლმე მაგისტრალზე, რაც ხიფათს უქმნის ბავშვებს.

„ზოგი ბეწვზე გადარჩენილა“, „ზოგი დაზიანებულა კიდეც“, – გვიყვებიან უბნის მაცხოვრებლები.

„ბათუმელებთან“ თავიანთ გასაჭირზე ყვებიან სვიშევსკის ქუჩის ბავშვებიც.

„უფრო ქვემოთ, უბანში, არის ერთი მოედანი, მაგრამ პატარაა, იქ ყველა ვერ ვეტევით, დიდი ბავშვები თამაშობენ და ჩვენ არ გვიშვებენ, ამიტომ მაყურებლის როლში გვიწევს მხოლოდ ყოფნა“-გვეუბნება 6 წლის ლადო აბაშიძე.

ლადო აბაშიძე

უბანში უსაფრთხოდ თამაშს ვერ ახერხებს ოთო წულუკიძეც.

„აქ თამაში არის ძალიან საფრთხის შემცველი, რადგან უამრავი ტრანსპორტი დადის. რადგან სტადიონი არ გვაქვს, ბურთი გვივარდება ხოლმე მაგისტრალზე და არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა მანქანას გადაუვლია ბურთზე, ბურთი გამსკდარა და ვეღარ გვითამაშია.

ძალიან რთულია ამ პირობებში ფეხბურთის თამაში“- გვეუბნება ის.

მათე ჯაფარიძე

მათე ჯაფარიძე ფეხბურთელობას აპირებს. „სტადიონი იმიტომ გვინდა, რომ არ დავზიანდეთ. აქ ასფალტია და როცა ვეცემით, ვზიანდებით“-გვეუბნება ის.

გიგა ცეცხლაძის აზრით, ამ უბანში ყველაზე კარგი სტადიონი ყოფილი პოლკის ტერიტორიაზე გაკეთდება, რადგან დიდი სივრცეა. „ძალიან გვინდა, რომ ამ ადგილზე მოგვიწყონ კარგი სტადიონი, კეთილმოწყობილი რომ იყოს. მაშინ აღარც ხელს დავიზიანებთ და არც ფეხს, როცა დავეცემით“-ამბობს გიგა.

საბა ცეცხლაძე თავის დაზიანებულ ფეხს გვაჩვენებს. რამდენიმე დღის წინ, სწორედ ამ ვიწრო ქუჩაში თამაშის დროს დაეცა.

გარდა იმისა, რომ სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში უწევთ ბავშვებს გართობა, თავისუფალი სივრცეების არარსებობა, სამეზობლო უკმაყოფილებასაც იწვევს.

გიორგი შარაშიძე

„მეზობლები გვიყვირიან – „წადით აქედან, სხვაგან ითამაშეთ“, „ჩუმად იყავით“, ზოგჯერ გვიმალავენ კიდეც ბურთს.

ერთხელ, მეზობელის საჭმლის ქვაბში ჩავარდა ბურთი და აღარ მოგვცა. ერთს „ბანკა“ გავუტეხეთ.

ხან სახურავზე ავარდება ბურთი თამაშის დროს, ხან ისეთ ფანჯარაში შევარდება, სადაც არავინ ცხოვრობს და მერე ვეღარ გამოგვაქვს და ვრჩებით ბურთის გარეშე.

ერთმა მეზობელმა ერთი კვირით დაგვიმალა ბურთი, რადგან მის ფანჯრებში შევარდა“-გვეუბნება გიორგი შარაშიძე.

ბავშვების თქმით, სივიწროვის გამო, ბურთი შინაურ ცხოველებსაც აზიანებს.

„ხან ძაღლებს ხვდება ბურთი, ხან კატებს. ზოგჯერ წყლის და გაზის მრიცხველებიც ზიანდება. ხედავთ, აი ეს კარადა თოკებით არის დამაგრებული, კარი დაუზიანდა“-გვეუბნებიან ბავშვები.

ქუჩაში გავარდნილი ბურთის გამო კი მძღოლებიც ეჩხუბებიან. „ერთი შემთხვევა გვქონდა მხოლოდ, როცა ბურთს გადაურა მანქანამ და მძღოლმა ბურთის საფასური აგვინაზღაურა“-გვეუბნებიან ბავშვები.

სვიშევსკის ქუჩაზე ბავშვები სტადიონის მოწყობას ითხოვენ

პატარა გოგონებიც იმაზე დარდობენ, რომ უბანში არც საქანელები აქვთ და არც ლამაზი სკვერი. გოგონებს სხვა ბავშვებიც ეთანხმებიან.

პატარა გოგონები უბანში სტადიონის გარდა, საქანელებს და სკვერის მოწყობას ითხოვენ

„ქვემოთ რომ სტადიონია, იქ მხოლოდ 2 საქანელაა და არ გვყოფნის. ჩვენს უბანში კი საქანელები არ გვქვს. არც ველობილიკებია, რომ ველოსიპედით ვიაროთ, ტროტუარები და ბორდიურები მოაწყეს, მაგრამ იქაც მანქანები დგას.

იმის გამო, რომ ბავშვებს რეკრეაციული ზონა არ აქვთ უბანში, თამაში შუა ქუჩაში, ან სახლებს შორის სივრცეებში უწევთ

ერთი პატარა ფანჩატური დგას ქუჩის განაპირას და ხშირად ვერც იქ ვისვენებთ, რადგან უფროსები რომ მოდიან, ჩვენ აღარ გვაჩერებენ.

ზაზა ფუტკარაძე ერთ-ერთი ბავშვის მშობელია. მისი თქმით, აუცილებელია ამ უბანში  რეკრეაციული სივრცეების შექმნა, რადგან ბავშვები სახიფათო გარემოში თამაშობენ.

გასართობი მოედნების გარეშე დატოვებული ბავშვები ბათუმში

„გვინდა რომ უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში ითამაშონ ჩვენმა ბავშვებმა. ამ ვიწრო ქუჩებში სრულიად დაუცველი არიან ბავშვები“-გვეუბნება ის.

„მასწავლებელი ვარ და უკითხავთ ხოლმე ჩემთვის, რას შეცვლიდით თქვენს საცხოვრებელ გარემოშიო. მაშინაც მითქვამს, რომ ოცნებად მაქვს ქვეული ამ ბავშვებისთვის რაღაც შეიცვალოს ამ უბანში. გააკეთონ მოედანი, სადაც ბავშვები თავისუფლად გაერთობიან“- გვეუბნება ინგა ხერგიანი.

სვიშევსკის ქუჩაზე მცხოვრები ბავშვები და უფროსები იმედოვნებენ, რომ ბათუმის მერია გაითვალისწინებს მათ მოთხოვნებს და დიდ და თანამედროვე სტადიონს ააშენებს უბანში. ქუჩის მაცხოვრებლები აპირებენ ამ საკითხზე მერიას ოფიციალურადაც მიმართონ.

ვიდეო:

გადაბეჭდვის წესი


ასევე: